მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

საეკლესიო სამართალი

 

მცირე სჯულის კანონი

 

A5

 

1. კანონნი შეცოდებულთანი, განწესებული ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მმარხველისა მიერ, კოსტანტინეპოლელ პატრიარქისაჲ
2. ქრისტჱ, ადიდჱ წმიდათა შენთა თანა მამაჲ გრიგოლ მთაწმიდელი.
3. უკუეთუ ვის შეემთხჳნენ ბუნებითნი ცოდვანი, ესე იგი არს სიძვანი დედათა თანა, გინა თუ ქურივთა, ანუ მჴევალთა, ანუ მეძავთა წესითა მით ბუნებითისა ცოდვისაჲთა და დაიყოვნოს საქმესა მას შინა ცოდვისასა მრავალ ჟამ
4. და მერმე მოვიდეს სინანულად აღიარნეს ცოდვანი იგი თჳსნი და მოიწყჳდნეს სრულიად, სამ წელ განიკანონოს არა ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, რამეთუ ზემოწერილთაცა კანონთა შინა კრებათაგან და წმიდისა ბასილისგან დაწესებულთა,
5. სადა-იგი შჳდი წელი წერილ არს სიძჳსათჳს, არა ამას აჩინებს, თუ რავდენიცა ვისდა სიძვაჲ შემთხუეულ იყოს, თითოეულისა ცოდვისათჳს შჳდ-შჳდი წელი დაიმარხოს, არამედ ოდეს სინანულად და აღსაარებად მოვიდეს,
6. უკუეთუ სიძვითა ოდენ უქმროთა დედათაჲთა ეცოდოს, შჳდ წელ განიკანონოს, უკუეთუ მრუშებაჲ ექმნას ანუ მამათმავლობაჲ – იე წელ;
7. და სხუანი იგი ცოდვანი, ვითარცა აღწერილ არიან.
8. აწ უკუე შჳდსა მას წელსა სიძვისათჳს დაწესებულსა სამ წლად მოვიყვანებთ უძლურებისათჳს ამის ნათესავისა, გინათუ ცოლოსანი იყო კაცი იგი, გინათუ უცოლოჲ,
9. რამეთუ უკუეთუ ცოლოსანსა კაცსა შეემთხჳოს სიძვაჲ დედაკაცსა თანა უქმროსა, არა მიეცემის კანონი მრუშებისაჲ, არამედ სიძვისაჲ ოდენ, უკუეთუ კულა ქმრის ცოლსა თანა ცოდოს, მაშინ დაესაჯების მრუშებაჲ.
10. და კუალად უკუეთუ ცოლი თჳსი განიშოროს, გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშა, ვითარცა წმიდასა სახარებასა წერილ არს.
11. ხოლო ვიდრემდის თჳსსა ცოლსა თანა იყოს, დაღაცათუ სიძვაჲ შეემთხჳოს ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა, სიძვისა კანონი მიეცემის.
12. ხოლო დედაკაცმან ქმროსანმან, უკუეთუ სხუასა მამაკაცსა თანა ცოდოს, იმრუშა, რამეთუ იტყჳს წმიდაჲ ბასილი, ვითარმედ: „ბრძანებაჲ უფლისაჲ მამათათჳს და დედათა სწორად გულისჴმა იყოფების“.
13. გარნა ჩუელებაჲ წესისაჲ ესრეთ იქმნა: დედათათჳს ქმროსანთა დიდი კრძალულებაჲ დაეწესა, რაჲთა არა ჴელ-ეწიფებოდის სხჳსა მამაკაცისა მისლვად;
14. უკუეთუ მივიდეს, მემრუშე არს და არღარა შეიწყნარებს ქმარი მისი, არამედ განიშორებს, ვითარცა იტყჳს იერემია წინაწარმეტყუელი: „უკუეთუ მივიდეს დედაკაცი სხჳსა მამაკაცისა, ვერღარა მიიქცეს ქმრისა თჳსისა“.
15. – და კუალად წერილ არს: „რომელმან იპყრას მრუშებული იგი თჳს თანა, უგუნურ არს და ურჩულო“.
16. ხოლო მამაკაცი, თუ ცოლოსანი ისიძვიდეს, არა ჴელ-ეწიფების ცოლსა მისსა განშორებად მისგან, რამეთუ ესრეთ არს ჩუეულებაჲ ამის საქმისაჲ: დაღაცათუ ურწმუნოჲ იყოს ქმარი და ცოლი მორწმუნე და ქმარსა მას ჯერ უჩნდეს ყოფაჲ მის თანა,
17. არავე უბრძანებს მოციქული დატევებად ქმრისა მის, რამეთუ: „განწმიდნებისო ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან“.
18. ესე იგი არს – სარწმუნოებითა მორწმუნისა მის დედაკაცისაჲთა მოსლვად არს ქმარიცა სარწმუნოებად, ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს,
19. ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ გინათუ ცოლოსანი იყოს, გინათუ უცოლოჲ და შეემთხჳოს სიძვაჲ, გინათუ მცირედ, გინათუ მრავალგზის და მოვიდეს აღსაარებად, სამ წელ უზიარებლობაჲ დაიმარხოს, უკუეთუ ცოდვანი იგი მოიწყჳდინეს და გულსმოდგინებით ინანდეს.
20. ეგრეთვე უკუეთუ ბუნებისა გარეგანნი ვის ცოდვანი ექმნენ: პირუტყუთა თანა დაცემანი, ანუ მამათმავლობანი – ანუ მას სხუათა თანა, ანუ სხუათა მას თანა – ანუ თჳსთა ნათესავთა თანა დაცემულ იყოს:
21. ძმის ცოლთა, ანუ მამის ძმისწულის ცოლსა, ანუ სხუათა ესევითართა თჳსთა და მსწრაფლ მოეწყჳდნენ საქმენი იგი და არა დაჰყოვნებოდის [!] მათ შინა და მოვიდეს სინანულსა ლმობიერსა და აღიარნეს ცოდვანი იგი, მან სამი, გინა ოთხი წელი უზიარებლობისაჲ დაიმარხოს.
22. უკუეთუ კულა დაცემულ იყოს დედაკაცსა თანა და მისვე დედაკაცისა ასულსა, ანუ ორთა დათა თანა, ანუ ორთა ძმათა, ანუ სძალსა თჳსსა თანა, ანუ სიძესა –ასულისა ქმარსა – ხუთ წელ უზიარებელ იყოს.
