"ერთხელ ერთ-ერთი რადიოსადგურში სტუმრობისას ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ ასეთი ისტორია მოჰყვა:
”ერთხელ მე და დე სიკა მისი ფილმის (”ქორწინება იტალიურად”) სცენარზე ვმუშაობდით. ამისთვის ნეაპოლში მომიხდა ჩასვლა. დე სიკამ ნიშნისმოგებით მითხრა: ”ვიცი რომ ჩრდილოეთ იტალიელებს სამხრეთელები ნაკლებად გიყვართ. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რის გამოც სამხრეთელები უფრო შეგიყვარდება”. დე სიკამ ყავაზე დამპატიჟა. ჩვენ დავსხედით საზაფხულო კაფეში, რომელიც სადგურის მოედანზე იყო განთავსებული. საშინლად ცხელოდა და კაფეს კარი ღია იყო. შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მიმტანს უთხრეს: ”ხუთი ყავა - ორს აქვე დავლევთ, სამს კი დავიმახსოვრებთ”. მათ მართლაც ხუთი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადეს. თითო-თითო ფინჯანი ყავა დალიეს და წავიდნენ. მე დე სიკას მივუტრიალდი: ”რას ნიშნავს დამახსოვრებული ყავა?” დე სიკამ მითხრა: ”მოიცადე”.შემოდიან ახალგაზრდები, გოგონები, ვაჟები, ჩვეულებრივად უკვეთავენ ყავას, საფასურს იხდიან, სვამენ და მიდიან. კაფეში სოლიდურად ჩაცმული მამაკაცები შემოვიდნენ. ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ შვიდი ყავა შეუკვეთეს: ”სამს დავლევთ, ოთხი - დავიმახსოვროთ”. შვიდი ყავისას იხდიან, სვამენ სამ ფინჯან ყავას და მიდიან. შემდეგ ერთმა ბიჭმა შეუკვეთა ორი ფინჯანი, ერთი დალია, ერთიც დაიმახსოვრა. მე დე სიკას ვუყურებდი, ის - დუმდა. შუადღე დადგა. მზე ანათებდა. გაღებულ ვაგზალის წინ მდებარე მოედანი მზის თვალისმომჭრელ სინათლეში იყო გახვეული. ამ სინათლეში ნელ-ნელა ჩრდილი გამოიკვეთა. კაფეში წყნარად შემოვიდა აჩაჩულ-დაჩაჩული მათხოვარი. მან აქეთ-იქით მორიდებით მიმოიხედა, შემდეგ ბარმენს ჩუმად, ძლივს გასაგონად მიმართა: ”დამახსოვრებული ყავა არის?"