მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

დავით ჩიკვაიძე

 

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

თავი I. ეკლესია
§3. მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები

 

როგორც წინა პარაგრაფებშიც აღინიშნა, მოციქულებმა ქრისტეს სჯულის ქადაგებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დააარსეს ეკლესია, ანუ ქრისტიანთა საკრებულო. ეკლესიებს, როგორც წესი, მღვდელმთავრებს უდგენდნენ ხოლმე. ამ გზით ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ადგილობრივი ეკლესიები, რომელთაც შემდგომ ავტოკეფალია მიენიჭათ.

 

აუცილებელია ორიოდე სიტყვით შევეხოთ ავტოკეფალიისა და ეკლესიის ერთიანობის ურთიერთმიმართების საკითხს. სარწმუნოების სიმბოლოში ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვწამს „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. განვმარტოთ ეს წინადადება მთლიანად. ერთი ნიშნავს ერთ, ანუ ერთიან ეკლესიას, ანუ იმას, რომ ჭეშმარიტი ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წიაღშიც შეურყვნელადაა დაცული ქრისტეს მაცხონებელი სჯული. როდესაც ჩვენ ვამბობთ წმიდა ეკლესია, ვგულისხმობთ ეკლესიის უცდომელობას, ანუ სიწმიდეს ვიდრე მეორედ მოსვლამდე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რაც შეეხება სამოციქულოს, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ იგი ნიშნავს მოციქულთა მიერ დაარსებულს, ხოლო კათოლიკე - საყოველთაოს (1).

 

დავუბრუნდეთ ეკლესიის ერთიანობის საკითხს. ბუნებრივია, ისმის კითხვა: თუ ეკლესია ერთიანია, მაშინ როგორღა აიხსნება ავტოკეფალური ეკლესიების არსებობა? ეს შემდეგნაირად აიხსნება: ეკლესია არის ერთიანი სარწმუნოებრივი, ანუ დოგმატური თვალსაზრისით, ვინაიდან მასში ერთიდაიგივე მოძღვრება არსებობს, შეიწირება ერთიდაიგივე „-უსისხლო მსხვერპლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, „ერთ არს ნათლისღებაჲ“ და ა.შ., მაგრამ ადგილობრივ საქმეთა უკეთ გადასაწყვეტად და მრევლის კეთილად დამწყსვისათვის ადგილობრივ ეკლესიებს ენიჭებათ ავტოკეფალია. ავტოკეფალია ბერძნული სიტყვაა (̠υ̠οκ̠̠̠λί̠) და მისი ზუსტი შესატყვისია „თვითმწყემსობა“, ე.ი. თვითმწყემსობა, და არა დამოუკიდებლობა.

 

ავტოკეფალურ ეკლესიებს ასევე არ შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული ეკლესიები, ვინაიდან ეკლესიებს ავტოკეფალია ენიჭებათ არა ეროვნული, არამედ ტერიტორიული ნიშნით. მაგ.: საქართველოს, რუსეთის, საბერძნეთის ეკლესიები და არა ქართველთა, რუსთა, ბერძნეთა და ა.შ.

 

როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ეკლესიები არიან არა დამოუკიდებლები, არამედ მათ აქვთ თვითმწყემსობის უფლება. ეს უფლება შეგვიძლია გავიგოთ ორნაირად: ერთი, როგორც საკუთარი თავის დამწყემსვის, ანუ მართვის უფლება და მეორე, როგორც მწყემსის ანუ წინამძღვრის არჩევის უფლება. დამოუკიდებლობა კი ისე აღიქმება, თითქოს ეკლესიებს ცოცხალი და ევქარისტიული კავშირი არ ჰქონდეთ ერთმანეთთან და ისინი ცალ-ცალკე იყვნენ, რაც არასწორია. ამგვარად, ეკლესია ერთიანია სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ადგილობრივ ეკლესიებს აქვთ თვითმწყემსობის (ე.ი. ავტოკეფალიის) უფლება.

 

მსოფლიოში ამჟამად არსებობს 15 ავტოკეფალური და 4 ავტონომიური ეკლესია.

