ლუკას სახარება. თავი მეთვრამეტე
10. ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
10. „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად — ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. 11. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: 'გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან — მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. 12. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.' 13. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: 'ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.' 14. თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“
ისინი, ვინც დარწმუნდნენ თავის თავში, რომ მართალნი არიან, რაკი კანონით განსაზღვრულ მოვალეობას იხდიან, ფარისეველნი არიან. იგი ფარისეველს მიაწერს ყველა იმ თვისებას, რითაც ის იკვეხის და რითაც ჰგონია, რომ მეზვერეზე მაღლა დგას. ფარისეველს ეჭვი არ ეპარება, რომ უნაკლოა: ის კმაყოფილია თავისი თავით, მადლობას უძღვნის ღმერთს, რაკი ჰგონია, რომ სრულყოფილებას მიაღწია. მეზვერე შორსა დგას იმ აზრისგან, რომ პატიება ითხოვოს, ან თავი მოიტყუოს თავის ცოდვებში. ის ღმერთს მხოლოდ წყალობასა სთხოვს, რაკი ხედავს,რომ თავის გამართლება არ შეუძლია.
პირველი მათგანი, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მართალია, რადგან მას არ დაურღვევია ათი მცნება და თავს აიძულებდა, ისეთი მოვალეობები მოეხადა, რომლებსაც შეეძლო გაჰქცეოდა;
მეორე საკმაოდ უკეთურია, რადგან უკანონობას ეწეოდა და ხალხს ავიწროებდა. და მაინც, ლოცვის მიხედვით, ე.ი. გრძნობათა მიხედვით, რომლებსაც ღმერთის წინაშე ამჟღავნებს ამჟამად- გულწრფელად, პირველზე მეტად არის გამართლებული. უმაღლესი მსაჯული მეზვერეს უფრო ამართლებს, ვიდრე ფარისეველს. ის, ვინც თავის ცოდვებს აღიარებს და გულით შემუსრვილია, იმაზე უკეთესია, ვისაც არ უნდა დაინახოს თავისი ცოდვები და თავს უნაკლოდ თვლის. ქრისტიანმა რომ აწყას თავისი მორალური ღირსება, არასოდეს არ უნდა შეადაროს თავი თავის მოყვასს, თავისი სრულყოფილების აღიარებისთვის.
იგავი საფუძველში შეიცავს სახარების იმ ჭეშმარიტებას, რომ გამართლებული იქნება ის, ვინც ჭეშმარიტად მოინანიებს და შეიგნებს თავის ცოდვიანობას და არა ის, ვისაც წარმოუდგენია, რომ დიდი დამსახურება აქვს და ამისთვის ჯილდოსაც მოითხოვს.