მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

დავით ჩიკვაიძე

 

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

დანართი
3. კონსტიტუციური შეთანხმება
საქართველო სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

 

 

- საქართველომ მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში აღიდგინა ისტორიული ადგილი, როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ;

 

- საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი მე-5 საუკუნიდან ავტოკეფალურია და მისი სასულიერო-ადმინის-ტრაციული ცენტრი და კათედრაა მცხეთა, საპატრიარქო კათედრებია, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა;

 

- მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები;

 

- საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია;

 

- საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საქართ-ველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან,

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად

 

საქართველოს სახელმწიფო (შემდგომში სახელმწიფო), წარმოდგენილი საქართევლოს პრეზიდენტით და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში ეკლესია), წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქით, დებენ კონსტიტუციურ შეთანხმებას (შემდგომში შეთანხმება):

 

 

მუხლი 1

 

1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

 

2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

 

3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

 

6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

 

 

მუხლი 2

 

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

 

 

მუხლი 3

 

სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლე-ბრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმ-წიფო რეგისტრაციის მონაცემები.

 

 

მუხლი 4

 

1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

 

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.

 

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

 

 

მუხლი 5

 

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

 

2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

 

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრა-მები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებ-ლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

 

 

მუხლი 6

 

1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდე-ბლობით.

 

3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

 

4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყო-ფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინ-ვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლო-ბის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

 

5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულო-ბა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუბლებულია გადასახადებისაგან.

 

6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

 

მუხლი 7

 

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

 

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

 

 

მუხლი 8

 

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

 

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორს საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

 

 

მუხლი 9

 

1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

 

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერ-ვაციის ან მოხატვის პროექტებს.

 

 

მუხლი 10

 

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარა-კება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არ-სებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

 

 

მუხლი 11

 

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (გან-საკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90).

 

2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

 

 

მუხლი 12

 

1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინ-თა განმარტებისაგან.

 

2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.

 

3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.

 

საქართველოს სახელმწიფოს სახელით
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი
14 ოქტომბერი 2002 წ.

 

 

ტერმინთა განმარტება

 

1. სამოციქულო საყდარი - ეკლესია, რომელიც დაარსე-ბულია ქრისტეს წმინდა მოციქულთა (ან მოციქულის) მიერ.

 

2. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია - საეკლესიო კანონიკური ნორმით არსებულ ადგილობრივ (ავტოკეფალურ) მართლმადიდებელ ეკლესიათა სულიერი ერთობა, რაც ხორციელდება (გამოხატულია) საეკლესიო საიდუმლოებების ურთიერთცნობით და ეკლესიის მეთაურთა მიერ წირვა-ლოცვის დროს ურთიერთმოხსენებით.

 

3. ავტოკეფალია - ადგილობრივი ეკლესიის სრული თვითმმართველობა; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანიშვნის, ასევე საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმინდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობა.

 

4. საეკლესიო კრება - მართლმადიდებელი ეკლესიის უმ-აღლესი ორგანო, რომელიც შედგება მღვდელმთავრებისაგან, სხვა სასულიერო პირთა დელეგატებისა და ერისკაცტა წარმომადგენლობისაგან.

 

5. წმინდა სინოდი - ადგილობრივი (საქართველოს) ეკლესიის მღვდელმთავართა კრება (კრებული), რომელიც იღებს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს. წმინდა სინოდს ხელმღძვანელობს ეკლესიის მეთაური (კათოლიკოს-პატრიარქი).

 

6. კათოლიკოს-პატრიარქი - წმინდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და საკანონმდებლო ორგანოს) თავმჯდომარე და საპატრიარქოს ხელმძღვანელი.

 

7. ქორეპისკოპოსი - კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს, ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

8. მდივანი - კათოლიკოს-პატრიარქის თანაშემწე, რომელიც ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დავალებებს. მდივანთა რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

9. სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი - სადაც ტარდება ადგილობრივი გაფართოებული კრებები, იკურთხება წმინდა მირონი, ხდება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა და ახლადარჩეული მღვდელმთავრის ხელდასხმა; ამავე დროს იგი არის უძველესი და უპირველესი საპატრიარქო კათედრა.

 

10. საპატრიარქო კათედრა - უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს დაქვემდებარებული ანუ სტავრპიგიალური ტერიტორია (ქალაქი), სადაც არის კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია და საპატრიარქოს ან მისი რომელიმე სტრუქტურის ადგილსამყოფელი.

 

11. საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევით დადგენილ საეკლესიო განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ერთეულთა ერთობლიობა.

