მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

დავით ჩიკვაიძე

 

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

თავი IV. შეცოდებანი დიდი სჯულისკანონის მიხედვით
§2. შეცოდებათა კლასიფიკაცია ობიექტის მიხედვით

 

ბ. შეცოდებანი ადამიანთა წინააღმდეგ

 

შეცოდებანი სახელმწიფოს წინააღმდეგ

 

ყოველი ქრისტიანი ვალდებულია უერთგულოს თავის სამშობლოს. ქვეყნის ხელისუფლებას კი სახელმწიფო წარმოადგენს. ამიტომ ქრისტიანის ვალდებულება სახელმწიფოსთვის ჯეროვანი პატივის მიგებაშიც გამოიხატება. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ მსახურებაში მოიხსენიებს „ღვთივდაცულ ერს, მთავრობასა და მ ედრობასა მისსა“, ასევე ერისკაცნიც პირად ლოცვებში. რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოს წინაშე მიმართულ შეცოდებად ითვლება სამშობლოს ღალატი და აჯანყება ღმრთივდადგენილი ხელისუფლების წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ დიდ სჯულისკანონში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ შეცოდებაზეა საუბარი: მეფის ან მთავრის უსამართლოდ შეურაცხყოფა. იგი მოცემულია მოციქულთა პდ (84) კანონში. სხვათაშორის, ეს არის ერთადერთი ნორმა ჩვენს მიერ განხილულ კანონთა შორის, რომელიც გვემით მისაგებელს გულისხმობს (ამის შესახებ ჩვენ საუბარი გვქონდა შეცოდებათა ჩადენის ფორმის მიხედვით კლასიფიკაციისას): „ვინცა ვინ აგინოს მეფესა ანუ მთავარს თ ნიერ სამართლისა, გუემისა თანამდებ იყავნ და, უკუეთუ მღდელი იყოს, განიკუეთენ, ხოლო უკუეთუ ერისკაცი - უზიარებელ იქმენინ“. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შეცოდებათაგან, როგორც აღვნიშნეთ, სხვა სახის შეცოდებანი არ არის მოცემული.

 

შეცოდებანი საზოგადოების წინააღმდეგ

 

მორწმუნე ადამიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია. მორწმუნეთა ერთობლიობა ქმნის ქრისტიანთა საკრებულოს, ანუ ეკლესიას. ეკლესიას ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ქრისტიანთა საზოგადოებაც. საზოგადოების წინაშე ჩადენილ შეცოდებათაგან, ჩვენ უპირველესად უნდა ვიგულისხმოთ შეცოდებანი ქრისტიანთა საზოგადოების წინააღმდეგ, თუმცა, ასევე შესაძლებელია ტერმინ „საზოგადოებაში“ ზოგადად, ადამიანთა ერთობაც წარმოვიდგინოთ. სწორედ ამით განირჩევა ეკლესიისა და საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი შეცოდებანი. როგორც ზემოთაც აღინიშნა ეკლესია მისი ძირითადი მნიშვნელობით განიხილება.

 

საერთოდ, შეგვიძლია ყოველი შეცოდება საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილად აღვიქვათ გამომდინარე იქიდან, რომ შეცოდება, ე. ი. დანაშაული საზოგადოებისთვის ხიფათს ქმნის, და ამგვარად, მის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველი ადამიანის ვალია. ამასთანავე, შემცოდის სათანადოდ დასჯა წინაპირობაა იმისა, რომ საზოგადოება უფრო გაფრთხილდება და ეს ხელს შეუწყობს ქრისტესმიერი მშვიდობის დამკვიდრებას საზოგადოებაში.

 

დიდ სჯულისკანონში მხოლოდ ერთადერთ მუხლშია ლაპარაკი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ შეცოდებათა შესახებ. ესაა შფოთი და ბრძოლისმოყუარეობა, რომელიც მოცემულია ნიკეის I კრების იე (15) კანონში: „მრავალთა შფოთიანობისათჳს საქმისა და ბრძოლისმოყუარეობათა, რომელნი იქმნებიან, სთნდა წმიდასა კრებასა, რაჲთა ყოვლად ყოვლითურთ მოისპოს უკანონობა ესე ჩუეულება პოვნილი რომელთამე კერძოთა შინა და რაჲთა ქალაქითი-ქალაქად არა მიიცვალებოდის არცა ეპისკოპოსი, არცა ხუცესი, არცა დიაკონი.“