 

ეკლესიათა დიპტიქში პირველ ადგილზე კონსტანტინოპოლის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულების - ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღმრთისმეტყველის მიერ. კონსტანტინოპოლის ეკლესია იყო ბიზანტიის იმპერიის - მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი მართლმადიდებლური სახელმწიფოს ეკლესია. სწორედ ამან განაპირობა მისი პირველი ადგილი ეკლესიათა შორის. კონსტანტინოპოლის ეკლესიას მეთაურობდნენ ისეთი დიდი მღვდელმთავრები, როგორებიც იყვნენ: გრიგოლი ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი (აღესრულა საქართველოში, აფხაზეთის ქ. კომანში), გერმანე და მრავალი სხვა. მოგვიანებით კონსტანტინოპოლის ეკლესია იღებს მსოფლიო საპატრიარქოს სახელს, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით იგი კანონიკურად მოექცა მართლმადიდებელ ეკლესიათა სათავეში. უბრალოდ, ეს ტიტული გამომდინარეობს კონსტანტინოპოლის ეკლსიის ფუნქციებიდან და მისი მასშტაბიდან. ასევე საყურადღებოა ერთი გარემოებაც: კონსტანტინოპოლის ეკლესიას ხშირად უწოდებენ ეკუმენიკურ საპატრიარქოს, რაც მსოფლიო საპატრიარქოს ბერძნული შესატყვისია (οικουμ̠νίκος - მსოფლიო). აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ეკუმენიკური ეკუმენურისაგან. როგორც აღვნიშნეთ, ეკუმენიკური ნიშნავს მსოფლიოს, რაც შეეხება ეკუმენურს, იგი დაკავშირებულია ჩვენი დროის უდიდეს მწვალებლობასთან ეკუმენურ მოძრაობასთან, რომლიც მიზნად ისახავს რელიგიათა ხელოვნურ შეკოწიწებას და ამ გზით ახალი რელიგიის შექმნას, რომელიც იოანე ღმრთისმეტყველის აპოკალიფსის მიხედვით ნიადაგს მოუმზადებს ანტიქრისტეს გამეფებას.

 

მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრი არის სტამბოლი (კონსტანტინოპოლი), მისი იურისდიქცია კი ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მრევლის ოდენობა დაახლოებით 2,5 მლნ-ია, აქედან 20 ათასამდე თავად თურქეთის რესპუბლიკიდან. მსოფლიო საპატრიარქოს ასევე კანონიკურად ექვემდებარება კუნძული კრეტა (საბერძნეთის რესპუბლიკა). წმ. სინოდში 2000 წ. მდგომარეობით შედის 112 მღვდელმთავარი. მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარება ფინეთის ავტონომიური ეკლესია.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი ღმრთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი, უფალი ბართლომეოს I. საპატრიარქო კათედრა არის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი ფანარაში (სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა).

 

რიგით მეორე ეკლესია არის ალექსანდრიის ეკლესია, ეკლესია აფრიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქისა. იგი დაარსებულია მოციქულ მარკოზის მიერ. ამიტომაცაა, რომ ალექსანდრიის საეკლესიო გერბზე გამოსახულია ლომი, სიმბოლო მარკოზის სახარებისა. ალესანდრიის ეკლესია ბერძნულენოვანია, თუმცა, ცხადია, ჰყავს არაბერძენი სამღვდელოებაც და მრევლიც მთელი აფრიკის მასშტაბით. სულ ალექსანდრიის ეკლესიის მრევლი დაახლოებით 500 ათასამდეა, აქედან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაზე მოდის დაახლოებით 40 ათასი ადამიანი. წმ. სინოდში შედის 22 მღვდელმთავარი. ამ ეკლესიის ცნობილი მოღვაწეები და წმიდანები იყვნენ: ღირსი ანტონი დიდი, ათანასე ალექსანდრიელი, კირილე ალექსანდრიელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, ღირსი პახუმი დიდი და მრავალი სხვა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის კანონებით ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურს პირდაპირ ენიჭება ეგვიპტის მოქალაქეობა, რაც უადვილებს მას საქმიანობას.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა პეტრე VII, ღმრთაებრივი და უწმიდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაი მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული. საპატრიარქო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარი ალექსანდრიაში (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა).

