(21 დეკემბერი, 2006 წელი)
წმინდა სინოდის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II, რომელმაც მიულოცა წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა და მის მოსახლეობას წინსვლა და კეთილდღეობა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, ჯერ კიდევ მძიმეა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კვლავ მძიმედ აწევს მას უმუშევრობის პრობლემა. აგრეთვე მოუგვარებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები, რაც ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
1. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ საკითხი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვაწუხებს არის უზნეობის პროპაგანდა და უხამსობის საყოველთაო ნორმად დაკანონების მცდელობები, რაც ზოგიერთს თავისუფლების გამოხატულებად მიაჩნია. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ხანაში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა დავთმოთ ჩვენი სულიერი, ზნეობრივი და ეროვნული ფასეულობები. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საპატრიარქოს ტელეარხის გახსნა, რომელიც იქნება აპოლიტიკური და ძირითადად მხარს დაუჭერს მაღალ ზნეობას, ოჯახის სიმტკიცეს, მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას.
მომავალი სასწავლო წლიდან მიზანშეწონილია შეიქმნას უნივერსიტეტი, სადაც იქნება საღვთისმეტყველო, ფილოლოგიური, ისტორიული, იურიდიული, ჟურნალისტიკის, ფილოსოფიისა და სხვა ფაკულტეტები.
აღინიშნა, რომ სამების საკათედრო ტაძართან ამოქმედდა ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, რომელმაც უნდა შემოიკრიბოს ახალგაზრდობა.
2. წმინდა სინოდმა მოისმინა მისი უწმინდესობის მიერ წარმოდგენილი მოსკოვისა და
სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი ალექსი II მიერ გამოგზავნილი წერილი
(#5708), რომელშიც იგი დადებითად ახასიათებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში
მყოფ იეროდიაკონ დავითს (სარსანია) და ითხოვს მის გადასვლას რუსეთის ეკლესიის
იურისდიქციაში.
წმინდა სინოდმა განაჩინა: მადლობა მოეხსენოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს იმისათვის, რომ იგი იჩენს მზრუნველობას ამ საკითხის მოგვარების მიმართ, მაგრამ წმინდა სინოდს მიაჩნია, რომ მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იეროდიაკონი დავითი (სარსანია) უნდა წარსდგეს სინოდალური კომისიის წინაშე და განმარტოს თავისი ქმედებები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სინოდმა განიხილოს მისი შემდგომი მსახურების საკითხი.
3. წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II წერილი, სადაც იგი გამოხატავს თავის აღშფოთებას მღვდელმოქმედება შეჩერებული დეკანოზის ბასილი კობახიძის ქმედებების გამო.
წმინდა სინოდმა განაჩინა: მღვედლმოქმედება შეჩერებული დეკანოზი ბასილ კობახიძის საქციელი იყო თვითნებური და მისმა არაკორექტულმა მოქმედებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი ეკლესიების ურთიერთობას.
4. წმინდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების შესრულების შესახებ.
წმინდა სინოდმა განაჩინა: განახლდეს კომისია, რომელიც სახელმწიფო კომისიასთან ერთად იმუშავებს ამ შეთანხმებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის განვითარებაზე და მის შესრულებაზე.
კომისიის წევრებია:
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხის,
ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე),
- ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი);
- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);
- ექსპერტთა ჯგუფი ოთხი კაცის შემადგენლობით;
5. წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხის, ტაო-კლრაჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება. მან დეკანოზ გიორგი ზვიადაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ორმხრივ დიალოგში მართლმადიდებელთა და რომის კათოლიკეთა შორის, რომელიც გაიმართა სერბეთში ამა წლის 18-25 სექტემბერს. დადგინდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეიმუშავებს ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულებას დიალოგის ფარგლებში დასმული კონკრეტული საკითხებისადმი.
6. წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გიორგის (შალამბერიძე) წინადადება ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ.
წმინდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია. მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიიდან და დაინიშნოს ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველად.
7. წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი ეპარქიების შექმნის შესახებ და განაჩინა:
ბათუმისა და სხალთის ეპარქია გაიყოს ორად და შეიქმნას:
ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია (ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის რაიონები);
სხალთის ეპარქია (ქედის, შუახევის და ხულოს რაიონები).
8. წმინდა სინოდმა განაჩინა: სხალთის ეპარქიის მმართველად გამორჩეულ იქნას
დეკანოზი გრიგოლ აბულაძე.
ეპისკოპოსი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდეს სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის
მმართველობიდან და დაინიშნოს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად.
ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე) გათავისუფლდეს ბოლნისის ეპარქიის მმართველობიდან და დაინიშნოს სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მმართველად.
ბოლნისის ეპარქიის მმართველად გამორჩეულ იქნას ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქოზიფის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (გამრეკელიძე).
9. წმინდა სინოდმა მოისმინა აკრძალვაში მყოფი მღვდლის ნოდარ ქათამაძის სინანულის წერილი და შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მიქაელის (გაბრიჭიძე) შუამდგომლობა.
წმინდა სინოდმა განაჩინა: ნოდარ ქათამაძე აღდგეს სამღვდლო ხარისხში და განწესდეს შიომღვიმის მონასტერში.
10. წმინდა სინოდმა მოისმინა მღვდელმოქმედება აკრძალული ქრისტეფორე წამალაიძის წერილი და ამჟამად შეუძლებლად მიიჩნია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდი განაწესებს მას შიომღვიმის მონასტერში და მოუწოდებს სინანულისაკენ.
11. წმინდა სინოდმა მოისმინა: მღვდელმოქმედება აკრძალული ამბროსი ქათამაძის წერილი და ამჟამად შეუძლებლად მიიჩნია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდი განაწესებს მას შიომღვიმის მონასტერში და მოუწოდებს სინანულისაკენ.