ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები, რომელიც ნებისმიერ ერს გააჩნია და იცავს მათ. ტრადიციის არსი, მისი დროსთან კავშირია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ დროს მისი გაუფასურება არ შეუძლია. იგი ადამიანის ფსიქიკაში ღრმად იდგამს ფესვებს და მერე მისი მოსპობა, თითქმის შეუძლებელია. დრო პერიოდულად ახდენს ტრადიციების გადაფასებას ხოლმე საზოგადოების ცვლილებასთან ერთად, თუმცა ის რაც ღირებულია და დროს უძლებს რჩება, ხოლო რასაც ყავლი გასდის და დრო მოჭმული ხდება, გადის მოხმარებიდან. უძველესი დროიდან, ტრადიციები ჩნდება და არავის უფრიქრია რატომ ან როგორ.
ხშირად ტრადიცია ძველდება და თანამედროვეობას ვეღარ უწყობს ფეხს. ხდება მათი გაუფასურება და უარეს შემთხვევაში მათი გაქრობაც კი, რაც ადამიანებში სრულ ქაოსს იწვევს. დღესდღეობით საზოგადოება რამდენიმე ფენად იყოფა. ახალგაზრდა თაობა უარყოფს ხოლმე ტრადიციების არსებობის აუცილებლობას, თუმცა ეს საერთო აზრზე არ მოქმედებს. საქართველოს კულტურა, უძველესი დროიდან ტრადიციებითა და საკუთარი თავისებურებით გამოირჩეოდა, რითაც ქართველები თავს საუკეთესოებად მივიჩნევთ. მაგრამ ისმის კითხვა:
- აუცილებელია თუ არა ამდენი მოძველებული ტრადიციის არსებობა, რომლის წარმოშობის შესახებ, შეიძლება არც კი ვიცოდეთ?
– ქართული ტრადიციები გვჭირდება და აუცილებლობაცაა. თუმცა ის უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს, თანამედროვეობას და ცივილიზაციას უნდა მოერგოს. ამ ფორმაში და ამ სტანდარტებში მყოფი ტრადიციები ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს და მის მომავალს დაობებით ემუქრება. ქართველები მუდამ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენში წარსულებს ყოველთვის პატივს სცემენ და საქართველოში ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ გარდაიცვლებიან, ანუ სახეს იცვლიან.
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.
ქართული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ.
კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვ. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის – ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.
სამცხე-ჯავახეთი: სამცე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი – დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი – წვრილად დაჭრილი ცომის მოხარშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისგან ამზადებენ თაფლს სახელად – ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა. აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა. საქართველოს ყველა სხვა მხარეებისგან განსხვავებით აქ მიირთმევენ ლოკოკინებსაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს – ბაქმაზს იყენებენ.
სვანეთი: სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი – პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი – სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს.
აჭარა: აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. აჭარული ტკბილეულებია: ბაქლავა და შაქარლამა. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს, იგი უფრო ცხიმიანი და მძიმეა. ცნობილია აჭარული ზღვისპირეთის: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. თუმცა ყველაზე პოპულარული აჭარული კერძები არიან: ბორანო(კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი(ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი).
აფხაზეთი: მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია აბისტა – სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.
ქართულ ცეკვაში ათასწლეულები სუნთქავს, ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია იკითხება. ხალხური ცეკვა ყოფიდანაა წამოსული და მასში მთელი თავისი მშვენებით იშლება ცხოვრება. ქართული ცეკვა მხატვრულ ფორმათა ნაირგვარობის გამოვლენის გასაოცარ პალიტრას გვთავაზობს. მისი ”ერთი ილეთი – ეს ერთი წინადადებაა; ილეთთა ერთიანობა და მთლიანად ქორეოგრაფიული სურათი კი მთელი წიგნია, ამ წიგნს გაფრთხილება და სწორად წაკითხვა უნდა” (ენვერ ხაბაძე). არადა, რამდენი უნიკალური ქართული ილეთი, სვლა, მოძრაობა, ცეკვის ნახაზია გამქრალი თუ დავიწყებული. სწორედ მივიწყებულისა და მიჩქმალულის შეხსენებას და გაცოცხლებას ისახავს მიზნად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემა ”ქართული ცეკვის საარქივო ჩანაწერები”. დისკზე თავმოყრილია საქართველოს რადიოს ”ოქროს ფონდსა” და ეროვნულ არქივში გასული საუკუნის 30-70-იან წლებში კინოფირებზე გადაღებული, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებისა და ინდივიდუალურ მოცეკვავეთა მიერ შესრულებული, ავთენტიკური ხალხური ცეკვები და ცეკვების ფრაგმენტები.
საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.