წინა საუბარში ჩვენ უკვე დავიწყეთ უადრესი საეკლესიო ძეგლის “დიდაქეს” განხილვა. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოვლინდა ეს ტექსტი, რომელ ხელნაწერშია დაცული, რა პრობლემაა მასთან დაკავშირებით, ანუ რას უნდა გამოეწვია ამ ძეგლის დაკარგვა, ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისა და აქვე ავღნიშნეთ ისიც (ე.ი. წინა საუბრის ბოლოს), რომ აუცილებელ განმარტებას ითხოვს საკითხი იმის შესახებაც, თუ რამ განაპირობა “დიდაქეს” მიმართ XIV-XV საუკუნეებიდან მკვეთრად უარყოფითი განწყობილების ჩამოყალიბება. რაც, კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, დღესაც სახეზეა იმ პირთა შორის, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ, რომ “დიდაქეს” სრული ტექსტი უკვე აღმოჩენილია, მისი რაობა გარკვეულია და გაფანტულია ის უარყოფითი განწყობა, რაც თავის დროზე შეიქმნა. წარმოდგენა არა აქვთ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ მყვირალა პაექრობას მიმართავენ ისინი, რომლებსაც სრული უმეცრება აქვთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ საკუთარი ზმანებებით იკვებებიან.
ჩვენ ამას ავღნიშნავთ იმიტომ, რომ, როგორც უკვე ავღნიშნეთ კიდეც ერთხელ, ამა თუ იმ პაექრობის ჟამს “დიდაქეს” დამოწმება რამდენიმეგზის დაგვჭირდა და მოწინააღმდეგეთა მხრიდან არგუმენტი მხოლოდ ის იყო, რომ “დიდაქე” თითქოს უარყოფილია ეკლესიისგან, რადგან იგი არაჯანსაღი სწავლებების შემცველი ძეგლია. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი რამ სრული უმეცრების შედეგია, მაინც განმარტება ვფიქრობთ აუცილებელია, თუ საკუთრივ ამგვარი უარყოფითი განწყობა თავის დროზე, XIV-XV ს-დან მოკიდებული, რამ გამოიწვია, რამ განაპირობა.
აღნიშნული საკითხი მჭიდროდ უკავშირდება მეორე საკითხსაც, კერძოდ XIV-XV საუკუნეებამდე რა შეხედულება იყო “დიდაქეს” შესახებ. ანუ ორივე ეს საკითხი ჩვენ რომ გავამთლიანოთ, უნდა განვიხილოთ შემდეგი: რა გზა განვლო “დიდაქემ” შემფასებლობითი თვალსაზრისით საეკლესიო ისტორიაში, როგორ აფასებდა ეკლესია ამ ძეგლს სხვადასხვა ეპოქაში. ამ საკითხის განმარტების ჟამს ჯერ უპირველესად კვლავ გავიხსენოთ, რომ “დიდაქე” არის უეჭველად I ს-ის ძეგლი. ეს საეკლესიო გადმოცემა, ე.ი. “დიდაქეს” უადრესობის შესახებ ეკლესიური აზრი კარგა ხანია მეცნიერულად აბსოლუტურად უეჭველად არის დადასტურებული. სხვა რომ არაფერი, ბოლო გამოცემა “დიდაქესი”, რაც შესრულდა იმ ცნობილ სერიაში, ჩვენ რომ ერთ-ერთ საუბარში მოვიხსენეთ, კერძოდ პარიზში გამომავალ სერიაში სახელწოდებით “ქრისტიანული წყაროები”, სადაც ეკლესიის მამათა შრომების მეცნიერული პუბლიკაცია ხდება. წიგნში ფურცლის მარცხენა მხარეს წარმოდგენილია საკუთრივ ეკლესიის მამის შრომის ორიგინალი, იქნება ეს ბერძნული თუ ლათინური, ან ზოგჯერ სირიული. მეორე მხარეს მოცემულია