 

შეცოდებანი მოყუასის წინააღმდეგ

 

როდესაც უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ჰკითხეს, თუ რა იყო უმთავრესი მცნება სჯულში, მან ორად-ორი მცნება დაუსახელა: ერთი მათგანი უფალი ღმერთის სიყვარულს ეხებოდა, ხოლო მეორე მოყვასისას: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი შენი. უფროჲს ამათსა სხუა მცნებაჲ არა არს.“ (მკ. 12; 31) ბუნებრივია ისმის კითხვა: ვინ არის მოყვასი? (ცხადია, მოყვასი არა საეკლესიო გაგებით: ე. ი. დიაკონი, ხუცესი, ეპისკოპოსი) ამის პასუხიც სახარებაშია: როცა ერთ-ერთი სჯულის-მეცნიერთაგანიც დაინტერესდა იმით, თუ ვინ იყო მისთვის მოყვასი, უფალი ერთ იგავს მოუყვა. იგავის მიხედვით, ერთ-ერთ ებრაელს, რომელიც ყაჩაღთაგან გაძარცვული და დაჭრილი ეგდო მიწაზე, გვერდი აუარეს თავად ებრაელებმა, მაგრამ მოწყალე სამარიტელმა (რომლებსაც ებრაელები „მეორეხარისხოვან“ ადამიანებად თვლიდნენ) შეიბრალა იგი. ამგვარად, მისთვის მოყვასი ის სამარიტელი გამოდგა, რომელიც ეროვნებითაც და სჯულითაც უცხო იყო მისთვის. ამგვარად, მოყვასი ეწოდება ყოველ ადამიანს, რადგან ადამიანი სახეა ღვთისა.

 

მკვლელობა

 

ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა. ათიდან მეხუთე მცნება ყველას უკრძალავს სხვა ადამიანისთვის სიცოცხლის მოსწრაფვას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს ჩადენილი. ცხადია, საეკლესიო სამართალი განარჩევს ნებსით და უნებლიეთ მკვლელობას, მაგრამ მკვლელობა მაინც შეცოდებად რჩება. საინტერესოა ისიც, რომ შეიძლება მკვლელობა საერთოდ არ ჩაითვალოს შეცოდებად. ასეთი ორი შემთხვევა არსებობს: პირველი ესაა ბრძოლისას მტრის მოკვლა, როცა ქრისტიანი იცავს სამშობლოსა და სჯულს, და მეორე, როცა იგი ასრულებს უზენაესი ხელისუფლის ბრძანებას (მეფე, პრეზიდენტი). აქ საყურადღებოა ერთი გარემოება: ვის ეთვლება, ანუ, როგორც იტყვიან, ვის კისერზეა ასეთი შეცოდება? ომში მკვლელობა ცოდვად ეთვლება ომის წამომწყებ ხელისუფალს. ასევე დაპყრობის საშიშროებაში მყოფთაც, თუ ეს უკანასკნელნი, მას შემდეგ რაც „დასხამს ღმერთი მტერთა და მბრძოლთა ქუეშე ფერჴთა მათთა“ განაგრძობენ ბრძოლას უკვე მოწინა-აღმდეგის დასაპყრობად. რაც შეეხება ხელისუფლის ბრძანების აღსრულებას, იგი ცხადია, ხელისუფლისვე ცოდვად ჩაითვლება, თუ, რაღა თქმა უნდა, უსამართლოდაა ნაბრძანები. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მკვლელობის კანონიკური განმარტება: კაცის კვლა ეწოდება ერთი ადამიანის მიერ მეორესთვის სიცოცხლის უსამართლოდ მოსწრაფებას. ადამიანად ითვლება ჯერაც დაუბადებელი ბავშვიც.

 

დიდ სჯულისკანონში მკვლელობის შემდეგი სახეებია განხილული: ნებსით მკვლელობა (ბას. (8) კანონი) შემთხვევით, ანუ უნებლიეთ მკვლელობა (მოც. ვ (36) კანონი) და მუცლის მოსაშლელი წამლის მიცემა დედაკაცისათვის (ტრ. ჟა (91) კანონი). საინტერესოა ჩვილის მოწყვეტის შეცოდება: ტრულის კრების კანონის მისაგებლის ნაწილში მითითებულია, რომ ასეთი ცოდვა ამის ჩამდენს კაცის კვლად შეერაცხება. თუმცა რა არის კაცის კვლა და როგორ ისჯება იგი, მითითებული არაა. როგორც ჩანს, მმართველმა მღვდელმთავარმა თავად უნდა განსაზღვროს მისაგებელი. კანონიკური სამართალი ერთგვარ შეფასებას აძლევს ქმედებას - იგი კაცის კვლად ითვლება: „დედანი, რომელნი ჩჩჳლთა საკლავსა მისცემენ და რომელნი მიიღებენ მოსარყუნელთა მათ სამსალათა, კანონითა კაცისმკლველთაჲთა განვჰკანონებთ.“ (ტრ. ჟა (91) კანონი)

 

ულმობელობა

 

„იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (ინ. 15; 12) - ვკითხულობთ წმ. სახარებაში. ცხადია, ეს მცნება იდეალური მიზანი უფროა, ვიდრე რეალური, რადგან არავის ძალუძს სიყვარული ისე, როგორც ღმერთს, „რამეთუ ღმერთი სიყუარული არს“. თუმცა ამავე დროს ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს ღმერთს და იყოს სრულყოფილი, „ვითარცა მამა თჳსი ზეცათა სრულ არს“ (მთ. 5; 48). ულმობელობა არის ამ მცნების უხეში დარღვევა, შეიძლება ითქვას, ფეხქვეშ გათელვა.

 

ულმობელობის გამოვლენის რამდენიმე სახეა მოცემული დიდ სჯულისკანონში. განვიხილოთ ისინი:

 

ა) ცოდვილისა და მონანულის შეუწყნარებლობა

 

ეს ძირითადად სასულიერო პირთა შეცოდებაა. ზიარების წინა აკოლუთიაში ვკითხულობთ, რომ „არა არს ცოდუა, რომელი გარდაემატოს კაცთმოყუარეობასა ღმრთისასა“. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ადამიანმა ისე სცოდოს, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ვერ მიუტევოს მას, თუ, რაღა თქმა უნდა, იგი წრფელი გულით მოინანიებს თავის შეცოდებას. გამომდინარე იქიდან, რომ ღვთისმსახური აღმსარებელს ცოდვებს მიუტევებს უფლის და არა თავისი სახელით, მას არანაირი უფლება არ აქვს, არ შეუნდოს ცოდვა (იგულისხმება მისაგებლისა და ეპიტიმიის შემდეგ). მოციქულთა კზ (27) და ნბ (52) კანონებში მოცემულია ისეთი შემთხვევა, როცა ღვთისმსახური არათუ არ შეუნდობს ცოდვას, არამედ შეურაცხყოფს კიდევაც აღმსარებელსა და მონანულს, ასევე ურწმუნოსაც. ეს ულმობელობის ერთ-ერთი სახეა.

 

ბ) გასაჭირში მყოფის დაუხმარებლობა

 

ქრისტიანობა კაცთმოყვარებას ქადაგებს. ამიტომ მისთვის სრულიად მიუღებელია მორწმუნეთა მხრიდან ერთმანეთის და სხვათა უპატივცემლობა. სახარებაში წერია: „ამინ, ამინ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მთ. 24; 40) ამიტომ სახარება ამ გზით ავალდებულებს ქრისტიანებს, რომ დაეხმარონ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ეროვნებისა და სარწმუნოების განურჩევლად, ვინაიდან გასაჭირში მყოფის დახმარება, როგორც აღინიშნა, ღვთისათვის სათნო საქმის აღსრულებად ითვლება. ამგვარად, თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს მოძმეს და არ ეხმარება, სცოდავს ღვთის წინაშე. აღნიშნულს ეხება მოციქულთა ნთ (59) კანონი: „უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან იხილოს მოყუასთაგანი ვინმე ნაკლულევანებასა შინა და არა მისცნეს მას საჭირონი საჴმარნი, დაეცადენ მღდელობისაგან, ხოლო ეგოს თუ ულმობელობასა მას ზედა, განიკუეთენ, ვითარცა მკლველი ძმისა თჳსისა.“ როგორც ვხედავთ, მოძმისთვის დაუხმარებლობა მის მოკვლას უტოლდება, ანუ ეს შეცოდება კაცის კვლის ტოლფასია.

