(14 დეკემბერი, 2000 წელი)
ა.წ. 14 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომელზეც რამდენიმე აქტუალური საკითხი იქნა განხილული.
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ისაუბრა საქართველოს ეკლესიის საქმიანობაზე, მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და რიგ სულიერ საკითხებზე.
მან დადებითად შეაფასა სასულიერო სასწავლებლების მუშაობა და საქართველოში სულიერი განათლების სფეროში იმ ურთიერთობის შესახებ, რაც დამყარდა სასულიერო და საერო სასწავლებლებს შორის, აღინიშნა ისიც, რომ ბოლო დროს რეგულარულად ხდება სკოლების დალოცვა და იქ რელიგიური შინაარსის კონფერენციების ჩატარება. ასევე დადებითი შეფასება მიეცა საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების მუშაობას და მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების როლს ინტელიგენციისა და საერთოდ, საზოგადოების ფართო მასების ეკლესიასთან დაახლოების საქმეში.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყანაში მრავალი ეკლესია-მონასტერი იგება და მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ჩვენს ისტორიას არ ახსოვს ერთდროულად ამდენი ტაძარი აშენებულიყოს. ეს კი დასტურია ჩვენი ხალხის სულიერებისა და სიმტკიცისა, ღვთისადმი ჩვენი სიყვარულისა და საქართველოს სულიერი გაბრწყინების დასაწყისისა. აღინიშნა ისიც, რომ ეკლესიის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ მიზნით, სინოდის წევრებს დაევალათ, მეტი ყურადღება დაუთმონ სოფლის მეურნეობის განვითარებას თავიანთ ეპარქიებში.
II. ტაძრების მშენებლობებში დაშვებულ სერიოზულ არქიტექტურულ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა ხუროთმოძღვრების ცენტრის თავმჯდომარემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძემ) და მღვდელმთავრებს მოუწოდა, თავიანთ ეპარქიებში გამოყონ პიროვნება, რომელიც აღნიშნული ცენტრის მიერ მიიღებს მითითებებს - ეპარქიაში ტაძრების მშენებლობასთან, მათ მოწყობასა და მოხატვასთან დაკავშირებით, რათა სერიოზულ დარღვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს.
III. წმიდა სინოდის გაეცნო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების კანონპროექტს - „კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის შესახებ“.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღნიშნა ამ შეთანხმების დიდი მნიშვნელობა ერისა და ეკლესიის სულიერი განმტკიცებისა და ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლების საქმეში. რადგან კონსტიტუციის დონეზე სამართლებრივად მოწესრიგდება სახელწმიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა და განისაზღვრება მისი სტატუსი, ამდენად მისი დამტკიცება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება საქართველოს ისტორიაში.
IV. წმიდა სინოდმა იმსჯელა სოფლებში სამღვდელოების მეტად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიების მაგალითზე ისაუბრეს, თუ რა სახის დახმარებები შეიძლება გაეწიოს) და განაჩინა:
V. წმიდა სინოდმა განიხილა მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხი.
წმიდა სინოდმა განაჩინა: პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა“ (იოანე 3.3).
მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“ - კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად“. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელტაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.
სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ...“ (მათე 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამვკიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია.
VI. წმიდა სინოდმა განიხილა მღველმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძის) წერილი კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდისადმი და მისი პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მიტროპოლიტ კონსტანტინესგან (მელიქიძე) მისთვის დასმულ კითხვებზე.
ვაინაიდან პასუხები სრულიად შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და, თანახმად დიდი სჯულის კანონისა, მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას, სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.
VII. წმიდა სინოდმა იმსჯელა მე-2 ათასწლეულის დასასრულსა და მე-3 ათასწლეულის დასაწყისის აღნიშვნის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.
წმინდა სინოდმა განაჩინა: 2000 წლის დასასრული და მე-3 ათასწლეულის დასაწყისი აღინიშნოს ერის საყოველთაო განწმენდით, ღვთისადმი მადლიერებით და მოყვასისადმი მოწყალებით.
2001 წ. შობის საზეიმო დღესასწაული ღამისთევით ჩატარდეს წმ. სამების საკათედრო მშენებარე ტაძრის პირველ სართულზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და წმიდა სინოდის წევრები.
იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავთან დაკავშირებით, წმიდა სინოდი მიმართავს სრულიად საქართველოს: წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს, - ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ატარებს გათიშვისა და გაყოფის პოლიტიკას სახელმწიფოსა და ეკლესიაში, იგი ღალატობს ღმერთსა და სამშობლოს.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ერთობა და ურთიერთსიყვარული განამტკიცოს ჩვენს შორის, ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 27, 2001 წ.