მათეს სახარება. თავი მეცამეტე
3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად. 4. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. 5. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, 6. მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. 8. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა. 9. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
მთესველის იგავის ახსნა
18. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. 19. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. 20. ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი. 21. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი. 22. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. 23. ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმისა და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასე, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოც და ათი.
3. ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: "აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. 5. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. 6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. 8. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“
მთესველის იგავის ახსნა
18. ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. 19. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი. 20. ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, 21. მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. 22. ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნა. 23. ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.“