კითხვა 1: როგორი იყო ხორცი ადამისა ცოდვით დაცემამდე?
მიგება: უხრწნადი, უკვდავი, უვნებო, ტკივილგანუცდელი, მოუწყვლელი. (ჭელიძე 2020: 81).
კითხვა 2: როგორი იყო ადამის სამოთხისეული ყოფა?
მიგება: წმიდა იოანე დამასკელის სწავლებით: „...ადამიანი, ... სხეულით უსაღვთოეს და ზემშვენიერ მხარეში მკვიდრობდა, სულით კი უაღმატებულეს და შეუდარებლად უფრო გარემშვენიერ ადგილას იმყოფებოდა, სახლად ჰქონდა რა მასში თანამოსახლე ღმერთი და ღმერთივე ჰქონდა რა დიდებულ შესამოსელად, რადგან შემოსილი იყო მისი მადლით, მარტოდენ მისი ჭვრეტის უტკბილესი ნაყოფით ილხენდა (როგორც სხვა ვინმე ანგელოზი) და ამ ჭვრეტითვე საზრდოობდა“ (დამასკელი 2000: 358).
კითხვა 3: რა მოხდა ადამის ცოდვით დაცემის შემდგომ?
მიგება: ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ სამყაროში არსებული ჰარმონია და კოსმოსის თავდაპირველი წესრიგი დაირღვა. ადამიანი ღვთის მადლს მოაკლდა და ცოდვის სასჯელად სიკვდილი ერგო. ანუ ადამიანი (და მის მიერ მთელი კაცობრიობა) სიკვდილს დაექვემდებარა, თუმცა არა გარემოებათა გარდაუვალი აუცილებლობის გამო, რაზეც ცხადად მიანიშნებს კართაგენის 109-ე კანონი (გაბიძაშვილი... 1975: 342): - „ვითარმედ ადამ არა მოკუდავად დაიბადა ღმრთისა მიერ. რაჲთა ვინცა ვინ იტყოდის ადამ პირველისა კაცისა მოკუდავად დაბადებულობასა, ესრეთ ვითარმცა გინა თუ ეცოდა, გინა არა ეცოდა, სიკუდილი თანა-ედვა ჴორცთა შინა, ესე იგი არს განსლვაჲ ჴორცთაგან არა პატიჟად ცოდვისად, არამედ საჭიროობად ბუნებისად, შეჩუენებულ იყავნ“.
კითხვა 4: როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა - ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი?
მიგება: დაცემის (ცოდვის) შემდგომი (ჭელიძე 2020: 81), რომელიც ვიდრე აღდგომამდე იყო ბიოლოგიურად ხრწნადი (მაგრამ არა გახრწნადი), მოკვდავი, ვნებულებითი, ტკივილგანმცდელი, მოწყვლადი (განკვეთადი) ანუ სრულიად მიმღები ცოდვის შედეგისა ცოდვის გარეშე (ჭელიძე 2020: 80-81).
კითხვა 5: მაცხოვრის ხორცი ბიოლოგიურად ხრწნადი იყო?
მიგება: მაცხოვრის აღდგომამდელი სხეული ჭეშმარიტად იყო ბიოლოგიურად ხრწნადი მხოლოდდამხოლოდ უყვედრელ ვნებულებათა გაგებით, ვინაიდან საუფლო სხეულმა ვიდრე აღდგომამდე ჭეშმარიტად და ბუნებითად გამოავლინა ყველა ის უყვედრელი ვნებულება, რაც სწორედ ხრწნადი სხეულის თვისებაა - მოკვდავობა, ტკივილგანმცდელობა, შიმშილი, ძილი, წყურვილი, დაღლადობა და ა.შ.
ასევე, მაცხოვრის სხეული არ იყო ბიოლოგიურად ხრწნადი ნივთიერი დაშლის თვალსაზრისით, რადგან არანაირად არ მომხდარა მაცხოვრის სხეულის გადაგვარება, დალპობა, დარღვევა, დაშლა, განლევა, გაფუჭება, წახდენა არა მხოლოდ აღდგომის შემდეგ, არამედ აღდგომამდე (ჭელიძე 2020: 116-117).
