მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

წმიდა მოციქულები

 

85 კანონი

 

კანონი 1

ეპისკოპოსი დადგინებულ იქნეს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ.

(I მსოფლ. 4; VII მსოფლ. 3; ანტიოქ. 12,23; ლაოდ. 12; სარდ. 6; კონსტ. 1; კართ. 13,49,50).

 

კანონი 2

მღვდელი, დიაკონი და სხვა ღმრთისმსახური, დადგინებულ იქნეს ერთი ეპისკოპოსის მიერ.

(მოც. კან. 26,70; I მსოფლ. 19; ტრულ. 33; VII მსოფლ. 14; ღანგ. 6; ლაოდ. 24,26,30; ბასილი დიდი 51,89).

კანონი 3

ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მსხვერპლშეწირვის შესახებ უფლის განწესების მიუხედავად, საკურთხეველთან მიიტანს სხვა შესაწირავს: თაფლს, რძეს, ან ღვინის ნაცვლად სხვა რაიმესაგან დამზადებულ თაფლუჭს*; ფრინველს, რომელიმე ცხოველს, ან დადგენილების  საწინააღმდეგოდ – მარცვლეულს (ახალი ხორბლის თავთავის ან ყურძნის გარდა, ისიც, სათანადო დროს), საღვთისმსახურო წოდებიდან განიკვეთოს. არავის მიეცეს უფლება  საკურთხეველში ძღვნად მიიტანოს სხვა რაიმე, გარდა ზეთისა – კანდელისათვის, და საკმევლისა – წმიდა შესაწირავის დროს.

(მოც. 4; ტრულ. 28,32,57,99; კართ. 57).

*დასათრობი სასმელი (იხ. ლუკ. 1,15).

კანონი 4

ყველა სხვა სახის პირველნაყოფი გაეგზავნოთ ეპისკოპოსსა და მღვდლებს სახლში, და არა საკურთხეველში. თავისთავად ცხადია, რომ ეპისკოპოსები და მღვდლები, დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა მსახურებს გაუნაწილებენ.

(მოც. 3,38,41; ღანგ. 7,8; კართტ. 37; თეოფილე ალექს. 8).

კანონი 5

ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა არ უნდა გააძევოს თავისი ცოლი კეთილკრძალულების საბაბით. თუ გააძევებს, მღვდლობისაგან დაცადებით დაისაჯოს, ხოლო თუ არ დაცხრება, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს.

(ტრულ. 12,13,48; I მსოფლ. 3; ღანგ. 1,4,9,10; კართ. 4).

კანონი 6

ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ამსოფლიური საზრუნავი; წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.

(მოც. 20,81,83; IV მსოფლ. 3,7; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).

კანონი 7

თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი  ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.

(მოც. 64,70,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 37,38; კართ. 51,73,106).

კანონი 8

თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს, და თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა.

(ანკვ. 1,2; პეტრე ალექს. 10).

კანონი 9

ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, საეკლესიო ზიარებიდან განყენებულ იქნეს.

(ტრულ. 66,80; ანტიოქ. 2; სარდიკ. 11).

კანონი 10

ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებლთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს.

(მოც. 11,12,32,45,48,65; I მსოფლ. 5; ანტიოქ. 2; კართ. 9).

კანონი 11

სამღვდელო კლირის წევრი, რომელიც კლირიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს, თვითონაც განიკვეთოს.

(მოც. 28; ანტიოქ. 4; კართ. 10).

კანონი 12

თუ საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებული კლირიკოსი, ან ერისკაცი, ან სასულიერო დასში მიღებისათვის უღირსი პირი, წავა და მას ხვა ქალაქში მიიღებენ  წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, განყენებულ იქნეს  შემწყნარებელი და შეწყნარებულიც.

(მოც. 13,32,33; IV მსოფლ. 11,13; ტრულ. 17; ანტიოქ. 6,7,8,11; ლაოდ. 41,42; სარდიკ. 9; კართ. 23,106).

კანონი 13

ხოლო თუ განყენებული იყო, სასჯელი გაუგრძელდეს, როგორც ცრუსა და ღვთის ეკლესიის მომატყუებელს.

(მოც. 12,33; ტრულ. 17).

კანონი 14

ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქია დატოვოს და სხვაგან გადავიდეს, თუნდაც ამაში ბევრი ვინმე არწმუნებდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას რაიმე საპატიო მიზეზი აიძულებს, როცა შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით, და ეს უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არამედ მრავალი ეისკოპოსის გადაწყვეტილებითა და თავისი ღრმა რწმენით.

