მათეს სახარება. თავი მეცამეტე
10. და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? 11. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს. 12. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. 13. ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. 14. და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. 15. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურთა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი. 16. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. 17. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა.
10. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: ,,რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ 11. მან პასუხად უთხრა მათ: ,,იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. 12. ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. 14. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: 'სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. 15. რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.' 16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.