 

12. საეკლესიო (კანონიკური) სამართალი - მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და წესების ერთობლიობა (ეს გულისხმობს მოციქულთა კანონებს, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების დადგენილებებს); ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის - ასევე ადგილობრივი ეკლესიის კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ეკლესიის დღეს მოქმედი მართვა-გამგეობის წესდება (დებულება), საქართველოს საეკლესიო კრების, წმინდა სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცემული განჩინებები და სხვა (საეკლესიო) სამართლებ-რივი აქტები.

 

13. აღსარება - სინანულის საიდუმლო, დაწესებული თვით იესო ქრისტეს მიერ. იგია სულიერი განწმენდის მიზნით უფლის წინაშე მოძღვართან ნებაყოფლობითი აღიარება ცოდვისა, რომლის სხვასთან თქმის უფლება სასულიერო პირს არ აქვს.

 

14. საეკლესიო საიდუმლოება - ეკლესიის კონფიდენცი-ალური ინფორმაცია.

 

15. სასულიერო პირი - მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური წესით ხელდასხმული (ნაკურთხი) პიროვნება (მონაზონი, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელიც ამ მადლს ინარჩუნებს, თუ არ მოხდა მისი განკვეთა ეპიკოპოსის ან წმინდა სინოდის დადგენილებით.

 

16. სულიერი მოძღვარი - მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისაგან იბარებს აღსარებას და წარმართავს მის სულიერ ცხოვრებას.

 

17. ჯვრისწერა - საეკლესიო საიდუმლოებათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულების შემდეგ, საეკლესიო სწავლებით, ახალდაქორწინებულთა ოჯახი ხდება კანონიერი.

 

18. ღვთისმეტყველება - საეკლესიო და სასულიერო-საგან-მანათლებლო სწავლება ღმერთის შესახებ.

 

19. მონასტერი - ეპისკოპოსის კურთხევით დაარსებული ბერ-მონოზონთა სავანე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ დადგენილი ტიპიკონით (ცხოვრების წესი) ხელმძღვანელობს.

 

20. საეკლესიო საგანძური - საღვთისმსახურო და სულიერო დანიშნულების სიწმიდეები (ფერწერული, ჭედური, მინანქრის ხატი და ჯვარი; სანაწილე, პანაღია, ბარძიმ-ფეშხუმი, გარდამოხსნა), რომელთაც ავქთ ისტორიული მნიშვნელობა და მაღალმხატვრული ღირსება.

 

21. წმინდა ნაწილები - მართმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილ მოწამეთა და მოღვაწეთა სხეულის ნაწილები.

 

22. წმინდა რელიკვია - მაცხოვრის, ღმრთისმშობლისა და წმიდანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული საგნები და ნივთები.

 

23. საეკლესიო ნივთი - საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების საგნები.

 

24. ეკლესიის ოფიციალური ტემინოლოგია - ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიაა შემდეგი სიტყვები: „საქართველოს სამოციქულო“; „ავტოკეფალური“; „მართლმადიდებელი“; „კათოლიკოს-პატრიარქი“; „წმინდა სინოდი“.

 

25. საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქცია - ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (კათოლიკოს-პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), - მათი პროექტირება, არქეოლოგია, მშენებლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია; საეკლესიო მხატვრობა; საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, ლახავრი, სანიწილე, ოდიკი, გარდამოხსნა, ემბაზი, ანალოღია, შანდალი, ტაკუკი, ვარსკვლავი, საცეცხლური, სასაკმევლე, კიოტი, საეკლესიო ნახშირი, სკვნილი, კვერთხი, პანაღია, სუდარა, სანათლავი, კვართი, სარტყელი, საეკლესიო სამშვენისი, ნაკურთხი წყლის, ღვინის, მიწის, ზეთისა და მირონის ჭურჭელი); ხატი, ჯვარი, საეკლესიო სანთელი, საღვთისმსახურო (სარიტუალო) ღვინო, საკმეველი, საკანდელე ზეთი, წმინდა წყალი, სეფისკვერი (სარიტუალო პური); სასულიერო პირის შესამოსელი; მომლოცველობა; საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და სასულიერო საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე ამ დანიშნულების ტელე-, კინო-, ვიდეო-, აუდიო- და რადიოპროდუქცია.

 

26. საღვთისმსახურო ქონება - ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი, წმინდა ნაწილები, წმინდა რელიკვიები, საეკლესიო ნივთები.

 

27. ეკლესიის ოფიციალური სიმბოლიკა - მოცემულია ეკ-ლესიის მართვა-გამგეობის წესდებაში.

 

28. დიდი საეკლესიო დღესასწაულები: