მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოთა
ლიტურგიკული ელემენტების ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობები

 

შესავალი


ხშირად ვესწრებით საიდუმლოებებს, ან სხვადასხვა ფორმით ვიღებთ მასში მონაწილეობას და გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არათუ მათი სიმბოლური მნიშვნელობების, არამედ, მართლმადიდებლური ელემენტარული ცოდნის, ნასახსაც ვერ ავლენენ არაიშვიათად, მასში მონაწილე პირები. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ნათლიებსა და ნათლულებს, ხშირად უჭირთ მრწამსის წაკითხვაც კი. (არათუ ზეპირად წარმოთქმა). რაც იმის ნიშანია , რომ ჩვენ ამ საიდუმლოებებს შიშით და რწმენით კი არა, მექანიკური მოვალეობების გამო უფრო ხშირად მივეახლებით, რაც ყოვლადდაუშვებელია.


ნათლისღების საიდუმლო დასაწყისშივე აღვნიშნავთ , რომ როგორც ერთი , ისე მეორე საიდუმლო, ძველ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, რამდენიმე დღის პერიოდის მანძილზე სრულდებოდა , თანამედროვე ყოფაში კი 1 საათის განმავლობაში სრულად ტარდება. სწორედ ამითაა გამოწვეული ის , რომ სხვადასხვა კომპონენტები ,რომელთა შემადგენლობითაც სრულდებოდა აღნიშნული წესები , ახლა ერთ მთლიანობაშა თავმოყრილი . პირველი მათგანია – ,,ლოცვა დადგრომასა ზედა კათაკმეველთასა’’ რომელიც ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას უძღვის წინ .იგი შემდეგნაირად იწყება : ,, მღვდელმან შემოჰხსნას სარტყელი , რომელსა ენებოს ნათლისღება და დაადგინოს აღმოსავალით კერძო . მხოლოდ პერანგითა ოდენ , თავშიშველი , ფეხშიშველი და უსარტყლო , ხოლო ხელი ჰქონდეს დაბლად ჩაშუებით . ‘’[1] მოსანათლის ამგვრ მდგომარეობაში ყოფნა გამოხატავს იმას , რომ იგი ადრე , ცოდვის მონა იყო , მონები კი შეუმოსავები და ფეხშიშველნი დადიოდნენ ძირითადად. ამის შემდეგ : ,, მღვდელმან შეჰბეროს ყრმასა მას სამგზის , და გამოსახოს მას ზედა სახეი ჯუარისა ,პირველად შუბლსა და მკერდსა სამგზის.’’[2] აღნიშნული ქმედება , სვიმეონ თესალონიკელის აზრით , სამოთხეში ღმერთის მიერ , ადამიანისთვის შთაბერვილი სულის , სიმბოლური სახეა . [3] მას მოჰყვება 3-გზის შეფუცება მღვდლის მიერ , თითოეულს წინ უძღვის – ,,უფლისა მიმართ ვილოცოთ . ‘’ რისი დასრულების შემდეგაც , 3-გზის შეჰბერავს მღვდელი მოსანათლის – პირს , შუბლს , მკერდს და მოუწოდებს მასში დაბუდებულ ბოროტ თუ არაწმინდა სულებს , გარეთ გამოსვლას . რის შემდეგაც – ,, მღვდელმან დაადგინოს დასავალით კერძო ყრმაი იგი ფეხშიშუელი და უსარტყელო , ხელაღპყრობით და ჰსთქუას 3 გზის : ვიჯმნი ეშმაკისაგან , და ყოველთა საქმეთა მისთაგან , და ყოველთა მსახურთა მისთაგან და ყოველთა ანგელოსთა მისთაგან , და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან . ‘’ [4] რაზეც მოსანათთლი და მისი ნათლია პასუხობენ – ,,ვიჯმნი.’’ (ან – ,,განვეშორები’’). დასავლეთისკენ შედგომა და ,,განშორება’’ ნიშნავს , რომ მოსანათლი განუდგება ბოროტ ძალებს , ყველა მათი არაწმინდებით , რომლებიც ბნელში მკვიდრობენ . (შეგახსენებთ , რომ სიმბოლურად , დასავლეთის მხარე , ჩამავალი მზის ,ბოროტების და სიბნელის სიმბოლოა ) . ამის შემდეგ , კათაკმეველი და მისი ნათლია დებენ პირობას , რომ განაგდებენ სატანას, 3-გზის უარყოფენ მას (ფრაზით – ,,თფუი ეშმაკს’’) , და ბრუნდებიან აღმოსავლეთით , რაც სიმბოლურად ნიშნავს იმას , რომ ბოროტის საუფლოდან ტრიალდება კათაკმეველი ამომავალი მზის , ე.