23. უფროჲსად, უკუეთუ სხუანიცა ცოდვანი აქუნდენ სიძვისანი, გარეშე მრუშებისა, რამეთუ უკუეთუ მრუშებაჲცა შემთხუეულ იყოს, უმეტესი კანონი თანა-აც.
24. ხოლო სხუათა მათ ურჩულოთა და საწარმართოთა საქმეთაგან თუ ექმნას ვის რომელ-იგი, ნუმცა ვისდა შემთხუეულ არს თჳსსა დედასა თანა ანუ ასულსა, ანუ დასა, ანუ ძმასა – დაცემაჲ – ანუ პირუტყუთა თანა ნეზუთა,
25. ანუ დედათა თანა მამათმავლობის სახით და უფროჲსად თჳსთა მეუღლეთა, ანუ სჳნდიკნოზსა თანა, გინა აქმულსა, ამათ ესევითართა ცოდვათა კანონნი მამათა მიერ განწესებულნი ზემოწერილ არიან.
26. ხოლო მე ვიტყჳ სასოებითა აურაცხელისა მის სახიერებითა ღმრთისაჲთა: უკუეთუ ვის ბოროტნი ესე ცოდვანი შეემთხჳნენ და მოიწყჳდნეს სრულიად, და აღიარნეს ბრალნი თჳსნი და მოიგოს სინანული ლმობიერი,
27. მიეცეს მას კანონი უზიარებლობისაჲ რვა წელ, გინა თუ ათ წელ, გინა ათ ორმეტ წელ, ვითარცა სინანულსა და მოღუაწებასა ბრალეულისასა მას ხედვიდეს მოძღუარი იგი სულიერი.
28. ხოლო უკუეთუ ვის შეემხჳოს მამათმავლობაჲ ერთგზის ოდენ, გინათუ პირუტყუსა თანა, და იყოს იგი უმეცარი და უსწავლელი და შინაგან ოცდაათისა წლისა და მეჴსეულად მოიწყჳდოს ცოდვაჲ იგი და მოვიდეს სინანულად, ესევითარსა მას ერთი, გინა ორი წელი კმა-ეყავნ კანონად.
29. უკუეთუ კულა უმეტეს ოცდაათისა წლისა იყო ჰასაკითა და სხუანიცა ბუნებითნი ცოდვანი აქუნდენ და ბუნებისა გარეშენიცა იგი ექმნენ ერთგზის ანუ ორგზის, სამ წელ განიკანონოს, რამეთუ ყოველი ცოდვაჲ,
30. რომელი უწინარეს ოცდაათისა წლისა ჰასაკისა შემთხუეულ ვისდა იყოს, უსუბუქესად განიკანონების, დაღაცათუ მძიმეთა ცოდვათაგანი იყოს, რამეთუ ვიდრე ოცდაათ წლამდის უმეცრებაჲ გონებისაჲ და მჴურვალებაჲ ჴორცთაჲ დიდად ჰმძლავრობს კაცსა და ამისთჳს უსუბუქესად განიკანონების.
31. და ხოლო ყოველი ცოდვაჲ, რომელი ოცდაათის წლისა აღმართ შეემთხჳოს ვის, დაღაცათუ უდარესთა ცოდვათაგანი იყოს, უმეტესისა კანონისა თანამდებ არს.
32. და ყოველსავე ზედა მოძღუარსა მას, რომელი აღსაარებასა შეცოდებულისასა ისმენდეს თანა-აც ხილვაჲ სიჭაბუკისაჲ და სიბერისაჲ და ძლიერებისა და უძლურებისაჲ და განყოფილებანი ადგილთანი და სახენი, რომლითა იქმნა ცოდვაჲ, რამეთუ მრავალ სახე არს და მრავალგუარი.
33. და გინათუ მან დაჰპატიჟა მეორესა, გინათუ მის მიერ დაეპატიჟა მას, გინათუ განზრახვით და წურთით მივიდა ცოდვასა მას, ანუთუ იშობრივ და აღტაცებით შეემთხჳა, ანუთუ მთრვალი იპოა,
34. ანუთუ პატრონისა ბრძანებითა ჴელმწიფებით შეემთხჳა შიშითა მისითა, ანუთუ სიგლახაკისაგან და მსგავსთა ამათგან, ანუ თჳსითა ოდენ გულისთქუმითა და ნებითა ქმნა,
35. ამის ყოვლისა გამოძიებაჲ ჯერ-არს მოძღურისა მიერ ჟამისაჲ და ჰასაკისაჲ და ადგილისაჲ და იძულებითისაჲ და ფლობილობისაჲ და მის ზედა მიცემაჲ კანონისაჲ, რამეთუ ამათ პირთა და საქმეთაგან უმძიმეს და უსუბუქეს იქმნებიან ცოდვანი,
36. რამეთუ არა ერთად განიკანონების, რომელსა იძულებით და მძლავრობით და ჭირით შეემთხჳოს, და რომელმან ჴელმწიფებით დაჰპატიჟოს და მძლავრ ქმნას, გინა აქმნიოს ბოროტი.
37. და კუალად რომელმან ნეფსით და განზრახვით და წურთით ცოდოს და რომელსა ანაზდაჲთ აღტაცებით შეემთხჳოს.
38. და კუალად ადგილთაგან ფრიად იქმნების განყოფილებაჲ: რომელნიმე სახლთაცა შინა თჳსთა ერიდებიან ცოდვისა ქმნად და რომელნიმე ეკლესიათაცა და საშინელთა ადგილთაგან არა შეიკდემენ.
39. და კუალად მღდელთა ანუ ებისკოპოსთა ცოდვანი ერისკაცთასა ფრიად უმძიმე და უძნელეს არიან.
40. და სწავლულთა და მეცნიერთაჲ უძნელეს არიან უსწავლელთა და უმეცართასა.
41. ამის ყოვლისა გამოკითხვაჲ უჴმს მოძღუარსა და ეგრეთ მიცემაჲ კანონისაჲ.
