ლუკას სახარება. თავი მეშვიდე
41. და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. 42. და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი? 43. მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე. 44. და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა; 45. ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა. 46. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. 47. რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
41. თქვა: „ერთ მევახშეს ორი მევალე ჰყავდა: ერთ ხუთასი დინარი ემართა, მეორეს —ორმოცდაათი. 42. მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“ 43. მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“ 44. მიბრუნდა დედაკაცისკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა. 45. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა. 46. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ. 47. ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს.“