მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

იესო ქრისტეს იგავები

 

იგავი ტალანტებზე

მათეს სახარება. თავი ოცდამეხუთე

 

14. ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; 15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა. 16. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი. 17. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. 18. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. 19. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. 20. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. 21. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. 22. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. 23. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. 24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. 25. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. 26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. 27. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. 28. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. 29. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 30. და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

 


 

14. "ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. 15. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი და სხვას — ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა. 16 ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. 17. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო. 18. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხრა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. 19. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. 20. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: 'ბატონო, ხუთ ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.' 21. უთხრა მას მისმა ბატონმა: 'კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.' 22. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: 'ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.' 23. უთხრა მას მისმა ბატონმა: 'კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.' 24. მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: 'ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. 25. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.' 26. მიუგო მას ბატონმა და უთხრა: 'ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. 27. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითუთრ მივიღებდი. 28. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 29. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 30. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.'