ლუკას სახარება. თავი მეთექვსმეტე
1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? 6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. 7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. 8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა. 10. სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს. 11. უკუეთუ სიცრუვისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ? 12. და უკუეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ? 13. არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
1. უთხრა თავის მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. 2. დაიბარა და უთხრა: 'ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.' 3. მნემ თქვა თავისთვის: 'როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. 4. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.' 5. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე პირველს უთხრა: 'რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?' 6. მან თქვა: 'ასი საწყაული ზეთი.' უთხრა მას: 'მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე —ორმოცდაათი.' 7. მერე სხვას უთხრა: 'შენ რამდენი გმართებს?' მან თქვა: 'ასი კოდი ხორბალი.' მან უთხრა: ' მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე — ოთხმოცი.' 8. შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში. 9. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში. 10. მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. 11. ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? 12. და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? 13. არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“