აღნიშნული ტექსტის მაღალ დონეზე შესრულებული ფრანგული თარგმანი და მრავალრიცხოვანი სქოლიოები ახლავს ყველა გვერდს, თითქმის ყველა აუცილებელ საკითხთან, აუცილებელ ტერმინთან, აუცილებელ მონაცემთან დაკავშირებით. მხოლოდ ეს არ არის ამ გამოცემათა ღირსება, ყველა ტომს წინ ახლავს დაწვრილებითი, ამომწურავი მეცნიერული გამოკვლევა, ზოგჯერ უაღრესად ვრცელი. მაგალითად ამას წინათ ვეცნობოდით წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომას “ქალწულებისათვის”, რაც ამავე სერიაშია გამოქვეყნებული და გარდა იმისა, რომ თვით ტექსტი ამ შრომისა თავისთავადაა ვრცელი და ფრანგული თარგმანიც ორმაგად განავრცობს ტექსტს, მიუხედავად ასეთი მოცულობისა წინ უძღვის ამ გამოცემას გამოკვლევა დაახლოებით 300 გვერდის მოცულობით და ბოლოს ახლავს ამომწურავი ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ისევე როგორც ბიბლიური ციტატების სრული აღრიცხვა. აი ამ წესით შესრულებული ყოველი ტომი, რა თქმა უნდა, ჩვენ უაღრესად სარწმუნო დასკვნებს გვაწვდის შესაბამის ძეგლთან, შესაბამისი ძეგლის ისტორიასთან, მასთან დაკავშირებული ფილოლოგიური საკითხების მხრივ. ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაცია უკავშირდება სწორედ “დიდაქეს” ტექსტს, შესრულებულს ბოლო ხანებში. გამოკვლევა არის მართლაც უზადო, ყოვლისმომცველი, იქნება ეს ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიური, ტერმინოლოგიური, ფრაზეოლოგიური, ზოგადად ენობრივი, საღვთისმეტყველო და მკვლევარისგან გამოტანილია უეჭველი დასკვნა, რომ “დიდაქეს” სახით ჩვენ საქმე გვაქვს უთუოდ I ს-ის საეკლესიო ტექსტთან, საეკლესიო დოკუმენტთან. აქედან გამომდინარე ჩვენი განწყობაც ამ ძეგლისადმი განსაკუთრებულია, რადგან როდესაც ვიცით, რომ უეჭველად სახეზე გვაქვს I ს-ის მოციქულთა ეპოქის ამსახველი და თავის თავში ამრეკლავი ძეგლი, რა თქმა უნდა, ასეთი ძეგლისადმი ჩვენი მიმართება, ასეთი ძეგლისადმი ჩვენი დამოკიდებულება უეჭველად განსხვავებულია. ეს ფაქტი ხაზგასმით გვინდა ამჯერად დასკვნის სახით ვთქვათ: “დიდაქე” ესაა I ს-ის ძგლი, რომ ტექსტობრივი თვალსაზრისით ეს მხარე გარკვეულია.
რაც შეეხება ავტორს, “დიდაქეს” ავტრობასთან დაკავშირებითაც მრავალი აზრია გამოთქმული, მაგრამ დასაბუთებული და არგუმენტირებული გახლავთ შემდეგი: “დიდაქე” არაა ერთი პირისგან დაწერილი. ამ მხარეს განსაკუთრებით ასაბუთებს და ამგვარი დასკვნის ჭეშმარიტებას ცხადყოფს ის უეჭველი მონაცემი, რომ “დიდაქეს” ტექსტი ერთ სტილს, ერთ სამწერლობო, ერთ მწიგნობრულ სტილს არ ექვემდებარება, სხვადასხვა სტილის მონაკვეთებია მასში. და თუ ჭეშმარიტებაა ის, რომ სტილი თვითონ ადამიანია, როგორც ეს ერთ-ერთმა მკვლევარმა თქვა, და რომ სტილური განსხვავება უდიდესწილად ავტორთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს, რომ ერთი და იგივე ჟანრის ერთი და