მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

მეორედ მოსვლის შესახებ უწყება “დიდაქეში”

 

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ “დიდაქეს” უაღრესად მნიშვნელოვან ცნობებს ქრისტიანული საზოგადოების ყველაზე ადრეული სახის შესახებ. აგრეთვე ვსაუბრობდით ისეთი უარსებითესი, საეკლესიო და პიროვნული ქრისტიანული ცხოვრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა განსაკუთრებით მარხვა, თუ რომელ დღეებში უნდა იყოს დაცული მარხვა შვიდეულის მხრივ (ე.ი. ოთხშაბათ-პარასკევთან დაკავშირებით), საკუთრივ მარხვის რაობა – ზომიერება და მისადაგებულობა სულიერ მდგომარეობასთან, რომ თვითმიზნად არ უნდა იქცეს მარხვა და სხვა საკითხები.

წინა საუბრის დასასრულს ჩვენ ავღნიშნეთ, რომ “დიდაქეს” დამაბოლოებელი ნაწილი, ისევე როგორც დასაწყისი ნაწილები, ასევე სპეციალურ შესწავლას იმსახურებს. მაგრამ ვიდრე ამ ბოლო ნაწილზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, კვლავ გავიხსენოთ ის, რაც თავდაპირველად ავღნიშნეთ, როდესაც შევუდეგით “დიდაქეს” ტექსტობრივ განხილვას, რომ არა მხოლოდ ცალკეული მუხლებისა და მუხლობრივი სწავლებების კუთხით, არამედ საკუთრივ სტრუქტურითაც, აღნაგობითაც, “დიდაქე” ჩვენს წინაშე წარმოჩნდება როგორც ღრმად გააზრებული წინასწარი გეგმის მიხედვით შედგენილი შრომა. და ეს გეგმა, ეს სტრუქტურა აუცილებლად შეესაბამება და თანხვდება არსებულ ხარისხებს პიროვნების განღმრთობის გზაზე. ეკლესიის მამათაგან გამოყოფილი ხარისხები ზედმიწევნით შესაბამისობაშია “დიდაქეს” ტექსტობრივი მონაკვეთების არსებულ მიმდევრობასთან, რომ პირველი ნაწილი “დიდაქესი” შეესაბამება განმწმენდელობით ეტაპს და ესაა “დიდაქეს” ის ნაწილი, სადაც მართლაც დამოძღვრაა მოცემული, თუ როგორ განვიწმინდოთ თავი ვნებათაგან, როგორ შევიმოსოთ სათნოებანი. მომდევნო ნაწილი “დიდაქესი”, რაც კონკრეტულად ნათლისღების საიდუმლოზე სწავლებაა, შეესაბამება გასხივოსნებით ეტაპს, როდესაც ადამიანი, პიროვნება, უკვე განწმენდილი ხორციელ ვნებათაგან, ღვთიურობას სინათლეში ჭვრეტს და ამ საღვთო სინათლით ის გასხივოსნდება. მომდევნო ეტაპი, როგორც გვირგვინი განღმრთობისა, რასაც ეკლესიის მამათაგან ეწოდება სრულყოფის ეტაპი და რაც ბიბლიური თხრობის ალეგორიზმის მიხედვით გადმოცემულია იმ ისტორიულად ჭეშმარიტად აღსრულებულ ფაქტში, რომელსაც თავისი ღრმა სულიერი შინაარსიც აქვს, მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებით, რომელიც სინას მთაზე ავიდა და შევიდა უხილავთა შიგნით. აი ეს ეტაპია დამაბალოებელი და დამაგვირგვინებელი განღმრთობისა. არა მხოლოდ და არა ამქვეყნიური ცხოვრების საზღვრებით, არამედ ზოგადად ღვთირობაში წვდომის ასპექტით. თუმცა აქ ტერმინ “დაბოლოებას” მხოლოდ პირობითად ვიყენებთ, სინამდვილეში ეს მესამე ეტაპი თავის შიგნით არის უსასრულოდ განგრძობადი, უსასრულოდ ზრდადი, მარადიული პროგრესის შემცველი და ამ ეტაპს დაბოლოება მხოლოდ იმ კუთხით შეიძლება მიესადაგოს, რომ ის წინარე ორი ეტაპის დამაგვირგვინებელია, მათი სრულმყოფელია. ისევე როგორც ზიარების საიდუმლო ყველა სხვა საეკელსიო საიდუმლოს აბოლოებს, მაგრამ თავისთავად ზიარების საიდუმლო ყოვლად დაუბოლოებელია, ყოვლისმოცმველია და შესაბამისად ადამიანის სვლის უსასრულობამდე განმგრძობია ღვთიურობისკენ სწრაფვის ჟამს. უსასრულობა აქ თავად ღვთიურობას ნიშნავს და მესამე, დამაბალოებელი სრულყოფის ეტაპი, ისევე როგორც ლიტრგიკულად ზიარების საიდუმლო, რაც შეესაბამება სწორედ ამ მესამე ეტაპს, საკუთრივ უსასრულობისკენ, ღვთისკენ მარადიულად ზრდადი ძლიერებით წარმართავს შემმეცნებელ გონებას.