42. ეგრეთვე შემუსრვილებაჲ და სიმდაბლე და ლმობიერებაჲ შეცოდებულისაჲ განიცადოს, გინათუ კუალად გულფიცხელობაჲ და თავჴედობაჲ და ულმობელობაჲ და დაუმდაბლებელობაჲ.
43. რამეთუ არიან კაცნი, რომელნი გონებითა მდაბლითა და გულითა ლმობიერითა და შემუსრვილითა დიდთა ცოდვათა და მძიმეთა აღასუბუქებენ
44. და სხუანი კუალად მცირეთაცა და სუბუქთა ცოდვათა განადიდებენ და დაამძიმებენ გულფიცხელობითა და ზუაობითა და უგულებელს-ყოფითა ბრალთა მათთაჲთა, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე, ვითარმედ: „არა გულისჴმა-ყვეს ყოველთა, რომელნი იქმნან ურჩულოებასა“.
45. ხოლო მდაბალთათჳს და შემუსრვილთა გულითა იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელისა მიერ: „ვისა მივხედნე, გარნა მშჳდსა და მყჳდროსა და რომელი ძრწოდის სიტყუათაგან ჩემთა?“
46. კუალად არიან რომელნიმე ბუნებით მჴურვალენი და ბრძოლისაგან ჴორცთაჲსა ფრიად იმძლავრებიან.
47. ესევითართა ბრძოლათა მძლავრებისაგან უკუეთუ შეემთხჳოს ერთგზის, გინა ორგზის ცოდვაჲ, გინათუ თუ ბუნებითი, გინათუ გარეშე ბუნებისა და მყის მოიწყჳდოს
48. და აჩუენოს ლმობიერი სინანული და არღარა მიაქციოს ცოდვისა მიმართ, არამედ შიშისათჳს ღმრთისა წინააღუდგეს გულისთქუმათა და ბრძოლათა ჴორცთასა, ესევითართა ერთ წელ ანუ ორ წელ ჴმა-ვყავ და მივეც მათ შენდობაჲ.
49. სხუანი არიან ბუნებით გრილნი და არა ჰპატიჯობს ბუნებითი სიმჴურვალე და ბრძოლაჲ, არამედ უშიშობითა ღმრთისაჲთა და უკრძალველობითა თჳსითა ცოდვენ.
50. ესევითარნი-იგი უმძიმესსა და უმეტესსა კანონსა თანამდებ არიან, რამეთუ არა ბუნებაჲ ჰმძლავრობს მათ, არამედ ნებაჲ ცოდვისმოყუარე.
51. ეგრეთვე რომელნი დაბერდენ ცოდვათა შინა და ვიდრე სიბერედმდე არა მოიქცენ სინანულად, ფრიადსა კანონსა თანამდებ არიან აღსრულებად.
52. ხოლო რომელნი სიჭაბუკისა ოდენ ჟამსა უწინარეს ოცდაათისა წლისა მიემთხჳნეს ბრალთა ცოდვისათა, გინათუ უსწავლელნი იყუნეს ანუ თუ სწავლულნიცა
53. და კუალად უკუეთუ არა განზრახვით და წურთით ქმნეს, არამედ ცთომით და აღტაცებით შეემთხჳა და მყის მოიწყჳდეს, უსუბუქესად განიკანონებიან და ადრე მიეცემის შენდობაჲ ერთ წელ, გინა ორ წელ, გინა სამ წელ.
54. უკუეთუ არა დიდთა ცოდვათა შთავრდომილ იყვნენ, ვითარ-იგი არს სჳნდიკნოზსა თანა ანუ აქმულსა დაცემაჲ, ანუ დასა, გინა დედასა, რომელ-ესე ნუმცა სადა ქმნილ არს,
55. ანუ დედათა თანა მამათმავლობის სახითა დაცემაჲ, ანუ ესევითარი რაჲმე მძიმე და ბოროტი ცოდვაჲ თუ იყოს, ზემოწერილ არს კანონი ესევითართა საქმეთაჲ.
56. ხოლო სხუანი იგი ცოდვანი უსუბუქესნი, ვითარცა ვთქუ, უკუეთუ ვის სიჭაბუკისა და ბრძოლისა ჟამსა შეემთხჳოს ცთომით და მყის მოიწყჳდოს და მოვიდეს სინანულად, უსუბუქესად და წყალობით განიკანონოს,
57. ვითარცა მოძღუარმან განიცადოს საზომი და ძალი და ჰასაკი შეცოდებულისაჲ მის და ლმობიერებაჲ და სინანული, გინათუ კუალად წინააღმდგომი ამათ სახეთაჲ, ესე იგი არს უშიშოებაჲ და ულმობელობაჲ და გულფიცხელობაჲ.
58. რომელნი თჳნიერ ჭირისა და კაცობრივისა შიშისა ანუ დიდისა სიგლახაკისა წარმართთა თანა შეიგინნეს მამანი, გინა დედანი, უკუეთუ მამანი იგი უცოლონი იყუნეს, ანუ დედანი უქმრონი, სამ წელ უზიარებელ იყუნენ და მარხვაჲ აღასრულონ და ლოცვაჲ,
59. ვითარცა ქუემო ვთქუათ, ვითარცა ეძლოს სამისა მის სახისაგან, რომელი გუეგულების აღწერად;
60. უკუეთუ კულა ცოლოსანნი იყუნეს მამანი იგი ანუ დედანი ქმროსანნი, ოთხ წლამდე, გინა ხუთ წლადმდე განიკანონებიან და უფროჲსად – უკუეთუ სხუათაცა ბრალთა თანამდებ იპოვნენ.
61. ხოლო უკუეთუ შიშისაგან და ჴელმწიფებით მძლავრობისა, ანუ დიდისა ჭირისა და სიგლახაკისაგან შეემთხჳა, ერთი ანუ ორი წელი მიეცეს კანონად.
62. მეუღლენი ხუცესთა ანუ დიაკონთანი უკუეთუ დაეცნენ, მრუშებაჲ არს ბოროტი, რამეთუ მეუღლეთაცა თჳსთა მკლველ ექმნებიან,
63. რამეთუ უკუეთუ ინებონღა მათ თანა ყოფად, მღდელობისგან გამოეჴუებიან და ამისთჳს არს ცოდვაჲ მათი მრუშებაჲ ბოროტი, უკუეთუ მოვიდენ სინანულად, ოთხ წელ, გინა ხუთ წელ განიკანონნენ.
64. ხოლო მღდელნი დიაკონნი, გინა ხუცესნი, ანუ ებისკოპოსნი სადაცა დაეცნენ და საქმე იგი ცოდვისაჲ სრულებით ქმნან, გინათუ დედაკაცსა თანა, გინათუ სხუას რას ნათესავსა,
65. უკუეთუ ერთგზისცა ოდენ შეემთხჳოს განსრულებული ცოდვაჲ და განჴრწნაჲ, ვერღარა ჴელ-ეწიფების მღდელობაჲ ხოლო ზიარებისაგან ნუ დაეყენებიან, რამეთუ არა იქმნების ორი შურისგებაჲ ერთბამად.
66. ეზიარებოდინ და წარდგომასა იტყოდენ, და საკითხავსა იკითხვიდენ, და რასა სხუანი წიგნის-მკითხველნი იქმან, იგინიცა იქმოდინ, ხოლო მღდელობისაგან იჯმნან.
67. ეგრეთვე პირველ კურთხევისა უკუეთუ ვინ დაეცეს სიძვითა, ვერღარა მოვალს მღდელობად.
68. წიგნისმკითხველისა ცოლმან თუ ისიძვოს, წიგნისმკითხველი იგი დიაკონად ანუ ხუცად არღარა იქმნების,
69. უკუეთუ ცოლსა მას თანაყოფაჲ ენებოსღა, უკუეთუ კულა მემრუშე იგი ცოლი განიშოროს და სხუაჲ არღარა შეირთოს, არამედ სიწმიდით ცხოვნდებოდის, ჴელ-ეწიფების მღდელობისა პატივსა მოსლვად.
70. ეგრეთვე ხუცესმან ანუ დიაკონმან უკუეთუ შეაცნას ცოლსა თჳსსა სიძვაჲ და მეჴსეულად განიშოროს, აქუნდინ მღდელობაჲ თჳსი შეუცვალებელად.
71. უკუეთუ კულა ენებოს ცოლსა მას თანა-ყოფაჲ, მღდელობაჲ არღარა ხუდების, არამედ იჯმნას პატივისა მისგან და არცა სხჳსა ცოლისა შერთვაჲ ჴელ-ეწიფების.
72. უკუეთუ ვინ იყოს ჰასაკსა სიყრმისასა გინათუ ერისკაცი, გინათუ მონოზონებისა სახითა, ანუ დიაკონი და შეემთხჳოს სხჳსა მამაკაცისაგან მის თანა დაცემაჲ,
73. უკუეთუ ბარკალთა მისთა ანუ თეძოთა იქმნას დაცემაჲ იგი და მერმე მოვიდეს ჰასაკად და იქმნას კაცი წესიერი და სხუასა ცოდვასა არღარას შთავარდეს, კანონი დაიმარხოს ჟამ რავდენმე, ვითარცა მოძღუარმან მისმან განკანონოს და მოვიდეს მღდელობად.
74. უკუეთუ კულა საგურკველსა შინა მისსა იქმნა დაცემაჲ იგი და შეემთხჳვა განჴრწნაჲ, ვერღარა მოვალს კურთხევასა მთავარდიაკონობისა ანუ ხუცობისასა,
75. რამეთუ დაღაცათუ მისი ბრალი არა იყო სიყრმისათჳს და უმეცრებისა, გარნა ვინაჲთგან გუამი მისი განიჴრწნა ბილწებითა მით, ვერ ეგების მღდელობაჲ მისი.
76. ხოლო უკუეთუ ჴელითდაცემაჲ შეემთხჳოს პირველ კურთხევისა უმეცრებით არა უწყინ, თუ საქმე იგი ბოროტ არს, ანუ სხჳსა მაცთურისაგან ისწავის და იყოს კაცი იგი წესიერი და სწავლული, განიკანონოს პირველად მოძღურისაგან და ეგრეთ ღირს იქმნას კურთხევასა მღდელობისასა.
77. და უკუეთუ შემდგომად კურთხევისა შეემთხჳა ცოდვაჲ იგი ჴელითდაცემისაჲ მითვე სახითა, ვითარცა ზემო ვთქუ, ანუ უმეცრებით, ანუ სხჳსა ბოროტისა კაცისაგან სწავლითა, მყოარჟამ განეყენოს ჟამისწირვისაგან.
78. და ყოველთა დღეთა სამგზის „მიწყალესა“ იტყოდის და ნ მუჴლთ იდრეკდეს და ნ „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ და ნ „უფალო, შეგცოდე, შემინდვე“ და მერმე მიეცინ შენდობაჲ, რაჲთა მღდელობდეს.
79. უკუეთუ კულა განამრავლოს ცოდვაჲ იგი და არა მოიწყჳდოს, დასცერინ მღდელობისაგან და წიგნისმკითხველთა წესსა მივედინ.
80. უკუეთუ ვინ იპარვიდეს საჩინოთა ნაპარევთა, ვერ მოვალს მღდელობად და ეგრეთვე მღდელობაჲ თუ აქუნდეს და იპოოს პარვასა შინა, ვერღარა ჴელ-ეწიფების მღდელობად, რამეთუ მპარავთა მღდელობაჲ ვერ ეგების.
81. ეგრეთვე ცილ-ფიცობად მღდელთა არა ჴელ-ეწიფების.
82. არცა ყოვლადვე წეს არს მღდელთა ფიცი.
83. კუალადცა უკუე ვიტყოდით აღსაარებისათჳს მონანულთაჲსა.
84. არიან სახენი ცოდვათა აღსაარებისანი ათნი:
85. ა. რამეთუ სხუაჲ არს რომელსა მცირედ ეცოდოს ერთსა თანა პირსა და ნეფსით თჳსით შეინანოს და მოიწყჳდოს ცოდვაჲ.
86. ბ. და სხუაჲ არს რომელსა მრავალგზის ეცოდოს და – მრავალთა პირთა თანა.
87. გ. და სხუაჲ არს რომელსა ბუნებითითა ცოდვითა სიძვისაჲთა ეცოდოს ერთსა, გინა ორსა პირსა თანა და დაეყოს ცოდვასა მას შინა მრავალჟამ ანუ თუ სიბერედმდისცა.
88. დ. და სხუაჲ არს რომელსა ბუნებისა გარეგან ეცოდოს და ადრე მოეწყჳდოს შიშისათჳს ღმრთისა.
89. ე. და სხუაჲ არს რომელი სნეულებისაგან ანუ სხჳსა რაჲსმე ჭირისა და განსაცდელისა მოვიდეს აღსაარებად, გინათუ ჟამსამებრ სიკუდილისასა ქმნას აღსაარებაჲ და მეჴსეულად მოკუდეს.
90. ვ. და სხუაჲ არს რომელსა მოეწყჳდის ყოველივე ცოდვაჲ და მერმე აღიარნის ყოველნივე ბრალნი მისნი.
91. ზ. და სხუაჲ არს რომელი აღსაარებამდინ ცოდავნ და შემდგომად აღსაარებისა მოიწყჳდის ცოდვაჲ და იწყის სინანულად.
92. ჱ. და სხუაჲ არს რომელი აღიარებნ ცოდვათა თჳსთა და ვერ მოიწყუედნ, არამედ კუალადცა მთხრებლსა მას ცოდვისასა შთავარდებინ.
93. თ. და სხუაჲ არს რომელი მოწყუედასა ყოვლისა ცოდვისასა აღუთქუამნ, ხოლო ერთისა ოდენ პირისაგან ვერ ელევინ.
94. ი. და სხუანი არიან რომელნი ლაშქრობათა შინა და მგზავრობათა და იძულებით ანუ შიშისაგან, ანუ ნიჭითა, ანუ უმეცრებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე ესევითარითა სახითა შთავრდომილ იყვნენ ცოდვათა და მერმე მოვიდიან სინანულად და აღსაარებად.
95. ესე ყოველნი, მოვიდენ რაჲ აღსაარებად, თანა-აც მოძღუარსა მას სულიერსა, რაჲთა განიკითხნეს და გამოიძიოს თითოეული ცოდვაჲ, ვითარ სახედ შეემთხჳა,
96. ანუ რომელსა წესსა არს ზემოთქმულთა მათ ათთა სახეთაგან და თუ რაოდენთა პირთა თანა უცოდავს, გინა დედათა, გინა მამათა, გინათუ სხუასა რას.
97. ეგრეთვე უკუეთუ დედაკაცი იყოს მონანული იგი, მანცა აღიაროს, თუ რაოდენთა უცოდავს მას თანა.
98. და კუალად განიკითხენ მოძღუარმან მან, თუ რაოდენთა ქმრის ცოლთა თანა უცოდავს რაოდენთა ქურივთა, რაოდენთა მეძავთა, რაოდენთა მჴევალთა, რაოდენთა ენკრატისთა ანუ თუ ცოლთა თანა ხუცეს-დიაკონთასა.
99. და ოდეს ესე ყოველი გამოჰკითხოს და აღიაროს მონანულმან მან, კუალად ჰკითხოს, თუ რაოდენ ჟამ ერეოდა თითოეულსა მას ცოდვასა და თუ სიძვათა მათგან შვილ ესხნესა.
100. და უკუეთუ ესუა მას ცოლი ანუ არა, და თუ ბუნებითითა წესითა ცოდა ანუ გარეშე ბუნებისა და გინათუ ადრე მოიწყჳდნა ცოდვანი იგი, ანუ თუ სიბერემდე მათ შინა განფრდილ იყო.
101. და ოდეს ესე ყოველი აღიაროს, კუალად ჰკითხოს თჳსებისათჳს, უკუეთუ ნათესავთა და თჳსთა თანა უცოდავს.
102. და კუალად ჰკითხოს მამათმავლობისათჳს, ნუუკუე დაცემულ არს ყრმასა თანა, ანუ ქალსა უჰასაკოსა, გინათუ პირუტყუსა თანა, ანუ თუ მის თანა, ვინ დაცემულ არს.
103. და მერმე ჰკითხოს, უკუეთუ შეჰმთხუევია კაცის კლვაჲ ნეფსით გინა უნებლიეთი;
104. ეგრეთვე ჰკითხოს ორგუარისა მისთჳს ჴელითდაცემისა და ოდეს ესე ყოველი ჰკითხოს მოძღუარმან მან და მონანულმან აღიაროს და არღარაჲ დაუტეოს,
105. მაშინ გულისჴმა-ყოს მოძღუარმან ძალი მონანულისაჲ მის და ლმობიერებაჲ და სიმდაბლე და ცრემლნი და მოწყალებაჲ, რომელ ძალ-უცნ ანუ რომელი სწადინ ყოფად და აღუთქუამნ და სარწმუნოებაჲ მისი და გულსმოდგინებაჲ და მას ზედა მისცეს კანონი წერით, გინა უწერელად.
106. და ზიარებისათჳს, ვითარცა ზემოწერილ არს, მისცეს უზიარებლობისა კანონი, გინათუ ერთ წელ, გინა ორ წელ, ანუ სამ წელ, ანუ ოთხ წელ, ანუ ხუთ, გინა ექუს გინა შჳდ წელ, ვითარცა ცოდვანი იგი იყვნენ და ვითარცა სინანული აჩუენოს.
107. ხოლო მარხვისათჳს და ლოცვისა, ვითარცა კაცად-კაცადისა ძალი იყოს და ვითარცა გულსმოდგინებაჲ და ლმობიერებაჲ მისი აიძულებდეს მოღუაწებად.
108. რამეთუ სამნი განყოფილებანი არიან მონანულთა მარხვისანი, გინათუ მამათა, გინათუ დედათანი და სამისაგან მის, რომელიცა სწადოდის, მიიღოს.
109. წმიდისა ჟამისწირვისა ჟამსა სახარებაჲ რაჲ მოისმინონ, მონანულნი კათაკუმეველთა თანა ეკლესიით განვიდენ და ეზოსა დადგენ;
110. ხოლო მწუხრისა და ცისკრისა ლოცვათა ეკლესიას დგენ.
111. ქრისტეს შობად და განცხადებად და დიდსა ხუთშაბათსა და დიდსა შაბათსა და დიდსა კჳრიაკესა აჴუსებისასა და მარტჳლიასა და წმიდათა მოციქულთასა, ვარდობად ზიარებისა წილ მიიღებდენ ევლოგიასა განცხადებისასა და ეგრეთ განიჴსნიდენ მონაზონნი წუელასა და ერისკაცნი – ჴორცსა.
