მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

რა შემთხვევაშია გამართლებული “შერეული ქორწინება”

 

მართლმადიდებელი ადამიანის უპირველესი მოვალეობა, იცხოვროს ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვით, შექმნას მტკიცე, ამავე პრინციპებზე დაფუძნებული ოჯახი და იაროს ღვთისაკენ მიმავალ გზაზე, ხშირად ადამიანების მიერვე განგებ არ სრულდება. უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრებისთვის მთავარი სიყვარულია, ეროვნებასა და სარწმუნოებას კი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ არცთუ იშვიათად გვსმენია ასეთი ოჯახების შექმნის შესახებ.


ინტერნეტ ჟურნალი “ამბიონი” შეეცადა გაერკვია, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სხვადასხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების ადამიანების დაოჯახებას.


<ბ>ტატიანა კაცაძე (ტოლმაჩიოვა):

“ჩემი მეუღლე დროებით რუსეთში მუშაობდა, ერთმანეთი შეგვიყვარდა და საქართველოშიც წამოვედი. აქ არავის ვიცნობდი. არ ვიცოდი ენა, ქართული სამზარეულო, მაგრამ ამას ხელი ჩემთვის არასდროს შეუშლია. გაჭირვებაც ერთად გადავიტანეთ. უფალმა ალბათ ასე გამოსცადა ჩვენი სიყვარული. 27 წელია ერთად ვცხოვრობთ და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს სრულყოფილი ოჯახი. ქორწინების შემდეგ კი მეუღლის გვარზე გადავედი.


თუ ადამიანებს შორის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგაგებაა, ოჯახის შექმნისას ეროვნებასა და ტრადიციებს არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მთავარი სიყვარულია. როცა ხედავ, რომ ადამიანი შენთვისაა შექმნილი და გიყვარს, გაითავისებ მის ტრადიციებს, ენას, ისწავლი კერძების დამზადებას… ადამიანებს შორის ნათესაური სულის სიახლოვე უნდა იგრძნობოდეს. კარგია ეროვნების სიწმინდე, მაგრამ რეალურად თუ გადავხედავთ – ყველა ეროვნება შერეულია. რამდენი ლაშქრობა იყო საქართველოზე, რამდენი დაქორწინდა უცხოელზე… ბევრი ქართველი ამბობს, რომ ქართველი ქართველს უნდა გაყვეს აუცილებლად და ამით შევინარჩუნოთ ჩვენი ერის სიწმინდე. მაგრამ რატომ უნდა შევიკავოთ თავი, როცა ქართველის ნაცვლად ცხოვრების გზაზე შეგხვდება სხვა ადამიანი, რომელიც უზომოდ გიყვარს. ცხოვრება ერთია და უნდა იცხოვრო ისე, როგორც გულს გაუხარდება და არ უყურო იმას რა ეროვნების არის ადამიანი.


ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?


ჩემი მხრიდან წინააღმდეგი არ იყვნენ, რადგან ჩემს მეუღლეში ხედავდნენ ვაჟკაცობას, შრომისმოყვარეობას, სიყვარულს, სულის სიწმინდეს და სხვა მრავალ ადამიანურ თვისებას. მაშინ იყო საბჭოთა კავშირი და საქართველო არც ითვლებოდა როგორც საზღვარგარეთი. ჩემი მამამთილი კი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მას ქართველი რძალი სურდა, მაგრამ მეუღლემ თავად მიიღო გადაწყვეტილება და დღეს ბედნიერები ვართ. გამსახურდიას დროს, თუ 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომისას, ნაციონალური საკითხი არ მდგარა, ჩვენ ერთად განვიცდიდით ამ მდგომარეობას.


სარწმუნოების შეცვლა, რომ დაგჭირვებოდათ მაინც მიიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას?


ჩემთვის მთავარი იყო რომ ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. რელიგიასაც რომ გადავხედოთ – ღმერთი ხომ ერთია, უბრალოდ ყველას თავისებურად წამს. თუ ადამიანს უყვარხარ არ დაგაძალებს სარწმუნოების შეცვლას. ყველა ისე ილოცებს, როგორც უნდა. არა მგონია, ამას ოჯახზე ემოქმედა, ღმერთი ხომ ერთია.


რას ურჩევდით ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც სურთ სხვა ეროვნებაზე ქორწინება?


მთავარია, დავფიქრდეთ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ თუ არა. გავერკვიოთ ჩვენს თავში რამდენად გვინდა ამ ადამიანთან ყოფნა და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია. უფროსი ქალიშვილი, ცოლად ისეთ მამაკაცს გაყვა, რომელსაც ქართული, სომხური, ოსური და ბერძნული სისხლი ურევია. ამის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. სამაგიეროდ ჰყავთ ლამაზი და ძალიან ჭკვიანი შვილი, მალე მეორე შვილიშვილსაც ველოდებით.


