როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით?

სამწუხაროდ არავინ არ ვართ მოულოდნელი ექსტრემალური სიტუაციებისგან დაზღვეული, რომელიც ხშირად სავალალოდ სრულდება. ბოლო დროის უბედური შემთხვევების ფონზე, სადაც ადგილი ჰქონდა მდინარესა და ტბაში ავტომობილით მძღოლების ვარდნას და სიცოცხლის გადარჩენის ხერხების არცოდნის გამო მათ დაღუპვას, სამაშველო კომპანიებმა ჩამოაყალიბეს გეგმა, რომლის გათვალისწინებითა და ცოდნის შემთხვევაში მოულოდნელ სიკვდილს აიცილებთ თავიდან.


გთავაზობთ პროფესიონალების რეკომენდაციებს:



პირველ რიგში– მანქანის წყალში ვარდნის მომენტიდანვე – ტბა იქნება ეს თუ მდინარე, შეიხსენით ღვედი და ჩაუწიეთ ფანჯარას. შემდეგ კი სწრაფად გამოძვერით ფანჯრიდან, სანამ ავტომობილი წყალში სრულად ჩაიძირება.


ექსპერტები გვინმარტავენ, რომ ამ ყველაფრისთვის გვაქვს მხოლოდ 1 წუთი და ამ დროის მონაკვეთში უნდა მოავსწროთ მოქმედება. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ დრო კარის გაღებაზე, გაითვალისწინეთ, რომ წყლის ნაკადის ზეწოლა კარზე იმდენად ძლიერი იქნება, მას ვერ გააღებთ. გადარჩენის რეალური შანსი კი ღვედის მოხსნასა და ფანჯრიდან გამოძვრომაშია. სპეციალისტებმა ელექტრონული მოწყობილობაც დატესტეს და გვეუბნებიან, რომ წყალში დასველების შემთხვევაში ისინი 10 წუთის მანძილზე მაინც იმუშავებენ. (მინის ელექტრო ჩაწევა–აწევა და სხვა)



თუ კი ფანჯარა არ იღება– ამ შემთხვევაში მისი ჩამსხვრევა მოგიწევთ, თუმცა არ გაბედოთ საქარე მინის ჩამსხვრევა, ის სპეციალური ლამინირებული მინისგან მზადდება და ვერ მოასწრებთ. ყოველთვის იქონიეთ მანქანაში მინის სამტვრევი ხელსაწყო, მაგრამ თუ ის არ აღმოგაჩნდათ, მაშინ გამოგადგებათ ჩაქუჩი, ქანჩი, ნებისმიერი მძიმე საგანი, ფეხსაცმლის ქუსლი და ბოლოს და ბოლოს თქვენი იდაყვი. ეცადეთ დაამტვრიოთ კუთხიდან, რადგან ცენტრში მისი ჩამტვრევა მეტ დროს მოითხოვს.



თუ კი ავტომობილში არიან ბავშვები– ამ შემთხვევაში ჯერ იხსნით ღვედს და ამტვრევთ მინას, ჯერ უფროს, შემდეგ კი უმცროს ბავშვს აძვრენთ ფანჯრიდან და ბოლოს თქვენ ძვრებით. ასე გვირჩევენ ექსპერტები.


თუ კი ფანჯრიდან ვერ გაეტიეთ– ამ შემთხვევაში დაელოდეთ სანამ ავტომობილის სალონი არ აივსება წყლით, მას შემდეგ კი კარს გააღებთ და გახვალთ. როდესაც სალონშიც და გარეთ სივრცეშიც წყალია, ასეთ ვითარებაში წყლის ზეწოლა შიგნით და გარეთ თანაბრდება, შესაბამისად უფრო ადვილია კარის გაღება, თუმცა არც ისე ადვილი. სანამ სალონი წყლით ივსება, მჭიდროდ ჩაეჭიდეთ კარის სახელურს, ჩაისუნთქეთ დარჩენილი ჰაერი, მიაწექით კარს მაგრად, მოიშველიეთ ფეხით მიწოლაც და გადადით მანქანიდან.



თუ კი არ იცით საით გაცუროთ– ხშირად წყალში ხედვის არეალი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში კი გაცურეთ იმ მიმართულებით, საითაც ჰაერის ბუშტუკებს დაინახავთ.