იგივე შინაარსის თხზულება, დაწერილი სხვადასხვა სტილით, სხვადასხვა მონაკვეთში, შეუძლებელია ერთ ავტორს გულისხმობდეს, იმიტომ, რომ კვლავ ავღნიშნავთ სტილში სხვაობა ავტორთა შორის სხვაობასაც გულისხმობს, აქედან გამომდინარე, რამდენადაც “დიდაქეს” ტექსტი სტილურ განსხვავებებს აღიბეჭდავს სხვადასხვა მონაკვეთში, დასკვნა ამგვარია: “დიდაქე” რამდენიმე მოღვაწისაგან, რამდენიმე საეკლესიო პირისგან არის დაწერილი. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს თხზულება არის შედგენილი და შედგენილია იმის შესაბამისად, რაც სათაურშია თქმული. ჩვენ “დიდაქეს” ვახსენებთ ამ ძეგლის სათაურად, მაგრამ ეს შემოკლებული, მეცნიერულ კვლევაში დამკვიდრებული სახელწოდებაა ამ ძეგლისა, უფრო სრული სახელწოდება კი ამგვარია: “მოძღვრება თორმეტი მოციქულისა წარმართთა მიმართ”, ანდა უფრო ვრცელი სათაური “მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ”. ამრიგად, სათაურში ისაა გაცხადებული, რომ ეს არის თორმეტი მოციქულის მოძღვრების შემცველი ძეგლი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოციქულთა კალმით ეს შრომა დაწერილი არ არის. ეს რომ მოციქულთა კალმის ნაყოფი იყოს, როგორც ჩვენ ერთ-ერთ საუბარში ავღნიშნავდით, მაშინ ეს ძეგლი უეჭველად ახალ აღთქაში უნდა შედიოდეს. რაც კი მოციქულთა ხელით არის უშუალოდ და ნამდვილად დაწერილი, ყოველივე ეს აუცილებლად ახალ აღთქმაში შედის. და რადგან “დიდაქე” ახალ აღთქმაში არ შედის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწერის, ჩაწერის თვალსაზრისით შემსრულებელი ამ ძეგლისა არის არა რომელიმე მოციქული, არამედ მოციქულთა სწავლების მსმენელი ეკლესიის მამა, ანდა ეკლესიის მამები. ანუ ეკლესიის მოღვაწეთაგან რამდენიმე პირმა ივალდებულა, როდესაც აუცილებელი გახდა გარკვეული ტიპის კატეხიზმოს შედგენა, მოციქულთა მოძღვრებისგან და, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმისგანაც, რაც წინასწარმეტყველურად იგივე სამოციქულო მოძღვრებაა და აგრეთვე (ეს უეჭველად ხაზგასასმელია) მოციქულთაგან ზეპირგადმოცემული სწავლებების საფუძველზე, აი ამ წყაროების შესაბამისად რამდენიმე პირმა ივალდებულა კატეხიზმოს შედგენა. ასე რომ შინაარსობრივად მთელი “დიდაქე” ესაა მოციქულთა სწავლებანი წერილობით თუ ზეპირად გადმოცემული, ხოლო შედგენილობითად, დაწერის თვალსაზრისით, თხზულებად გაფორმების მხრივ ეკლესიის მამათაგან და ეს ეკლესიის მამა ერთი არ არის, რამდენიმეა, როგორც სტილური განსხვავებანი ჩვენ ამას გვიდასტურებს. ამრიგად, “დიდაქე” ესაა მოციქულთა სწავლებანი ეკლესიის მამათა მიერ კატეხიზმური წესით გამოკრებილ-გამთლიანებული და ამის საფუძველზე უადრესი კატეხიზმოს ტექსტის ჩამოყალიბების მხრივ, რომ ამგვარი ტექსტი ეკლესიის მამებმა ჩამოაყალიბეს და მორწმუნეებს სახელმძღვანელოდ დაუდეს პირველდაწყებითი სწავლების მისაღებად.