ქალბატონი ტატიანას მეორე ქალიშვილს უკრაინელი შეყვარებული ყავს, თუ რას ფიქრობს მისი ქალიშვილი მშობლების ქორწინებასა და როგორ აფასებს მათ ნაბიჯს, “ამბიონს” თავად ირმა კაცაძე ესაუბრა.


ირმა კაცაძე: “ერთხელ მამას ვკითხე, რატომ არ მოიყვანა ქართველი ქალი ცოლად და ხომ არ ნანობდა რუს ქალზე დაოჯახებას. მან კი მიპასუხა, რომ ცხოვრება ისეთი რამაა, ვერ განსაზღვრავ როგორ რა იქნება. მამას ქართველი შეყვარებულიც ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ენაზე საუბრობდნენ, ერთმანეთს ვერ გაუგეს. დედასთან კი დამახინჯებული რუსულით საუბრობდა და მაინც ესმოდათ ერთმანეთის. მამა ბედნიერია, რომ ჰყავს შვილები და მას არასდროს უფიქრია, რომ დაოჯახებისას რაიმე შეცდომა დაუშვა.


მე უკარაინელი შეყვარებული მყავს, ალექსანდრე ინტერნეტით გავიცანი, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სიყვარული ორმხრივია. ვირტუალური ნაცნობობა დროთა განმავლობაში წყდება და იწყება რეალური ურთიერთობა. ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვმეგობრობდით. ბოლოს შეხვედრა გადავწყვიტეთ და ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ და ვაფასებთ ერთმანეთს. არც მშობლები ყოფილან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი, ძალიან მოეწონათ ბიჭი. დღეს იშვიათობაა, მამაკაცი იყოს ზრდილობიანი, კარგი ოჯახის შვილი. მადლობა იმ მშობლებს, ვინც ნამდვილ ადამიანს გაზრდის. ჩემს შეყვარებულს ურევია უკრაინული, რუსული და ქართული სისხლი. მაგრამ ჩვენ ეროვნებას არ ვაქცევთ ყურადღებას”.


თუ რას ფიქრობს ეკლესია შერეული ოჯახების შესახებ, რა შემთხვევაში იჩენს პრობლემა თავს, “ამბიონი” ამ საკითხზე წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარს, მამა მალხაზ ყიფიანს ესაუბრა.


მამა მალხაზი: “ძველ აღთქმაში უფალი მკაცრად აფრთხილებდა ებრაელებს, “არ დაუმოყვრდე წარმართს: არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას და უფლის რისხვა დაატყდებათ თავს…”


წმ. იოანე ოქროპირთან კი ვხვდებით შემდეგი სახის დარიგებას: “თუ კი წარმართი ქმარი შეხვდა ქალს, ქალის ვალია სწრაფად დაარწმუნოს იგი ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტებაში. მთელი თავისი ცხოვრებით უნდა უმტკიცებდეს ქმარს, რომ უყვარს ყველაფერი კეთილი, სამართლიანი. სიტყვებით კი არა ცხოვრების წესით შეუძლია ქალს ქმრის ჭეშმარიტების გზაზე დაყენება- როგორ? კითხულობს წმინდა იოანე ოქროპირი, როგორ და როდესაც ქმარი დაინახავს, რომ ცოლი მომთმენია, მორჩილია, არ ხიბლავს მდიდრული შესამოსელი და სამკაულები, რაც აქვს იმითაც კმაყოფილია”, ქმარიც ასეთ შემთხვევაში მოთმინებითა და კმაყოფილებით ისმენს ცოლის რჩევა-დარიგებებს. წმ. იოანე ოქროპირი ამ რჩევას იძლევა გამონაკლის შემთხვევაში.


საერთოდ კი ეკლესია მამაკაცს და ქალს ურჩევს, რომ კეთილმორწმუნეობის ნიშნით ამოვარჩიოთ მომავალი ცხოვრების თანამგზავრი.


შეიძლება დაოჯახებისას ეროვნულ-გენეტიკურ კოდს ყურადღება იმდენად არ მიექცეს რამდენადაც აღმსარებლობას და სარწმუნოებრივი ცხოვრების წესს. რადგან სარწმუნოება ერთია ვთქვათ, ქართველისთვის, რუსისთვის… ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, აღმსარებლობა პირველია ურთიერთთანხმობისა და ურთიერთგაგებისათვის, ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებისათვის, თუმცა კი არიან ოჯახები, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობის არიან და ცხოვრობენ კარგად. ოჯახურ ყოფაში, სარწმუნოებრივი, აღმსარებლობითი ნიშნით განხვავება, უკვე გარკვეულწილად დისონანს იწვევეს ოჯახში, თუნდაც მაშინ როცა ოჯახში ბავშვი იბადება და ჩნდება კითხვა, რომელი აღმსარებლობის წესით უნდა აღიზარდოს ის. ამასთან, ჯვარდაუწერელი, მოუნათლავი ოჯახი უმადლოა. განსხვავებული სარწმუნოების გამო კი გამორიცხული არაა, მართლმადიდებელს უარის თქმა მოუწიოს თავის სარწმუნოებაზე”.


თეონა ნოზაძე