მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

შევიდე სახლსა შენსა

 

10 ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში


1. ერის ხსნის ტაძარი, ბუქარესტი. სიმაღლე 135 მ.

ეს არის ყველაზე მაღალი და მოცულობით მეორე მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში. ტაძარი, რომელიც 2010-2018 წლებში აიგო, მდებარეობს რუმინეთის დედაქალაქის ცენტრში. ტაძარში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი თავისუფლად მოქანავე საეკლესიო ზარი. გათვლილია 7000 ადამიანზე.


2. მაცხოვრის ტაძარი, მოსკოვი, სიმაღლე 103 მ.

ხელახლა აშენებული მაცხოვრის ტაძარი ყველაზე დიდია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს შორის. აიგო 1995-2000 წლებში. მისი სიმაღლე 103 მეტრია, იტევს 10 000 ადამიანს.


3. ისააკის სახელობის საკათედრო ტაძარი, სანქტ–პეტერბურგი. სიმაღლე 101,5 მ.

ეს არის გვიანი კლასიციზმის გამორჩეული ნიმუში, რომელიც აგებულია 1818-1858 წლებში. 1928 წლიდან ჰქონდა მუზეუმის სტატუსი. 1991 წელს რეგისტრირებულმა საეკლესიო თემმა ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარების უფლება მიიღო.


4. მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, ხაბაროვსკი (რუსეთი). სიმაღლე 96 მ.

ეს ტაძარი 2001-2004 წლებში ააგეს ხაბაროვსკში, მდინარე ამურის ნაპირზე. იტევს 3 ათას ადამიანს.


5. სმოლნის ტაძარი, სანქტ–პეტერბურგი. სიმაღლე 93,7 მ.

სანქტ-პეტერბურგის ეს მართლმადიდებლური ტაძარი შედის სმოლნის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც მდინარე ნევის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. აშენდა 1748-1835 წლებში.


6. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, ნიჟნი ნოვგოროდი. სიმაღლე 87 მ.

ეს ტაძარი აგებულია მდინარეების _ ოკასა და ვოლგის შესართავთან. აშენდა 1867-1889 წლებში. 2009 წლიდან არის საკათედრო ტაძარი.


7. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თბილისი. სიმაღლე 86,1 მ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარი არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აიგო 1994-2004 წლებში.

წმინდა სამების ტაძარი ორი ნაწილისგან შედგება _ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86,10 მეტრია (ჯვარი 7,5 მ სიმაღლისაა). მიწისქვეშა ნაწილში 2 სართულია. ტაძრის ქვედა სართულის იატაკი 13,07 მეტრზეა (ამას ემატება 1-მეტრიანი საძირკველი). ამ მონაცემებით ტაძრის საერთო სიმაღლე 100,17 მეტრია, სიგრძე _ 70,45 მეტრი, სიგანე _ 64,68 მეტრი, იტევს 15 ათასზე მეტ ადამიანს.


8. ხარების სახელობის ტაძარი, ვორონეჟი (რუსეთი). სიმაღლე 85 მ.

ეს რუსულ-ბიზანტიური სტილის ტაძარი 1998-2009 წლებში ააგეს ვორონეჟში.


9. სამი წმინდანის ტაძარი, ტიმიშოარა, რუმინეთი. სიმაღლე 83,7 მ.

რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარის საკათედრო ტაძარი აგებულია 1936-1940 წლებში. აქვს 9 დიდი და 4 პატარა კოშკი, სიგრძე 63 მ-ს შეადგენს, სიგანე _ 32 მ-ს. იტევს 4 ათას ადამიანს.


10. წმინდა სავას ტაძარი, ბელგრადი (სერბეთი). სიმაღლე 79 მ.

ტაძარი აგებულია იქ, სადაც ოსმალებმა 1594 წელს დაწვეს სერბეთის ეროვნული გმირის, წმინდა სავას (1175-1236) ნეშტი. ტაძარი შენდებოდა 1935-2004 წლებში.