მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

განღმრთობის ეტაპები “დიდაქეს” მიხედვით. ნათლისღების შესახებ უწყება “დიდაქეში”

 

როგორც წინა საუბრის დასასრულს ავღნიშნეთ, ჩვენ უკვე კონკრეტულად შევეხებოდით ადრე ჩამოყალიბებული ეტაპების შესაბამისად, უფრო ზუსტად ეკლესიის მამათა სწავლების საფუძველზე, ცალკეული განღმრთობითი ეტაპების განხილვის შემდეგ საკუთრივ “დიდაქეს” ტექსტს ხსენებულ ეტაპებთან მიმართებაში.

უკვე ვთქვით და კვლავ გავიმეორებთ, რომ “დიდაქე” არა მხოლოდ შინაარსობრივად ესადაგება ადამიანის განღმრთობის გზაზე არსებულ ცალკეულ ხარისხებს, ცალკეულ ეტაპებს, არამედ მისი სტრუქტურაც უეჭველად ამგვარია. მიუხედავად იმისა, რომ “დიდაქესთან” დაკავშირებით ლიტერატურა საკმაოდ მრავალრიცხვანია, ყოველშემთხვევაში რასაც ჩვენ გაცნობილი ვართ, სამწუხაროდ ამ ასპექტზე ყურადღება გამახვილებული არ გახლავთ, ე.ი. “დიდაქეს” სტრუქტურაზე ამ კუთხით. არადა ვფიქრობთ, რომ ეს უეჭველად საგულისხმო რამ არის, რომ “დიდაქე” სტუქტურულადაც წინასწარი გააზრების, შეგნებული წინაგეგმის ნაყოფი გახლავთ.

პირველი ეტაპი, კვლავ გავიხსენებთ, განღმრთობის გზაზე ესაა განმწმენდელობითი ეტაპი, ეკლესიური ასპექტით კათაკმევლური ეტაპი, ვიდრე ადამიანი ეკლესიაში შევიდოდეს, ვიდრე მისთვის ლიტურგიკული ცხოვრება დაიწყებოდეს. ამ გაგებით კათაკმევლურ ეტაპს ჩვენ შეგვიძლია წინალიტურგიკული, ე.ი. ლიტურგიკისთვის მოსამზადებელი ეტაპი ვუწოდოთ. ესაა ის ეტაპი, როდესაც ადამიანი იღებს დამოძღვრას, სათნოებით სწავლებას, განიწმენდს თავის თავს უკეთური აზრებისაგან, იმ გაუკუღმართებული ცხოვრების ჩვევებისაგან, რაც ქრისტიანული სარწმუნოების მიღებამდე ჰქონდა მას და შესაბამისად თანდათანობით შეამზადებს და გარდაქმნის თავის თავს იმისათვის, რომ მასში ნათლისღებითი, სულიწმინდისეული ნათელი დამკვიდრდეს. ანუ ადამიანი კათაკმევლური ეტაპის ჟამს, განმწმენდელობითი ეტაპის ჟამს თავის თავს თანდათანობით შეამზადებს საღვთო ჭურჭლად იმ აკეზისის საფუძველზე, რაც ქრისტიანული ცხოვრების, ყოფითი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

აი ამ ეტაპის, განწმენდელობითი, იგივე კათაკმევლური ეტაპის შესაბამისი გახლავთ “დიდაქეს” I ნაწილი, რომელსაც მკვლევართა შორის ჩვეულბრივ ეწოდება მოძღვრება “ორი გზის შესახებ”. ესაა ის დამოძღვრითი ნაწილი “დიდაქესი” სადაც ცალკეულ შეგონებათა შესაბამისად ადამიანმა უნდა იღვაწოს ერთი მხრივ უკეთურებათა მოსაკვეთად, მოსაშორებლად, ამოსაძირკვად თავისი თავისგან, ხოლო მეორე მხრივ სათნოებათა მომუშაკებისათვის, სათნოებათა მოღვაწებისათვის. სწორედ ესაა “ორი გზა”, “ორი გზის მოძღვრება”, ანუ ერთი მხრივ გზა ცხოვრებისა, გზა ხსნისა, ხოლო მეორე მხრივ გზა წარწყმედისა, გზა დაღუპვისა. ამ ორი გზის გაცნობიერება, რა თქმა უნდა, ადამიანს, ადამიანის არჩევანს, მის თავისუფალ ნებას გამოკვეთილ მიმართულებას აძლევს, თუ რა უნდა ინდომოს მან თუკი იგი ცხონების მოსურნეა. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი “დიდაქესი” თითქმის მთლიანად სახარებისეული სწავლებით არის აღვსილი. ცალკეულ მუხლებთან, სახარებისეულ ცალკეულ ევანგელურ მუხლებთან დამთხვევა ზოგჯერ სიტყვასიტყვითია. აქ არის სწავლება ვთქვათ იმის შესახებ, რომ ადამიანს, რომელსაც ორი პერანგი აქვს ერთი თავის მოძმეს უნდა განუყოს, რომელსაც არცერთი პერანგი არა აქვს, რომ მარადიული თანაშეწევნა მოყვასისადმი არა მხოლოდ იმ მოყვასისთვის ხელის შეშველებაა, არამედ თვით ამ პიროვნების სულისთვის საცხოვნებელი რამ ქმედებაა. ყოველი ნაბიჯი ადამიანმა უნდა გადადგას სიკეთისაკენ, აუცილებლად ღვთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა განიმზირებოდეს იმქვეყნიური საიქიო ცხოვრების საუკეთესო ნაწილისკენ – სასუფევლისკენ, რომ ქრისტესმიერი აღთქმა მის გულში, მის სულში ამოტვიფრული უნდა იყოს წარუშლელი სულიერი ასოებით. ეს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ადამიანი ყოველმხრივ უნდა განერიდოს წარწყმედის გზას, სიცრუეს, ტყუილს, კაცისკვლას, ცილისწამებას. სხვათაშორის აქვეა ხსენებული უკიდურესად გაუკუღმართებული ქმედებანი, რაც ჩვეულებრივ სოდომ-გომორულ ცოდვად იწოდება, იქნება ეს კაცისგან კაცისკენ ლტოლვა, ბავშვისკენ სქესობრივი ლტოლვა და სხვა, რომლებც ეკლესიის მიერ, მოგეხსენებათ, უკიდურესადაა დაგმობილი. ყოველგვარი ამგავრი უკეთურებისგან “დიდაქეს” პირველი ნაწილი განაკრძალებს ანუ განაშორებს პიროვნებას, რომელიც ღმერთს, ჭეშმარიტებას ეძიებს.

ეს პირველი ნაწილი იმდენად თავისთავადი, კერძოობითი დანიშნულებისაა, რომ როგორც უკვე ერთგზის გვქონდა უკვე ამაზე აღნიშვნა, იგი როგორც ჩანს ბერძნულშიც ალბათ დამოუკიდებლად არსებობდა. ყოველშემთხვევაში ლათინურ ენაზე მხოლოდ ეს ნაწილია “დიდაქესი” თარგმნილი და ჩვენამდე შემონახული და ამ ნაწილს სათაურშივე აქვს სწორედ ის განსაზღვრება, რაც ჩვენ უკვე ვთქვით – “მოძღვრება”, ანდა თუ ზუსტად დავიცავთ ლათნურ ტერმინს, “დოქტრინა ორი გზის შესახებ”. ადამიანი რომელიც ღირსეულად განვლის ამ პირველ ეტაპს, მიიღებს იმ საუფლო დამოძღვრას, გააცნობიერებს თუ რა არის წარწყმედის გზა, ყოველგვარ წარმწყმედელ მოქმედებას და ვნებას თავისი თავისგან ამოძირკვავს, ყოველგვარ მაცხოვნებელ სათნოებას და სიკეთეს თავის თავში დაიუნჯებს, ანუ კათაკმევლურ ეტაპს ღირსეულად აღასრულებს. ამგვარი მოღვაწე წარსდგება ეკლესიის კარიბჭის წინ, როგორც უკვე მზადმყოფი ჭეშმარიტების მიღებისა და ეს მზადყოფნა თავისთავად გულისხმობს მეორე ეტაპზე, მეორე ხარისხზე ასვლას, ამაღლებას, რაც ეკლესიური ცხოვრების დაწყების დასაბამია, ადამიანის ეკლესიის შვილად გახდომის საფუძველია. კათაკმეველი ჯერ კიდევ არ ითვლება ეკლესიის