 

რიგით მესამე ეკლესია არის ანტიოქიის ეკლესია. იგი და-არსებულია მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს მიერ. ანტიოქიის ეკლესიის ცენტრი ისტორიულად იყო ქ. ანტიოქია (ამჟამად - ანთაქია, თურქეთის რესპუბლიკა). ოსმალთა მიერ ანტიოქიის დაპყრობის შემდეგ ეკლესიის ცენტრი გადატანილ იქნა დამასკოში და დღემდე იქაა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია V საუკუნემდე, ე.ი. ავტოკეფალიის მიღებამდე ექვემდებარებოდა ანტიოქიის ეკლესიას. ამ ეკლესიის მეთაური დღემდე ინარჩუნებს ივერიის მღვდელმთავრის ტიტულს. ანტიოქიის ეკლესიის ცნობილი წმიდანებია: ღირსი იოანე დამასკელი, ღირსი ილარიონ დიდი, ანტიოქიელი პატრიარქი წმიდა ანასტასიოსი და მრავალი სხვა. ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქცია გარდა სირიის რესპუბლიკისა ვრცელდება ლიბანზე, ერაყზე, ქუვეითზე, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის არაერთ ქვეყანაზე. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 2 მლნ-ია. წმ. სინოდში შედის 32 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა, იგნატიოს IV, პატრიარქი ღმრთისა ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, ივერიისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა. საპატრიარქო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი დამასკოში (სირიის რესპუბლიკა).

 

რიგით მეოთხე ეკლესია არის იერუსალიმის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულ იაკობის, უფლის ხორციელი ძმის მიერ (მართალ იოსებ დამწინდველის ვაჟი პირველი ქორწინებიდან). იერუსალიმის ეკლესია ძირითადად ბერძნულენოვანია, თუმცა ჰყავს ებრაელი და არაბი ეროვნების მრევლი. იერუსალიმის ეკლესიას ექვემდებარება მრავალი წმიდა ადგილი და ტაძარი, რომელიც უკავშირდება როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმის წმიდანებს. ერთ-ერთი უდიდესი ღირსება და მადლი, გარდამოვლინებული იერუსალიმის ეკლესიაზე და საერთოდ, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე არის ღმრთაებრივი ცეცხლი - დასტური მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა, რომელიც გარდამოდის დიდ შაბათს აღდგომის ტაძარში იერუსალიმის პატრიარქის ხელში. საინტერესოა ისიც, რომ ახალი სტილით 5 ნოემბერს იერუსალიმის პირველი მღვდელმთავრის იაკობ მოციქულის ხსენების დღეს იერუსალიმში აღევლინება იაკობ მოციქულის წირვა, წირვა, რომელიც არსებობდა ქრისტეს ეკლესიაში I-III სს. და რომლის საფუძველზე შეიქმნა დღეს არსებული ლიტურგიის განწესებანი - იოანე ოქროპირისა, ბასილი დიდისა და გრიგოლი დიოლოღოსისა, ე.წ. პირველშეწირულის წირვა. ამ ეკლესიის წმიდანები არიან: კირილე იერუსალიმელი, იერუსალიმის პატრიარქი იუბენალი, ხარიტონ აღმსარებელი, ექვთიმე დიდი, საბა განწმედილი და მრავალი სხვა.

 

იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება პალესტინის ტერიტორიაზე და ითვლის 100 ათასზე მეტ მრევლს. იერუსალიმის ეკლესიას ექვემდებარება სინაის მთის ავტონომიური ეკლესია. წმ. სინოდში შედის 19 მღვდელმთავარი. იერუსალიმის ეკლესიაში მოქმედებს იულიანური კალენდარი, ე.წ. „ძველი სტილი“. ძველი სტილი ასევე მოქმედებს რუსეთის, საქართველოსა და სერბეთის ეკლესიებში, უკრაინის ავტონომიურ ეკლესიაში და ათონის მთაზე.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა ირინეოს I, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. საპატრიარქო კათედრა არის ქრისტეს აღდგომის ტაძარი იერუსალიმში (ისრაელის სახელმწიფო).