ანუ, მაცხოვრის ერთი და იგივე სხეული აღდგომამდე ნებსით ექვემდებარებოდა მოკვდავობასა და ხრწნადობას ანუ უყვედრელ ვნებულებებს, ხოლო აღდგომის შემდეგ იგივე სხეული მარადის უხრწნადობასა და უკვდავებაში ჰგიეს (ჭელიძე 2020: 7).
კითხვა 6:6: რა განსხვავებაა მაცხოვრის აღდგომამდელ და აღდგომის შემდგომ სხეულს შორის?
მიგება: მაცხოვრის სხეული ერთი და მხოლო სხელია აღდგომამდეც და აღდგომის შემდეგაც. შესაბამისად, განსხვავება არის არა სხეულში, არამედ სხეულის თვისობრიობაში, ვინაიდან მაცხოვრის სხეულის აღდგომამდელი და აღდგომის-შემდგომი თვისობრიობა არ უიგივდება ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ აღდგომამდე მაცხოვრის სხეული იყო მოკვდავი, ხრწნადი და ვნებულებითი ანუ უყვედრელ ვნებულებებს ნებსით დაქვემდებარებული, ხოლო აღდგომის შემდეგ იგივე სხეული არის ოდენ უხრწნადი, უკვდავი და უვნებო (ჭელიძე 2020: 7-8, სქოლიო).
კითხვა 7:7: განკაცებული მაცხოვრის სხეული ქმნილია თუ შეუქმნელი?
მიგება: „უფლის სხეული არის ქმნილი (ktisto/j). წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმე-დის განჩინებით, რაც შესულია ეფესოს მესამე მსოფლიო კრების სინოდალურ აქტებში, „თუ ვინმე იტყვის, რომ შეუქმნელია (a/ktistoj) სხეული ქრისტესი, და თუ ვინმე არ აღიარებს ქრისტეს, როგორც ღვთის შეუქმნელ სიტყვას, რომელიც ქმნილი კაცებით განსხეულდა და განკაცდა, ვითარ წერილს არს, შეჩვენებულ იყოს! როგორ უნდა ითქვას სხეული შეუქმნელად? ის, რაც შეუქმნელია, ამავე დროს, არის უვნებო, უწყვლადი, შეუხებელი. ხოლო ქრისტე მკვდრეთით აღდგა და უჩვენა მან მოწაფეებს სამსჭვალთა აღბეჭდილობა, ლახვრის ნაკრავი და სხეულის შეხებადობა; თუმცა დახშულ კართა შორის განვლო მან, მაგრამ ამით გააცხადა ღმთეების მოქმედებაც და სხეულის ჭეშმარიტებაც“ (ზოიძე 2017: 136-137).
ამგვარად, „მაცხოვრის სხეული, ანუ მისი ხორციელი ბუნება, როგორც ქმნილი და კაცობრივი, აღდგომამდე იყო, ცხადია, ვნებულებითი (paqhto/j), ე.ი. ტკივილგანმცდელი, საპირისპიროდ მაცხოვრის საღვთო ბუნებისა, რომელიც, ცხადია, უვნებოა, ე.ი. ტკივილგანუცდელია“ (ზოიძე 2017: 137).
კითხვა 8:8: რა სიწმინდეს ეზიარება მორწმუნე ადამიანი საღმრთო ლიტურგიაზე?
მიგება: სიწმინდე, რომელსაც მორწმუნე ეზიარება, არის სწორედ ის, ვინც მამის მარჯვნივ ზის, ვისაც უგალობენ ანგოლოზები, ვისაც, აღდგომილს, თომა ხელით შეეხო, ვინც მთლიანია და დაუნაწილებელი საზიარებელი სიწმინდის ნაწილშიც კი (ჭელიძე 2020: 133).
