მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

“დიდაქეს” ძველი ქართული თაგმანის შესახებ;
“დიდაქეს” სტრუქტურა; განღმრთობის ეტაპები

 

ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა ყველაზე უფრო ადრეულ ქრისტიანულ ძეგლს სახელწოდებით “დიდაქე”. რამდენიმე საკითხს, ტექსტოლოგიურ-ისტორიულს, ამ ძეგლთან დაკავშირებით მეტნაკლებად შევეხეთ და ვიდრე შინაარსობრივ ანალიზს შევუდგებოდეთ, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება კიდევ ერთი საკითხის შესახებ რამდენიმე სიტყვის თქმა. კერძოდ ვგულისხმობთ საკითხს იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა “დიდაქე” ქართულად თარგმნილი. მოგეხსენებათ საეკლესიო მწერლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულად უძველესი პერიოდიდან დაწყებული ითარგმნებოდა და აი ამ კუთხით ეს საკითხიც ჩნდება, იყო თუ არა “დიდაქე” ძველქართულად თარგმნილი.

განსაკუთრებით ამ საკითხმა აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც XX ს-ის I ნახევარში (დაახლოებით 1932 წელს), აწ უკვე წმინდანად შერაცხილმა გრიგოლ ფერაძემ გამოაქვეყნა გერმანიაში “დიდაქეს” ძველი ქართული თარგმანი. გერმანიში გამოდიოდა და ვფიქრობთ ეხლაც გამოდის ახალი აღთქმის მეცნიერების ჟურნალი (დაახლოებით ასე რომ ვთარგმნოთ ქართულად) (ისევე როგორც გამოდის ანალოგიური სახის ჟურნალი ძველ აღთქმასთან დაკავშირბით), რომლის ერთ-ერთ ნომერში, კერძოდ 1932 წლის ნომერში ხსენებულმა წმინდა გრიგოლ ფერაძემ გამოაქვეყნა, როგორც ვთქვით, “დიდაქეს” ძველი ქართული თარგმანი და ამ თარგმანს მან მცირედი წინასიტყვაობა დაურთო. წინასიტყვაობაში მითითებულია ის ფაქტი, რომ ხსენებული თარგმანი ძველი უნდა იყოს, რადგანაც მასში შესამჩნევია ხანმეტობის ნიშნები. ჩვენ მსმენელს შევახსენებთ, რომ ხანმეტობა იყო ის ენობრივი მოვლენა, რაც ქართულ მეტყველებას ახასიათებდა V-VII ს-ში, უფრო ადრეც, მაგრამ წერილობით შემორჩენილი წყაროების მიხედვით V-VII ს-ბში. შემდგომში ხანმეტობა შესცვალა ჰაემეტობამ. კერძოდ ხანმეტობა გულისხმობს “ხ” პრეფიქსის მეტობას ანუ “ხ” პრეფიქსის ნიშანს II სუბიექტური პირისას და III ობიექტური პირისას, რაც შემდგომში ჰამეტობით იცვლება VII ს-ის შემდეგ და ბოლოს ჰაემეტობა ნაწილობრივ იკარგება, მაგრამ ხანმეტობა კი ცოცხალი ხმარებიდან მთლიანად გადის, თუარ ჩავთვლით გარკვეულ გაქვავებულ ფორმებს, რითაც ისინი დღესაც არის შემონახულნი. თუნდაც ვთქვათ ზმნაში “ხარ” (მეორე პირის ფორმაში: ვარ, ხარ, არის). “ხარ” ფორმაში  “ხ” არის სწრედ ის უძველესი პრეფიქსი ქართულ მეტყველებას რომ ახასაითებდა V-VII საუკუნეებში. ამიტომ თუ რაიმე ტექსტში ზმნურ ფორმას ხანმეტობა ახასიათებს, ეს ტექსტი აუცილებლად უადრესია. აი ამ კუთხით გრიგოლ ფერაძემ გამოთქვა თვალსაზრისი, რომ მისგან დაბეჭდილი ქართული თარგმანი “დიდაქესი”, სადაც ხანმეტობის ნიშნები ჩანს, უადრესი პერიოდისა უნდა იყოს.