 

რიგით მეხუთე ეკლესია არის რუსეთის ეკლესია. იგი დაარსებულია წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მიერ. რუსეთში ქრისტიანობა გავრცელდა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მოციქულთა სწორის, კიევის დიდი მთავრის წმ. ვლადიმერის დროს X ს.-ში. თავდაპირველად რუსეთის ეკლესიას მეთაურობდა კიევის მღვდელმთავარი, შემდგომ კი მოსკოვის მიტროპოლიტი. ისინი კანონიკურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდნენ. 1589 წელს რუსეთის ეკლესიას მიენიჭა ავტოკეფალია და აქედან გამომდინარე მოსკოვის მიტროპოლიტმა მიიღო პატრიარქის ტიტული. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პატრიარქთაგან წმიდათა დასში შერაცხილ არიან მღვდელმოწამენი ერმოგენი და ტიხონი.

 

1721 წ. უწმიდესი ადრიანეს გარდაცვალების შემდეგ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით, იმპერატორ პეტრე I ბრძანებით რუსეთის ეკლესიაში გაუქმდა პატრიარქის თანამდებობა და რუსეთის ეკლესია დაექვემდებარა იმპერატორს ობერპროკურორის სახით. ეკლესიის უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა უწმიდესი და უმმართებელესი სინოდი, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს პატრიარქის ნაცვლად მოიხსენიებდნენ. რუსეთში პატრიარქობა აღდგა 1917 წელს იმპერიის დაშლის შემდეგ. ამავე წლის 4 დეკემბერს (ახ. სტ.) ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე შესრულდა მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტ ტიხონის აღსაყდრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე. 1925 წლიდან (მას შემდეგ, რაც დახვრიტეს პატრიარქი ტიხონი) 1943 წლამდე რუსეთის საპატრიარქო ტახტი დაქვრივებული იყო. პატრიარქობა ხელმეორედ იოსებ სტალინის უშუალო ხელშეწყობით აღდგა.

 

რუსეთის ეკლესიას ჰყავს უდიდესი წმიდანები. მათ შორის უპირველესად უნდა დავასახელოთ ღირსი მამა სერაფიმე საროველი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწედ ითვლება, ასევე, ფილარეტ მოსკოველი, დიმიტრი როსტოველი, სერგი რადონეჟელი და მრავალ სხვა.

 

რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება რუსეთის ფედერაციაზე, უკრაინასა და ბელორუსიის რესპუბლიკაზე, ასევე დსთ-ის ყველა სახელმწიფოზე, გარდა საქართველოსა, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის, ბელაქანისა და კახის რაიონებისა (ჰერეთი-საინგილო), ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე და ევროპისა და მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოზე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ არსებობს ე.წ. რუსეთის ემიგრანტული ეკლესია, რომელთანაც მოსკოვის საპატრიარქოს ევქარისტიული კავშირი არ აქვს. როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის ეკლესიაში მოქმედებს იულიანური კალენდარი.

 

რუსეთის ეკლესიას ექვემდებარება იაპონიისა და უკრაინის ავტონომიური ეკლესიები. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 100 მლნ-ია, წმ. სინოდში შედის 149 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს უწმიდესი ალექსი II, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა. საპატრიარქო კათედრა არის ქრისტე მაცხოვრის ტაძარი მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია).

 

რიგით მეექვსე არის საქართველოს ეკლესია. საერთო წესის მიხედვით, ეკლესიებს დიპტიქში რიგითი ადგილი ენიჭებათ ავტოკეფალიის მიღების მიხედვით. იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი ეკლესია ავტოკეფალურია V ს.-დან, ე.ი. რუსეთის ეკლესიაზე 11 საუკუნით ადრე, იგი მაინც მეექვსე ადგილზე დგას მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჩვენი ეკლესიის ადგილი დიპტიქში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა (2).

 

რიგით მეშვიდე არის სერბეთის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულ ტიტეს მიერ. მსახურების ენა არის საეკლესიო სლავური. სერბეთის ეკლესიის ცნობილი მოღვაწეები არიან: სერბეთის ავტოკეფალური ეკლესიის პირველი მღვდელმთავარი საბა I, სერბეთის პირველი პატრიარქი, საეკლესიო-სამართლებრივი ძეგლის „კანონნი“-ს ერთ-ერთი თანაავტორი იოანიკე, სერბეთის მეფე წმ. სვიმეონ მირონმდინარე, სტეფანე დეჩანელი და ბასილი ოსტროგელი და მრავალი სხვა. სერბეთის ეკლესიაშიც მოქმედებს იულიანური კალენდარი.

