ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(ამ სტროფში საუბარია იესო ქრისტეზე.
საჩინო- გამორჩეული, გამოსაჩენი.
“მაცხოვნებელი” ქრისტე “წამწყმენდლად” ებრაელმა ხალხმა მიიჩნია )
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(ამ სტროფში საუბარია იუდას მიერ ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად გაყიდვის ეპიზოდზე. “მაშინ ვითარცა იხილა იუდა რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვერცხლი მღვდელთ-მოძღვართა მათ და ხუცესთა… და დააბმია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ … (მათე, 27, 3, 4). )
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(საბელი- თოკი, ბაწარი.
“უფალსა არა გთნიესო” – უფალი არ შეგიწყნარეს, სათნოდ არ მიგიჩნიეს).
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(ბარაბა იყო ავაზაკი – ისუ ბარაბა.
პოეტი საუბრობს სახარებისეულ ეპიზოდზე როდესაც ხალხმა ბარაბას თავისუფლება და ქრისტეს ჯვარცმა მოითხოვა. ” ხოლო იყო ვინმე მაშინ პყრობილი, რომელსა ერქუა ისუ ბარაბაისი. და ვითარ შეკრებილნი იყვნენ იგინი (ხალხი) , ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაისი ანუ იესუ, რომელსა ჰრქვან ქრისტე?.. მათ თქუეს:ბარაბაი. ჰრქუა მათ პილატე: და რაი ვყო იესუ, რომელსა ჰრქვან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა : ჯუარს-ეცუნ” (მათე, 27 , 16-22)
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(სტროფში მოყვანილია შემდეგი ეპიზოდი სახარებიდან : მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ხურთითა [წკეპლები და ეკლები შეკონილი] სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს. და ეტყოდეს: გვიწინასწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? (მათე, 26, 67 ,68)
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(პონტიუს პილატე [და არაპილატე პონტოელი] რომის მთავარი, გამგებელი, მსაჯული. როდესაც პილატემ დაინახა რომ ხალხი დაჟინებით ითხოვდა იესოს დასჯას, მოითხოვა წყალი, დაიბანა ხელიხალხის წინაშე და უთხრა მათ:მე უდანაშაულო ვიქნები მაგის სიკვდილში “ტქუენ იხილეთო”. “და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს:სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა” (მათე 27, 24, 25)
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(პილატემ სცა შოლტით იესოს. შოლტის გადაკვრა სასჯელის გამოტანას ნიშნავდა. პილატემ ხელი დაიბანა და ” “იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ რაითაჯუარს-ეცუას” (მათე , 27,26).
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(ქლამინდი- სამეფო მოსასხამი. იესოს დასცინოდნენ , აბრალებდნენ ჰურიათა მეფობას იჩემებდიო, ამიტომ დაცინვით სამეფო მოსასხამი მოახურეს, ხელში , ვითომ სამეფო კვერთხი იყო, ლერწმის ჯოხი მისცეს, თავზე ეკლის “სამეფო” გვირგვინი დაადგეს და გულზე ფიცარი ჩამოკიდეს წარწერით: “მეუფე ჰურიათა” (მათე , 27 ,27-29).
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(ამ სტროფში პოეტი ცვლის სახარებისეულ ერთ-ერთ ფაქტს: ჯვარცმულ იესო წყალი არ უთხოვია. ჯვარცმიდან მეცხრე საათზე იესომ წარმოსთქვა: “ელი, ელი ლამა საბაქდანი?” – ღმერთო, ღმერთო ჩემო!რაისთვის დამიტევებ მე ? იქ მყოფთ ეგონათ, ელიას უხმობსო იესო “და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმარითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას” (მათე 27, 48).
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
(კრეტსაბმელი-ფარდა. განაპეს -გახიეს).
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(წაგრაგვნა- გახვევა).
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
(უგბილო- უმეცარი (“თავის ჭკუაზედ დაჟინებული”- საბა). ცისცისად-გვემული, მთვარეული)
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, – ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
(უტყვი- მუნჯი, საპყარი- დავარდნილი, ესევდით- მისი იმედი გქონდეთ).
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
(სანუფქოდ- საპასუხოდ, სამაგიეროდ.)
ლექსში ავტორი იყენებს რეფრენს - ყოველი სტროფის ბოლოს იმეორებს ერთსა და იმავეს ” დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო, იესო!