ი. ქრისტეს მხარეს . კათაკმეველი და მისი ნათლია , პირობას დებენ , რომ ისინი , შეუდგებიან ქრისტეს და დაუმატებენ – ,,მრწამს იგი , ვითარცა მეუფე და ღმერთი . ‘’[5] რასაც მოსდევს , სარწმუნოების სიმბოლოს – მრწამსის წარმოთქმა : ,,მრწამს ერთი ღმერთი , მამა ყოვლისა მპყრობელი…’’ სრულიად .) ,რომლის დასრულების შემდეგაც ამბობს რომ იგი , შედგომილია ქრისტეს და დაუმატებს – ,,თაყვანს ვცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა , სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.’’[6] მისი დასრულების შემდეგაც მღვდელი კითხულობს მცირე ლოცვებს და იწყება , უშუალოდ ნათლისღების საიდუმლო , რომლის დაწყების წინაც სასურველია , სასულიერო პირი თუ შეიმოსება ნათელი ფერის შესამოსელში . იგი უკმევს ემბაზს და ნათლია-ნათლულს მიაწოდებს ანთებულ სანთლებს . წმ. სვმეონ თესალონიკელის აზრით : ,,კმევა , სულიწმინდის კეთილსურნელებას და სიწმინდეს გამოხატავს , ხოლო ანთებული სანთლები კი , მოსანათლად გამზადებული ადამიანების სულიერი წყვდიადიდან საღმრთო ნათელში გადასვლას . ‘’ საიდუმლო იწყება ასამაღლებლით : ,,კურთხეულ არს მეუფება , მამისა და ძისა და წმიდისა სულისა , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ‘’ რაც ჩვეულებრივ , საღვთო ლიტურგიის დაწყების წინ ითქმის ხოლმე , ეს არ უნდა გაგვიკვირდეს , რადგან ადრე , როგორც ნათლისღების , ისევე ქორწინების საიდუმლო , საღვთო ლიტურგიის შემადგენელი კომპონენტი იყო ( ისევე როგოც დღესაა , მღვდლად კურთხევის საიდუმლო , მასში ჩართული .) და არა ცალკეული ლიტურგიკული მსახურება . ასამაღლებელს მოჰყვება მშვიდობიანი კვერექსი – ,,მშვიდობით , უფლისა მიმართ ვილოცოთ … ‘’ რასაც მოსდევს წყლის კურთხევის ლოცვა : ,, დიდხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი , და ვერვინ შემძლებელარს მადლის მიცემად საკვირუელებათა შენთა. (3 გზის) ‘’ , რასაც თან სდევს ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის აღწერა , ბოლოს კი იკითხება : ,, შენ უკუე , კაცთმოყვარეო მეუფეო , მოვედ აწცა დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა , და განწმიდე წყალი ესე.(3გზის)’’ , რა დროსაც გამოსახავს მღვდელი ჯვარს წყალში და აგრძელებს ,, და მოეც მადლი გამოხსნისა და კურთხევა…’’ [7] წყლის კურთხევის შემდეგ , აღესრულება ზეთისცხება , რომელიც სინათლის , სიხარულის და ქველმოქმედების წყაროა . აგრეთვე სულიწმინდის სიმბოლოც : ,, სამართლიანად ეწოდება სულიწმინდას ზეთი სიხარულისა , რამეთუ ერთი ნაყოფთაგანი , რომლითაც ის ჩვენს სულს ანიჭებს , არის სიხარული.’’ აღნიშნავს ბასილი დიდი . ამ დროს , მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით ცხებს ზეთს შუბლზე , მკერდზე , ყურებზე , ხელებზე და ფეხებზე , რა დროსაც ,სასულიერო პირი ამბობს ლოცვას : ,, იცხებს მონა ესე ღუთისა (ანუ მხევალი) ზეთსა სიხარულისასა , სახელითა მამისათა , და ძისათა , და წმიდისა სულისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე . ამინ . ‘’[8] აუცილებლად უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა , ნათლისღების სახეების შესახებ , რომლის შესახებაც არაერთი დავა წარმოქმნილა სხვადასხვა დროს , მათზე არ შევჩერდებით , უბრალოდ ვიტყვით , რომ არსებობს როგორ შთაფვლით , ასევე-პკურებით ნათლობაც , ორივე სახის კანონიკურობის შესახებ დასტურს , ჩვენ ვხვდებით უძველეს და ძალიან ავტორიტეტულ , ლიტერატურულ ძეგლში – ,,დიდაქე’’ : ,, VII. 1. ნათლისღებისათვის ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სული წმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).


თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.

თუ არცერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19)

ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.’’[9]



მირონცხების საიდუმლო


II-III ს-დან , ახალნათელღებულებს თეთრი სამოსით მოსავდნენ . ამბროსი მედიოლანელის თქმით იგი განასახიერებს: "ქრისტეს ბრწყინვალე სამოსს , რომელიც მას ჰქონდა ფერისცვალების დროს , თაბორზე.’’ რასაც მოჰყვებოდა მირონცხების საიდუმლო . აქვე აღვნიშნავთ , რომ სიმბოლურად , ნათლისღება არის აღდგომის სახე , ხოლო მირონცხება კი სულთმოფენობის . როგორც ფსევდო დიონისე არეოპაგელი წერს , ეს ყოველივე მოსანათლს – ,, ღმერთის შობის უწმიდეს აღსრულებას , ღმერთის შემოქმედი სულის გამოცხადებას ანიჭებს . ‘’ მირონცხებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ , საიდუმლოს დოგმატური გააზრება და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან , სულიწმინდის ნიჭები , სულიწმინდის იმ ბეჭდისგან , რომელიც მირონცხებისას ენიჭება პიროვნებას . რადგან პირველი მათგანი (ნიჭები) , სამებისათვის საერთო მადლს გულისხმობს , ხოლო მეორე მათგანი (ბეჭედი) , წმ.სამების მესამე პირს – სულიწმინდას განეკუთვნება . ამის გასაანალიზებლად უნდა გავიხსენოთ , რომ მირონცხება , სულთმოფენობის სიმბოლური სახეა . სულთმოფენობის დროს , კი როგორც ეპისკოპოსი ნიკოლოზ მეთონელი ამბობს – ,,არა მამა და ძე , არამედ თავად სულიწმინდა ღმერთი ჩანდა განყოფილი ცეცხლოვანი ენების სახით . ‘’ რაც შეეხება , თავად ,,ბეჭდის’’ მნიშვნელობას . ამაზე პასუხს გვცემს , წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი : "თუკი ბეჭდით შემოიზღუდავ თავს , მომავალს საუკეთესო და ჭეშმარიტი შემწეობით უზრუნველყოფ , აღბეჭდავ რა სულსა და ხორცს სულიწმიდითა და მირონის ცხებით , მათ ისევე დაიცავ , როგორც ძველი ისრაელი იცავდა პირმშოებს ღამით სისხლითა და ცხებით , მაშ , რაღა შეიძლება , რომ შეგემთხვეს ?" მირონცხებისას მღვდელი ჯვრის სახით ცხებს წმიდა სითხეს მოსანათლს – შუბლზე , თვალებზე , ნიკაპზე , პირზე , მკერდზე , ხელებზე ,ფეხებზე და ამბობს სიტყვებს : "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა . ამინ."


მირონცხებისას დასახელებული სიტყვების წარმოთქმას სხვა დატვირთვაც გააჩნდა. საქმე იმაში მდგომარეობს რომ პირველ საუკუნეებში , უბრალო მოსახლეობისათვის თითქმის შეუძლებელი იყო იმპერატორის სახის ხილვა,ხშირად მათ არც კი იცოდნენ რეალურად თუ როგორ გამოიყურებოდა იგი.ამიტომ ,როდესაც ხელმწიფის დადგენილება მოდიოდა ,შიკრიკი ჯერ ამ საბუთზე განთავსებულ საიმპერატორო ბეჭედს დაანახებდა ხოლმე ხალხს,ნიშნად იმისა,რომ მაცნე ან რომელიმე დაბალი რანგის მოხელე კი არა ესაუბრებოდა ხალხს,არამედ თვით ხელმწიფე და ამის შემდეგ უკვე იწყებოდა ამა თუ იმ საბუთის წაკითხვა. ქრისტიანებიც,სულიწმინდის ბეჭედს (მირონს) იცხებდნენ სხეულზე,რათა ნათელი ყოფილიყო სხვებისთვის,რომ ისინი იმ უხილავი მეუფის სახელით მოქმედებდნენ,რომელიც არ ჩანს ,მაგრამ მისი ბეჭედი მინიჭებული აქვთ.