 

გ) ფეხით დათრგუნვა

 

საერთოდ ქრისტიანისთვის ასეთი საქციელი ყოვლად შეუფერებელია, მაგრამ დიდ სჯულისკანონში საუბარია კოჭლის, ყრუს, ბრმის ან სნეულის ცემაზე, ფეხით დათრგუნვაზე. ეს განსაკუთრებული სისასტიკეა, ვინაიდან სნეულებაში და უმწეობაში მყოფი ადამიანის ცემა ცხოველის საქციელს უფრო ემსგავსება, ვიდრე ადამიანისას. „უკუეთუ ვინმე მოყუასმან მკელობელი, ანუ ყრუ, ანუ ბრმა, ანუ წყლული ფერჴითა განბასროს, უზიარებელ იქმენინ, ეგრეთვე და ერისკაციცა.“ (მოც. ნზ (57) კანონი)

 

შეურაცხყოფა

 

ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. ამიტომ ადამიანთა შორის დაწესებულია ურთიერთპატივისცემა, რათა მათ არ შეურახცყონ ღვთის ხატება. სხვათაშორის, ამიტომაა, რომ საეკლესიო სამართალი გამოყოფს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩადენილ შეცოდებებსაც (ამ სახის შეცოდებებს ეძღვნება ჩვენი თემის შემდეგი ქვეთავი). წმ. სახარება გვასწავლის: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა, და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა (ძვ. ებრ. ცარიელი ადგილი, ე. ი. სულელი, დ. ჩ.), თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად, და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.“ (მთ. 5; 22) კანონიკური სამართლით შეურაცხყოფა მკვლელობას უტოლდება, რადგან შეურაცხყოფა კაცის სულიერი კვლაა. დიდ სჯულისკანონი ეხება არა საზოგადოდ ადამიანის შეურახცყოფას, არამედ მხოლოდ მეფის, მთავრის, ეპისკოპოსის, ხუცესის ან დიაკვნის შეურაცხყოფას. მას სამოციქულო საფუძველი აქვს. კერძოდ, მოციქულთა საქმეებში ლუკა მოციქული ბრძანებს: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი.“ (საქ. მოც. 23, 5) რაც შეეხება, ასე ვთქვათ „მოკვდავი“ ადამიანების შეურაცხყოფას, მასზე დიდ სჯულისკანონში არაფერია ნათქვამი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერისკაცის შეურაცხმყოფელს დაახლოებით იგივე მისაგებელი მიეგების, რაც ზემოთჩამოთვლილ პირთა შეურაცხმყოფელს.

 

დაუწინდველი ქალწულის გატაცება

 

ქორწინება ერთ-ერთი საიდუმლოთაგანია. მისი უმთავრესი საფუძველია მამაკაცისა და დედაკაცის ნება შექმნან ოჯახი, რომელსაც წმიდა მამები მცირე ეკლესიასაც უწოდებენ. ნებისმიერი ქმედება, რომელიც აღნიშნულის წინააღმდეგაა მიმართული შებილწავს ღვთის საიდუმლოს და ითვლება შეცოდებად. აქვე უნდა ითქვას, რომ გამტაცებელს გატაცებულის გარდა სხვისი შერთვის უფლება ერთმევა. თუმცა თავად ჯვრისწერის აღსრულება დედაკაცის ნებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ, მართალია, საკუთრივ კანონში არაა საუბარი, მაგრამ ეს უნდა ვიგულისხმოთ ქორწინების პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნულს ეხება მოციქულთა ზ (67) კანონი:

 

„უკუეთუ ვინმე დაუწინდებელი ქალწული იძულებით მიიტაცოს, უზიარებელ იქმენინ. ხოლო არღარა ელეწიფების მას სხჳსა შეერთვად, არამედ მისი უჴმს ქონება, რომელიცა სათნო იყო, დაღათაცუ გლახაკი იყოს იგი.“

 

საკუთარი თავის წინააღმდეგ

 

ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ადამიანის სხეული სული წმიდის სამკვიდრებლად ითვლება. ამიტომ ადამიანს უფლება არა აქვს საკუთარ თავს მოეპყრას ისე, როგორც მას სურს. ღვთისგან დადგენილია ის „წესები“, როგორაც უნდა მოიქცეს ქრისტიანი. ამ „წესებისაგან“ გადახვევა, ანუ გარდასლვა ითვლება შეცოდებად. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩადენილ შეცოდებათაგან ძირითადად გამოიყოფა ზნეობის დამარღვევლი შეცოდებანი და შეცოდებანი საკუთარი სიცოცხლის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი შეცოდებაა ქრისტიანისათვის შეუფერებელი საქციელი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ.

