"- რას წარმოადგენს "სვინაქსარი", როდის შეიქმნა იგი და რა როლს ასრულებდა ეკლესიაში?
- "სვინაქსარი" გიორგი მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი მეორე წიგნია "თვენის" შემდეგ (1042-1044წ.წ.). ეს არის შემოკლებული მოთხრობა, თავგადასავალი იმ წმინდანებისა, რომელთა ხსენებაც აღესრულება ეკლესიაში და რომელთა სახელზეც წირვა-ლოცვა ტარდება. ეს ვეებერთელა წიგნია.
გიორგი მთაწმინდელი, იმ ეკლესიაზე, რომელსაც ეს წიგნები არ აქვს, წერს: "თაფლსა ჭამენ და გემოს კი ვერ იგებენო". სვინაქსარი სამრევლო ეკლესიებში წასაკითხი წიგნი იყო. სამწუხაროდ, დღეს იგი თითქმის აღარ იკითხება, არადა აუცილებელია."
"დღესაც საქართველოს ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე ანტონ კათოლიკოსის მიერ შედგენილი "სადღესასწაულო" გამოიყენება."
"- არის ერთი საკითხიც: ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და თანამედროვე ქართულ ენაზე ვსაუბრობთ. როგორ მიგაჩნიათ, თანამედროვე ენით უნდა დაიწეროს საგალობლები თუ ძველი ქართული ენით?
- ზოგიერთს მიაჩნია, რომ ძველი ქართული ძალიან მუსიკალურია და ამიტომ მას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ თუ ძველი ქართულით ვწერეთ ყველაფერი, მაშინ აღარც ენა განვითარდება და აღარც ჰიმნოგრაფია. ამ საკითხს ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება.
ჩვენთან დადგა საკითხი ძველ ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტების ახალ ქართულად გადმოკეთებისა. თუკი ეს საჭიროა, მაშინ ახალ ქართულ ენაზე მოღვაწე პოეტებმაც რომ დაწერონ საგალობლები თანამედროვე ქართულით, განა სწორი არ იქნება? თანამედროვე მკითხველი ისედაც ძალიან ცოტავდება და მით უმეტეს, სულ უფრო მცირდება ძველ ქართულ ენაზე დაწერილი წიგნების მკითხველთა რიცხვი."
/მიხეილ ქავთარია/