(21 დეკემბერი, 2007 წელი)
ა.წ. 21 დეკემბერს შედგა წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
სხდომაზე თავდაპირველად შეფასდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობის 30-წლიან პერიოდს. აღინიშნა, რომ რთული მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული წინსვლა განხორციელდა სულიერ ცხოვრებაში: გაიხსნა ახალი ეპარქიები, დაარსდა საკვირაო სკოლები, უმაღლესი და საშუალო სასწავლებლები, გაფართოვდა საგამომცემლო საქმიანობა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ძალიან ბევრია და ეს, უპირველეს ყოვლისა, განათლების სფეროს ეხება. ამ თემასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა მოისმინა და მოიწონა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერისტეტის რექტორის, ბატონ პარმენ მარგველაშვილის წინადადება - თანამედროვე ტექნოლოგიების (ინტერნეტის) საშუალებით დისტანციური სწავლება საპატრიარქომ გამოიყენოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
წმინდა სინოდზე მოწონებულ იქნა მესამე ბავშვის მონათვლსათან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა, რაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებისათვის ბიძგის მიმცემი იქნება.
აღინიშნა ისიც, რომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს ეკლესიის ბერმონაზონთა მოღვაწეობა იერუსალიმში, პეტრიწონში, აგარაკ-წალკის ეპარქიის ისტორიულ ლორეს მხარეში, ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში.
სინოდმა მიმართა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსხალეობას და მოუწოდა ერთად თანაცხოვრებისათვის ნაბიჯების გადადგმისაკენ.
სინოდმა ასევე დააფიქსირა თავისი პოზიცია მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:
1. მოსახლეობამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რათა დააფიქსიროს თავისი
პოზიცია.
2. არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად.
3. მომავალში ორვე მხარემ, - პოზიციის წარმომადგენლებმაც და ოპოზიციონერებმაც უნდა
გამორიცხონ ურთიერთანგარიშსწორება.
წმინდა სინოდზე ეპარქიების ტერიტორიულ მოწყობაში მოხდა ცვილებები:
ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიიდან ლაზეთის მხარე გადავიდა ბათუმის ეპარქიის შემადგენლობაში. ასე რომ, ეპარქიების დასახელებები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია (მღვდელმთავარი - მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი);
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (მღვდელმთავარი - მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
სხდომის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სინოდის წევრებს ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის და ისინი წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი ასევე სამღვდელო დასიდან გადაეცა პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელს, ხოლო ერისკაცთაგან - ბატონ ბიძინა ივანიშვილს.