როდესაც სრულყოფას მიიღებს ადამიანი, ამქვეყნად ხორცში მყოფი, ამის შემდეგ ის იწყებს მოღვაწეობას. “დიდაქეს” მომდევნო ნაწილიც, ე.ი. ნათლისღების შემდეგ, როდესაც ზიარების საიდუმლოზეა უწყება, ხოლო ეს ნაწილი შესაბამისობაშია მესამე – სრულმყოფელ ეტაპთან, ამის შემდეგ ხსენებულ ძეგლში მართლაც საეკლესიო მოღვაწეობაზე, ქრისტიანულ ღვაწლზეა საუბარი, მახარებლურ-მოციქულებრივ დანუშნულებაზე, რაც მაშინ ყველაზე არსებითი იყო. ამის შემდეგ ქრისტიანთა, როგორც ერთი სულიერებით გამსჭვალულთა კრებულის შესახებ გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი სწვლებანი და ცნობები. ანუ ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ “დიდაქეს” შესაბამისი ნაწილი ჩვენ გვაუწყებს ქრისტიანობის ისტორიას მაცხოვრის მოსვლის დღიდან დაფუძნებულს, ეკლესიის ისტორიას, ხოლო ქრისტიანობის, ეკლესიის, მთელი ამ სამყაროს ისტორიის დამაბოლოებელი, მოგეხენებათ, არის მეორედ მოსვლის ჟამი. ამ მხრივაც “დიდაქეს” ტექსტი სტრუქტურულადაც აბსოლუტურად შესაბამისობაშია განღმრთობისა და მთელი ამ სამყაროს არსებობის, მისი ისტორიის მდინარებასთან, ამ ისტორიის დამაბოლოებელი, დამაგვირგვინებელი მოვლენის რაობასთან. “დიდაქე” სწორედ მეორედ მოსვლის შესახებ სწავლებით ბოლოვდება, ისევე როგორც მთელი ეს ხილული ჟამი, ყოვლიერება მეორედ მოსვლით გვირგვინდება. “დიდაქეში” ნაუწყები სწავლებანი მართლაც უაღრესად ყურადსაღები გახლავთ. ეს ნაწილიც, ისევე როგორც ნებისმეირი სხვა ნაწილი, მთლიანად საღვთო წერილის, კონკრეტულად სახარებისეული სულიერებითაა გამსჭვალული. სიტყვები, ტერმინოლოგია, დამოძღვრანი ზედმიწევნით იგივეობრივია, თუმცა არის ცალკეული შეგონებანი, ცალკეული მინიშნებანი, რომლებიც, ამ შემთხვევაში საკუთრივ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, ერთმთლიანობაში უაღრესად ჩამოყალიბებულ თანამიმდევრულ სწავლებას გვაწვდის მეორედ მოსვლის შესახებ ყველაზე უფრო არსებით შტრიხებში, ყველაზე უფრო არსებითი თვისებების მხრივ.