შვილად. ამიტომაა, რომ როდესაც ტაძარში მსახურება აღესრულება, კერძოდ ჟამისწირვა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ნაწილს, დასაწყის ნაწილს კათაკმევლებიც ესწრებიან. მაგრამ ლიტურგიის არსებითი ნაწილის, რომელსაც “მართალთა ლიტურგია” ეწოდება, უშუალოდ შეწირვის აღმსრულებელი ნაწილის, როდესაც პური და ღვინო არსებითად გარდაიქმნება ანუ გარდაარსდება მაცხოვრის სისხლად და ხორცად, აი ლიტურგიის ამ ნაწილზე დასწრების და მითუმეტეს ლიტურგიის ამ ნაწილის დაბოლოების ჟამს წმინდა ზიარებაში მონაწილეობის უფლება, თავისთავად ცხადია, კათაკმევლებს არანაირად არა აქვთ. ისინი ესწრებიან მხოლოდ პირველ ნაწილს, ე.წ. შეგონებით, დამოძღვრით ნაწილს. ესაა ნაწილი, სადაც მოიტანება და ხმამაღლა იკითხება ცალკეული საკითხავები ძველი და ახალი აღთქმიდან და ამ ნაწილს, ე.წ ლიტურგიის კათაკმევლურ ნაწილს ანუ კათაკმეველთა ლიტურგიას აბოლოებს მოძღვრის ქადაგება. კათაკმევლებს უფლება აქვთ მოძღვრის ქადაგებასაც დაესწრონ, იმიტომ, რომ ქადაგება სწორედ დამოძღვრითია, სწორედ შეგონებითია, ისევე როგორც “დიდაქეს” პირველი ნაწილი და ყოველთვის უპირველეს დანიშნულებად მოძღვრის ქადაგება სწორედ კათაკმეველთა რწმენაში განმტკიცებას ისახავს. რა თქმა უნდა, ქადაგება ყველა დამსწრისათვის არის განკუთვვნილი, რომლებიც ტაძარში მყოფობენ იმ ჟამს, წმინდა ლიტურგია რომ აღესრულება. თუნდაც უაღრესად აღმატებულნი მოძღვრებაში, სიწმინდეში ქრისტიანები მორჩილებითა და დიდი გულისყურით ისმენენ სამღვდელო პირის ქადაგებას, საეპისკოპოსო პირისას, კიდევ უფრო განმტკიცდებიან, კიდევ უფრო მეტი საეკლესიო და ზოგადად ქრისტიანული მადლმოსილება ენიჭებათ მთ. მაგრამ მაინც ავღნიშნავთ, რომ პირველ რიგში დანიშნულება ქადაგებისა იყო კათაკმევლებისადმი. იყო ვამბობთ იმისა გამო, რომ კათაკმევლობის ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, კათაკმევლობის წესი მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, როდესაც მთელი ქვეყანა ქრისტიანული გახდა, თანდათანობით მოიშალა. მოიშალა იმიტომ, რომ უკვე მთელი თაობები არიან, რომლებიც დაბადებიდანვე ქრისტიანებად არიან მონათლულები. ხოლო კათაკმევლობა როგორც უნათლაობა, ჩვეულებრივ ზრდასრულობას გულისხმობს, როცა ზრდასრული ადამიანი უნათლავია და ქრისტიანულ რწმენას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ არ მიუღია წმინდა ნათლისღება. და თუ დაბადებიდანვე უკვე ადამიანები მონათლულები არიან, კათაკმევლობის აუცილებლობა უკვე გამქრალია. თუმცა მიუხედავად ამისა, ლიტურგიაში ეს ნაწილი კვლავ სრულდება, რაც პირველ რიგში თავის დროზე სწორედ კათაკმევლებისადმი იყო მიმართული, რომ ისინი რწმენაში კიდევ უფრო განემტკიცებინა და ჭეშმარიტად მოემზადებინა ნათლისღებისთვის. კათაკმევლობის გაუქმების შემდეგ, ფაქტობრივი გაუქმების შემდეგ, როდესაც