ამრიგად, ავტორად რამდენიმე პირი უნდა ვიგულვოთ და ყველა ეს პირი ეკლესიის მამად ანდა საეკლესიო პირად, საეკლესიო მოღვაწედ უნდა შევრაცხოთ და არა საკუთრივ მოციქულად. ხოლო შინაარსი “დიდაქესი”, კვლავ ავღნიშნავთ, ესაა სამოციქულო სწავლებანი წერილობითად თუ ზეპირად გადმოცემულნი და გამოკრებილნი ელესიის მამათაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფილოლოგიური კვლევის საფუძველზე უეჭველად ვიცით, რომ “დიდაქე” I ს-ის ძეგლია, მიუხედავად იმისა, რომ სათაურშივე გაცხადებული ავტორობა მოციქულებისადმი, მართალია ამ შემთხვევაში მხოლოდ შინაარსს გულისხმობს, მაგრამ ეპოქალურად, ეპოქის თვალსაზრისით სამოციქულო ჟამს მოასწავებს და ამ ნიშნითაც და ამ სათაურის შესაბამისადაც “დიდაქე” ასევე I ს-ის ძეგლი ჩანს, მაინც “დიდაქეს” უადრესობის ყველაზე მკაფიო დამადასტურებელი გახლავთ ის გარემოება, რომ მისი დამოწმებანი, მასზე მითითებანი სწორედ ამ ადრეული ეპოქიდან გვაქვს ჩვენ. ალბათ ერთ-ერთი უადრესი დამოწმებანი “დიდაქესი” სახეზე უნდა იყოს ჩვენს მიერ ზემოხსენებულ წმინდა ეგნატი ანტიოქიელთან. წმინდა ეგნატი I-II ს-ის მიჯნის მოღაწეა, რომელმაც იმარტვილა II ს-ის დამდეგს. ჩვენ როდესაც ქრონოლოგიურად მივალთ იმ ეპოქასთან, რაც წმინდა ეგნატის მოღვაწეობას გულისხმობს, მაშინ დაწვრილებით შევეხებით ამ უაღრესად გამორჩეულ და თვალსაჩინო მწყემსს ეკლესიისას, მის შრომებზეც მაშინ ვისაუბრებთ, მარტვილობაზეც, ამჯერად მხოლოდ ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა წელი სახელდება ეგნატის მარტვილობის წლად, ზოგჯერ 107 წელი, ზოგჯერ 109, 111, 120 ან უფრო გვიანდელი, მაგრამ ასეა თუ ისე ეს ყოველივე არის II ს-ის დამდეგი. და ამ მოღვაწის ერთ-ერთ ეპისტოლეში პირდაპირაა ხსენებული მოციქულთა “დიდაქე” ანუ მოციქულთა სწავლება. და რამდენადაც ეგნატის ეპისტოლეში დამოწმებული მოძღვრება მოციქულთა “დიდაქედან” არ გულისხმობს ზოგადი აზრით მოციქულთა ამა თუ იმ სწავლებას, რაც შეიძლებოდა ახალ აღთქმაში ყოფილიყო, იმიტომ, რომ ის სწავლება, რასაც ეგნატი ანტიოქიელი თავის ეპისტოლეში იშველიებს ახალ აღთქაში ჩვენ არ გვხვდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს მითითება (შესიტყვებას “მოციქულთა დიდაქე”, ბერძნ. “დიდახე ტონ აპოსტოლონ”) გულისხმობდეს სწორედ ამ ტექსტს, რომელსაც ჩვენ ეხლა განვიხილავთ. ე.ი. “დიდაქეს” ერთ-ერთი პირველი დამოწმება ალბათ სახეზე უნდა იყოს ეგნატი ანტიოქიელის ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომელიც დაწერილია II ს-ის დამდეგს. ამრიგად, ამ დროისათვის “დიდაქე” ტექსტობრივად უკვე არსებული და გავრცელებული უნდა ყოფილიყო.