პირველ რიგში “დიდაქეში” უწყებულია, რა თქმა უნდა, იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ხვედრი კაცობრიობისა ბოლო ჟამს, რომ ბოლო ჟამს ხრწინილებასა და გარყვნილებას მიეცემა კაცთა არსება, რომ მგლები ცხვრებად გამოჩნდებიან, შეიმოსებიან რა ცხვართა სამოსელით. ეს სწავლებანი, მსმენელს, რა თქმა უნდა, ამის შემჩნევა არ გაუჭირდება, უაღრესად ახლოს დგანან სახარებისეულ შესაბამის სწავლებებთან მეორედ მოსლივს მოახლოებისას კაცობრიობის გახრწნილების შესახებ. ეს ზოგადი ეკლესიური სწავლებაა და ამგვარი ზოგადი ეკლესიური სწავლება, კარგად არის ცნობილი, მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება სხვა დისციპლინათა, ამქვეყნიურ მეცნიერებათა, საზოგადოებითმცოდნეობითი დანიშნულების მქონე ცალკეულ განსჯათა შეხედულებას, რომ თითქოს რაც დრო გადის კაცობრიობა უფრო სრულყოფისკენ წარემატება, უკეთესისკენ წარემატება, ვითარდება და უმჯობესდება. მრავალი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ქრისტიანიც კი დაეჭვებლია ამ სახარებისეულ ჭეშმარიტებაში (პირადად ჩვენც ხშირად გვქონია ამასთან დაკავშირებით პაექრობა), დაეჭვებულნი არიან იმ კუთხით, რომ თითქოს ერთი შეხედვით გამჭვირვალეა კაცობრიობის სულიერი ზრდა, თითქოს კაცობრიობა მართლაც უმჯობესისკენ ვითარდება და ამ დროს სახარებისეული სწავლება ამის დიამეტრულად საწინააღმდეგოა. საწინააღმდეგოა იმ კუთხით, რომ საზოგადოების უაღრესად გამოკვეთილ, უკიდურეს გახრწნილებაზე გვესაუბრება ბოლო ჟამის ახლო პერიოდში. როგორ განვმარტოთ ეს მოვლენა? როგორ შეიძლება ეს ეკლესიური სწავლებით უფრო ნათლად წარმოჩნდეს?

“დიდაქეს” ამ მუხლთან დაკავშირებით (სულ ერთ მუხლშია ეს სწავლება) ჩვენ იძულებულნი ვართ კვლავ გავიხსენოთ, უფრო უკეთ რომ გავაცხადოთ შინაარსი ამ მუხლისა, ერთი ჩვენი ადრეული საუბარი, რაც განხილვის რამდენიმე საუბრის თემად წარმოჩნდ მაშინ. ვგულისხმობთ ბაბილონის გოდლის მშენებლობის და სულიწმინდის მოფენის ორ, ერთიმეორისგან დიამეტრულად საწინააღმდეგო, მოვლენას. ჩვენ მაშინ ავღნიშნავდით, რომ ბაბილონის გოდოლმა გამოააშკარავა კაცობრიობის შინაგანი გამოფიტულობა და ეს იყო ის დამაბოლოებელი ბიძგი, რამაც უკვე არსებული შინაგანი დაშლილობა კაცობრიობის მანამდე, გარეგნულად მაინც ერთიანობითად შენარჩუნებული ცნობიერებისა, ერთკაცობრიობისა, მრავალნამსხვრევად დაანაწილა და ეს ნამსხვრევები მიმოიფანტა მთელი დედამიწის ზურგზე. გამომწვევი ყოველივე ამისა, ავღნიშნავდით მაშინ, გახლდათ ის სნეულებანი ცოდვისმიერნი, რაც ჟამიდან ჟამს კაცობრიობის ისტორიას თან შეემატებოდა და ეს ცოდვები, შეცოდებანი, მატერიალურ სამყაროსთან ახალ-ახალი ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილნი და ბოროტების მომგონი ძალისგან ადამიანის გონებაში საოცრებათა ანუ ზმანებათა სახით მიწოდებული და შთანერგილი, რა თქმა უნდა, დამარღვეველი იყო კაცობრიობის ერთი ცნობიერებისა. რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ დაცემულ მდგომარეობაში იყო (ცნობიერება), მაინც, როგორც ახალდაცემული, მომდევნო ეპოქებთან შედარებით უფრო მეტად ინარჩუნებდა იმ ერთიანობას, უფრო მეტად იყო ანარეკლი თავდაპირველი ერთიანობისა, რაც კაცობრივ ბუნებას სამოთხეში ჰქონდა. ე.