ტაძარში არცერთი კათაკმეველი აღარ იყო და ყველა მონათლული იყო, ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, ლიტურგიას მაინც არ ჩამოცილებია, თავისთავად ცხადია, რამდენადაც ამ ნაწილს თვით ჭეშმარიტად მონათლულთათვის და თუნდაც სრულყოფილი ქრისტიანებისთვისაც კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი ტექსტი საღვთო წერილისა მარადის შეახსენებს უზენაეს სიწმინდესა და უზენაეს მოძღვრებას ყოველ ქრისტიანს. ამიტომაა, რომ საღვთო წერილის კითხვა, რაც უფრო წარემატება მოძღვრებაში ესა თუ ის პიროვნება, მისთვის კიდევ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, საღვთო წერილში ახალ-ახალ სწავლებათა და ახალ-ახალ სულიერ სიწმინდეთა და მადლმოსილებათა აღმოჩენა, რაც თავის მხრივ დაუსრულებელი პროცესია, ყოველი ქრისტიანის თანამდევი გახლავთ მთელი ცხოვრების გზაზე. ამიტომ ეს ნაწილი განუშორებელია ლიტურგიისგან, თუმცა კვლავ ავღნიშნავთ, პირველ რიგში ის კათაკმევლებს მიემართებოდათ. არა თუ ეს ნაწილი არ გაუქმებულა, თვით ის სიტყვებიც, რაც კონკრეტულად კათაკმევლებს გულისმხობს, “კათაკმეველნო განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანი”, რომელთა წარმოთქმის ჟამსაც კათაკმევლები თავის დროზე, როცა კათაკმევლობა არსებობდა, გადიდოდნენ ტაძრიდან, ეს ნაწილი და ეს სიტყვებიც შენარჩუნებულია. შენარჩუნებულია იმიტომ, რომ მიუხედავად იქ დამსწრეთა მონათლულობისა, გამორიცხული არ არის, რომ ვინმე მაინც იყოს კათაკმეველთაგანი, თუნდაც ერთი და ამიტომ ეს სიტყვები სიფრთხილისათვის, რა თქმა უნდა, მარადის არის ჩართული ლიტურგიაში და მარადის წარმოითქმის. ჩვენ არასოდეს არ ვიცით ზედმიწევნით ამა თუ იმ მსახურებას ყოველთვის ვინ ესწრება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს წმინდა სიტყვები, განმაკრძალებელი სიტყვები, რომ სიწმინდეს ანუ მართალთა ლიტურგიას აღარ გაჰყვებოდეს ისეთი პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი ამ წმინდა მსახურებაზე დასწრებისა, აი ამგვარი განრძალება ანუ კრძალვა სიწმინდისა არათუ ფუჭია და უფუნქციო, თუნდაც რომ მართლაც არავინ არ იყოს კათაკმეველთაგანი მოცემულ შემთხვევაში ტაძარში, არამედ იმ უდიდესი საღვთო შიშის დადასტურებაა, რის გარეშეც არცერთი მსახურება არ აღსრულდება.

ამრიგად, ლიტურგიის პირველი ნაწილი თავისთავად არის შესაბამისი კათაკმევლური ეტაპისადმი, თავისთავად არის შესაბამისი ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ განსახილველი ძეგლის პირვლი ნაწილისა, რაც გულისხმობს დამოძღვრას, სახარებისეულ სწავლებათა შეხსენებას იმ პიროვნებისადმი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა მიიღო, რომელიც კვლავ ავღნიშნავთ, ღირსეულად გამვლელი ამ სარბიელისა წარდგება იმ მეორე ეტაპის პირისპირ, რაც უკვე ნათლისღებას გულისხმობს.