ამავე პუბლიკაციას მოგვიანებით გამოეხმაურა კორნელი კეკელიძე, რომელმაც არ გაიზიარა ეს თვალსაზრისი და მიიჩნია, რომ “დიდაქეს” ის ტექსტი, ის ქართული თარგმანი, რაც ხსენებულ ჟურნალში დაიბეჭდა, გვიანდელი უნდა ყოფილიყო, კერძოდ დაახლოებით XIX ს-სა. ის მიიჩნევდა, რომ ხანმეტობა აქ გარკვეულწილად ხელოვნურად არის შეტანილი იმ მიზნით, რომ მთარგმნელმა განზრახ დააძველოს თავისი ტექსტი, რომ ადრეული გამოჩნდეს თითქოს ეს თარგმანი, თორემ სინადმვილეში, კორნელი კეკელიძის მითითებით, ეს ტექსტი XIX საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს. კორნელი კეკელიძის არგუმენტი რა იყო? არგუმენტი იყოს ის, რომ ზოგიერთი ლექსიკური ერთეული, რაც ამ თარგმანში იჩენს თავს, XIX საუკუნემდე ქართულ ენაში არ ვლინდებოდა, არ იჩენდა თავს. თუნდაც დავუშვათ ტერმინი “საზოგადოება” თანამედროვე გაგებით და სხვა. ამგვარადვე თვლიდნენ ამ ძეგლთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძის კვალობაზე სხვებიც, ვიდრე მოგვიანებით არ გამოქვეყნდა ერთ-ერთი მკლევრის კვაჭაძის სტატია იმავე საკითხთან დაკავშირებით. ამ სტატიას ღირებულება ჰქონდა იმდენად, რამდენადაც სტატიის ავტორი თვით უშუალოდ იყო გერმანიაში, ნახა ის ხელნაწერი საიდანაც პუბლიკაცია შესრულდა და მან რამდენიმე საკითხი უაღრესად საყურადღებო გახადა. თვით გრიგოლ ფერაძეც მიუთითებდა, რომ “დიდაქეს” თარგმანი მისთვის მიუწოდებია ვინმე ფეიქრიშივილს, კონსტანტინოპოლის მცხოვრებს, ხოლო ვინ იყო მთარგმნელი არც იმ ფეიქრიშვილს უთქვამს და ეს არც გრიგოლ ფერაძეს უწერია. მაგრამ ხელნაწერი ნახა რა ხსენებული სტატიის ავტორმა, მან ასეთი საყურადღებო ფაქტი გამოავლინა: ყველა ის სიტყვა, ყველა ის ლექსიკური ერთეულები, რასაც კორნელი კეკელიძე დაახლოებით XIX ს-ის ლექსიკად თვლიდა, ძირითად ტექსტში არ ყოფილა. საკუთრივ ბერძნული სიტყვები, რომლებიც როგორც ჩანს მთარგმნელს ვერ გაუგია და უთარგმნელად დაუტოვებია, უთარგმნელად გადმოუცია ქართული შრიფტით. ხოლო შემდეგ ვიღაცას ეს უთარგმნელად დატოვებული ბერძნული სიტყვები გადაუხაზავს  და თავზე დაუწერია მისი ეპოქისთვის (ალბათ XIX-XX ს-ბის მიჯნისთვის) ბუნებრივი ქართული შესატყვისები შესაბამისი ბერძნული სიტყვებისა. რა თქმა უნდა, ამ პროცესს შეასრულებდა ალბათ ამ ძეგლის თარგმანის რედაქტორი, ხოლო თვითონ ამ რეადქტორმა ტექსტი საიდან მოიპოვა, კვლავ ავღნიშნავთ, დღეისათვის უცნობია. შესაძლოა ეს რედაქტორი თვით ის ფეიქრიშვილიც ყოფილიყო, ის პიროვნება, რომელიც უკვე ამ თარგმანის პუბლიკაციას აპირებდა. ამრიგად კორნელი კეკელიძის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ძეგლში არის გვიანდელი ლექსიკური ერთეულები, უკვე თარგმანის ადრინდელობას ვეღარ შეეწინააღმდეგება, რამდენადაც, როგორც ავღნიშნეთ, ეს გვიანდელი ლექსიკური ერთეულები მართლაც გვიან არის შეტანილი თარგმანის თავდაპირველ ტექსტში. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ თვით თარგმანის პუბლიკაციის ხილვა. ამ ჟურნალის ერთი ეგზემპლარი, რაც საქართველოში არსებობს მხოლოდ გრიგოლ ფერაძის გამოკვლევის ნაწილს შეიცავს, საკუთრივ ტექსტი სამწუხაროდ ვერ დავძებნეთ. ამ კუთხით ეს თარგმანი, ეს ბუბლიკაცია კვლავაც შესასწავლია, იმიტომ, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, არა მარტო ხანმეტობის მონაცემით, არამედ ტერმინოლოგიაზე დაკვირვებითაც სავსებით შესაძლებელი იქნება ამ ძეგლის ხნოვანების განსაზღვრა. და თუ მართლაც უადრეს თარგმანად წარმოჩნდა ის, რა თქმა უნდა, ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. თვით ის ფაქტიც, რომ ქართულ თარგმანს ხანმეტობა ახასაითებს, ძალიან საეჭვოა, რომ ხელოვნურ მოვლენად მივიჩნიოთ, რამდენადაც ხანმეტობის მეცნიერული განმარტება აკაკი შანიძემ მოგვჩა ჩვენ XX ს-იხ 10-იანი წლების მიწურულს, 1918-19 წლებში, და ნაკლებ დასაჯერებელია, რომ ეს ფაქტი ასე დაუყონებლივ გამხდარიყო ცნობილი ევროპაში, ისე რომ კონსტანტინოპოლში ერთ-ერთ რიგით უცნობ პიროვნებას ეთარგმნოს კიდეც “დიდაქეს” ტექსტი და ხანმეტობაც შეეტანოს მასში, ამით განზრახ დაეძველებინოს და შემდეგ ფეიქრიშვილს ეს ტექსტი ჩაეტანოს გერმანიაში და სხვა. ე.ი. მთელი ეს პროცესი დროითი შემოსაზღვრულობით ნაკლებ გვავარაუდებინებს ხანმეტობის ხელოვნურობას. და თუ ხელოვნური არაა ხანმეტობა და ბუნებრივად ახასიათებს თარგმანს, მაშინ სავსებით ცხადია, რომ ეს თარგმანი მართლაც V-VII საუკუნეებისა უნდა ყოფილიყო. ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ პრობლება საყურადღებოა, პრობლემა შესასწავლია და ამ ნიშნით, ჩვენ ვფიქრობთ, “დიდაქეს” ქართულ თარგმანს აუცილებლად სჭირდება სპეციალური მეცნიერული კვლეა. ამჯერად კი მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ თუნდაც გვიანდელი იყოს ეს თარგმანი, მაინც “დიდაქე” ქართულ ენაზე თარგმნილი ყოფილა. თუ მართლაც გვიანდელ პერიოდში შესრუდა, რა თქმა უნდა, ეს თარგმანი მოხდებოდა მხოლოდ 1883 წლის შემდეგ, როდესაც საერთოდ ეს ტექსტი გამოვლინდა და ცნობილი გახდა, როგორც ამაზე ერთ-ერთ საუბარში უკვე ვილაპარაკეთ. 1883 წლის შემდეგ შესრულება ამ თარგმანისა, რა თქმა უნდა, მრავალი კუთხით გამოავლენდა თავს, თუნდაც სტილური თვალსაზრისით ეს იმდენად იქნებოდა აღბეჭდილი თარგმანზე, რომ შეუძლებელია ტექსტის წაკითხვისას ეს აშკარად არ გამვოლენილიყო. ასე რომ, მრავალი რამ გვიბიძგებს ჩვენ “დიდაქეს” ქართული თარგმანის უფრო ადრეული ეპოქით დათარიღებისკენ, მაგრამ კვლავ ავღნიშნავთ, რომ ეს პრობლემა შესასწავლია.