112. ხოლო დედანი თუ იყუნენ მონანულნი იგი, უმეტესი გამოძიებაჲ ჯერ-არს,
113. რამეთუ უძჳრესთა ცოდვათა შთავარდებიან მწამლველობათა და გრძნებათა და მისნობათა და სხუათა ბილწებათა, უმეტეს მამათასა და შეაგინებნცა მამათა უმეცრებით ჟამსა მას წიდოვნებისა მათისასა საწოლითა მათითა და კაცისკლვათა მრავალფერთა იქმან მუცლადღებასა შინა.
114. რომელნიმე პირველ მუცლადღებისა განირყუნიან საშოთა მწამლველობითა შესუმითა წამალთაჲთა რაჲთა არა მუცლად-იღებდენ.
115. რომელნიმე შემდგომად მუცლადღებისა სუმენ წამალსა მოკლვად ჩჩჳლისა.
116. სხუანი სრულსა ყრმასა შობილსა თჳსითა ჴელითა ანუ სხჳსაჲთა მოჰკლვენ და ბოროტისა კაცის კლვასა თჳსთა შვილთასა აღასრულებენ.
117. და ჴელითდაცემასა იქმან მსგავსად მამათასა ქალწულნიცა დაქორწინებულნი და ამით ჯერითა განიჴრწნიან ქალწულებასა.
118. ესე უკუე ყოველნი – გინათუ მამანი, გინათუ დედანი შეცოდებულნი – უკუეთუ მოვიდენ სინანულად და აღიარნენ ბრალნი თჳსნი, უზიარებლობაჲ მიეცეს, ვითარცა ზემოწერილ არს შემსგავსებულად თითოეულისა ცოდვისა.
119. ა. ხოლო მარხვაჲ და მუჴლთადრეკაჲ მიეცეს ესრეთ: ორშაბათსა და ოთხშაბათსა და პარასკევსა წუელასა და ჴორცსა არა ჭამდენ, არამედ ზეთსა ოდენ და თევზსა;
120. ხოლო სამშაბათსა და ხუთშაბათსა წუელასაცა და თევზსა იჴმარებდენ;
121. ხოლო შაბათსა და კჳრიაკესა ყოველსავე ზედა ჭამადსა ჴსნილ იყუნენ: ჴორცსა და წუელასა და ღჳნოსა.
122. ეგრეთვე საუფლოთა დღესასწაულთა;
123. და წმიდისა ღმრთისმშობლისათა;
124. და წმიდათა იბ მოციქულთასა, ოდესცა დახუდეს თითოეულისა დღესასწაული;
125. და წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისა;
126. და ათორმეტთა მათ დღეთა ქრისტეს შობითგან ვიდრე განცხადებამდის და შემდგომად განცხადებისა ზატიკსა;
127. და აჴუსებითგან ახალ კჳრიაკედმდე;
128. და მსგეფსსა მას სულისა წმიდისა მოსლვისასა მარტჳლიითგან ვიდრე კჳრიაკედმდე თჳნიერ ოთხშაბათ-პარასკევთასა.
129. ეგრეთვე მსგეფსი იგი არაჯვორთაჲ და აღებათა ჴსნილნი არიან მონაზონთათჳს წუელაჲ და ერისგანთათჳს – ჴორცი.
130. ხოლო ყველიერისა მსგეფსსა წუელაჲ ჴსნილ არს მონაზონთათჳსცა და ერისკაცთა;
131. რამეთუ ჴორცი კჳრიაკესა მას ჴორცის აღებისასა აკრბების.
132. ხოლო ღჳნისაცა წესი აქუნდინ მონანულთა, უკუეთუ ძალ-ედვას, ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა ნუ სუმენ, არამედ შაბათ-კჳრიაკეთა ოდენ და დღესასწაულთა მათ ზემოწერილთა.
133. ხოლო ესე თუ ვერ შეეძლოს ბარე ორშაბათ-ოთხშაბათ-პარასკევთა უეჭუელად იმარხვიდენ უღჳნოდ, რაჲთა მიეცეს ღმრთისა მიერ მადლი.
134. უკუეთუ კულა ვერცა ესე შეეძლოს, ასისა წონსა ლიტრასა სუმიდენ დღითი-დღე.
135. და ყოველსავე ზედა კაცად-კაცადისა ძალი გინა უძლურებაჲ ვითარცა იხილოს მოძღუარმან, ეგრეცა განაწესოს ღჳნისა სუმაჲ, რამეთუ მონანულსა უმეტეს ყოვლისა ღჳნისაგან უჴმს კრძალვაჲ.
136. ხოლო ორთა მათ მარხვათა ქრისტესშობისა და ვარდობისათა ჴორცისა აკრებად ვამცნებთ ერისკაცთა და მონაზონთა, – წუელისა თჳნიერ იოვანეს შობად და ღმრთისმშობლისა ტაძრად მიყვანებად.
137. უკუეთუ კულა ამათცა დღეთა არა ენებოს განჴსნაჲ, არავინ არს დამაყენებელ.
138. ხოლო დიდთა მარხვათა, ერისკაცნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, თევზსა ნუ იჴმარებენ, ნუმცა ღჳნოსა სუმენ, გარეშე შაბათ-კჳრიაკეთასა.
139. ხოლო მონაზონნი თუ იყუნენ, ნუცა თევზსა, ნუცა ზეთსა, ნუცა ღჳნოსამცა მიიღებენ ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა.
140. ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა ზეთითა ზავებული ჭამონ და მცირედი ღჳნოჲ მიიღონ, ხოლო თევზი ხარებისა დღესასწაულსა განიჴსნან.
141. უკუეთუ კულა ძალ-ედვას, ყოველთა მათ დღეთა წმიდათა მარხვათასა არა სუმად ღჳნისა კეთილ არს და სათნო, ხოლო უძლურებაჲ თუ შეემთხჳოს, იჴმაროს სასუმელი და ვითარცა-რაჲ სნეულებასა მას შეჰგვანდეს.
142. ხოლო უკუეთუ ვიეთნიმე უდბებისაგან ანუ უძლურებისა ამას კანონსა ვერ იმარხვიდენ, ბარე პირველი შჳდეული წმიდათა მარხვათა იმარხონ უღჳნოდ და უზეთოდ, ეგრეთვე ვნების კჳრიაკე თჳნიერ დიდისა ხუთშაბათისა.
143. და სხუათა მათ შჳდეულთა სამშაბათსაცა და ხუთშაბათსა მიიღონ ზეთი და მცირედი ღჳნოჲ.
144. ესე არს პირველი სახე და წესი კანონისაჲ.
145. ხოლო მეორე ესრეთ არს: უკუეთუ ზემოწერილი იგი წესი ვერ ეძლოს მონანულთა მათ აღსრულებად, ანუ უძლურებისაგან, ანუ არა ლმობიერებისა, ესე დაიმარხონ.
146. ორშაბათ-ოთხშაბათ-პარასკევნი ურწყოდ იმარხნენ ჴორცისაგან და წუელისა და ღჳნისა და თუ ძალ-ედვას, თევზისაცა;
147. ზეთსა ოდენ იჴმარებდენ;
148. ხოლო მონაზონნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, ნუცა ზეთსა ჭამენ.
149. ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა ჴსნილად გარდაიჴდიდენ ერისაგანნი – ჴორცსა და მონაზონნი – წუელასა და სასუმელსა და თევზსა.
150. ხოლო მესამე სახე ესრეთ არს ჭირის მაგიერ: უკუეთუ ზემოწერილთა მათ წესთა ვერ იმარხვიდენ, მრავალთა რაჲმე მიზეზთათჳს, სამთა მათ დღეთა ბარე იმარხვიდენ ერისაგანნი ჴორცსა და წუელასა,
151. ხოლო თევზსა იჴმარებდენ და მცირედსა ღჳნოსა დღეთა მათ კანონისა და სინანულისა მათისათა, ხოლო მონაზონნი მიიღებდენ ზეთითა ზავებულსა და მცირედსა სასუმელსა;
152. ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა თითოეულნი თჳსისა წესისა ჭამადთა ზედა ჴსნილ იყოს: ერისკაცნი ერისკაცთასა და მონაზონნი სამონოზნოსა.
153. ხოლო მონათა და მჴევალთათჳს წმიდათაცა მამათა მიერ განწესებულ არს, რაჲთა ნახევარსა ზედა განიკანონებოდინ აზნაურთა კანონისასა, რამეთუ არა არიან თავისუფალ, არამედ სხუათა ჴელმწიფებასა ქუეშე.
154. რომელთა აქუნდეს აზნაურებაჲ, სრული კანონი აღასრულონ.
155. ხოლო ლოცვისა კანონი ესრეთ აქუნდეს: გარეშე განწესებულთა ჟამთასა სამგზის აღასრულებდენ ლოცვასა სინანულისასა: განთიად და შუადღე და მწუხრი.
156. და თითოეულსა ლოცვასა იტყოდინ: „მიწყალესა“ ერთგზის, „წმიდაო ღმერთოსა“ სამგზის, „მამაო ჩუენოსა“ ერთგზის;
157. კჳრიელეისონი რ, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ ნ, „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ ნ, და მუჴლთმოდრეკაჲ ნ.
158. ხოლო რომელთა ესრეთ ვერ შეეძლოს, ანუ არა ენებოს, ნახევარი ამის კანონისაჲ აღასრულონ.
159. ხოლო რომელთა ვერცა ესე შეეძლოს, მესამედი კანონისაჲ მის დაიმარხონ.
160. რამეთუ არიან ვიეთნიმე უდებნი, ანუ უძლურნი, ანუ ბერნი, ანუ მგზავრობასა შინა, ანუ მსახურებასა უხუცესთასა, ანუ ფრიადისა სიგლახაკისაგან ჭირვეულნი
161. და ამისთჳს თანა-აც მოძღუარსა კაცად-კაცადისასა ამის ყოვლისა გამოძიებაჲ წესისა და ჰასაკისა და ძალისა და ზრდილობისა და მჴურვალებისა ანუ სიგრილისა და მეცნიერებისა,
162. ანუ უსწავლელობისა და სიგლახაკისა, ანუ სიმდიდრისა და შუებულობისა, ანუ ჭირვეულობისა და ქუემჯდომარისა, ანუ ზექუეკუეთებულისა და კაცად-კაცადისა ძალსა ზედა და ჯერსა.
163. რამეთუ იქმნების ესეცა: რომელ იტყვის კაცი მცირედთა ცოდვათა მიმთხუეული და აქუნ მჴურვალებაჲ და ლმობიერებაჲ ფრიადი და გულსმოდგინებისა მისისათჳს მისცნის მას სულიერმან მოძღუარმან კანონნი მძიმენი,
164. რაჲთა არა ხოლო თუ ცოდვათა მისთა მიტევებაჲ მიიღოს, არამედ სასყიდელიცა შრომათა მისთაჲ მიეცეს სახიერსა და ტკბილისა მის მეუფისაგან, რომელი ხედავს გულთა და გონებათა და კაცად-კაცადისა გულსმოდგინებისაებრ მისცემს სასყიდელსა.
165. და კუალად სხუაჲ იყვის მრავალთა ცოდვათა მოქმედი და არნ იგი უდები ანუ უძლური და არა მოსწრაფე მოღუაწებად, და მისცის მას მოძღუარმან უსუბუქესი და უმცირესი კანონი პირველისა მის, რაჲთა ვითარითაცა სახითა წესსა შინა სინანულისასა იყოს და არა სრულიად წარწყმდეს,
166. რამეთუ უკუეთუ მიხედნეს მოძღუარმან ფრიადსა უძლურებასა გონებისასა ანუ ჴორცთასა, მისცის ორი, გინა ერთი ლოცვაჲ კანონად და მცირედი მუჴლთადრეკა, ანუ თუ თაყუანისცემაჲ, რაჲთა არა სრულიად უნაყოფოდ და უნანელად დარჩეს.
167. და არა საბრალობელ არს ამას ზედა მოძღუარი იგი, უკუეთუ კულა პოოს ჴორცითაცა შემძლებელი და გონებითა მჴურვალე, განუწესის მას ჯეროვანი და შემსგავსებული კანონი,
168. რამეთუ ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: „განკითხვაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ ნათელი არს სულთა მათ პირმეტყუელთაჲ და უძღჳს ყოველსა კეთილსა“.