ი. ეს ერთიანობა, ერთცნობიერება კაცობრივი ბუნებისა, ცოდვით დაცემის შემდეგ აბსოლუტურად დაშრეტილი ჯერ კიდევ არ იყო. ამის დამადასტურებელი გახლავთ ის, რომ კაცობრიობა რიცხობრივი ზრდის მიუხედავად, ვიდრე ბაბილონის გოდოლამდე, მაინც ერთმთლიანობას მეტნაკლებად ინარჩუნებად. ხოლო ამ უკანასკნელმა მოქმედებამ გამოააშკარავა კაცობრიობის აბსოლუტური გამოფიტულობა, მისი სრული განივთიერება, გამატერიალურება და ამავე დროს ვნებებში უკიდურესობამდე განცხრომა. იმიტომ, რომ ამპარტავნების ამ ზომით გამოვლინება კაცობრიობის ისტორიაში სხვა დროს, სხვა ჟამში შესამჩნევი არ გახლავთ და ფაქტობრივად ეს უტოლდება იმ დასაბამიერ ამპარტავნებას, რამაც ზეციური ძალა დასცა, ზეცირი ქმნილება დასცა. ეს ერთი მხრივ, მაგრამ ამ ამპარტავნების დაკმაყფილების კაცობრიობისგან გამოძებნილმა გზამ საკუთრივ კაცობრიობის გონებრივი და სულეირი დაცემულობის უკიდურესი ზღვარი წარმოაჩინა. ერთია ამპარტავნება და მეორეა ამპარტავნების განხორციელების საშუალება. ყველა ამპარტავანი აბსოლუტურ უგუნურებაში ჯერ კიდევ არ არის ჩავარდნილი. ზოგს ახასიათებს დიდი მოსაზრებულობა და ეს მოსაზრებულობა მათ ეხმარებათ საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებაში. მაგრამ სხვა არის ვითარება, როდესაც ვნებადობით მეტისმეტადაა შეპყრობილი ქმნილება (ვნებადობის მწვერვალი სწორედ ამპარტავნებაა) და ამასთან ერთად პარალელურად უკიდრეს უგუნურებაშიცაა. აი ეს ორივე დამღუპველი თვისება კაცობრიობის ბუნებაში ამ დროისათვის, გოდლის მშენებლობის ჟამს სახეზეა - ერთი მხრივ უკიდურესი ამპარტავნება, რომ ღმერთთან გატოლება, ღვთის მოხელთება, ღვთის წვდომა მოიბუნებეს და მოინებეს (ამიტომ ავღნიშნავდით, რომ ეს იდენტურია და ერთადერთი ამის პარალელი სწორედ ის მდგომარეობაა, როდესაც ზეციური ძალა დაეცა. ამპარტავნების ამ ხარისხამდე გამოვლენა ქმნილების ისტორიაში სხვაგან ჩვენ არ გვხვდება) და მეორე გახლავთ ის, რომ საკუთარი ამგვარი ამპარტავნული ამბიციის დაკმაყოფილება კაცობრიობამ სცადა უკიდურესად უგუნური გზით. იმდენად არააზროვნებითი, აზრს მოკლებული, გონიერებას მოკლებული გზით, რომ ამგვარმა უგუნურებამ კაცობრიობის მაშინდელი გამოფიტულობა სავსებით ცხადად აჩვენა. ეს უგუნურება რაში მდგომარეობდა? მოგეხსენებათ მათ მოინდომეს შენობის აგება, რომ თითქოს ღმერთი ერთი რაღაც არსია ამ ქმნილებისა და თითქოს მისი მატერიალურად მოხელთება შეიძლებოდეს. აი ამგვარი უგუნურების, როგორც ავადმყოფობის მკვეთრი სიმფტომის, უკვე რეალური აღსრულება გახლდათ ბაბილონის გოდლის შემდეგ კაცობრიობის დანაწილება. ენობრივადაც ერთიმეორისადმი სრულ გაუგებრობაში, დაუკავშირებლობაში აღმოჩენა. რა თქმა უნდა, გამოხატულება გახლდათ ეს ყოველივე კაცობრიობის მანამდე მეტნაკლებად ერთი ცნობიერების საბოლოო