 

სერბეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება სერბეთისა და ჩერნოგორიის ფედერალურ რესპუბლიკა იუგოსლავიაზე, ყოფილ იუგოსლავურ რესპუბლიკა მაკედონიაზე, ხორვატიისა და სლოვენიის რესპუბლიკებზე, ასევე მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში მყოფ ეპარქიებზე. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 11 მლნ-ია. წმ. სინოდში შედის 34 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უწმიდესობა პავლე, პატრიარქი სერბეთისა, მთავარეპისკოპოსი პეჩისა და მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცისა. საპატრიარქო კათედრა არის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი ბელგრადში (სერბეთისა და ჩერნოგორიის ფედერალური რესპუბლიკა იუგოსლავია).

 

რიგით მერვე ეკლესია არის რუმინეთის ეკლესია. იგი დაარსებულია წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ პავლე მოციქულის მოწაფეებთან ერთად. რუმინეთის ეკლესია ისტორიულად ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. რუმინეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების, წმიდა წერილისა და მსახურებათა წიგნების რუმინულ ენაზე თარგმნის და ბეჭდვის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი წარმოშობით ქართველს წმ. ანთიმოზ ივერიელს (შფ. ნტიმ Iვირიანულ). ამ ეკლესიის წმიდანებია აგრეთვე დიმიტრი ბასარბელი, ათონელი ბერი ნიკოდიმე ტისმანელი, პაისი ველიჩკოველი და მრავალი სხვა.

 

რუმინეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება რუმინეთის და უნგრეთის რესპუბილკებზე, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაზე. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 17 მლნ-ია. წმ. სინოდში შედის 39 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს უნეტარესი თეოქტისტე, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი უნგრეთისა, ვლახეთისა, მუნტენისა და დობრუჯისა, მოსაყდრე კესარია-კაპადოკიისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა. საპატრიარქო კათედრა არის წმიდათა მოციქულთა სწორთა მეფე კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს სახელობის ტაძარი ბუქარესტში (რუმინეთის რესპუბლიკა).

 

რიგით მეცხრე არის ბულგარეთის ეკლესია. იგი დაარსებულია პავლე მოციქულის მოწაფის ეპისკოპოს ამპლიოსის მიერ. ბულგარეთის ეკლესიის უპირველესი წმიდანები არიან მოციქულთა სწორნი კირილე და მეთოდე, სლოვენთა განმანთლებლები. მათ სახელებთანაა დაკავშირებული სლავური ანბანის შექმნა და წმიდა წერილის სლავურ ენაზე თარგმნა. ბულგარეთის ეკლესიის წმიდანებია, აგრეთვე, კლიმენტი ოხრიდელი, ღირსი პაისი ხილანდარელი, ღირსი იოანე რილერი, ეპისკოპოსი სოფრონიოს ვრაჩანელი.

 

ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ბულგარეთის რესპუბლიკაზე. მას ეკუთვნის, აგრეთვე, არაერთი ეპარქია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. მრევლის რაოდენობა 6 მლნ-მდეა. წმ. სინოდში შედის 22 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უწმიდესობა მაქსიმე, პატრიარქი ბულგარეთისა და მიტროპოლიტი სოფიისა. საპატრიარქო კათედრა არის წმიდა კეთილმორწმუნე მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა).

 

რიგით მეათე ეკლესია არის კვიპროსის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულთა პავლეს, ბარნაბასა და მარკოზის მიერ. ეკლესიის ცნობილი წმიდანებია: ეპისკოპოსი ლაზარე, რომელიც იერუსალიმში დიდებით შესვლამდე ერთი დღით ადრე მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, წმ. სპირიდონ ტრიმითუნტელი, ნიკეის I მსოფლიო კრების მონაწილე და ქრისტიანთა უდიდესი მეოხი ღმრთის წინაშე, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მღვდელმთავარი. კვიპროსის ეკლესიის დიდი სიწმიდეა წმ. ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

 

კვიპროსის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება კუნძულ კვიპროსზე. მრევლის რაოდენობა 500 ათასს აჭარბებს. წმ. სინოდში შედის 9 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოსი, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მოციქულ და მახარებელ იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ტაძარი ნიქოზიაში (კვიპროსის რესპუბლიკა).

