მათეს სახარება. თავი მეოცე
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.
1. "ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს — სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. 2. მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში, 3. მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი. 4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ. 5. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. 6. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: 'რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?' 7. უთხრეს მას: 'იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.' უთხრა მათ: 'წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.' 8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: 'დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.' 9. მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. 10. პირველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. 11. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს, 12. ამბობდნენ : 'ამ უკანასკნელმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.' 13. მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: 'მეგობარო, არ გჩაგრავ. განა დინარად არ მომირიგდი? 14. აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15. არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?' 16. ასე იქნებიან უკანასკნელი პირველნი და პირველნი — უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა.“