 

სიძვა და მრუშება

 

ათიდან მეექვსე მცნება კრძალავს დაუქორწინებელი მამაკაცისა და დედაკაცის სქესობრივ თანაცხოვრებას. აქ გამოიყოფა ორი სახე ერისკაცის (მოც. კე (25) კანონი) და მონაზვნის (ტრ. მდ (44) კანონი) სიძვა. ზოგადად მრუშება კი მოცემულია ტრულის პზ (87) კანონში. ეს უკანასკნელი კი შვიდწლიან უზიარებლობას ადგენს შემცოდისათვის. განსაკუთრებით მძიმე შეცოდებად ითვლება მონაზვნის, ანუ ბერის მიერ ამ ცოდვის ჩადენა, რადგან ამით იგი შეურაცხყოფს ბერად შედგომის წინ დადებულ აღთქმას სიწმიდის, ანუ უქორწინებლობის შესახებ. როგორც ცნობილია, საბეროდ გამზადებული პირი დებს უქორწინებლობის, უპოვარების (ე.ი. უქონლობის) და ლოცვის აღთქმას. ამავე კლასის შეცოდებებში შეგვიძლია შევიტანოთ ეპისკოპოსოს მიერ „მეუღლისა თანა ყოფაჲ“ და მღვდელისა და დიაკვნის მიერ “მეუღლისა თანა არა ყოფა.“ (ტრ. იბ-იგ (12-13) კანონები) ასევე შეცოდებაა ნათლულთან და ნათესავთან ქორწინება (ტრ. ნგ-ნდ (53-54) კანონი)

 

მემთვრალეობა

 

ღვინო არის უწმიდესი სასმელი. იგი ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად იქცევა საღმრთო ლიტურგიაზე. ამიტომაც ყოველი ქრისტიანი მოვალეა კრძალვით მოეპყრას ღვინოს. მემთვრალეობა თავის თავში ორ შეცოდებას შეიცავს: ნაყროვანებას, ანუ საკვების უზომოდ მიღებას და სიწმიდის შეურაცხყოფას. ამიტომ მემთვრალენი, პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ, ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. კანონიკური სამართალი პირდაპირ განკვეთას ადგენს ღვთისმსახურთათვის, რაც შეცოდების სიმძიმის მაჩვენებელია: „ნუმცა ვინ ნუცა ერთი ყოველთაგანი, გინა ერისკაცი, ანუ მოყუასი შეექცევის ამიე-რითგან შუებათა და მთრვალობათა. ხოლო უკუეთუ ვისმე ემხილოს ამისი ქმნა, უკუეთუ მოყუასი იყოს, განიკუეთოს, ხოლო უკუეთუ ერისკაცი - უზიარებელ იქმნას.“ (ტრ. ნ (50) კანონი) ამავე შეცოდებას ეხება მოციქულთა მბ (42) კანონიც.

 

არასათანადო სამოსლის ჩაცმა

 

ქრისტიანი გარეგნულადაც უნდა ქრისტიანი იყოს. კარგად აღნიშნავს წმ. ილია მართალი ლელთ ღუნიას პირით „მგზავრის წერილებში“, როცა ამბობს: „ტალავარ გარედან არნ, სახედველ, გულჩი ვინ ჩაიხედვის?“ მართლაც, შეუძლებელია, რომ ადამიანი ღვთის შვილს უწოდებდეს თავის თავს და გარენულად ამ ფრიად საპატიო და წმიდა სახელის წოდებისათვის ყოვლად შეუსაბამო იყოს. ეკლესია ადგენს როგორც ერისკაცთა, ისე სამღდელოთა ტანსაცმლის სახეს. თავის მხრივ ერისკაცთა შესამოსელი ორად: სამამაკაცოდ და სადედაკაცოდ იყოფა. ცალკეა განსაზღვრული მონაზონთა შესამოსლის სახეც. ამიტომაც ტრულის კრების კანონთაგან ორი ეხება აღნიშნულ შეცოდებას: ერთში განსაზღვრულია სამღდელოთაგან (კზ (27) კან.) შეცოდება, ხოლო მეორეში ერისკაცთაგან ( ბ (62) კან.).