(მოც. 33; I მსოფლ. 15; IV მსოფლ. 5; ტრულ. 20; ანტიოქ. 13,16,18,21; სარდიკ. 1,2,17; კართ. 48).

კანონი 15

თუ მღვდელი, დიაკონი, ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგან, დატოვებს თავის მსახურების საზღვრებს, სხვაგან გადავა, დამკვიდრდება იქ და იცხოვრებს თავისი  ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ასეთმა, ვბრძანებთ, აღარ იმსახუროს და მით უფრო, თუ მან თავისი ეისკოპოსისა არ შეისმინა, რომელმაც უკან დაბრუნება მოუწოდა. ხოლო თუკი ამ  უწესობაში დარჩება, მაშინ თანაზიარობაში იყოს როგორც ერისკაცი.

(I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,10,20,23; ტრულ. 17,18; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15,16; კართ. 54,90).

კანონი 16

თუ ეპისკოპოსი, რომელთანაც მსგავსი შემთხვევა მოხდება, არად ჩააგდებს მასთან გადმოსული სასულიერო პირის მსახურების ამკრძალავ განწესებას და მას თავისთან დასში მიიღებს, მაშინ თავად ასეთი ეპისკოპოსის განკანონება უნდა მოხდეს მსახურებიდან, როგორც უწესობის დამნერგველისა.

(მოც. 15; I მსოფლ. 15; ტრულ. 17; ანტიოქ. 3).

კანონი 17

ის პირი, ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო ქორწინებაში, ან ხარჭა ესვა, არ შეიძლება ეკურთხოს ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად, და მეტიც, საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი.

(მოც. 18; ტრულ. 3; ბასილი დიდი 12).

კანონი 18

ვინც დაქორწინებლია ქვრივზე, მეუღლეობიდან განტევებულზე, მეძავზე, მონაზე, ან მსახიობზე, ასეთი პირი ვერ გახდება ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, ვერც საერთოდ – სასულიერო დასის წევრი.

(მოც. 17; ტრულ. 3,26; ბასილი დიდი 27).

კანონი 19

ვინც ორ დაზე იყო დაქორწინებული, ანდა თავის დისწულზე ან ძმისწულზე, ასეთი პირის ადგილი დასში არ არის.

(ტრულ. 26,54; ნეოკეს. 2; ბასილი დიდი 23,78,87; თეოფილე ალექს. 5).

კანონი 20

თუ კლირიკოსი ვინმეს თავდებად დაუდგება, განიკვეთოს.

(მოც. 6,81; IV მსოფლ. 3,30; სარდიკ. 7; კართ. 75).

კანონი 21

პირი, რომელიც ადამიანთა ძალადობის შედეგად გახდა საჭურისი, ან დევნის პერიოდში მამაკაცური ასო წაერთვა, ან ამ მდგომარეობაში დაიბადა, თუ ღირსია, ეპისკოპოსად დადგინდეს.

(მოც. 22,23,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).

კანონი 22

თავისი თავის გამოსმაჭურისებელი არ იქნეს სასულიერო დასში მიღებული, რამეთუ იგი თვითმკვლელი და საღმრთო ქნილების მტერია.

(მოც. 21,23,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).

კანონი 23

კლირიკოსი, რომელიც თავის თავს გამოისაჭურისებს, განიკვეთოს, რამეთუ იგი თავის მკვლელია.

(მოც. 21,22,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).

კანონი 24

ერისკაცი, რომელიც თავის თავს გამოისაჭრისებს, სამი წლით განკანონებულ იქნეს ზიარების საიდუმლოდან, რამეთუ იგი თავისი სიცოცხლის მტერია.

(მოც. 21,22,23; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).

კანონი 25

ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: “... არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა” (ნაუმ. 1,9). იგივეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც.

(მოც. 29,30; I მსოფლ. 9; ტრულ. 4,21; ნეოკეს. 1,8; კართ. 27; ბასილი დიდი 3,32,51,70,82).

კანონი 26

ვბრძანებთ, კლირში გაწევრიანებულ იმ უქორწინებელ პირთაგან, რომლებსაც ქორწინება სურთ, ამის უფლება მხოლოდ წიგნისმკითხველებსა და მგალობლებს მიეცეთ.

(მოც. 5,51; IV მსოფლ. 14; ტრულ. 3,6,13; ანკვ. 10; ნეოკ. 1; კართ. 16; ბასილი დიდი 69).

კანონი 27

ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან  განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქითL სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “...ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა...” (I პეტ. 2,23).