დანგრევისა და დამსხვრევისა (ძველი აღთქმის ეპოქაში). ნებისმიერი დანგრევა და დამსხვრევა და დანაწილება, მოგეხსენებათ, ცოდვის შედეგია, აქედან იწყება კაცობრიობის რეალური ისტორია, როგორც ერთი, მანამდელი მთელის ცალკეული ნაწილებისა და ეს ნაწილები ცალ-ცალკე ისტორიებს ქმნიან. რაც მიდის ჟამი კიდევ და კიდევ უფრო შეიგრძნობა შინაგანი დაყოფადობა კაცობრიობაში, ვიდრე არ დადგება შემობრნების მომენტი. ეს შემობრუნების მომენტი გახლავთ ღვთის განკაცება, მაცხოვრის ღვაწლი, სულიწმინდის გარადმოსვლა, ეკლესიის დაფუძნება. სულიწმინდის გარდამოსვლამ დააგვირგვინა შემობრუნებითი ეტაპი კაცობრიობის ისტორიაში და აქედან კვლავ ერთმთლიანობაში შეერთება და შენაწევრება კაცობრიობისა ხელახლა იწყება. ეს სწავლება არის სავსებით თვალსაჩინო, მაცხოვრის უდიდესი გამომხსენელობითი ღვაწლი კაცობრივი ბუნების წინაშე გაცხადებულია, სულიწმინდის გარდამოსვლა და კაცობრიობის საღვთო მადლის, დაკარგული მადლის კვლავ დაბრუნება კაცობრიობასთან ასევე თვალსაჩინოა და ყოველივე ამის საფუძველზე მართლაც ახსნას მოითხოვს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ შემობრუნების მომენტი დადგა კაცობრიობის ისტორიაში, რატომაა, რომ კაცობრიობა შემდეგ და შემდეგ, ეკლესიური სწავლების მიხედვით, რაც უფრო მოახლოვდება მეორედ მოსვლა, უფრო და უფრო გაუკუღმართდება, განიხრწნება და დაღუპვისკენ იქნება მიმართული. საქმე ის გახლავთ, რომ დაღუპვა, წარწყმედა ყოველთვის პიროვნული მდგომარეობაა. არსებობს გზის გახსნა დაღუპვისკენ, არსებობს გზის გახსნა ცხონებისკენ. როდესაც ვამბობთ, რომ მაცხოვარმა გზა გახსნა ცხონებისკენ, რასაც არაერთგზის განვმარტავდით, აქ იგულისხმება ის, რომ მან კაცობრივ ბუნებას მისცა საშუალება, რასაც მანამდე ეს ბუნება მოკლებული იყო, ცხონების კარიბჭეში შესვლისა. მაგრამ ბუნება თავისთავად ცალკე აღებული არ არსებობს, ბუნება ნებისმიერი ქმნილებისა, ამა თუ იმ პიროვნებაში განიჭვრიტება და ცხადდება. კაცობრივი ბუნებაც ცალკე აღებული არ არსებობს, კაცობრივი ბუნება თითოეულ ინდივიდში, ადამიანში დაინახება და ამდენად არსებობს ის. როგორც თავის დროზე წმინდა თეოდორე სტუდიელი ამბობდა: ბუნება თავისთავად უარსებოა ანუ არსებობას მოკლებულია. და ეკლესიის მამათა ზოგადი სწავლება ამაზე სრულიად თვალსაჩინოა. ჩვენი პირადი დაკვირვებაც შეგვიძლია ყველა ჩვენთაგანმა ამასთან დაკავშირებით მოვიმუშაკოთ, ჩამოვაყალიბოთ, რომ მართლაც კაცობრივი ბუნება, როგორც ასეთი, არსად არ დევს, ყველა ჩვენთაგანშია მხოლოდ და განვაზოგადებთ რა ერთი თვისების მქონე პიროვნებათა გამაერთიანებელ მოვლენებს, გამაერთიანებელ გამოვლინებებს, აი ეს განზოგადებული მონაცემი იწოდება ბუნებად. თორემ კვლავ ავღნიშნავთ ცალკე აღებული, პიროვნებისგან მოწყვეტილად ბუნება არსად არ არსებობს. ბუნება არსებობს იმდენად, რამდენადაც პიროვნებაში ვლინდება ბუნებითი თვისებები. ხოლო ბუნებითია ის თვისებები, რომლებიც გარკვეულ რაოდენობას პირებისას, გარკვეულ რაოდენობას ჰიპოსტასებისას აერთიანებს.