 

„ნუმცა ვინ სამღდელოთაგანი მწყობრსა თანა დაწესებულთაგანი შეუტყუებულთა თ სთა შესამოსელსა შეიმოსს, ნუცა ქალაქსა შინა რა იყოს და ნუცა გზასა ზედა რა ვიდოდის, არამედ ეგევითართა შესამოსელთა ი უმევდინ, ვიტარნი სამღდელოთა დასთა თანა აღრაცხილთათ ს განჩინებულ არიან, ხოლო უკუეთუ ვინმე ქმნას რა მე ესევითარი, შ დეულსა ერთსა უზიარებელ იქმენინ.“ (კზ)

 

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენში ამ ბოლო პერიოდში ხშირია სამამაკაცო და სადედაკაცო შესამოსელთა აღრევა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება კანონიკური სამართლის მოთხოვნას.

 

 

გ. შეცოდებანი საჴმართა წინააღმდეგ

 

ძველი ქართული სამართლის მიხედვით ნივთები იყოფოდა საჴმარად და უჴმარად. ჩვენს თემაში ტერმინი საჴმარი ზოგადად ნივთის გამოსახატად ავიღეთ. საერთოდ, ამგვარ შეცოდებებს მიეკუთვნება ისეთი შეცოდებები, როცა ადამიანი ფლობს რაიმე ნივთს და მას არ იყენებს, ან იყენებს არასაჭიროებისამებრ. ასევე ამ კატეგორიის შეცოდებებში შევიტანეთ მომხვეჭელობა, ანუ საჴმარის უკანონოდ დაუფლება, მევახშეობა, ანუ საკუთარი საჴმარით მოგების მიღება უშრომელად და სხვის ხარჯზე. უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი შეცოდება, როგორც წესი, მხოლოდ სამღდელო პირთათვისაა განსაზღვრული. სავარაუდებელია, რომ საეკლესიო სამართალი ერისკაცებს რთავს მევახშეობის ნებას.

 

საჴმარის არადანიშნულებისამებრ გამოყენება

 

ყოველ ნივთს, ანუ საჴმარს აქვს თავისი ფუნქცია და ამგვარად იგი გარკვეული მიზნისთვისაა შექმნილი. ამისგან განსხვავებული წესით და მიზნით სარგებლობა ითვლება შეცოდებად. რაღა თქმა უნდა, ეს არ ვრცელდება ყველა ნივთზე. როგორც წესი, კანონიკურ სამართალში მოიაზრება საეკლესიო ნივთები. სამწუხაროდ, დღესაც აქვს ხოლმე ადგილი საქართველოში საეკლესიო ნივთების, განსაკუთრებით იმათი, რომლებიც ეკლესიისთვის ჩამორთმეული იყო და კერძო პირთა სახლებშია, არასათანადოდ, და ხშირად ყოვლად შეუფერებლად გამოყენება. მოციქულთა ოგ (73) კანონი ეხება წმ. ნივთების საეროდ ხმარებას: „ჭურჭელთა ოქროჲსა და ვეცხლისათა განწმედილთა და ტილოთა ნუღარამცა ვინ მიიხუეჭს საჴმარად თჳსსა, რამეთუ უსჯულოება არს. ხოლო უკუეთუ ვისმე ემხილოს ამის ქმნა, განიკანონენ უზიარებლობითა.“ როგორც ვხედავთ, საეკლესიო სამართალი ასეთ ქმედებას უსჯულოებად თვლის.

 

ჩვენი აზრით, ასეთივე კატეგორიის შეცოდებებს მიეკუთვნება სამონასტრო ქონების საეროდ ქმნა (ქალკ. კდ (24) კანონი), მონასტერთან სასტუმროს (კანონშია: „კაპილიონის“) აგება (ტრ. თ (9) კანონი), სამონასტრო ეკლესიის საეროდ ქცევა (ტრ. მთ (49) კანონი), ტაძარში აღაპის გამართვა (ტრ. ოდ (74) კანონი) და სხვა. ამ შეცოდებათაგან ზოგიერთის შესახებ ჩვენ უკვე განვიხილეთ.