(ორგზ. 9).

კანონი 28

აშკარა დანაშაულისათვის სამართლიანად განკვეთილი ეისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაბედავს და კვლავ შეუდგება ოდესღაც მისთვის დავალებულ მსახურებას, ეკლესიიდან სრულიად მოიკვეთოს.

(I მსოფლ. 5; II მსოფლ. 6; IV მსოფლ. 29; სარდ. 14; ანტიოქ. 4,12,15; კართ. 29,65; ბასილი დიდი 88).

კანონი 29

სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელდამსხმელიც ეკლესიიდან სრულიად უნდა მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი ჩემგან – პეტრესგან.

(IV მსოფლ. 2; ტრულ. 22,23; VII მსოფლ. 4,5,15,19; სარდ. 2; ბასილი დიდი 90; ტარსის ეპისტ.).

კანონი 30

ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი მეშვეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს, ასევე, ყველა მისი თანამოაზრე.

(I მსოფლ. 4; VII მსოფლ. 3; ლაოდ. 13).

კანონი 31

მღვდელი, რომელიც უგლებელყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე კრებებს მოაწყობს და სხვა საკურთხეველს აღმართავს ისე, რომ სასამართლოს მიერ ეისკოპოსს ვერავითარ ისეთ ქმედებაში ვერ ამხელს, რაც ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო იქნებოდა, განკვეთილ იქნეს, როგორც მთავრობისმოყვარე, რამეთუ იგი ძალაუფლების მიმტაცებელია. ასევე, განიკვეთოს კლირის ყველა სხვა წევრი, ვინც კი მას შეუდგება; ერისკაცები კი, ასეთ შემთხვევაში, საეკლესიო ზიარებიდან განკანონდნენ. ხოლო ეს ამგვარად აღესრულოს ეპისკოპოსის მხრიდან ერთგზის, ორგზის და სამგზის შეგონების შემდეგ.

(II მსოფლ. 6; III მსოფლ. 3; IV მსოფლ. 18; ტრულ. 31,34; ღანგ. 6; სარდ. 14; ანტიოქ. 5; კართ. 10,11; ორგზ. 13,14,15).

კანონი 32

რომელიმე ერთი ეპისკოპოსის მიერ განყენებით დასჯილი მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარების უფლება, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს; მღვდელმოქმედების უფლება მას კვლავ მისმა განმკანონებელმა ეპისკოპოსმა უნდა დაუბრუნოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ეპიკოპოსი გარდაიცვლება.

(მოც. 12,13,16; I მსოფლ. 5; II მსოფლ. 6; ანტიოქ. 6; სარდ. 13; კართ. 11,29,133; სოფ. 1).

კანონი 33

არ უნდა მოხდეს უცხო ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარება წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, ხოლო ამ სიგელის წარდგენის შემდეგ გამოიკვლიონ და, თუკი აღმოჩნდება, რომ ის კეთილმსახურების მქადაგებელია, მიღებულ იქნეს; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცით მას რაც სჭირდება, საძმოში კი ნუ მიიღებთ, რამეთუ მრავალი სიყალბე ხდება

(მოც. 12,13; IV მსოფლ. 11,13; ანტიოქ. 7,8; ლაოდ. 42; კართ. 23,106).

კანონი 34

ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან, ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით.

(I მსოფლ. 4,6,7; II მსოფლ. 2,3; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 28; ტრულ. 36,39; ანტიოქ. 9).

კანონი 35

ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება, თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ ხელდასხმა მოახდინოს ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარებიან. ხოლო თუ მხილებულ იქნება, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინა იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ვის დაქვემდებარებაშიაც ეს ქალაქები და სოფლები შედიან, განკვეთილ იქნეს ისიც და მის მიერ დადგენილნიც.

(I მსოფლ. 15; II მსოფლ. 2; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 5; ტრულ. 17; ანკვ. 13; ანტიოქ. 13,22; სარდ. 3,15; კართ. 48,54).

კანონი 36

თუ ეპისკოპოსად ხელდასხმული პირი არ შეუდგება მსახურებასა და მასზე რწმუნებულ მრევლზე მზრუნველობას, მაშინ იგი განყენებულ იქნეს, ვიდრე არ შეუდგება თავის მოვალეობას. ზუსტად ასევე – მღვდელი და დიაკონი. ხოლო თუკი დანიშნულების ადგილას წავა და მიღებული არ იქნება არა თავისი ნებით, არამედ მრევლის ღვარძლის მიზეზით, ასეთ შემთხვევაში იგი ეპისკოპოსად დარჩეს, კლირი კი იმ ქალაქისა განყენებულ იქნეს, იმისათვის, რომ ვერ შეძლო გაჯიუტებული მრევლის განსწავლა.

(I მსოფ. 16; IV მსოფ. 29; ტრულ. 37; ანკვ. 18; ანტიოქ. 17,18; ორგზ. 17; კირილე ალექს. 1,2,3).

კანონი 37

წელიწადში ორჯერ მოხდეს ეისკოპოსთა კრების მოწვევა და განიხილონ საკითხები საღვთისმოსაო დოგმატების შესახებ; კრებაზევე გადაწყდეს ეკლესიაში წამოჭრილი სადავო საკითხები. კრება შედგეს პირველად მეერგასის დღიდან მეოთხე კვირაში, მეორედ – ოქტომბრის მეთორმეტე დღეს.

(მოც. 34; I მსოფ. 5; II მსოფ. 2; IV მსოფ. 19; ტრულ. 8; VII მსოფ. 6; ანტიოქ. 20; ლაოდ. 40; კართ. 18,73).

კანონი 38

ყველა საეკლესიო ნივთზე ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს, როგორც ღვთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, მაგრამ ამ ქონების მითვისება, ან ნათესავებისთვის იმის ჩუქება, რაც ღმერთს ეკუთვნის, მას ეკრძალება. ხოლო, თუ ვინმე უპოვარი ჰყავს, გასცეს მასზე, როგორც უპოვარზე, მაგრამ ამ საბაბით ეკლესიის ქონება არ გაანიავოს.

(მოც. 41; IV მსოფ. 26; ტრულ. 35; VII მსოფ. 11,12; ანკვ. 15; ღანგ. 7,8; ანტიოქ. 24,25; კართ. 26,33; ორგზ. 7; თეოფილე ალექს. 10; კირილე ალექს. 2).

კანონი 39

მღვდლებმა და დიაკვნებმა, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არაფერი მოიმოქმედონ, რადგან მას აბარია ღვთის ერი და იგია მათ სულებზე პასუხისმგებელი.

(მოც. 38,40,41; VII მსოფ. 12; ლაოდ. 57; კართ. 6,7,33).

კანონი 40

ცხადი და გასაგები იყოს ეპისკოპოსის საკუთარი ქონება (თუ მას პირადული გააჩნია), და ცხადი და გასაგები – უფლისა, რათა ეპისკოპოსს სიკვდილის წინ საკუთრების დატოვება შეეძლოს – ვისთვისაც და როგორც უნდა; ეს იმისათვის, რომ საეკლესიო ქონების სახელით არ იქნეს განკარგული ეპისკოპოსის საკუთრება, რომელსაც შეიძლება ცოლ-შვილი ჰყავდეს, ან ნათესავები, ან ყმები. რამეთუ სამართლიანია როგორც ღვთის, ასევე ადამიანთა წინაშე, რომ არც ეკლესიამ განიცადოს ზარალი, როცა არ არის ცნობილი ეპისკოპოსის ქონების შესახებ, და არც ეპისკოპოსმა და მისმა ნათესავება; რათა არ მოხდეს ისე, რომ მათ წაერთვათ საკუთრება ეკლესიის სახელით, ან ეპისკოპოსის ნათესავები ქონებისათვის დავაში ჩაებნენ და მის გარდაცვალებას მისი შეურაცხყოფა მოჰყვეს.

(მოც. 38,41; IV მსოფ. 22; ტრულ. 35; ანტიოქ. 24; კართ. 22,26,81).

კანონი 41

ვბრძანებთ საეკლესიო ქონებაზე უფლება ეისკოპოსს ჰქონდეს; თუკი მას ადამიანთა უკვდავი სულები აბარია, მით უფრო ფულის შესახებ უნდა იქნეს განცხადებული, რომ მან განკარგოს ის თავისი ძალაუფლებით, და უპოვარებს მღვდლებისა და დიაკვნების ხელით მიაწოდოს ღვთის შიშითა და სრული კეთილკრძალულებით; ასევე, თვითონაც მოიხმაროს აუცილებელი საჭიროებისათვის და მწირ ძმებსაც მოახმაროს, და ამდენად, არ განიცადოს რაიმეში დანაკლისი, რამეთუ საღვთო სჯული ადგენს, რომ საკურთხეველის მსახურმა საკურთხეველიდან იკვებოს; ასევე, მხედარიც არ მიდის საომრად თავისი სახსრებით.