რაც შეეხება ზოგადად “დიდაქეს” თარგმანებს სხვა ენებზე. ამ მხრივ, გარდა ამ აღნიშნული ქართული თარგმანისა, ჩვენ არცერთ სხვა ენაზე “დიდაქეს” ტექსტის სრული თარგმანი არ მოგვეპოვება. ერთადერთი, რაც შეიძლება აქ ითქვას, ეს არის ერთ-ერთი ლათინური ტექსტი, რომელსაც ეწოდება “მოძღვრება ორი გზის შესახებ”, რაც შეესაბამება “დიდაქეს” ტექსტის დასაწყის ნაწილს და ამ კუთხით შეიძლება ითქვას რომ შესავალი ნაწილი თარგმნილია ლათინურ ენაზე. სხვა რამ თარგმანი “დიდაქესი”, კვლავ ავღნიშნავთ, ჩვენ დღეისათვის არ მოგვეპოვება.

ზემორე ფილოლოგიური საკითხების განხილვის შემდეგ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უკვე საკუთრივ “დიდაქეზე”, “დიდაქეს” ტექსტზე, როგორც საღვთისმეტყველო შინაარსის შემცველ ძეგლზე დაკვირვება. პირველი, რაც აქვე უნდა ითქვას, ეს გახლავთ შემეგი: “დიდაქე” მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ თავისი არქიტექტონიკითაც, თავისი სტრუქტურითაც. რა თქმა უნდა, არცერთი კატეხიზმო და მათ შორის არც “დიდაქე” არ გახლავთ ერთი თემატიკის შემცველი ძეგლი. ქრისტიანული მოძღვრება, რა თქმა უნდა, თემატურად მრავალფეროვანია, სხვადახვა საკითხს მოიცავს. კატეხიზმოს მიზანდასახულბაა, რომ ეს საკითხები გარკვეული კანონზომიერი მიმდევრობით წარმოადგინოს და ამის მცდელობა “დიდაქეშიც”, ცხადია, შესამჩნევია. ამიტომ ძეგლის სტრუქტურას, არქიტექტონიკას სწორედ ცალკეულ თემათა მიმდევრობითი სახე შეადგენს. ამ კუთხით “დიდაქეზე” დაკვირვება მართლაც საგულისხმოა, იმიტომ, რომ განსხვავებით სხვა კატეხიზმოებისგან, რომლებიც შედარებით გვიან გამოვლენილა და დაწერილა ეკლესიის ისტორიაში, “დიდაქე” თავისი ნაწილების ურთიერთმიმდევრობის შესაბამისად უეჭველად აღიბეჭდავს ადამიანის ცხოვრების სულიერ მდინარებას. ე.ი. თემატიკა “დიდაქეში” დალაგებული და წარმოდგენილია არა იმ მიმდევრობით, როგორც ეს თემატიკა თავისთავად ბუნებითად არსებობს, დავუშვათ ჯერ ღვთის შესახებ სწავლება, შემდეგ ქმნილების შესახებ სწავლება, ქმნილებათა შორის ჯერ უხილავთა შესახებ, შემდეგ ხილული ქმნილების, შემდგომ ადამიანის, როგორც მთელი ქმნილების გამაერთიანებელის, შემდეგ ადამიანის სამკვდირებლის – სამოთხის და პარალელურად ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება, ცოდვით დაცემა, კაცობრიობის ისტორია დაცემულობაში, მხსნელის მოვლინება, ეკლესიის დაფუძნება, მეორედ მოსვლა და სხვა. აი ეს გახლავთ თემატური დალაგება თვით საკითხთა ბუნებითი მიმდევრობის გზით. მაგრამ “დიდაქეში”, როგორც უკვე გითხარით, ცალკეული ნაწილები დალაგებული გახლავთ იმ მდინარების, იმ პროცესის შესაბამისად, რასაც ადამიანი ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე აუცილებლად გადის. თვით “დიდაქეში”, რა თქმა უნდა, ეს ეტაპები თეორიულად განმარტებული არაა, საკუთრივ სტრუქტურული შედგენილობა ავლენს ამას, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ეს ეტაპები, ე.ი. თუ რა ეტაპებს გადის ადამიანი ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე, სხვა მოძღვართა მიერ დაწვრილებითაა განმარტებული. წმინდა გრიგოლ ნოსელი, IV ს-ის უდიდესი მოძღვარი, ისევე როგორც სხვა მამებიც (თუნდაც წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, ან წმინდა დიონისე არეოპაგელი თავის არეოპაგეტულ შრომებში) გარკვეულ ეტაპებს გამოჰყოფენ ჭეშმარიტების ძიების ჟამს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. პირველი ეტაპი წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით ესაა ეტაპი, რომელსაც ეწოდება კათარზისული ანუ განმწმენდელობითი ეტაპი. კათარზისული ანუ განმწმენდელობითი ეტაპი არის ის მდგომაროება ადამიანისა, როდესაც იგი აცნობიერებს ვნებათა დამღუპველობას, ვნებათა დამაბრკოლებლობას ჭეშმარიტების ძიების გზაზე და ამიტომ ვიდრე ჭეშმარიტების მოპოვებას, ჭეშმარიტების განჭვრეტას შეუდგებოდეს ის, პირველად საკუთარ თავს განიწმენდს, რომ ღირსი გახდეს ჭეშმარიტებასთან მიახლებისა. საზოგადოდ ავღნიშნავთ, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების ეტაპები უნივერსალურია, ანუ განფენილია სხვადასხვა გამოვლინებაში და ეს სხვადასხვა გამოვლინებითი სახე ეტაპებისა ურთიერთთან მჭიდრო კავშირშია. კერძოდ ეს განმწმენდელობითი ეტაპი ადამიანის განღმრთბისა, ესაა იგივე განღმრთობის გზა. ამ განღმრთობის გზაზე პირველი ეტაპი, რომელსაც განმწმენელობითი ეტაპი ეწოდება, შესაბამისია ადამიანის ჭეშმარიტებისკენ, როგორც ეკლესიური ცხოვრებისკენ სწრაფვისა, ანუ ადამიანის ეკლესიურ ცხოვრებაში ეს განმწმენდელბითი ეტაპი შეესაბამება იმ ეტაპს, რაც კათაკმევლობად არის წოდებული. კათაკმევლური ეტაპი ქრისტიანად გახდომის მოსურნე პირისა შესაბამისია ზოგადად ადამიანის სულიერ ცხოვებაში განღმრთობის გზაზე განმწმენდელობითი ეტაპისა. კიდევ სხვა გამოვლინებანიც შეიძლება ჰქონდეს მას, რაზეც ამჯერად არ ვისაუბრებთ, რომ ეს საკითხი არ გაგვისხლტეს ხელიდან და სხვა თემაზე არ გადავიდეთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ ორ მოვლენას დავუკავშირებთ ერთიმეორეს, რომ ის, რასაც სულიერ ცხოვრებაში განმწმენდელობა ეწოდება, ეკლესიურ ცხოვრებაში კათაკმევლობად არის წოდებული. კათაკმეველი მოგეხსენებათ არის პიროვნება, რომელიც მოიქცა ქრისტიანობაზე, მაგრამ ჯერ კიდევ მონათლული არაა და ემზადება ნათლობისთვის, ის თავის თავს განიწმენდეს და შეამზადებს ნათლბის უწმინდესი საიდუმლოს მისაღებად. ამგვარადვე შეიძლება ითქვას, რომ განმწმენდელობითი ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში სულიერი სინათლის, საღვთო ცოდნის მიღების უწინარეს