მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

იესო ქრისტეს იგავები

 

გონიერი მნე

ლუკას სახარება. თავი მეთორმეტე

 

42. და ჰრქუა იესუ: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა? 43. ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი. 44. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. 45. უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად. 46. მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა. 47. ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. 48. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.

 


 

42. უფალმა უთხრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? 43. ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას. 44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას. 45. ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის: აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას, 46. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, და შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. 47. ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავის ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს. 48ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაემსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.

 


 

ადამიანმა პატიოსნად უნდა შეასრულოს უფლის სურვილი, რომ ნეტარება ჰპოვოს ზეციურ სასუფეველში. მონები და მნე მორწმუნენი არიან, რომლებიც ღმერთის ნება-სურვილს უნდა დაემორჩილონ, თუკი მარადიული ცხოვრება სურთ. ბატონი ამ იგავებში ქრისტეა, რომელიც იმის მიხედვით მიაგებს მორწმუნეთ, როგორც მის ბრძანებას ასრულებენ. მისი მოსვლის დღე და საათი არავინ იცის და როცა ის მოვა თავისი დიდებით, შუაზე გაჰკვეთს ორგულთ და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. სასჯელიც იმის მიხედვით მიეცემათ ადამიანებს, ვის რამდენი მოეთხოვებოდა: „მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ აღასრულა, მრავალ გვემას მიიღებს; ხოლო რომელმაც არ იცოდა და არ ქნა ბატონის ნებისამებრ, ნაკლებად იგვემება. ვისაც მეტი მიეცა, მისგან მეტს მოითხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“.