ჩვენ შეიძლებოდა სპეციალური კვლევის საფუძველზე გარკვეული პარალელები მიგვენიშნებინა “დიდაქეს” ტექსტისა II ს-ის აპოლოგეტებთან – წმინდა იუსტინე მარტვილთან, ათენაგორა ათენელთან, თეოფილე ანტიოქიელთან და სხვა, მაგრამ მკითხველზე და მსმენელზე შეიძლებოდა ამას მხოლოდ ვარაუდის შთაბეჭდილება დაეტოვებინა, მაშინ როცა გადამწყვეტ მნიშვნელობას ყოველთვის გარკვეული და ზედმიწევნით ცხადი არგუმენტი იძენს. ასეთ ცხად და უპირობოდ ისტორიულად განმტკიცებულ არგუმენტად წარმოგვიჩნდება II-III ს-ის დიდი ღვთისმეტყველის კლიმენტი ალექსანდრიელის ასევე “დიდაქეზე” მითითება, თუმცა განსხვავებით ეგნატისგან კლიმენტი საკუთრივ “დიდაქეს”, ე.ი. სახელწოდებას იმ ძეგლისას, რომელსაც თვით უთითებს, არ ასახელებს, მაგრამ მოტანილი ციტატა, ე.ი. ის სიტყვები, რაც ციტატის სახით მოაქვს კლიმენტი ალექსანდრიელს, მხოლოდ “დიდაქეში” გვხვდება ჩვენ და ეჭვი არ არის, რომ სწორედ “დიდაქეს” გულისხმობს ეს მოძღვარი. ჩვენ როდესაც შესაბამის ეპოქაზე მივალთ, კლიმენტი ალექსანრიელის მოღვაწეობას დაწვრილებით განვიხილავთ, დაწვრილებით შევეხებით მის ამ უდიდეს შრომასაც სახელწოდებით “სტრომატა”. ამჯერად მხოლოდ “დიდაქესთან” დაკავშირებით რაც მნიშვნელოვანია იმას ავღნიშნავთ, ხოლო ეს მნიშვნელოვანი გახლავთ შემდეგი: ამ ძეგლში (“სტრომატაში”) ერთგან კლიმენტი ალექსანდრიელი საუბრობს იმის შესახებ, რომ ანტიკური მოაზროვნეები, ანტიკური ფილოსოფოსები ზოგჯერ იპარავდნენ საღვთო წერილიდან რაღაც კეთილ სწავლებას და შემდეგ თავისეულად ასაღებდნენ ამ სწავლებებს. არა მარტო კლიმენტი, არამედ ბევრი მოძღვარი ეკლესიისა უეჭვოდ მიიჩნევდა იმ აზრს, რომ ანტიკური ფილოსოფიის ამა თუ იმ წარმომადგენელთან გამჟღავნებული ცალკეული კეთილი სწავლებანი, ანუ იმგვარი სწავლებანი, რომლებიც თანმხვედრია საღვთო წერილის, ძველი და ახალი აღთქმის (ამ შემთხვევაში ყურადღება ძველ აღთქმაზეა) საღვთო სწავლებებთან, ძველ აღთქმასთან თანმხვედრი სწავლებანი, რაც ანტიკურ მაოზროვნეებთანაა დადასტურებული, მრავალი ეკლესიის მამის მიერ მიიჩნეოდა შემდეგი მოქმედების ნაყოფად, რომ ანტიკურმა მაოზროვნეებმა ჩუმად მოიპარეს ეს სწავლებანი საღვთო წერილიდან, რომ ისინი იცნობდნენ ძველი აღთქმის ტექსტს და რაც კი ღირებული მოეჩვენათ და რასაც მათი გონება მეტნაკლებად შეწვდა, ეს ყოველივე მათ მოინადირეს, მოიპოვეს და საკუთარ, თავისეულ სწავლებად გაასაღეს. ხოლო ეს, - ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი (როდესაც ის ამგვარ აზრს გადმოგვცემს, რომ ანტიკური აზროვნების კეთილი სწავლებანი ეს ქურდობის ნაყოფია საღვთო წერილიდან), ქურდობის შემსრულებელი თვითონაც ქურდია და მპარავი, რომ ისინი რომლებმაც მოიპარეს სწავლებანი ძველი აღთქმიდან და არ მიუთითეს ძველი აღთქმა და თავისეულად გაასაღეს ეს სწავლებანი, ყველა ისინი ქურდები არიან და მპარავები. მაგრამ შემდეგ კლიმენტი ამ მსჯელობას ასე აგრძელებს: “ასევე ქურდები და მპარავები არიან ჩვენ შორისაც (ე.ი. ეკლესიის შიგნით) ისეთი მოძღვარნი, რომლებიც წაიკითხავენ რა ამა თუ იმ ანტიკური ფილოსოფოსის შრომას და მოეწონებათ რა რაიმე ღირსეული და ღრმა სწავლება, ჩუმად ამოიღებენ ამ სწავლებას და შემდეგ კი თავისეულად გაასაღებენ, იპარავენ რა ისინიც ამგვარ სწავლებებს, აი ესენიც ქურდები არიან”. სწორედ ამის შემდეგ მოაქვს კლიმენტის ციტატა: “ხოლო ქურდობა, როგორც გვასწავლის წერილი, დაღუპვისაკენ წარგვიძღვება”. აი ეს ციტატა, რაც მისივე (კლიმენტის) თქმით წერილიდანაა ამოღებული, ჩვენ გვხვდება მხოლოდ “დიდაქეს” ტექსტში, სიტყვასტყვითი დამთხვევაა “დიდაქესთან”.
