მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

ეკლესია და სახელმწიფო

 

რელიგიური თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიები

 

რელიგიური თავისუფლების ცნება ყველა კონკრეტულ სახელმწიფოში ისტორიული წარსულის გავლენით ყალიბდება და, უმეტეს შემთხვევაში, განიხილება როგორც რელიგიური უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის დაუშვებლობა, რასაც ამა თუ იმ სახელმწიფოში ადგილი ჰქონდა წარსულში. მაგალითად, პოსტკომუნისტური ქვეყნების თითქმის ყველა კონსტიტუციამ, ალბანეთის გარდა, ფორმალურად აღიარა რელიგიური თავისუფლების უფლება. თუმცა, პრაქტიკაში ამ უფლების რეალიზება გაძნელდა ან შეუძლებელი გახდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რელიგიური თავისუფლების ფორმალური ცნება სახელმწიფოსაგან გარანტირებულ ეფექტური დაცვის მექანიზმებსაც უნდა მოიცავდეს.

არსებობს საერთო სტანდარტი, რომლის მიხედვით ქვეყნის კანონმდებლობამ, რელიგიური თავისუფლების ფორმალურ აღიარებასთან ერთად, იგი უნდა განიხილოს როგორც სუბიექტური უფლება, საზოგადოებრივი უფლება, კონსტიტუციური და ძირითადი უფლება, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს თითოეული ადამიანისა და რელიგიური ჯგუფის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

კანონმდებლობა რელიგიური თავისუფლების სფეროში შემდეგ გარანტიებს უნდა აყალიბებდეს:

1. როგორც ინდივიდუალური უფლება, რელიგიური თავისუფლება ცალკეული პირისათვის უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) სწამდეს ან არ სწამდეს რომელიმე რელიგია ან აღმსარებლობა;

ბ) ჰქონდეს ან არ ჰქონდეს რელიგიური განათლება;

გ) მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა რაიმე ფორმის აღსარებაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ გაამჟღავნოს თავისი რწმენა, ჰქონდეს თავისუფალი დაშვების უფლება აღმსარებლობის ადგილებში;

დ) არ მისცეს არანაირი ფიცი თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ;

ე) ღიად გამოაცხადოს ან არ გამოაცხადოს თავისი რელიგიური მრწამსი;

ვ) არ გაიაროს სამხედრო სამსახური, თუ ეს მის რწმენას ეწინააღმდეგება, მაგრამ მის ნაცვლად აირჩიოს ალტერნატიული სამსახური.

2. როგორც კოლექტიური უფლება, რელიგიური თავისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) რელიგიურ ორგანიზაციებად გაერთიანებისა და სახელმწიფოში კანონიერი სტატუსის მინიჭების უფლებას;

ბ) რელიგიურ სამსახურებსა და ღინისძიებებში თავისუფალი მონაწილეობის უფლებას;

გ) თვითმმართველობის პრინციპებზე რელიგიური ორგანიზაციების შექმნასა და სხვა ნაციონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავისუფალი ურთიერთობის უფლებას;

დ) რელიგიური საქმიანობისათვის საკუთარი ლიტერატურის, აუდიოვიზუალური მასალისა და სხვა საგნების წარმოებას, შეძენას, იმპორტისა და ექსპორტის უფლებას;

ე) კერძო სასწავლებლების შექმნისა და მათი მართვის უფ-ლებას, აგრეთვე საგანმანათლებლო, საქველმოქმედო თუ სოციალური საქმიანობის უფლებას.

რელიგიური თავისუფლების განხორციელების სტანდარტე-ბი ნათლად ჩანს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 18., სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 18.3., ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპის კონვენციის 9.2. მუხლებში. ეს აქტები ადგენენ პრინციპებს, რომელსაც სახელმწიფოები უნდა დაეყრდნონ ეროვნული კანონმდებლობის ფორმირებისას. ესენია:

ა) სხვა პირების ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონმდებლობით იმ შეზღუდვების დაწესება, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის დასაცავად.

ეს პრინციპები გამოიყენება რელიგიური უფლების, როგორც კოლექტიური უფლების, რეალიზაციის პირობებში. ამიტომ, ყოველი სახელმწიფო, რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის ფორმირებისას, ამ პრინციპების გათვალისწინებით, შეიძლება ზღუდავდეს მას როგორც კოლექტიურ უფლებას და არა როგორც ინდივიდუალურ უფლებას. ე.ი. რელიგიური თავისუფლება, როგორც ინდივიდუალური უფლება, ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაა, ხოლო როგორც კოლექტიური უფლება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გახდეს განსხვავებული უფლებების დადგენის საფუძველი.

 

ავტორი: მარიამ ცაცანაშვილი