ევროპის ერთ-ერთ ეპარქიაში (ბერძნული საპატრიარქო), ახლობელი, რომელიც იქ მსახურობს შეესწრო ასეთ საუბარს. ეპისკოპოსი ახლადნაკურთხ მღვდელს არიგებდა:
"მამაო, თქვენ ახლადნაკურთხი მღვდელი ხართ.. წინ დიდი გზა გაქვთ გასავლელი, დიდი და მძიმე, მაგრამ საღვთო ნუგეშით სავსე, თუ იქნებით წინდახედული და დაკვირვებული საკუთარ თავზე და მსახურებაზე.
არასოდეს მოითხოვო არავისგან მორჩილება. იყავით ისეთი, რომ ხალხს თავად სურდეს თქვენი წინამძღვრობა.
არასოდეს იბატონოთ ადამიანებზე, არ დაამძიმოთ ცოდვილი სულები, არამედ ანუგეშეთ, გაუზიარეთ ლიტურგიისას ნაგემი სიხარული. დაინტერესდით მათი ყოველდღიურობით, თუ ვინმე ავად გახდა, მოინახულეთ და ნუგეში ეცით. ვინც მსახურებაზე არ მოვა, დაუკავშირდით, მოიკითხეთ და შესთავაზეთ დახმარება, თუ ამას საჭიროებს. იყავით თავმდაბალი, მშვიდი, მოკრძალებული. გქონდეთ ზომიერი დისტანცია მრევლთან, დისტანცია არა სიყვარულში, არამედ ამქვეყნიურ საქმეებში, როდესაც შეიძლება კონტროლი დაკარგოთ და დააბრკოლოთ ისინი. იყავით მაგალითი ადამიანობისა, კულტურულობისა და ქრისტეს სიყვარულისა. ყველას ინდივიდუალურად მიუდექით, მიეცით თავისუფლება და ასწავლეთ მისი სწორად რეალიზება. აღზარდეთ მათში ქრისტე ისე, რომ მათი ნება არ იყოს უგულებელყოფილი. გიყვარდეთ ისინი, რადგან ქრისტეს ეკუთვნიან და არა ჩვენ ( მე და შენ). თუ ასე მოიქცევით, თქვენ პატივს სცემთ საკუთარ თავში მღვდლობას და მაშინ, სხვისაგანაც პატივცემული იქნებით ბუნებრივად და არა მხოლოდ, ვალდებულების გამო. შეგეწიოთ უფალი სამღვდელო მსახურებაში"