ვფიქრობთ არ იქნება ინტერესმოკლებული იმის აღნიშვნაც, რომ ჯერ კიდევ ამ კათაკმევლურ ეტაპზე მხოლოდ კათაკმევლები ზოგჯერ არ მოიაზრებიან. მართალია დამკვიდრებული წესით ლიტურგიის პირველი ნაწილის დასრულებისას მხოლოდ კათაკმევლები გადიან ტაძრიდან, მაგრამ ყოველთვის ასეთი ვითარება არ გახლდათ. წმინდა დიონისე არეოპაგელი, რომელსაც ეკუთვნის ყველაზე ძველი ეკლესიოლოგიური შრომა სახელწოდებით “საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ” (რაც ძველქართულად თარგმნილი გახლავთ წმინდა ეფრემ მცირის მიერ), სადაც ხსენებული მოძღვარი სამ კატეგორიას, სამ დასს გამოყოფს იმათგან, რომლებმაც ლიტურგიის პირველი ნაწილის, ე.წ. “კათაკმეველთა ლიტურგიის”, დამთავრების ჟამს ტაძარი უნდა დატოვონ. ეს სამი დასი რომელია? საკუთრივ კათაკმევლები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, ანუ მოუნათლავნი; მეორე ეს გახლავთ შფოთიანნი, ანუ შეპყრობილნი; ამ დასის წევრები არიან ის პირები, რომლებიც უკეთური ძალისგან შეპყრობილნი არიან და ტაძარში მსახურებას ესწრებიან, რომ განწმენდილ იქნენ. ბერძნულად მათ ეწოდებათ “ენერგუმენოი”, ანუ, პირდაპირ რომ ვთარგმნოთ ჩვენ ეს სიტყვა, “მოქმედებულნი”, გარკვეული ძალის მოქმედების ქვეშ მყოფნი. ბერძნული “ენერგეია” ქართულად ითარგმნება როგორც “მოქმედება”. ზმნა “ენერგეო” იქნება “ვმოქმედებ” და ვნებითი გვარის მიმღეობა “ენერგუმენოს” ნიშნავს (ძველ ქართულად ასე ითარგმნებოდა) “მოქმედებული”, ანუ მოქმედების ქვეშ მყოფი. აი ეს მოქმედებულნი, მოქმედების ქვეშ მყოფნი, ანუ ეფრემ მცირის თარგმანით “შფოთიანნი”, იგივე შეპყრობილნი კათაკევლებთან ერთად ასევე გადიან ტაძრიდან. რადგანაც ითვლება, რომ ამგვარი პირებიც გაუწმინდურებულნი არიან და არც მათ აქვთ უფლებამოსილება იმისა, რომ უზენაეს სიწმინდეს, მართალთა ლიტურგიას დაესწრონ და შედეგი, უკეთილესი ნაყოფი ამ ლიტურგიისა – წმინდა ზიარება მიიღონ. მესამე დასი, რომელიც ასევე გადიოდა ტაძრიდან იწოდებოდნენ როგორც სინანულსა ქვეშე მყოფნი. წმინდა დიონისე არეოპაგელი ამ დასზეც საგანგებოდ მსჯელობს, როდესაც გვაუწყებს, რომ ეს პირები (ამ დასის წევრები) თუმცა მონათლულნი არიან, მაგრამ ისინი ამა თუ იმ მძიმე ცოდვის ჩადენის გამო ასევე არ არიან უფლებამოსილნი და არც მათ აქვთ ნებართვა იმისა, რომ მართალთა ლიტურგიას დაესწრონ, ისინიც კათაკმეველთა ლიტურგიის შემდეგ გადიოდნენ ტაძრიდან. აი ეს სამი დასი როდესაც გამოცალკევდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა მართალთა ლიტურგია, კვლავ ავღნიშნავთ, რომ დაბოლოვდებოდა რა საკუთრივ სამღვდელო პირის, ანდა საეპისკოპოსო პირის – ეპისკოპოსის ან მღვდლის ქადაგება. თუ დღეს ქადაგება გადატანილია ლიტურგიის ბოლოს, ძველად ეს ქადაგება წარმოდგენილი იყო სწორედ ამ ორი ნაწილის შუაში, გასაყარზე. კათაკმეველთა ლიტურგიის დასრულების შემდეგ სამღვდელო პირი წარმოთქვამდა ქადაგებას და ქადაგების დასრულების შემდეგ, როცა უკვე ტაძრიდან გადიოდნენ ხსენებულ დასთა წევრები, აი ამის შემდეგ უკვე მართალთა ლიტურგია აღესრულებოდა. გადატანა ქადაგებისა შუა ნაწილიდან ბოლოში განაპირობა იმ გარემოებამ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ კათაკმევლობა ფაქტობრივად გაუქმდა და რომ ლიტურგია არ შეფერხებულიყო და ერთმთლიან პროცესად წარმოჩენილიყო. ქადაგების ჩართვა შუაში მაინც რაღაცნაირად აფერხებს ლიტურგიის, როგორც სულიერი პროცესის მსვლელობას. თავის დროზე მას უწმინდესი საფუძველი ჰქონდა და ამიტომ, თავისთავად ცხადია, გამართლებული იყო, მაგრამ როდესაც ეს საფუძველი უკვე რეალური აღარ არის, რადგან რეალობაში კათაკმევლობა, როგორც ასეთი აღარ არსებობს, ლიტურგია რომ ერთმთლიან პროცესად აღსრულებულიყო, ქადაგება გადატანილ იქნა ბოლოში. ამრიგად პირველი ნაწილის აღსრულება და პირველი ნაწილის წარმატებით განვლა, ლიტურგიის პირველი ნაწილის მთელი გულით სმენა და შეთვისება იგივე კათაკმევლური ეტაპის წარმატებით გავლაა, იგივე “დიდაქეს” პირველი, დამოძღვრითი ნაწილის საღვთო გულისყურით შესმენა, შეთვისება და საქმედ ქცევაა.

მეორე ეტაპი, როგორც ავღნიშნეთ, ნათლისღებას უკავშირდება, ეკლესიურ ცხოვრებას. მართლაც ჩვენ ვხედავთ, რომ “დიდაქეს” იმ პირველი ნაწილის, რასაც დამოძღვრითი ნაწილი შეგვიძლია ვუწოდოთ, ორი გზის შესახებ მოძღვრება შეგვიძლია ვუწოდოთ, უკვე მოსდევს ის მონაკვეთი, ის ტექსტობრივი მონაკვეთი, სადაც ნათლისღების შესახებ არის უწყება. ნათლისღების შესახებ, დამოუკიდებლად იმისა, რომ ის მეორე ეტაპის შესაბამისია, “დიდაქესეული” უწყება თავისთავად გახლავთ საყურადღებო ამ უწმინდესი საიდუმლოს ისტორიისთვის. კარგად არის ცნობილი, რომ არსებობს პაექრობა იმასთან დაკავშირებით, ნათლობის საიდუმლო ხილული სახით აუცილებლად წყალში შთაფვლითა უნდა აღსრულდეს თუ თავზე დასხმითად. რა თქმა უნდა, საეკლესიო ისტორიაში ეს საკითხი კარგა ხანია გარკვეულია. აურაცხელი შემთხვევებია როგორც შთაფვლითი ნათლობისა, აგრეთვე დასხმითი ნათლობისა და პირუკუ, ერთი შემთხვევაც არ არის იმისა, რომ თავზე სამგზის დასხმითად მონათლული ვინმეს მეორეგზის გადაენათლოს. ამგვარ რამეს საეკლესიო ისტორია არ იცნობს, ხოლო დასხმით ნათლობას, ერთგზისად შესრულებულს (იმიტომ, რომ ნათლობა ყოველთვის ერთგზისია) და ჭეშმარიტად შერაცხილს მრავალი ფაქტი ადასტურებს. ჩვენ გვქონდა ამ მხრივ შესაძლებლობა წერილობით