(მოც. 38,39; IV მსოფ. 26; VII მსოფ. 12; ანტიოქ. 24,25; თეოფილე ალექს. 10,11; კირილე ალექს. 21).

კანონი 42

ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც თამაშსა და მემთვრალეობას მიეცა, - დაცხრეს, თუ არადა განიკვეთოს.

(მოც. 43,54; ტრულ. 9,50; VII მსოფ. 22; ლაოდ. 24,55; კართ. 40,60).

კანონი 43

იპოდიაკონი, წიგნისმკითხველი (მედავითნე) ან მგალობელი, რომელიც იმავე ცოდვას სჩადის, რაც წინა კანონშია დასახელებული, დაცხრეს, თუ არადა განყენებულ იქნეს ზიარებიდან. იგივე ეხებათ ერისკაცებსაც.

(მოც. 42,54; ტრულ. 9,50; VII მსოფ. 22; ლაოდ. 24,55; კართ. 40,60).

კანონი 44

ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომლიც მოვალისაგან სარგებელს მოითხოვს, - დაცხრეს, თუ არადა, განიკვეთოს.

(I მსოფ. 17; ტრულ. 10; ლაოდ. 4; კართ. 5,16; ბასილი დიდი 14; გრიგოლ ნოს. 6).

კანონი 45

ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს.

(მოც. 10,11,46,64; III მსოფ. 2,4; ლაოდ. 6,9,32,33,34,37; ტიმოთე ალექს. 9).

კანონი 46

ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მწვალებელთა ნათლისღებას შეიწყნარებს ან მათგან მსხვერპლს მიიღებს, განკვეთილ იქნეს. რა თანხმობა შეიძლება ჰქონდეს ქრისტეს ბელიართან, ან რა წილი მორწმუნეს ურწმუნოსთან? (შდრ. II კორ. 6,15).

(მოც. 47,68; I მსოფ. 19; II მსოფ. 7; ლაოდ. 7,8; ბასილი დიდი 1,47).

კანონი 47

თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი.

(მოც. 46,49,50; I მსოფ. 8,19; II მსოფ. 7; ტრულ. 84,95; ლაოდ. 32; კართ. 48,72; ბასილი დიდი 1,47,91).

კანონი 48

ერისკაცი, რომელიც თავის ცოლს განიშორებს და სხვას, ან სხვისაგან განტევებულს შეირთავს, ზიარებიდან განყენებულ იქნეს.

(ტრულ. 87,93; ანკვ. 20; კართ. 102; ბასილი დიდი 9,21,35,48,77).

კანონი 49

თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი, ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებს არა უფლის განწესებისამებრ: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განკვეთილ იქნეს.

(მოც. 46,47,50,68; II სოფ. 7; ტრულ. 78,84,95,96; ნეოკეს. 12; ლაოდ. 47,48; კართ. 45,48,72,110; ბასილი დიდი 1,91).

კანონი 50

თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: “ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით”, არამედ: “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა” (მათ. 28,19).

(მოც. 46,47,49; II მსოფ. 7; ტრულ. 95; ნეოკეს. 12; ლაოდ. 47; კართ. 47; ბასილი დიდი 1,91).

კანონი 51


თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი განუდგება ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს არა დათმინების ღვაწლის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სისაძაგლედ მიიჩნევს, - გამოსწორდეს, თუ არადა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს, რადგან მას ავიწყდება, რომ ყოველივე კეთილია ფრიად და რომ ღმერთმა შექმნა რა ადამიანი, მამაკაცად და დედაკაცად ჰყო ის, და თავისი ქმედებით შეურაცხყოფს და ცილს სწამებს შემოქმედს; ასევე - ერისკაციც.


(მოც. 53,66; IV მსოფ. 16; ტრულ. 13; ანკვ. 14; ღანგ. 1,2,4,14,21).

კანონი 52


ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა: "... ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა..." (ლუკ. 15,7).

(I მსოფ. 8; ტრულ. 43,102; ბასილი დიდი 74).

კანონი 53


თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი დღესასწაულის დღეებში არ მიიღებს ხორცსა და ღვინოს იმ მიზეზით, რომ შეიძულა და, არა - დათმინების ღვაწლის გამო, განკვეთილ იქნეს, როგორც თავისი სინდისისაგან დამწვარი და მრავალთა დაბრკოლების მიზეზი.

(მოც. 51,66; ანკვ. 14; ღანგ. 2,21).