მირონცხების შემდეგ კი იგალობება : ,,რაოდენთა ქრისტეს მიერ , ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია…’’ რომელსაც , ოდნავ ვრცლად შევეხებით . მოგეხსენებათ , რომ სულთმოფენობის , ქრისტეშობის , ღვთისგანცხადების და აღდგომის დღესასწაულების დროს , სამოციქულოს კითხვის წინ , წმიდაო-ღმერთოს მაგივრად იგალობება – ,, რაოდენთა ქრისტეს მიერ…’’[10] ამ ფაქტს , საინტერესო წარსული აქვს. საქმე იმაში მდგომარეობს , რომ ძველად , ნათლობის რიტუალი ძირითადად სრულდებოდა სადღესასწაულო დღეებში , სპეციალურ შენობებში ,რომლებსაც ბაპტისტერიუმები ერქვა . საიდანაც ნათლია-ნათლულები , ანთებული სანთლებით მიემართებოდნენ ტაძრებში , რათა იქ მიეღოთ წმიდა ევქარისტია . ტაძარში შესულებს ელოდათ გახარებული მრევლი , რომლებიც ზემოთხსენებული საგალობლის გალობით , ხვდებოდნენ მათ . ხოლო დღეს , როდესაც ნათლობა სრულდება ტაძრებში განთავსებულ ემბაზებში , პრაქტიკული მოსაზრებების გამო , აღარსად წასვლა აღარაა საჭირო . ამიტომ , ამ საგალობლის გალობა და ემბაზის გარშემო სამგზის შემოვლა , გახსენებაა იმ ლიტურგიკული ტრადიციისა , რომელსაც ასრულებდნენ ჩვენი წინაპრები . ამ ელემენტს მოსდევს , სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა , რის შემდეგაც მღვდელი , სპეციალური ღრუბლით მოაშორებს წმიდა მირონს ,მონათლულს , რომლის დროსაც სასულიერო პირი ამბობს : ,,ნათელღებულხარ , განათლებულხარ , მირონცხებულხარ , განწმენდილხარ , განბანილხარ-სახელითა მამისათა , და ძისათა და სულისა წმიდისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე , ამინ.’’[11] თუკი საკითხის ისტორიას გადავხედავთ , ვნახავთ რომ , ნათელღებულებს მირონი ეცხოთ რვა დღის მანძილზე . რასაც სიმბოლურად , რამდენიმე სახის განმარტება შეიძება მოვუნახოთ , საეკლესიო წიაღში . ჩვენ ერთს შემოგთავაზებთ , რომლის მიხედვითაც შვიდი დღე , განასახიერებს ამქვეყნიურ ყოფას , ხოლო მერვე დღე კი , ახალი ქვეყნიერებისას . ქრისტიანები არა მიწიერი , არამედ ზეციური მოქალაქეები არიან და ახალ ქვეყნიერებას მიეკუთვნებიან. ამ ყოველივეს დასასრულს , მღვდელი , თმებს მოჰკვეცს მოსანათლს ჯვრის სახით და იტყვის : ,, მოიკუეცს მონა (ანუ მხევალი) ღუთისა , სახელითა მამისათა , და ძისათა , და წმიდისა სულისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე.’’[12] ეს ქმედება , სიმბოლურად გამოხატავს , მონათლულის ცოდვილი ნების მოკვეთას და ღმრთის ნების მიღებას . ამის შემდეგ , თუკი მონათლული ბიჭია , სასულიერო პირი შეიყვანს მას საკურთხეველში , ხოლო თუკი გოგოა , მიიყვანს ამბიონთან და ამთხვევინებს ხატებს . ამ დროს ითქმის შემდეგი ლოცვა – ,,ეკლესიად მოვალს მონა ღუთისა (ანუ მხევალი) … , სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა ამინ.’’