 

მომხვეჭელობა

 

ამ კატეგორიის შეცოდებებში შედის ნივთის უკანონოდ დაუფლება, მაგრამ უკანონოდ საეკლესიო-სამართლებრივი გაგებით. კანონიკური სამართალი მიიჩნევს, რომ უკანონოა ყველა ის შემოსავალი, რომელიც ადამიანს ობიექტურად არ ეკუთვნის. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მაგალითი:

 

ადამიანი ყიდის ხალიჩას. მან საერთოდ არ იცის, რომ არსებობენ ძვირფასი და შედარებით მდარე ხარისხის ხალიჩები. მისთვის ყველა ხალიჩა ერთია. ამიტომ იგი თავის ნივთს, რომელიც საკმაოდ ძვირფასია, ყიდის 100 ლარად. თუ მასთან მიდის მყიდველი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ხალიჩებს, ვალდებულია, რომ გააფრთხილოს გამყიდველი, რომ მისი ხალიჩა, ვთქვათ ღირს 1000 და არა 100 ლარი. თუ მყიდველი ამას არ გააკეთებს, იგი უსინდისოდ მოიხვეჭს სხვის ქონებას. თუმცა კი გარეგნულად მას არაფერი გაუფუჭებია - რაც შესთავაზეს, ის მისცა. ამგვარად, მომხვეჭელობა ისეთი შეცოდებაა, როცა ადამიანი ეუფლები ისეთ საჴმარს, რაც ობიექტური თვალსაზრისით მას არ ეკუთვნის, თუმცა ფორმალურად ის მაინც მისია.

 

მომხვეჭელობას დიდ სჯულისკანონში ეხება ნიკეის I კრების ია (11) და ნიკეის II კრების ვ (6) კანონები.

 

პარვა

 

თანამედროვე სამართლით პარვა, ანუ ქურდობა ეწოდება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას. თუმცა საეკლესიო სამართალი არ განმარტავს, თუ რა არის პარვა. კანონიკური სამართალი ზოგადად აღნიშნავს შეცოდების ერთ-ერთ სახეს - პარვას. ამ შეცოდებას ჩვენს მიერ განხილულ კანონთაგან ერთადერთი კანონი ეხება: იგი შედის მოციქულთა კე (25) კანონში, რომელიც აერთიანებს სიძვას, ცრუფიცსა და პარვას: „ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, რომელი სიძვასა, ანუ ცრუფიცსა, ანუ პარვასა დაეპყრას, განიკუეთენ და ნუ უზიარებელი იქმნებინ, რამეთუ ბრძანებს წერილი: „არა იძიო შური ერთბამად ორგზის“ (საქ. მოც. 8, 20). ეგრეთვე და სხუანიცა მოყუასნი და სამღდელონი დასნი.“ როგორც ვხედავთ, ამ მუხლში საუბარი არაა ერისკაცთა მიერ აღნიშნულის განხორციელებაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ საერო პირების მიმართ გამოყენებული იქნება ანალოგიის პრინციპი.

 

მევახშეობა

 

ამ შეცოდებას ეხება მოციქულთა მდ (44), ნიკეის I კრების იზ (17) და ტრულის კრების ი (10) კანონები. ამ შეცოდებას სისაძაგლედ თვლის ნიკეის I კრების იზ (17) კანონი: „ვინა თგან მრავალნი კანონისა მიერ სამღდელოდ განჩინებულთაგანნი ანგაჰრებასა და საძაგლის-შეძინებისა სურვილითა დაივიწყებენ სიტყუასა მას საღმრთოჲსა წერილისასა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად“ (ფს. 14,5), არამედ ვახშსა მიჰჴდიან მოსესხეთა თჳსთა, ჯერ-იჩინა წმიდამან და დიდმან კრებამან, რაჲთა ვინცა ვინ იპოოს შემდგომად საზღვრისა ამის მიმღებელად ვახშისა ვასხებისა მიერ, ანუ სხუებრ ვითამე ღონიერ ამისა საქმისა მიმართ, ანუ მიმჴდელ ერთისა წილ ერთისა და ნახევრისა, ანუ სხჳსა რაჲსმე მომპოვნებელ, რაჲთურთ საძაგლის შეძინებისათჳს, განიკუეთოს მღდელობისაგან და უცხო იქმნას კანონისაგან.“ ამრიგად, სასულიერო პირს კანონიკური სამართალი ნებას აძლევს მხოლოდ სესხებისა ყოველგვარი ვახშისა და დანამატის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში განკვეთაა დადგენილი ღვთისმსახურთათვის. რაც შეეხება ერისკაცებს, მათთვის ჩვენი აზრით შესაძლოა დასაშვებიც იყოს, მაგრამ არარეკომენ-დირებული.