ამ საკითხზე ყურადღებას რატომ ვამახვილებთ? მაცხოვარმა კაცობრივი ბუნება გამოიხსნა ცოდვისგან და ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ მან კაცობრივი ბუნების მქონე ყოველ ადამიანს გაუხსნა გზა ცხონებისა. მაგრამ ეს გამოხსნა მაცხოვრისგან კაცობრივი ბუნებისა არ ნიშნავს უკვე ცხონებულობას ყველა ადამიანისას, ყველა პიროვნებისას. კვლავ ავღნიშნავთ, მან გახსნა კარიბჭე ცხონებისა, ხოლო ყველა ადამიანი ცხონდება იმ შემთხვევაში, თუ ის პიროვნულად საკუთარი ნებითა და ძალისხმევით ამ კარიბჭეში შევა. აქედან გამომდინარე სამყაროს ისტორია, საკუთრივ კაცობრიობის ისტორია, ეს პიროვნებათა ისტორიაა და როცა ჩვენ ცალკეულ თაობებზე ვმსჯელობდით და კაცობრიობის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდზე დასკვნებს ვაკეთებდით, პირონვნებათა უდიდესი ნაწილის მოქმედების შესაბამისად, რასაც სხვაგვარად თაობა ეწოდება, სწორედ თაობათა ისტორია იყო ჩვენი განხილვის საგანი. ცალკეული ინდივიდუალური პიროვნებები ამ თაობაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიაზრებიან. კაცობრივ ბუნებასაც რომ ვამბობთ, ყოველთვის პიროვნებათა კრებულს ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში, რადგანაც, კვლავ ავღნიშნავთ, ბუნება თავისთავად არსად არ ჰგიეს და ამ პიროვნებათა უდიდესი ნაწილი როდესაც ერთ მოვლენას არის დაქვემდებარებული, ვთქვათ წარწყმედის გზაზეა, მაშინ ზოგადად ვამბობთ, რომ კაცობრივი ბუნება წარწყმედის გზაზეა. როდესაც არც ერთ ადამიანს ცხონების შესაძლებლობა არა აქვს პიროვნულად, მაშინ ვაზოგადებთ და ვამბობთ, რომ კაცობრივი ბუნება დაღუპულობაში, წარწყმედილობაში, ბორკილებშია. მართლაც მაცხოვრის მოსვლამდე არც ერთ ადამიანს არ შეეძლო ცხონება და შესაბამისად მთელი კაცობრივი ბუნება (ასე ითქმის განზოგადებულად) მაცხოვრის მოსვლამდე ჯოჯოხეთის ტყვე იყო. როდესაც მაცხოვარმა გახსნა კარიბჭე, ამის შემდეგ ცალკეულ პიროვნებებს უკვე შესაძლებლობა მიეცათ ცხონებისა, ყველას მიეცა შესაძლებლობა ცხონებისა. ისევე როგორც მაცხოვრის მოსვლამდე აბსოლუტურად ყველა წარწყმედილობაში და ბორკილებში იყო, ჯოჯოხეთში