საკუთარი თავის მომზადებას ნიშნავს. აქ უკვე პირველი ნაბიჯები გადაიდგმის ასკეტური ღვაწლისკენ. ადამიანი აღასრულებს ასკეზისს ანუ საკუთარი თავის წვრთნას, საკუთარი თავის შემზადებას, საკუთარი თავის ქმნას (დამზადებაც შეგვიძლია ვთქვათ) საღვთო ჭურჭლად. ასკეზისი სხვა არაფერია თუ არა პირადი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით, მაგრამ მოქმედებაში პირადი ძალისხმევით საკუთარი თავის გარდაქმნა ღვთის ჭურჭლად. ამგვარი პროცესი აუცილებლად პირველ რიგში ვნებათაგან საკუთარი თავის განშორებას, ვნებათმოკვეთას, ვნებათა აღმოფხვრას საკუთარი სულიდან გულისხმობს, რომ პიროვნება განმწმენდელობითი გონებითაც, სხეულებრივადაც, როგორც ნიადაგი სარეველასაგან მთლიანად გასუფთავებულია, რათა ასეთმა ნიადაგმა  მიიღოს, შეიწყნაროს და აღმოაცენოს კეთილი სიტყვა, ახალი სიტყვა, ჭეშმარიტი სიტყვა, იგივე მაცხოვნებელი სწავლება. მაცხოვრის იგავი სახარებაში, რაც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მთესველის შესახებ სწორედ ამ სწავლებას შეიცავს, რომ თესლი კეთილი სწავლებისა, ჭეშმარტების მარცვალი შეიძლება მრავალ ნიადაგზე დაეცეს, მაგრამ ყველგან არ აღმოცენდება ის, აღმოცენდება მხოლოდ იმ ნაიდაგში, რომელიც კეთილად შეიწყნარებს მას და რომლის აღმოცენებასაც რაიმე სარეველა აღარ დააბრკოლებს. ამიტომ ეკლესიის მამები ხაზგასმით გვასწავლიან ჩვენ, რომ როდესაც ჩვენ ვეძიებთ ჭეშმარიტებას, ანდა თუნდაც როდესაც სხვას გადავცემთ ჭეშმარიტებას, ყოველთვის პირველ რიგში უნდა აღსრულდეს შემმეცნებელი, მოძღვრების მიმღები გონებისა და პიროვნების მომზადება ჭეშმარიტების მოსასმენად. დაუყონებლივ ჭეშმარიტება არავის არ უნდა გადაეცეს, დაუყონებლივ სწავლების ცალკეული ელემენტების მიწოდება არ უნდა მოხდეს, ჯერ უნდა მომზადდეს მიმღების გონება ჭეშმარიტების სასმენად და შემდეგ უნდა მოხდეს მისდამი ჭეშმარიტების სიტყვის გადაცემა. რადგანაც, კვლავ ავღნიშნავთ, სარეველათი (ეს სიმბოლურად ამ შემთხვევაში უკეთურ აზრებს ნიშნავს, აკვიატებულ თვალსაზრისებს), სხვადასხვა ვნებული წარმოდგენებით დასნეულებული გონება ჭეშმარიტების მარცვალს ვერც დაიტევს და ვერც აღმოაცენებს. ამიტომ, რაც არ უნდა  მისდამი ჭეშმარიტების მარცველბი ვთესოთ ჩვენ, შედეგი ყოველთვის უნაყოფო იქნება, ფუჭი იქნება, რამდენადაც ეს ჭემარიტების მარცველბი, შესაბამის ნაიდაგში ვერასოდეს ვერ მოხვდებიან. ადამიანის გონება, როგორც დასამუშავებელი ნიადაგი, უნდა დამუშავდეს, უნდა აღმოიფხვრას მისგან სარეველა და შემდგომ განწმენდლ ნიადაგში მართლაც წმინდა და ჭემარიტების მაუწყებელი სიტყვა უნდა დამკვიდრდეს. ამგვარია მოძღვრების გადაცემა. ამიტომ, ვიდრე საკუთრივ მოძღვრება, სინათლე, როგორც იგივე ნათლისღება, როგორც უაღმატებულესი განმაღმრთბელი ძალა ადამიანს მთლიანად