გამოგვექვეყნებინა ცალკეული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები. შეგახსენებთ მათგან ორს, ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელთაგან ერთი ეს გახლავთ წმინდა ევგრაფის შესახებ ჰაგიოგრაფიული უწყება, როდესაც წმინდა მინას, ამ უდიდესი მოწამისა და მოღვაწის, განჩინებით ხსენებული პირის ნათლობა აღსრულდება ეპისკოპოსთაგან ყველას თანდასწრებით თავზე სამგზისი დასხმით. იქ პირდაპირ წერია, რომ ტანსაცმელიც ეცვა მას, იქვე ტაძარიც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეპისკოპოსებმა ივალდებულეს, რომ ყველას თვალწინ ის თავზე სამგზის დასხმით მოენათლათ. ამის შემდეგ თვით ეს პიროვნება უდიდესი მოღვაწე გახდა და ერთ-ერთი მნათობი ეკლესიისა. რა თქმა უნდა, იოტისოდენა ეჭვის შეტანაც კი, თუ რამდენად იყო ჭეშმარიტი ეს ნათლობა, რატომ არ მოხდა მისი გადანათვლა, ანდა რამ აიძულათ ამგვარად აღესრულებინათ ნათლობა, არ შეიძლება. თუ გარეგნულად შთაფვლითი ნათლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ცხადია, ამ ძეგლში ეს მოვლენა ამგვარად არ იქნებოდა აღწერილი, რადგანაც კვლავ გავიმეორებთ, იქვე იყო ტაძარი, არავითარი გარეგანი იძულება და იმგვარი ვითარება არ იყო, რასაც ზოგჯერ ჩვენ წმინდა მოწამეებთან ვხვდებით, რომლებიც ციხეებში არიან, უკიდურეს მდგომარეობაში არიან და ნათლბის საიდუმლო ზოგჯერ მათზე გამარტივებული, ანდა სხვაგვარი წესით აღესრულება (ამაზე გვქონდა ჩვენ თავის დროზე მსჯელობა). ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი ვითარება, ყოველგვარი გარეგანი ძალდატანების გარეშე მიმდინარე მოვლენა და მხოლოდ და მხოლოდ წმინდა მინას, ამ უდიდესი მოწამის, ნებამ განსაზღვრა, რომ ამგვარად მონათლულიყო ეს პირი. ამასთან დაკავშირებით კიდევ გავიხსენებთ წმინდა კვიპრიანე კართაგენელის, ამ უდიდესი მღვდელმოწამის საგანგებო განჩინებას იმის შესახებ, რომ თუკი ეკლესიაში სარწმუნოებრივად და კანონიკურად აღესრულება ნათლობის წესი, არანაირი განსხვავება არაა და არნაირი ნაკლოვანება არა აქვს იმ ნათლობას, რომელიც დასხმითი წესით აღესრულება. ჩვენ ეს სწავლება, III ს-ის 50-იანი წლების ამ უდიდესი მღვდელმთავრისა, გამოვაქვეყნეთ ლათინურ ენაზეც და მივუთითეთ იქვე ხელნაწერებიც, რომლებიც უძველესი პერიოდიდანაა მოღწეული აურაცხელი რაოდენობით (ასეთი უარქაულესი ვითარება ხელნაწერებისა საზოგადოდ იშვიათი მოვლენაა). VI საუკუნიდან მომდინარე ხელნაწერებს შემონახული აქვთ წმინდა კვიპრიანე კართაგენელის ეს უმნიშვნელოვანესი სწავლება. ამ მხრივ მრავალი არგუმენტია, როგორც ავღნიშნეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს წყაროებიც საკმარისია.