კანონი 54


თუ რომელიმე კლირიკოსი მხილებულ იქნება, რომ იგი დუქანში ჭამს, განყენებულ იქნეს; გარდა იმ შემთხვევისა, როცა მგზავრობისას, საჭიროების გამო, სასტუმროში დაისვენებს.


(ტრულ. 9; ლაოდ. 24; კართ. 40).

კანონი 55


კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: "...მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი" (საქმე 23,5).

(მოც. 31,39; IV მსოფ. 8; ტრულ. 34; ლაოდ. 57; კართ. 7).

კანონი 56


კლირიკოსი, რომელიც მღვდელს ან დიაკონს შეურაცხყოფს, საეკლესიო ზიარებიდან განყენებულ იქნეს.


(I მსოფ. 18; ტრულ. 7; ლაოდ. 20; ბასილი დიდი 88).

კანონი 57


კლირიკოსი, რომელიც დასცინებს კოჭლს, ყრუს, ბრმას ან ფეხებდაწყლულებულს, - განყენებულ იქნეს; ასევე ერისკაციც.

კანონი 58


ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც არ ზრუნავს კლირზე და მრევლზე, და არ ასწავლის მათ ღვთისმოსაობას, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ ამის შემდეგაც იმცონარებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას - განიკვეთოს.


(ტრულ. 19; სარდ. 11; ლაოდ. 19; კართ. 71,121,123).

კანონი 59


ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაჭირვებულ კლირიკოსს არსებობისათის საჭირო სახსრებს არ აძლევს, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ კვლავ ულმობელი დარჩება კლირიკოსთა მიმართ, განიკვეთოს როგორც ძმის მკვლელი.

(მოც. 4,38,41; ღანგ. 7,8; კართ. 37; თეოფილე ალექს.8).

კანონი 60


მღვდელმსახური, რომელიც მრევლისა და კლირის საზიანოდ უწმიდურ წიგნებს ეკლესიაში საჯაროდ წაიკითხავს, როგორც წმიდათა წიგნებს, განკვეთილ იქნეს.


(მოც. 85; ტრულ. 63; VII მსოფ. 9; ლაოდ. 59,60; კართ. 24; ათანასე დიდი დღესასწაულების შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნების შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ).

კანონი 61


მორწმუნე, რომელსაც ბრალი ექნება წაყენებული და ამხილებენ სიძვაში, მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმიანობაში, კლირშიო არ უნდა იქნეს შეყვანილი.


(მოც. 25; I მსოფ. 2,9,10; II მსოფ. 6; ტრულ. 33; ანკვ. 12; ნეოკ. 1,9,12; კართ. 128.129.130; ბასილი დიდი 89; გრიგოლ ნოს. 5,6; თეოფილე ალექს. 3,6).

კანონი 62


თუ ვინმე კლირიკოსთაგანმა, იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელი უარყოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს, კლირიდან განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეწყნარებულ იქნეს, როგორც ერისკაცი.

(I მსოფ. 10; ამკვ. 1,2,3,12; პეტრე ალექს. 10,14; ათანასე დიდის ეპისტოლე რუფინუსისადმი; თეოფილე ალექს. 2).

კანონი 63


ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი, რომელიც სისხლიან ხორცს შეჭამს, ან მხეცის დაგლეჯილ ან დამხრჩვალ ცხოველს, განიკვეთოს, რადგან ეს სჯულმა აკრძალა. ხოლო თუ ამას ერიკაცი ჩაიდენს, უზიარებლობით დაისაჯოს (შდრ. საქმე 15,29).

(ტრულ. 67; ღანგ. 2).

კანონი 64


კლირიკოსი, რომელიც საუფლო დღეს ან შაბათს მარხვის შენახვაში იქნება მხილებული, გარდა ერთი შაბათისა (დიდი შაბათი), განკვეთილ იქნეს; ერისკაცი კი იგივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს.


(მოც. 51,53; IV მსოფ. 16; ტრულ. 13,56; ანკვ. 14; ღანგ. 18,21; ლაოდ. 29,49,51).

კანონი 65


თუ რომელიმე კლირიკოსი ან ერისკაცი, იუდეველების ან მწვალებლების სინაგოგაში სალოცავად შევა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და უზიარებლობით დაისაჯოს.


(მოც. 7,45,70,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 6,29,33,37,37).

კანონი 66


თუ კლირიკოსი ჩხუბში ვინმეს ერთი დარტყმით მოკლავს, განკვეთილ იქნეს შეუკავებელი თავხედობისათ
ის; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებლობით დაისაჯოს.

(მოც. 27; ორგზ. 9; ანკვ. 22,23; ბასილი დიდი 8,54,55,56,57; გრიგოლ ნოს. 5).

