თოვლის პაპა - საქართველოში მითიური არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრის გმირს, რომელიც ჩამოვა მთიდან და უამრავ ტკბილეულს და სხვადასხვა საჩუქრებს ჩამოუტანს. როგორც წესი, თოვლის პაპას (ბაბუას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის), ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.
“თოვლის პაპა” - ასეთი პიროვნება, ან მითუმეტეს წმინდანი ეკლესიაში ცნობილი არ არის.
“ნოე ბაბა”, “დედ-მაროზი” თუ “თოვლის პაპა” ერქმევა, ეს არის უბრალოდ, ხალხური, გამოგონილი პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც მოდის და ახალ წელს გვილოცავს და გვასაჩუქრებს. ქრისტიანებმა ვიცით, რომ ყველანაირი სიკეთის მომნიჭებელი არის უფალი. მხოლოდ ღმერთია ჩვენი გამხარებელი და მასაზრდოებელი. მეტი წყარო სიხარულისა არ არსებობს.
ბავშვის ცნობიერებაში იმის ჩანერგვა, რომ ღმერთი კი არა, მას რაღაც უცნაური არსება ასაჩუქრებს, რომელიც ხან ეტლით, ხან მარხილით მოგზაურობს, არასწორია. ბავშვის ცნობიერებაში ეს იწვევს გაორებას და იმ სამყაროს დარღვევას, რაც თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული ნებისმიერ პიროვნებაში.
ღმერთი არის ყველა სიკეთის სისავსე და წყარო. თუ რამეს ვთხოვთ და წერილს ვუწერთ, უნდა ვთხოვდეთ უფალს და არა თოვლის პაპას (ბაბუას). უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რაღაც გვეკუთვნის, ის აუცილებლად მოგვეცემა და არ დაგვიგვიანდება. “თოვლის პაპის” არსებობას ეკლესია იწყნარებს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლება არ არსებობს, არც დარღვევა არ არის. ამის საჭიროება არ დგება. თოვლის პაპა, არსად არ გამხდარა დაპირისპირების საგანი.
“თოვლის პაპას”, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ჰქვია. ამერიკასა და ინგლისში – სანტა კლაუსს ეძახიან, ნორვეგიაში ულებუქსს, ესპანეთში – პაპა ნოელს, რუსეთში – დედ მაროზს და ა.შ.
“თოვლის პაპა”, ყველა ქვეყანაში საჩუქრებს სხვადასხვაგვარად არიგებს. რუსეთში – ნაძვის ხის ქვეშ აწყობს, ინგლისსა და ირლანდიაში – წინდებში, მექსიკაში – ფეხსაცმელში, საფრანგეთში – საკვამურის მილში, ესპანეთში – აივანზე”.
ვინ არის სანტა კლაუსი?
შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით.
19 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის – წმიდა ნიკოლოზის სხენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.
განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში – VI საუკუნიდან, რომში კი – VIII საუკუნიდან დამკვიდრდა.
როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმინდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონ-ლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. და ბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.
სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს “საეპისკოპოსო” თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე “წმიდა ნიკოლოზი” არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ “გამოცდის” შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისათვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან.
თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა – დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია “კოკა-კოლას” სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე “სანტას” ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში “საშობაო პაპა” სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ მოორეს ლექსში “საშობაო პაპის სტუმრობა”.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.
რატომ სანტა კლაუსი და არა თოვლის პაპა?
ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს აუცილებლად სჭირდება ყურადღების გამახვილება და დაკვირვება. მითური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაში გვხვდება. თოვლის პაპის კულტი უკავშირდება ქრისტიანულ წმინდან ნიკოლოზს, თავისი მნიშვნელობით თოვლის პაპას მეტად უახლოვდებიან სხვადასხვა ევროპულ კულტურებში არსებული საახალწლო და საშობაო არსებები, მაგალითად, სლავური დედ მოროზი, ფრანგული პერ ნოელი, გერმანული ვაინახტსმენი, იტალიური ბაბო ნატალე, ინგლისური ფაზერ ქრისმასი და ამერიკული სანტა კლაუსი.
"თოვლის პაპა" (თოვლის ბაბუა) ქართული წარმოშობის მითოლოგიურ-ზღაპრული პერსონაჟია. თოვლის პაპის საცხოვრებლად მიიჩნევა სვანეთი, კერძოდ, საქართველოს და სრულიად ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება უშგული, საიდანაც ყოველ ახალ წელს მიემართება ბავშვებთან საჩუქრებით ხელდამშვენებული. როგორ წესი, თოვლის პაპას გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის), ახურავს სვანური ქუდი ან ყაბალახი, ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.
საქართველოში ნელ-ნელა ვცდილობთ სრულიად შესაბამისი და დახვეწილი პერსონაჟის, დასავლური სანტა კლაუსით ჩანაცვლებას. საახალწლო დღეებში იშვიათად თუ სადმე შეგვხვდება ან ვნახავთ ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილ თოვლის პაპას. მედიაში, ქუჩებში, საახალწლო ღონისძიებებზე მუდამ ვხედავთ წითლებში გამოწყობილ სანტა კლაუსს და თანდათან ვივიწყებთ ძირძველ ქართულ თოვლის პაპას.
გავუფრთხილდეთ ქართულ ტრადიციებს!
გავუფრთხილდეთ ქართულ მითოსს!
ასეთი პერსონაჟის ყოლის ფუფუნება ბევრ დიდი კულტურას არ აქვს.