 

რიგით მეთერთმეტე ეკლესია არის ელადის, ანუ საბერძნეთის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულ პავლეს მიერ. მსოფლიო საპატრიარქომ ელადის ეკლესიას ავტოკეფალია საბერძნეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ (XIX ს.) მიანიჭა. ელადის ეკლესიის სიწმიდეებია: კონსტანტინოპოლელ პატრიარქ გრიგოლ V წმიდა ნაწილები, ცნობილი მღვდელმთავრის გრიგოლ პალამას წმიდა ნაწილები, ასევე მოციქულ ანდრია პირველწოდებულის წმიდა თავის ქალა, რომელიც 2002 წლის 5-9 სექტემბერს ჩამოაბრძანეს საქართველოში.

 

ელადის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება საბერძნეთის რესპუბლიკაზე კ. კრეტის გამოკლებით. მსოფლიოს ბერძნული ეკლესიები ძირითადად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებიან. მრევლის რაოდენობა 10 მლნ-მდეა. წმ. სინოდში შედის 93 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა ქრისტოდულოს I, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა. სამეთაურო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშო-ბლის ხარების ტაძარი ათენში (საბერძნეთის რესპუბლიკა).

 

ჩვენს მიერ ზემოთ განხილული ეკლესიები მიეკუთვნებიან ისტორიულ და ტრადიციულ ეკლესიებს. თუმცა, მათ გარდა არსებობენ ისეთი ავტოკეფალური ეკლესიებიც, რომლებიც ან ახლადჩამოყალიბებული არიან, ან საუკუნეების მანძილზე შედიოდნენ სხვა ეკლესიების იურისდიქციაში და შემდგომ მიენიჭათ ავტოკეფალია ან ავტონომია. ასეთი ეკლესიების სულიერი შვილები, როგორც წესი, ქვეყნის მოსახლეობის უმცირესობაში არიან (გარდა უკრაინის ავტონომიური ეკლესიისა).

 

პირველი ასეთი ეკლესია არის ალბანეთის ეკლესია, რომელიც რიგით მეთორმეტეა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში. ალბანეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, რომლებიც ავიწროვებენ ქრისტიან მოსახლეობას. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ალბანეთში ცოტა ხნის წინ არსებობდა სოციალისტური რეჟიმი, რაც კიდევ ერთი უარყოფითი მომენტი იყო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. წლების მანძილზე ალბანეთის ეკლესიის სამეთაურო ტახტი დაქვრივებული იყო.

 

ალბანეთის ეკლესიის მრევლის რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენს. წმ. სინოდში შედის 4 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს უნეტარესი ანასტასიოსი, მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა, მიტროპოლიტი ტირანა-დურეს-ელვასანისა. სამეთაურო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარი ტირანაში (ალბანეთის რესპუბლიკა).

 

რიგით მეცამეტე არის პოლონეთის ეკლესია. იგი წარმოადგენდა რუსეთის ეკლესიის ნაწილს XX ს. 40-იან წლებამდე. მრევლის რაოდენობის გაზრდის გამო მოსკოვის საპატრიარქომ მას მიანიჭა ავტოკეფალია. პოლონეთის ეკლესიაში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში მოწამეობრივად აღსრულებულ ჩვენს თანამემამულეს, წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს.

 

პოლონეთის ეკლესიის მრევლის რაოდენობა 10 მლნ-მდეა. იურისდიქცია ვრცელდება როგორც პოლონეთის რესპუბლიკაზე, ასევე პორტუგალიასა და ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაზე. წმ. სინოდში შედის 16 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მოციქულთასწორ მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარი ვარშავაში (პოლონეთის რესპუბლიკა).