იყო, მაცხოვრის მოსვლის შემდეგ აბსოლუტრად ყველას მიეცა გამოხსნის შესაძლებლობა. ამიტომ ვამბობთ, რომ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება. ასეთი რამ რომ წარმოვიდგნოთ და დავუშვათ, რომ მაცხოვარმა გამოხსნა მოიტანა არა პიროვნულად ყველა ადამიანისთვის, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის გარეშე, რომ შესაძლებლობითად ერთი ადამიანი ამ ცხონების გარეშე იყოს დარჩენილი, მაშინ აღარ გვექნებოდა უფლება გვეთქვა, რომ მაცხოვარმა კაცობრივი ბუნება გამოიხსნა. იმიტომ, რომ ის ერთი ადამიანიც, ცხონების გარეთ დარჩენილი, ამავე ადამიანური ბუნების მქონეა და თუ ის შესაძლებლობითაც კი არ ფლობს გამოხსნის საშუალებას, რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი კაცობრივი ბუნება გამოხსნილია ღვთისგან. ასე რომ, სადაც საყოველთაოობაა მოვლენისა, იქაა მხოლოდ საუბარი კაცობრივ ბუნებაზე, გნებავთ ანგელოზურ ბუნებაზე და ნებისმიერ სხვა ბუნებაზე. კაცობრიობის ანუ ადამიანური ბუნების, კაცობრივი ბუნების ისტორიაში ორი საყოველთაოობა არსებობდა, რომელთაგან ერთია პირველცოდვა, რაც საყოველთაოა კაცობრიობისათვის და რამდენადაც ცოდვა იგივე ბორკილია, იგივე ჯოჯოხეთის და სიკვდილის მომნიჭებელია, ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ პირველცოდვამ მთელ კაცობრიობას, კაცობრივ ბუნებას წარწყმედა, ჯოჯოხეთი, ბორკილი და სიკვდილი მოუტანა. რომლისგანაც კაცობრიობა, კაცობრივი ბუნება ვერანაირად თავს ვერ დააღწევდა, რომ არა მხსნელის მოვლინება. ასე რომ, ჩვენ ზოგადად ვამბობთ კაცობრივი ბუნება, იმიტომ, რომ ამ ხვედრის, ამ ბორკილების გარეშე მაცხოვრის მოვლინებამდე ერთი ადამიანიც კი, რაც არ უნდა საღვთო და წარჩინებული ყოფილიყო, არ მყოფობდა. მეორე საყოველთაოობა, ცხონების შესაძლებლობის საყოველთაოობაა, რომ მაცხოვარმა მოიტანა ცხონების შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის, ვინც კი ინებებს ამ ცხონებას და ვინც კი იღვაწებს ამისთვის. ამიტომაა ეს მოვლენაც საყოველთაო, ამიტომ ვამბობთ და ვაზოგადებთ, რომ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება.

