მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

(7 მაისი, 2010 წელი)

 

ა.წ. 7 მაისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით შედგა წმიდა სინოდის მორიგი სხდომა.

 

1. წმიდა სინოდმა იმსჯელა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ, რომელიც ა.წ. 14 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს. გადაწყდა ისიც, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის 14 ოქტომბრამდე ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ამა თუ იმ ეპარქიის მმართველის, ამ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით.

 

2. წმიდა სინოდზე იმსჯელეს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას.

 

აღინიშნა, რომ ქვეყანას ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობები, ნარკოტიკების გავრცელება, ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა.

 

ითქვა ისიც, რომ ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თავად უწესებენ საკუთარ თავს უმძიმეს სასჯელს - შეჩვენებას.

 

ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ.

 

3. წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე, სთხოვა ხელისუფლებას, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ საკითხებს, პატიმართა უფლებების დაცვას.

 

ამასთან, ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

 

4. ვინაიდან ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა, წმიდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის.

 

5. წმიდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი (იაკობიშვილი) გამოირჩია და დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად.

 

მისი ხელდასხმა შესრულდება ა.წ. 9 მაისს, კვირას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.