ერთ-ერთ და გვერდით წყაროდ ჩვენ შეგვიძლია “დიდაქეს” ტექსტიც მოვიშველიოთ. რა თქმა უნდა, როდესაც ამ საკითხებზე თავის დროზე წერილობითად ვმსჯელობდით, ჩვენ “დიდაქეს” ტექსტს ვიმოწმებდით, იმიტომ, რომ “დიდაქეს” ტექსტი იდგა დღის წესრიგში. მავანმა და მავანმა “დიდაქე” მიიჩნია უკუღმართ ძეგლად და ამიტომ, რამდენადაც “დიდაქეს” ტექსტის მართებულობის საკითხი იდგა, ჩვენ სწორედ ამ ტექსტს შევეხეთ, თორემ “დიდაქეს” ტექსტი არ არის გადამწყვეტი დასხმითი ნათლობის ისტორიისთვის. ჩვენ შეგვეძლო “დიდაქეს” ტექსტიდან მასში არსებული მონაცემი საერთოდ არ გვეხსენებინა იმდენი წყაროა სხვა დანარჩენი, აურაცხელი, უმნიშვნელოვანესი და უაღრესად დეტალური და ერთაზროვანი, “დიდაქეს” ტექსტი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მოტანილიყო, რომ განმარტებულიყო “დიდაქე” ეს მართებული სწავლების შემცველი ძეგლია და ისიც იმავეს ადასტურებს. არათუ ის, რომ “დიდაქეს” სწავლება დავადასტუროთ სხვა მონაცემებით, არამედ სხვა უწმინდესი მონაცემები კვიპრიანე კართაგენელისა, ხსენებული უწმინდესი მარტვილობისა, რომელიც ყველა ენაზეა შემონახული, წმინდა გრიგოლ ნოსელის პირდაპირი და სავსებით ცხადი უწყებისა, “ქართლის მოქცევის” ასევე ზედმიწევნითი უწყებისა და სხვა, ამ ყველაფრის გვერდით დაგეყენებინა “დიდაქე”, როგორც იმავე სწავლების ჭეშმარიტი გადმომცემი.

მაგრამ, რამდეანადაც კონკრეტულად “დიდაქეს” ვეხებით, იმ მონაკვეთსაც შევეხეთ, რაც ნათლობას უკავშირდება და რაც ამგვარი სახის გახლავთ. ეს ნაწილიც “დიდაქესი” ზოგჯერ სამწუხაროდ ვერ არის მართებულად გაგებული და, ცხადია, შევეცდებით, რომ განვმარტოთ თუ რომელია ეს მართებული გაგება. “დიდაქე” კონკრეტულად ნათლობასთან დაკავშირებით გვაუწყებს, რომ ნათლობა შეიძლება აღსრულდეს ოთხსახოვნად. პირველი სახეობა ნათლობისა, ესაა გამდინარე წყალში შთაფვლითი მონათვლა, ანუ ჩაძირვითი მონათვლა; მეორე სახეობა ესაა დამდგარ ცივ წყალში შთაფვლითი ნათლობა; მესამე სახეობა ესაა დამდგარ თბილ წყალში შთაფვლითი ნათლობა და მეოთხე სახეობა ესაა თავზე სამგზისი დასხმით მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით მონათვლა. როდესაც ჩვენ ამ ფაქტებზე ყურადღებას ვამახვილებთ, ზოგს ებადება ამგვარი აზრი, რომ თითქოს მეოთხე სახეობა, ე.ი. დასხმითი ნათლობა როგორც გამონაკლისი ასეა “დიდაქეში” უწყებული. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარად არ გახლავთ. აქ დასხმითი ნათლობა წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი გავცრელებული სახეობა. იმიტომ, რომ ამა თუ იმ წესის შესრულება საეკლესიო ტრადიციაში უმრავლეს შემთხვევაში ერთსახოვნად არ ხდებოდა. ამაზე ჩვენ წინა საუბრებშიც გვისაუბრია, თუ როგორია ტექსტობრივი სხვადასხვაობა თუნდაც ისეთ უწმინდეს მსახურებაში, რასაც ლიტურგია ეწოდება, სხვადასხვა ვითარებაში ამა თუ იმ საეკლესიო წესისა და მომავალშიც გვექნება საშუალება, რომ ეს საკითხი კვლავ განვიხილოთ.