ეს მონაცემი რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს გვაძლევს ჩვენ. პირველ რიგში, როდესაც კლიმენტი ალექსანდრიელი საკუთრივ “დიდაქეს” სახელწოდებას არ გვაწვდის და ზოგადად ამბობს “წერილი”, ამით ის “დიდაქეს” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოაჩენს. რამდენადაც კარგადაა ცნობილი, რომ ზოგადი სახელწოდებით “წერილით” ყოველთვის აღიიშნებოდა ძველი და ახალი აღთქმა – ბიბლია და უმრავლეს შემთხვევაში ეკლესიის მამები მართლაც არ ასახელებენ საღვთო წერილის ამა თუ იმ წიგნს, როდესაც ციტატა მოაქვთ, ისინი უბრალოდ ამბობენ: “ვითარცა წერილ არს”, “ხოლო წერილი იტყვის” და მოტანილია ციტატა. ამავე ანალოგიით კლიმენტი ალექსანდრიელს მოაქვს ციტატა “დიდაქედან” და მას წერილს უწოდებს, ანუ საღვთო წერილს უწოდებს. სხვათაშორის მსგავსი მოვლენები კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში სხვაგანაცაა, სხვა ძეგლებთან დაკავშირებითაც გამოვლენილი და ესეც ერთ-ერთი იმგვარ შემთხვევათაგანია, იმის დამადასტურებელთაგანია, რომ კლიმენტი ალექსანდრიელის დროისთვის “დიდაქე”, როგორც საყოველთაო კატეხიზმო თავისი ღირსებითა და მნიშვნელობით საღვთო წერილთან, ბიბლიასთან იყო გატოლებული.
მეორე მხრივ, როდესაც “დიდაქედან” ციტატა მოტანილია სრულიად შეუცვლელად პერიფრაზის გარეშე, ეჭვი არ არის, რომ ტექსტი ხელთ აქვს კლიმენტი ალექსანდრიელს. და რადგან ის სახელწოდებას არ უთითებს მკითხველისთვის, ისიც ცხადია, რომ მკითხველისთვის ცნობილია, თუ საიდან უნდა იყოს ეს სიტყვები. უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის მამათაგან ციტატაა მოტანილი და იქვე არის შემდეგ წყაროზე ამგვარი მითითება, რომ “ვითარცა წერილ არს”, ანდა ზოგჯერ ასეც შეიძლება იყოს: “როგორც ვინმე წინასწარმეტყველთაგანი იტყვის”, მკითხველისთვის გსაგებია, რა თქმა უნდა, თუ ვინ იგულისხმება ამ შემთხვევაში. ანუ ამგვარი ზოგადი მითითებანი ყოველთვის ხდება ისეთ ძეგლთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო გავრცელებით სარგებლობს და ეჭვი არაა, რომ კლიმენტის დროისთვის ჯერ ის ფაქტი, რომ წერილადაა წოდებული “დიდაქე” და შემდეგ ის ფაქტი, რომ კონკრეტულად მისი სახელწოდება იქ მითითებული არაა, ამით ის დასტურდება, რომ ერთი მხრივ საღვთო წერილთან იყო გათანაბრებული მისი ღირსება და მეორე მხრივ ის, რომ (და ეს უკვე სრულიადაც არაა გასაკვირი ამის შემდეგ) “დიდაქე” სარგებლობდა საყოველთაო გავრცელებით. რა თქმა უნდა, ძეგლი, რომელიც კატეხიზმოა, აუცილებლად საყოველთაო გავრცელებით ისარგებლებდა და სწორედ ამგვარი პატივით ჩანს შემკობილი “დიდაქე” უადრეს პერიოდში. ხოლო თუ როგორ ფასდებოდა “დიდაქე” უფრო გვიანდელ ეპოქაში, ამას ჩვენ შემდგომ საუბარში განვიხილავთ.