მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

იესო ქრისტეს იგავები

 

იგავი ათ ქალწულზე

მათეს სახარება. თავი ოცდამეხუთე

 

1. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. 2. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი სულელნი. 3. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. 4. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. 5. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. 6. ხოლო შუვა ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. 7. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. 8. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. 9. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. 10. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. 11. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! 12. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. 13. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს.

 


 

1. "მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 2. ხუთ მათგანი უგუნური იყო და ხუთი — გონიერი. 3. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. 4. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. 5. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: 'აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!' 7. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. 8. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: 'გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება.' 9. მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: 'რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.' 10. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: 'უფალო, უფალო, გაგვიღე!' 12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: 'ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!' 13. ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.