ქორწინების საიდუმლო ქორწინების წესს , წინ უძღვის წინდობის რიტუალი , რომლის დროსაც , წყვილი დგას , სტოის მარჯვენა და მარცხენა მხარეს . მღვდელი გამოართმევს მათ ბეჭდებს (ძველი ტრადიციის მიხედვით ,ქმრის ბეჭედი იყო ოქროს , ხოლო ცოლისა კი ვერცხლის) და დადებს მათ , ტრაპეზის განაპირა მხარეებში . (ოქროსას მარჯვნივ , ვერცხლისას მარცხნივ) , აკურთხებს მათ , მიიტანს წყვილთან , დააყენებს მათ სტოის შუაში და მისცემს ანთებულ სანთლებს , რომლებიც იმ უმანკო ქალწულობის ბრწყინვალებას გამოხატავენ , რომლითაც სიძე-პატარძალმა , ქორწინებაში შედგა ფეხი . მღვდელი , იწყებს მსახურებას , შემდეგი ასამაღლებლით – ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ’’ რასაც მოჰყვება , მშვიიდობიანი კვერექსი . მცირელოცვის წაკითხვის შემდეგ მღვდელი მიდის წყვილთან და გაუკეთებს მათ ბეჭდებს , ნათლიებს კი დაავალებს , მათ სამგზის შეცვლას . ქრისტიანული რელიგიის სწავლების მიხედვით , ქორწინების ნათლიები ( მეჯვარეები) , არიან ნეფე-პატარძლის მშობლების სრულუფლებიანი წარმომადგენლები , რომლებიც გამოხატავენ მათ აბსოლუტურ თანხმობას , აღნიშნული საიდუმლოს შესრულებისადმი . ხსენებული მოქმედების აღსრულების შემდეგ , მღვდელს წყვილი მიჰყავს ტაძრის შუა ნაწილში , სადაც ანალოგიაზე დასვენებულია , ჯვარი და სახარება . რის შემდეგაც იწყება 127-ე ფსალმუნის კითხვა ჩასართავით – ,,დიდება შენდა ღმერთო ჩუენო , დიდება შენდა.’’ რასაც მოჰყვება მშვიდობიანი კვერექსი და რამდენიმე მცირე ლოცვა ,რომელთა შემდეგაც მღვდელი , გვირგვინებით შეამკობს წყვილს . ამ დროს იგი ამბობს შემდეგ ლოცვას : ,, გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღუთისა და მხევალი ღმრთისა , სახელითა მამისათა , და ძისათა , და სულისა წმიდისათა , აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე . ამინ. ‘’ [13] თუკი საკითხის ისტორიას გადავხედავთ , ნათელი იქნება რომ თავიდან ,ძირითადად , გვირგვინები იყო , ყვავილებისგან დაწნული , ძვირფასი მეტალისგან დამზადებულებს კი უფრო მეტად , მოგვიანო პერიოდში ვხვდებით . სიმბოლურად , ისინი გამოხატავენ , ადამიანის ცოდვის დაცემის შედეგად დაკარგული სამეფო ღირსების ქორწინებით აღდგენას , მოწამეობრივ ღვაწლს და პატივს . ყოველივეს მოსდევს სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა .ამ უკანასკნელში აღწერილია კანას და გალილეაში , იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის პერიპეტიები , როდესაც მან წყალი ღვინოდ გადააქცია . საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ამ საკითხის შესახებ , ეპისკოპოსი თეოდორე ტეკუჩევი : ,, ქორწინებამდე სიძე და პატარძალი წყალი არიან , ქორწინების შემდეგ კი ღვინო . ‘’ თავშივე ვახსენეთ , რომ ქორწინების საიდუმლოც , ევქარისტიულ ლიტურგიაში იყო ჩასმული , რომელზეც ცხადყოფს , თუნდაც შემდგომი ეპიზოდი . ,,მამაო ჩუენოს’’ დასრულების შემდეგ , მღვდელი ტაკუკით მისცემს წყვილს ღვინოს . ადრეულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , ამ დროს ხდებოდა ახალშეუღლებულთა ზიარება , ხოლო ტაკუკით ღვინის შესმა , (ისევე როგორც ნათლობისას , ემბაზის გარშემოვლა) , სწორედ ხსენებული , ძველი წესის გახსენებაა . სიმბოლურად , ერთი სასმისიდან ღვინის დალევა გამოხატავს , ცხოვრებისეული იმ სიძნელეების თანაბრად გადანაწილებას , რომლებიც მეუღლეებს შეხვდებათ , სიცოცხლის მანძილზე . სასმისის მიღების შემდეგ , სასულიერო პირი შეაერთებს წყვილის ხელებს ,გადააფარებს მათ ოლარს , დაადებს ზემოდან ხელს და სამჯერ შემოუვლიან წრიულად , ანალოღიას . ეს ქმედება სიმბოლურად გამოხატავს იმას , რომ ეკლესია სამარადისოდ აუღლებს წყვილს . წრე , მარადიულობის ალეგორიული სახეა , ხოლო სამგზის შემოვლა კი , ყოვლადწმიდა სამების მიერ ნაკურთხი კავშირის . ეს ყოველივე სრულდება ლოცვით , რომელიც კურთხევანში ჩაწერილია როგორც – ,,გახსნისა გვირგვინისასა დღესა მერვესა . ‘’ საქმე იმაში მდგომარეობს , რომ ჯვრისწერის დასრულების შემდეგ , ადრეულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , არ ხსნიდნენ წყვილებს გვირგვინს . მერვე დღეს , მიდიოდა მღვდელი მათ სახლში , ხელახლა ლოცავდა მეუღლეებს და გვირგვინები მოჰქონდა ტაძარში . ამ მომენტშიც , რვა დღის სიმბოლურ გააზრებას , სწორედ იგივე დანიშნულება აქვს , რაც ნათლობის საიდუმლოს შესახებ საუბრისას ვახსენეთ. მსახურების დასასრულს , მღვდელს აჰყავს წყვილი ამბიონზე ,მიულოცავს მათ ამ დღეს და იქ მყოფ ხალხსაც მოუწოდებს , მათი სიხარულის გაზიარებისკენ . (თუკი ქალისათვის ესმეორე ჯვრისწერაა , როგორც წესი , იგი ამბიონზე არ აჰყავთ ) . რაც შეეხება ხელმეორედ ქორწინებას . ესაა გვირგვინობის შემოკლებული წესი , რომელშიც უფრო მეტად სჭარბობს სინანულის განწყობა , ვიდრე ლიტურგიის შემადგენელი სიმბოლური ელემენტები . აქედან გამომდინარე , მასზე საუბრისგან თავს შევიკავებთ .