ჩვენ ვთხოვთ მსმენელებს ამ საკითხებს, განსაკუთრებით მეორე საკითხს მკვეთრად მიაქციოს ყურადღება, იმიტომ, რომ ხშირად ისმის ეს პრობლემა, ამაზე პაექრობაში ზოგჯერ ვერ ვცემთ დამაჯერებელ პასუხს, იმიტომ, რომ მრავალი გვეუბნება: თუ მაცხოვარმა კაცობრივი ბუნება გამოიხსნა, მაშ რატომაა, რომ კვლავ წარწყმედაში მიდის ბევრი და რატომ არსებობს კვლავ ჯოჯოხეთი, სადღაა გამოხსნა? ჯოჯოხეთში წასვლა, წარწყმედილობა ყოველთვის ნებაყოფლობითია, პიროვნული, არ არსებობს ძალადობრივი მიტაცება ცხონებისგან წარწყმედისკენ, ისევე როგორც არც წარწყმედისგან ცხონებისკენ. მხოლოდ ის მხარე რომ ყოფილიყო წარმოჩენილი, თითქოს მაცხოვრის განკაცებამ კაცობრივი ბუნების ხსნით პიროვნულად ყველა ადამიანი უკვე იხსნა, მაშინ ადამიანის პიროვნულობა გაუქმებულა და გაუქმებულა ის თვისებები, რითაც ადამიანი, როგორც ქნილება ღვთისა, ცნობილია, კერძოდ თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა. მაგრამ თუ იმას ვიტყვით, რომ მხოლოდ კაცობრიობის ნაწილი გამოიხსნა მაცხოვარმა, მაშინ მისი ყოვლისმძლეობა სადღა არის? ამიტომ ეს ორი მოვლენა ამგვარად განიმარტება, რომ მაცხოვარმა გამოიხსნა კაცობრიობა იმ აზრით, რომ მან ცხონების შესაძლებლობა მისცა უკლებლივ ყველა ადამიანს. საყოველთაოობა ცხონებისა სწორედ ამას ნიშნავს. ხოლო თუ ვინმე პიროვნულად არ ინებებს ამ ცხონებას, ეს უკვე მისი პირადი არჩევანის საქმეა, და როგორც ვხედავთ არჩევანი, თავისუფალი ნება, მოაზროვნეობა, ადამიანის ქმნილების ფუძემდებლური თვისებები აბსოლუტურად ხელშეუხებელი და სახეზეა. ასე რომ ყოველივე დაცულია საღვთო სრულყოფილებით, მაცხოვრის ყოვლისშემძლეობაც, რომ მან ყველა ადამიანს მოუტანა ცხონება ანუ შესაძლებლობა ცხონებისა და კარიბჭე ყველა ადამიანს გაუხსნა, და სრული შენარჩუნება ყველა ადამიანის პიროვნული თვისებისა, არჩევითობისა, მოაზროვნეობისა, რომ თუკი ადამიანი ინებებს და შევა რეალურად ცხონდება, თუ არ ინებებს და გამოაკლდება ცხონებას, ესეც მისი პიროვნული არჩევანის შედეგი იქნება. აი ესაა შემობრუნების ეტაპი. პირველად კაცობრიობის ისტორიაში შებრუნება იყო ცოდვისკენ დაღუპვისკენ, დაცემისკენ ანუ ეს იყო კატასტროფა, ქვევითკენ მიბრუნება, ქვევითკენ მიქცევა. ბერძნული ტერმინი “სტროფე”, რომელიც ქართულად ჩვეულებრივ მიქცევად ითარგმნებოდა, კარგად გვიმჟღავნებს ჩვენ კაცობრიობის ისტორიის ორ ეტაპს – დაღმასვლას, ქვევითკენ მიქცევას ანუ კატასტროფას, დაცემას, ხოლო მეორე მხრივ ღვთისკენ მობრუნებას, შემობრუნებას ანუ ბერძნულად “ეპისტროფეს”, ძველ ქართულად “მოქცევას”. ამ ტერმინებს აღარ სჭირდებათ ჩვეულებრივ ეპითეტი “ღვთისკენ”, “ცხონებისკენ”, იმიტომ, რომ თავისთავად გულისხმობენ ამას, როგორც დავუშვათ “ქართლის მოქცევაი” ნიშნავს ქართლის ცხონებისკენ, ღვთისკენ მობრუნებას. ეს შეგვიძლია განვაზოგადოდ მთელი კაცობრიობისადმი და ვთქვათ, რომ როგორც თავის დროზე საყოველთაოობა იყო ცოდვისა, მაცხოვრის განკაცებით აღსრულდა საყოველთაოობა ცხონებისა და ესაა შემობრუნება.

მაგრამ მიუხედავად ამ შემობრუნებისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში კვლავ ვამბობთ მეორედ მოსვლის ახლო პერიოდში დადგება ჟამი კაცობრივი ბუნების გახრწნისა, აი ეს საკითხი როგორ უნდა განიმარტოს და რომ უნდა განიმარტოს, ვფიქრობთ, ამ მხრივ მსჯელობა აუცილებლად უნდა გადმოვცეთ და ყოველივე ამას შემდგომ საუბარში შევეცდებით.