გამსჭვალავდეს, ადამიანი ჯერ უპირველესად ამ სიწმინდის მისაღებად ემზადება და ესაა სწორედ განმწმენდელობითი ეტაპი, იგივე კათარზისული ეტაპი ანუ ეკლესიური ლიტურგიკული სიტყვათხმარებით, ლიტურგიკული ცნობიერების შესაბამისად კათაკმევლური ეტაპი. კათაკმევლობა ნათლობისთვის მზადებაა, განმწმენდელობა სულიერი სინათლისა და ზეციური ჭეშმარიტების მარცვლის მიღებისათვს მზადებაა და, რა თქმა უნდა, მას თავისი სიმბოლურ-ალეგორიული გამოვლიებანი ხშირად აქვს საღვთო წერილში. როდესაც წმინდა გრიგოლ ნოსელს სურს სახეობრივად გვიჩვენოს ცალკეული ეტაპები განღმრთობის გზისა, იგი იშველიებს მოსეს შესახებ ბიბლიურ თხრობას და გამოყოფს ამ თხრობაში სწორედ იმ ეტაპებს, რომელთა შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ. კერძოდ პირველი ეტაპის, განმწმენდელობითი ეტაპის მომასწავებლ სიმბოლოდ მას მიაჩნია მოსეს შესახებ ცნობილი თხრობა, როდესაც ის განმარტოვდება გარეშეთაგან, ამა ქვყნის თავყრილობათაგან და ცხვრების მწყემსავი საკუთარ თავში ჩაღრმავდება. აი ეს განდგომა ამა სოფლის ხმაურისგან, ვნებათაგან განყენება თავისი თავისა და საკუთარ თავში ჩაღრმავება გახლავთ სწორედ განმწმენდელობითი ეტაპი, რომლის სიმბოლოც, როგორც უკვე გითხარით, წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლების კვალობაზე ბიბლიურ თხრობაში არის მოსეს მიერ საკუთარი თავის განყენება ამა ცხოვრების ამაო ქმედებათაგან და საკუთარ თავში ჩაღრმავება. ეს არის პირველი ეტაპი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ყველაფრის მოთავე ეტაპი, ვიდრე მეორე ეტაპზე, მეორე ხარისხზე, უფრო აღმატებულზე გადავიდოდეს ადამიანი. ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ამ ეტაპს კათაკმევლური ეტაპი ეწოდება. სახელწოდება უმრავლეს შემთხვევაში გამოხატავს, რა თქმა უნდა, შინაარსსაც. ქართული სიტყვა განმწმენდელობა კარგად იტევს იმ აზრს, რასაც ბერძნული ტერმინი “კათარზისი” გულისხმობს, რაც ნიშნავს საკუთარი პიროვნების განწმენდას ვნებათაგან. მაგრამ თუ რას ნიშნავს კათაკმევლობა, რომელიც ასევე ეხმიანება ამ ეტაპს, ესეც აუცილებლად შესასწავლია, იმიტომ, რომ ეს ტერმინი ღრმა გააზრებით უნდა გვესმოდეს ჩვენ. მიუხედავდა იმისა, რომ ყოფით მეყველებაში ხშირად ვიყენებთ მას, ალბათ ნაკლებად გვესმის მისი საღვთისმეტყველო შინაარსი, მისი განღმრთობითი შინაარსი, თუ რაოდენ უკავშირდება ის იმ ეტაპობრიობას, რასაც ამა თუ იმ პიროვნების სული ჭეშმარიტების ძიების ჟამს გადის. ამიტომ განმწმენდელობითი ეტაპის განმარტებისას და იმის აღნიშვნისას, რომ ამ ეტაპის შესაბამისი, ლიტურგიკული ცხოვრების კვალობაზე, არის სწორედ კათაკმევლური ეტაპი, ვალდებულნი ვართ კათაკმევლობასაც და ტერმინ “კათაკმეველსაც” უფრო ღრმად შევეხოთ და ამ ტერმინის საღვთისმეტყველო შინაარსი წარმოვაჩინოთ.