დასკვნა ეს იყო უმოკლესად , იმ ვრცელი საკითხის შესახებ , რასაც ეწოდება – ,, ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოთა ლიტურგიკული ელემენტების , ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობები’’ , როგორც წინა წერილებში ვახსენეთ , აქაც შევეცდებით რომ გავითვალისწინოთ , თქვენს მიერ მოწოდებული შენიშვნები , რათა ერთად შევძლოთ თუნდაც მცირე წვლილის შეტანა , იმ საერთო პრობლემის მოგვარებაში , რომელიც გულისხმობს , მრევლში , ლიტურგიკის ელემენტარული საკითხების უცოდინარობას .




გამოყენებული წყაროები :


ბლიაძე რომან ; ათორმეტი საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულის ღვთისმსახურება;თბილისი 2012 წელი .

ხაჩიძე არჩილ ; ,,მართლმადიდებლური ეკლესიის საიდმლოებანი ; თბილისი .

გამოკრებილი კურთხევანი ; (დაიბეჭდა ვანისა და ბაღდადის ეპისკოპოსის ანტონის ლოცვა-კურთხევით ; თბილისი ;2009 წელი .

http://library.church.ge

[1] -გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.18 .
[2] -იქვე [3] -ნაშრომში გამოყენებული , წმიდა მამათა ყველა ციტირება ამოღებულია წიგნიდან – ,,მართლმადიდებლური ეკლესიის საიდმლოებანი.’’
[4] –გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.25
[5] –გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.26
[6] -იქვე
[7] -გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.33
[8] -გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.37
[9] –http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=67&Itemid=1&lang=en
[10] -ათორმეტი საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულის ღვთისმსახურება ; გვ.19
[11] – გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.45
[12] -გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.47
[13] -გამოკრებილი კურთხევანი ; გვ.62