 

რიგით მეთოთხმეტე ეკლესია არის ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია. იგი დაარსებულია სლოვენთა განმანათლებლების, მოციქულთასწორი ძმების კირილესა და მეთოდეს მიერ. ამ ეკლესიის წმიდანები არიან: ჩეხეთის მთავარი წმ. ბორივო და მისი მეუღლე ლუდმილა, იოანე ჩეხი, წმ. მოწამე მთავარი ვაცლავი, ღირსი პროკოფი საზაველი, ეპისკოპოსი გორაზდ პავლიკი და სხვები. თავდაპირველად ეკლესიას ჩეხოსლოვაკიის ეკლესია ერქვა, მაგრამ ამ სახელმწიფოს ორად გაყოფის შემდეგ ეწოდება ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია.

 

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ამ ორ რესპუბლიკაზე. მრევლის რაოდენობა 300 ათასამდეა. წმ. სინოდში შედის 5 მღვდელმთავარი. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ევროპის სახელმწიფოთა შორის გამოირჩევა მორწმუნეთა სიმცირით ნებისმიერი კონფესიის მიხედვით.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა ნიკოლოზი, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ტაძარი პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა).

 

რიგით მეთხუთმეტე, ხოლო ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის ბოლო ადგილზე მყოფი ეკლესია არის ამერიკის ეკლესია. იგი დაარსებულია მღვდელმონაზონ იუბენალის, ბერ გერმანე ალიასკელისა და მიტროპოლიტ ინოკენტი ვენიამინოვის მიერ. მსახურებანი ძირითადად ინგლისურ ენაზე აღესრულება. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამერიკელ საეკლესიო მოღვაწეთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზს, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ ცნობილ ღმრთისმეტყველად ითვლება.

 

ამერიკის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე, ასევე ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაზე. მრევლის რაოდენობა მილიონს აჭარბებს. წმ. სინოდში შედის 14 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა გერმანე, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა და მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ვაშინგტონში (ამერიკის შეერთებული შტატები).

 

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, გარდა ავტოკეფალურისა, არსებობენ ავტონომიური ეკლესიებიც. ეკლესიის ავტონომია გულისხმობს იმას, რომ ეკლესიას ჰყავს სინოდი, თვითონვე ირჩევს თავის მეთაურს, ან ამტკიცებს დედაეკლესიისგან წარდგენილ კანდიდატურას, ან თვითონ წარუდგენს დედაეკლესიას სამეთაურო კანდიდატს დასამტკიცებლად, ასევე ახდენს წმიდათა კანონიზაციას, მიმართავს სამწყსოს ეპისტოლეთი. ავტონომიურ ეკლესიას არ აქვს მირონის კურთხევის უფლება. მსახურებისას, როგორც წესი, მოიხსენიებენ ჯერ დედაეკლესიის მეთაურს, შემდეგ ავტონომიური ეკლესიის მეთაურს, ხოლო შემდეგ ადგილობრივ მღვდელმთავარს. მსოფლიოში ამჟამად არსებობს 4 ავტონომიური ეკლესია.

 

პირველი მათგანი არის სინაის მთის ეკლესია. იგი დაარსებულია დედოფალ ელენესა და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ. სინაის ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება იერუსალიმის ეკლესიას. მისი იურისდიქცია ვრცელდება სინაის მთაზე, სადაც უფალმა ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველს გადასცა ძველი აღთქმის სჯული. მრევლის ოდენობა მილიონამდეა.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი უნეტარესობა დამიანე, მთავარეპისკოპოსი სინაისა, რაითისა და ფარანისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მონასტერი (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა).

 

მეორე ავტონომიური ეკლესია არის ფინეთის ეკლესია. იგი დაარსებულია სერგი და გერმანე ვალაამელების მიერ. ამ ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ფინეთის რესპუბლიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლობა ლუთერანობასთან ერთად გამოცხადებულია ფინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიად. მრევლის ოდენობა 100 ათასამდეა. ფინეთის ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც აღდგომასაც გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს. როგორც ცნობილია, ის მართლმადიდებელი ეკლესიები, სადაც მოქმედებს ე.წ. „ახალი სტილი“, აღდგომას მაინც იულიანური კალენდრით ანგარიშობენ. ასე რომ, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, გარდა ფინეთისა, აღდგომას ერთდროულად აღნიშნავს. ფინეთის ავტონომიური ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ლეო, მთავარეპისკოპოსი კარელიისა და სრულიად ფინეთისა. სამეთაურო კათედრა არის ვალაამის მონასტერი (ფინეთის რესპუბლიკა).