კანონი 67


ვინც დაუწინდავ ქალწულზე ძალადობას იხმარს, ზიარებიდან განყენებულ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ ჰყავდეს ის, ვინც ირჩია, თუნდაც იგი გლახაკი აღმოჩნდეს.

(IV მსოფ. 24; ტრულ. 92,98; ანკვ. 11; ბასილი დიდი 22,25,26,30,69).

კანონი 68


ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელდასხმას, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს - ისიც და მისი ხელდამსხმელიც; გარდა იმ შემხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელდასხმა ერეტიკოსისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური.

(მოც. 46,47; I მსოფ. 8,19; II მსოფ. 4; III მსოფ. 5; ლაოდ. 8,32; კართ. 36,47,57,68; ბასილი დიდი 1,3).

კანონი 69


ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელმაც აღდგომის წინ წმიდა ორმოცი, ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი, ასეთივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს.

(ტრულ. 29,56,89; ღანგ. 19; ლაოდ. 49,50,51,52; დიონისე ალექს. 1; პეტრე ალექს. 15; ტიმოთე ალექს. 8,10).

კანონი 70


ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს.

(მოც. 7,64,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38; კართ. 51,73,106).

კანონი 71


ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს.

(მოც. 7,64,70; ტრულ. 11,94; ანკვ. 7,24; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38,39; კართ. 21).

კანონი 72


თუ ვინმემ, იქნება ის კლირიკოსი თუ ერისკაცი, წმიდა ეკლესიიდან ცვილი ან ზეთი მიიტაცოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს და ხუთწილად გადაიხადოს, რაც წაიღო.

(მოც. 25,38,73; ანტიოქ. 25; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8).


კანონი 73


ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, ნურავინ მიითვისებს საკუთარი საჭიროებისათვის - ეს უსჯულოებაა. მხილებული კი ასეთ ქმედებაში, ეკლესიიდან განყენებულ იქნეს.


(მოც. 25,38,72; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8; კირილე ალექს. 2).


კანონი 74


ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს.


(მოც. 34,37,75; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).


კანონი 75


ეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებელი მოწმის სახით ნუ მიიღება, ნურც მხოლოდ ერთი მორწმუნე. "... პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი" (მთ. 18,16).

(I მსოფ. 2; II მსოფ. 6; კართ. 59,131,132; თეოფილე ალექს. 9).


კანონი 76


უჯეროა ეპისკოპოსისათვის საკუთარი სურვილისამებრ ვინმეს ეპისკოპოსის ხარისხში აყვანა იმ მიზნით, რათა სათნო ეყოს თავის ძმას, შვილს ან სხვა რომელიმე ნათესავს; არ არის მართებული ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად, ხოლო ღვთის საკუთრება - კაცობრიულ ვნებების დასაკმაყოფილებელ ძღვნად ვაქციოთ; არ შეიძლება ღვთის ეკლესია მემკვიდრეების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდეს. ვინც ამას მოიმოქმედებს, განყენებით დაისაჯოს, მის მიერ აღსრულებული ხელდასხმა კი გაუქმებულად ჩაითვალოს.


(მოც. 1,30; I მსოფ. 4; VII მსოფ. 3; ანტიოქ. 19,23; კართ. 22,49).

კანონი 77


ვისაც თვალს აკლია, ანდა ფეხები აქვს დაზიანებული, მაგრამ ეპისკოპოსობის ღირსია, დაე, გახდეს, რამეთუ არა ფიზიკური, არამედ სულიერი ნაკლი შებილწავს მას.


(მოც. 22,23,25,29,78,80; I მსოფ. 2,9,10; IV მსოფ. 2; ტრულ. 10,22,23; VII მსოფ. 4,5,15,19; ნეოკეს. 1,9; ლაოდ. 4,15; კართ. 5,15,16,45,63; ორგზ. 8; ბასილი დიდი 61,64,82,90; გრიგოლ ნოს. 5,6).


კანონი 78


თუ ვინმე ან ბრმა იყოს, ეპისკოპოსი ნუ გახდება; არა იმიტომ, რომ ამით ის თითქოს წაბილწულია, არამედ, იმიტომ, რომ საეკლესიო საქმეების წარმოებას წინააღმდეგობა არ შეექმნას.

(მოც. 22,23,25,29,77,80; I მსოფ. 2,9,10; IV მსოფ. 2; ტრულ. 10,22,23; VII მსოფ. 4,5,15,19; ლაოდ. 4,12; კართ. 5,15,16,45,63; ორგზ. 8; ბასილი დიდი 61,64,82,90; გრიგოლ ნოს. 5,6).

