ახალი წელი ყოველთვის არის დაკავშირებული ეკლესიის ორ დიდ პიროვნებასთან, რადგან თავად ახალი წელის შეიძლება ითქვას ქრისტიანული დღესასწაულია. დასავლეთ ქრისტიანობაში უფრო მეტად წმინდა ნიკოლოზს (St. Nicholas) მიაგებენ პატივს და ცნობილი ისტორიიდან გამომდინარე იგი გაიგივებულია ე.წ. „თოვლის ბაბუასთან,“ რომელსაც ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს. წმინდა ნიკოლოზის პიროვნება ახალ წელთან საქართველოშიც დაკავშირებულია, თუმცა ბერძნულ სამყაროში ასე არ არის.
მიუხედავად წმინდა ნიკოლოზის ცნობილი გულმოწყალებისა, რამაც თავისი პიროვნება დღემდე ცნობილი რჩება ამ დღეებში, ბერძნებისთვის დღემდე გაუგებარია რა შუაშია იგი ახალ წელთან. ეს რა თქმა უნდა ისტორიული რეალობიდან გამომდინარე ხდება, ანუ ისტორიას სხვანაირი განვითარება ჰქონდა.
ახლა მოკლედ გეტყვით როგორ დაიწყო ყველაფერი:
ტრადიცია ამბობს, რომ როდესაც ბასილი დიდი კესარიის არქიეპისკოპოსი და სოციალური მსახურებით დაკავებული იყო, კაპადოკიის პრეფექტმა გადაწყვიტა ქალაქის მცხოვრებთაგან გადასახადები შეეგროვებინა და მათ ქონების გაძარცვითაც კი დაემუქრა. ბასილმა კესარიის მცხოვრებლებს ურჩია ემარხულათ და ღმერთს შევედრებოდნენ რათა წყალობა მოეღო და ამისგან გაენთავისუფლებინა. ბასილი დიდმა ხალხს ასევე სთხოვა შეეგროვებინათ ყველაფერი ძვირფასი, რაც მათ სახლში ჰქონდათ და მასთან მიეტანათ. ისინი დაემორჩილნენ თავიანთ ეპისკოპოსს და დიდძალ ძვირფაეულობას ერთად მოუყარეს თავი, რათა კესარია კაპადოკიის პრეფექტისთვის გადაეხადათ და ხალხი ძალადობისა და წამებისგან დაეცვა. თუმცა, პრეფექტმა ვერ შეძლო ქალაქში ჩასვლა და მუქარის შესრულება.
ამგვარად, ქალაქი გადაურჩა ამ მუქარას, თუმცა დარჩა დიდძალი ძვირფასეულობა ბასილი დიდის ხელში აღმოჩნდა, სადაც უკვე რთული იყო გარჩევა ვისი რა იყო. ბასილს კი სურდა შეგროვილი ძვირფასეულობა პატრონებისთვის დაებრუნებინა. ლოცვის შემდეგ მან მოიწვია ქალაქის მორწმუნეები ტკბილი პურის გამოსაცხობად და თითოეულში თითო ოქრო ან ძვირფასეულობა დაედოთ. როცა ეს ტკბილი კვერები გამოაცხვეს, წმიდანმა თითოეულ ოჯახს თითო პური აჩუქა. ამ კვერს „ვასილოპიტა - Βασιλόπιτα,“ ესე იგი ბასილის კვერი უწოდეს და ტრადიციისამებრ ყოველ წელს ყველა ბერძნულ მართლმადიდებლურ ოჯახში, სამრევლოში თუ სხვადასხვა დაწესებულებაში ასეთი პური იჭრება, რომელშიც მონეტა დევს. სიმბოლურად პირველ ნაჭერს ქრისტეს სახელზე ჭრიან, მეორეს - ღვთისმშობელს, მესამეს - წმინდა ბასილს და მეოთხეს - უცნობებისა ან ღარიბის სახელზე. დანარჩენი ნაჭრები კი ოჯახის სხვადასხვა წევრების სახელზე იჭრება. ასე, ბერძნულ სამყაროში ახალი წელი ბასილი დიდთან გაიგივდა, რომელიც საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობით ყველა ადამიანზე თანაბრად ზრუნავდა. ამიტომაც ბერძენი ბავშვები საახალწლო წერილსაც წმინდა ბასილს უგზავნიან.