კითხვა 9:9: ევქარისტიის/ზიარების საიდუმლოში მონაწილეობისას, „როდესაც ვიღებთ წმიდა ნაწილს, მაცხოვრის სხეულის აღდგომამდელ თვისობრიობას ვეზიარებით თუ - აღდგომის შემდგომს ანუ, პირობითად, ოდენ აღდგომამდელი ჯვარცმულ-ვნებული და ხრწნადობით-მოკვდავობითი თვისების მქონე სხეულია ის, რასაც ვიღებთ ზიარებისას, თუ - ოდენ აღდგომილი და უხრწნად-უკვდავი?“ (ჭელიძე 2020: 7-8).
მიგება: „საზიარებელი სიწმინდე, ყოვლადპატიოსანი ხორცი და სისხლი მაცხოვრისა არც მხოლოდ ჯვარცმულია, არც მხოლოდ აღდგომილი, არამედ ერთდროულად, ერთმთლიანად და ყოვლადგანუყოფელად არის ჯვარცმულ-ვნებულიც და აღდგომილ-ამაღლებულიც ... ერთი მხრივ, ჯვარცმულ-ვნებული - იმიტომ, რომ ჩვენ ზიარებას ვიღებთ როგორც მსხვერპლს და ვიღებთ მას სწორედ ჩვენ, - ადამიანები, - დაცემულ მდგომარეობაში მყოფნი (ცათა სასუფეველში ზიარების საიდუმლო არ აღესრულება), ხოლო... მეორე მხრივ კი, აღდგომილი - იმიტომ, რომ ჯვარცმა უფლისა აღდგომისთვის იყო და, შესაბამისად ... აღდგომილი და უხრწნად-უკვდავი მყოფობს ჩვენთან წმინდა ზიარებაში, ...“ (ჭელიძე 2020: 9).
ამრიგად, „უნათლესია, რომ ჩვენ ვეზიარებით ჯვარცმულ-ვნებულ და აღ-დგომილ-ამაღლებულ სხეულს, რომელიც დაუნაწილებლად ნაწილდება და განუტეხელად განიტეხება“ (ჭელიძე 2020: 12).
კითხვა 10: უფრო სიღრმისეულად რომ აგვიხსნათ ეს საიდუმლო?
მიგება: „...ესაა კაცობრივი გონებისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელი საიდუმლო, ვერასდროს შეიცნობა რა, თუ როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე წმინდა ნაწილი, ერთი მხრივ, განიტეხება კიდეც, რითაც ხსენებული ნაწილი იგივეობრივი წარმოჩნდება მაცხოვრის საკუთრივ აღდგომამდელ ხორცთან (იმდენად რამდენადაც უხრწნადი ხორცის გაკვეთა-განაწილება ბუნებითად შეუძლებელია), ხოლო, მეორე მხრივ, განუკვეთელად და ყოვლადმთლიანად ნარჩუნდება წმიდა მსხვერპლის უმცირეს ნაწილშიც კი და ამგვარი მთლიანობით ჩვენგან მიღებული მარადის ჰგიეს ყოვლად განუხრწნელი, განუქარვებელი და განუთხეველი, რაც ოდენ აღდგომილი ანუ უხრწნადი სხეულის თვისობრიობაა“ (ჭელიძე 2020: 121).
„ასე, რომ, წმინდა საიდუმლოთა ზიარება ესაა ჭეშმარიტი რამ აღსარება და გახსენება უფლის სიკვდილისა და აღდგომისა ჩვენს გამო და ჩვენთვის“ (ჭელიძე 2020: 138).
კითხვა 11: რა მოსდის ჩვენს სხეულში ზიარებისას მიღებულ წმიდა ნაწილებს?
მიგება: „...ჩვენგან მიღებული წმიდა ნაწილები ჩვენს სხეულში აბსოლუტურად არ განიხრწნება, არ განილევა, არ განქარდება და არ განითხევა...“ (ჭელიძე 2020: 11).
დამოწმებული წყაროები:
ზოიძე 2017: ზოიძე ოთარ. სიმბოლური ტექსტები მართლმადიდებელ ეკლესიაში (მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დოგმატური განსაზღვრებები, რწმენის აღსარებები, ანაფორები). თბილისი: გამომცემელი „ქრისტიანული განათლების ფონდი“, 2017.
ჭელიძე 2020: ჭელიძე ედიშერ. ზიარების საიდუმლოს შესახებ. თბილისი: 2020.