 

მესამე ავტონომიური ეკლესია არის იაპონიის ეკლესია. იგი დაარსებულია XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში მოციქულთასწორი მღვდელმთავრის წმ. ნიკოლოზ კასატკინის მიერ. მასვე ეკუთვნის წმ. წერილისა და ლიტურგიკული წიგნების თარგმანი იაპონურ ენაზე. იაპონიის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება იაპონიის კუნძულებზე. იგი კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება. მრევლის ოდენობა 50 ათასამდეა. წმ. სინოდში შედის 3 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი, მიტროპოლიტი ტოკიოსა და სრულიად იაპონიისა. სამეთაურო კათედრა არის უფლის აღდგომის სახელობის ტაძარი ტოკიოში (იაპონია).

 

მეოთხე ავტონომიური ეკლესია არის უკრაინის ეკლესია. იგი დაარსებულია წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ, რომელმაც, გადმოცემით, დღევანდელი კიევის ადგილზე აღმართა ჯვარი და იწინასწარმეტყველა ქალაქის აშენება. უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია არასდროს ჰქონია. არსებობდა ერთადერთი რუსეთის ეკლესია (Русская Церковь, ანუ Церковь Руси და არა Российская Церковь), რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესიის სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ჯერ კიევი, შემდეგ კი მოსკოვი. XXს. დასაწყისში, როცა დაიშალა რუსეთის იმპერია უკრაინელ მღვდელმთავართა ერთმა ნაწილმა გამოაცხადა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მისი გამოყოფა რუსეთის ეკლესიისგან. ეს იყო ყოვლადდაუშვებელი რამ კანონიკური სამართლის მიხედვით. ერთადერთი, რისი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდათ უკრაინელ მღვდელმთავრებს, იყო საპატრიარქო კათედრის კიევში გადატანა. საბჭოთა მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო ავტოკეფალისტთა გამოსვლა. 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის აღზევებისას კვლავ გამოჩნდნენ ავტოკეფალისტები. მათ კვლავ გამოყვეს უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისაგან და ხელთ ჩაიგდეს არაერთი ტაძარი. სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა. ამიტომ მოსკოვის საპატრიარქომ მოზანშეწონილად ჩათვალა უკრაინის ეკლესიისთვის ავტონომიის მინიჭება. ავტონომია მიენიჭა, ცხადია, არა ე.წ. „ავტოკეფალურ“, არამედ იმ ეკლესიას, რომელიც დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. დღემდე აგრძელებს არსებობას უკრაინის „ავტოკეფალური“ ეკლესია ე.წ „კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქის“ ფილარეტ დენისენკოს მეთაურობით. უკრაინაში არსებობს კიდევ ერთი, უნიატური ეკლესია - ე.წ. „ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია“, რომელიც მსახურებებს აღასრულებს მართლმადიდებლური განწესით, ხოლო ექვემდებარება რომის პაპს.

 

უკრაინის ავტონომიური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელ-დება უკრაინაზე. ეკლესიის ერთ-ერთი წმიდანია უღმრთოთაგან დახვრეტილი კიევის მიტროპოლიტი ვლადიმერ ბოგოიავლინსკი, რომელიც 1892-1898 წწ. იყო საქართველოს ეგზარქოსი. უკრაინის ეკლესიის მრევლის ოდენობა დაახლოებით 30 მლნ-ია. წმ. სინოდში შედის 37 მღვდელმთავარი.

 

ამჟამად ეკლესიას მეთაურობს უნეტარესი ვლადიმერი, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა. სამეთაურო კათედრა არის კიევო-პეჩორის ლავრა (უკრაინა).

 


 

1. იხ. ეპ. ალექსანდრე (სემიონოვი), მართლმადიდებლური კატეხიზმო, თბ. 2001, სსგ, გვ. 51-55.

 

2. ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით იხ. მთ. ეპ. ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (მოკლე კურსი), საქართველოს ეკლესიის 1998 წლის კალენდარი, თბ. 1997, გვ. 417-418