კანონი 79


ვისაც სულში დემონი ჰყავს, კლირში ნუ იქნება მიღებული; ნურც მართლებთან ერთად ილოცებს. თუკი მისგან გათავისუფლდება, მართლებს შეუერთდეს, ხოლო, თუ კლირიკოსობის ღირსი აღმოჩნდეს, კლირშიაც ჩაირიცხოს.


(ტრულ. 60; ტიმოთე ალექს. 2,3,4,14).

კანონი 80


წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულისა და ნათელღებულის, ანდა ბიწიერი ცხოვრებიდან გაქრისტიანებულის მაშინვე ეპისკოპოსად დადგინება არ არის სამართლიანი; რადგან უჯეროა გამოუცდელი პირი სხვისი მოძღვარი იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საღმრთო მადლით ეწყობა.


(I მსოფ. 2; VII მსოფ. 2; ნეოკეს. 12; ლაოდ. 3,12; სარდ. 10; ორგზ. 17; კირილე ალექს. 4).


კანონი 81


ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისათვის საერო-საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა (ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა - განიკვეთოს, რამეთუ უფლის მცნების თანახმად "ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად..." (მათ. 6,24).

(მოც. 6,20,83; IV მსოფ. 3,7; VII მსოფ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).

კანონი 82


მონების კლირში შეყვანას - მათი ბატონების ნებართვის გარეშე - ვკრძალავთ, რათა არ მოხდეს მათი პატრონების განაწყენება, რადგან ეს სახლებში შფოთის გამოწვევის მიზეზი ხდება. ხოლო თუ ვინმე მონათაგან ხელდასხმის ღირსი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ონისმიე აღმოჩნდა, ბატონი კი ინებებს და გაათავისუფლებს და სახლიდან დაითხოვს, ასეთ შემთხვევაში ხელდასხმულ იქნეს.


(მოც. 6,81,83; IV მსოფ. 4; ტრულ. 85; ღანგ. 3; კართ. 64,82).

კანონი 83


ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სამხედრო საქმეში იწვრთნება და ორივეს პყრობა სურს, ანუ რომის ხელისუფლებისაცა და სასულიერო წოდებისაც, განკვეთილ იქნეს იერარქიული ხარისხიდან, რამეთუ "... კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა" (მათე 22,21).

(მოც. 6,81; IV მსოფ. 3,7; VII მსოფ. 10; ორგზ. 11; ბასილი დიდი 55).


კანონი 84


პირი, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია. თუ იგი სასულიერო პირი იქნება, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებლობით დაისაჯოს.

(მოც. 55,56)
.

კანონი 85


თქვენთვის ყველასთვის, სამღვდელოებისთვის და ერისკაცებისთვისაც, პატივმისაგები და წმიდა იყოს ძველი აღთქმის შემდეგი წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა; ისო ნავეს ძისა - ერთი; მსაჯულთა - ერთი; რუთისა - ერთი; მეფეთა - ოთხი; ნეშტთა - ორი; ეზრასი - ორი; ესთერისი - ერთი; მაკაბელთა - სამი; იობისა - ერთი; ფსალმუნთა - ერთი; სამი სოლომონისა - იგავნი, ეკლესიასტე, ქება ქებათა; თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი; ესაიასი - ერთი; იერემიასი - ერთი; ეზეკიელის - ერთი; დანიელის - ერთი. გარდა ამისა, თქვენთვის შენიშვნის სახით დავსძენთ, რომ თქვენმა ყმაწვილებმა შეისწავლონ სიბრძნე მრავალგანსწავლული ზირაქისა. ჩვენი კი, ანუ ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; პავლეს ეპისტოლენი თოთხმეტი, პეტრესი - ორი, იოანეს - სამი, იაკობის - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტისა - ორი; აგრეთვე თქვენთვის, ეპისკოპოსთათვის, დადგენილებანი ჩემ, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი (რომელთა გამოქვეყნება ყველას წინაშე უჯეროა, მათში შესულ საიდუმლოთა გამო); და საქმენი ჩვენი მოციქულთა.


(მოც. 60; ტრულ. 2; ლაოდ. 60; კართ. 24; ათანასე დიდი დღესასწაულების შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნების შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ).

 

კანონები მოტანილია წიგნიდან :"წმიდა მოციქულთა კანონები განმარტებებით" -

ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში).

რუსულიდან თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ

თბილისი 2006