169. ამათ უკუე სუბუქთა და ადვილთა კანონთათჳს არა უწყი, ნუუკუე ბრალეულ ვიქმნე წინაშე ღმრთისა, გარნა უმჯობეს არს ჩემდა, რაჲთა ამის ჯერისათჳს მიმეჴადოს ბრალი, ვიდრე უწყალო თუმცა ვიპოე და სასოებისა წარმკუეთელ ცოდვილთა და უძლურთა.
170. რამეთუ რომელნი ხედვიდენ სიმრავლესა ანუ სიმძიმესა ცოდვათასა, გინათუ რომელ მრავალთა ჟამთა ვის ეცოდოს და მრავალთა ვნებათა შინა განფრდილ იყოს, ანუ ჩუეულობითა, ანუ ზრდილობითა ბოროტითა,
171. გინათუ დიდთა და მძიმეთა ცოდვათა შინა შებღალულ იყოს კაცისკლვათა ანუ მამათმავლობათა და სხუათა ბუნებისა გარეშეთა ცოდვათა და შემსგავსებულად სიმრავლისა მის და სიმძიმისა მათ ცოდვათაჲსა მისცემდენ კანონსა სინანულად მოქცეულთა ძმათა
172. და უმეტეს ძალისა მათისა აჰკიდებდენ ტჳრთთა მძიმეთა, ესევითარნი იგი პირველად უმეცარ სადმე არიან სახიერებისა და მრავალ-მოწყალებისა ღმრთისა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
173. მეორედ თჳსთაცა სულთა წარიწყმედენ, უკუეთუ უზომოჲთა უწყალოებითა და კანონისა დამძიმებითა სასოებაჲ წარუკუეთონ შეცოდებულთა და გარე მიაქცინენ სინანულისაგან.
174. რამეთუ რომელმან წინაშე ღმრთისა სული კაცისაჲ შეივედროს, სახიერი და მოწყალე გული უჴმს ქონებად მიმსგავსებული და მომბაძავი სიტკბოებასა მას ჩუენთჳს განკაცებულისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.
175. ჯერ-არს უკუე, ოდეს ვინ აღსაარებასა მონანულისასა შეიწყნარებდეს, რაჲთა შეიყვანოს იგი ეკლესიასა ანუ სენაკსა თჳსაგან და მხიარულითა პირითა და გულითა სახიერითა ტკბილად ეუბნოს, ვითარცა სტუმრობად ხადოდა, ანუმცა მეგობარსა საყუარელსა შეიტკბობდა.
176. და პირველ ყოვლისა ილოცოს და წართქუას „მიწყალე“ და „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“.
177. მერმე მოიდრიკნეს მუჴლნი მონანულმან მან აღმოსავლით და თქუას ქუემდებარემან:
178. „აღგიარებ შენ, უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, ყოველთავე დაფარულთა გულისა ჩემისათა“.
179. მერმე აღადგინოს იგი და დაჯდეს მოძღუარი იგი და მონანული იგი შემსგავსებულად საზომისა მისისა, გინათუ ქუე დასუას, გინათუ ზე დგეს.
180. და ჰკითხოს სახიერითა პირითა ყოველთათჳს ბრალთა მისთა გამოწულილვით და ოდეს ყოველივე აღიაროს მან, კუალად სასოებაჲ შენდობისაჲ მისცეს მოძღუარმან და ჰრქუას:
181. „ამას გამცნებ, ძმაო, ანუ შვილო, და ყოვლისა პირველ ამას კანონსა მიგცენ, რაჲთა ამიერითგან რაჲცა ბრალი შეგემთხჳოს, ყოველსა სიხარულით და სასოებით აღმიარებდე“.
182. და ოდეს აღასრულოს მონანულმან ყოველთა ცოდვათა მისთა აღსაარებაჲ, კუალად აღდგეს მოძღუარი იგი და თქუას „წმიდაო ღმერთოჲ“ სამგზის და „მამაო ჩუენოჲ“.
183. მონანულმან მან მუჴლნი მოიდრიკნეს, ხოლო მოძღუარმან ესე ლოცვაჲ წართქუას:
184. „სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ჩუენმან, რომელი ჩუენთჳს კაც იქმნა და ყოვლისა სოფლისა ცოდვანი აღიხუნა აურაცხელითა მით წყალობითა მისითა, შეგინდვენ, ძმაო, ყოველივე ესე, რომელი წინაშე მისა აღმიარე მე, უღირსსა ამას
185. და აჴოცენ ყოველნი ბრალნი შენნი ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მოელის ყოველთა მოქცევასა და სინანულსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
186. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.“
187. და მერმე აღადგინოს იგი და მოიკითხოს, ვითარცა შვილი საყუარელი.
188. და უკუეთუ ხედვიდეს ფრიადისა მწუხარებისაგან დაღონებულად, ნუგეშინის-სცეს.
189. და თუ ეგებოდის, ჴელიცა მისი ქედსა თჳსსა ზედა დაიდვას და ჰრქუას: „ჩემ ზედა იყვნენ, ძმაო, ბრალნი შენნი“.
190. მერმე კუალად დასხდენ და მისცეს მას კანონი უზიარებლობისაჲ, ვითარცა ზემოწერილ არს შემსგავსებულად ცოდვათა ამათ, ხოლო ლოცვისათჳს და მარხვისა ჰკითხოს, თუ რომელი სახე ძალ-უც დამარხვად ზემოწერილთა მათ წესთაგან რომელიცა სწადოდის, მისცეს.
191. რამეთუ განჩინებული კანონი ცოდვილთაჲ წმიდისა ზიარებისაგან განყენებაჲ არს.
192. რამეთუ უმძიმეცა ყოველთა ცოდვათასა არს უღირსად ზიარებაჲ და ამისცა ჯერისთჳს გამოკითხვაჲ უჴმს მოძღუარსა, უკუეთუ ცოდვათა შინა მისთა ეზიარებოდაა?
193. და თუ თქუას, ვითარმედ: „ჰე, ვეზიარებოდე“, უმეტესი უჴმს ამისთჳს სინანული.
194. ხოლო მარხვაჲ და ლოცვაჲ და მუჴლთადრეკაჲ კაცად-კაცადისა ძალსა ზედა და გულსმოდგინებასა მიეცემის სულიერთა მოძღუართაგან.
195. ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა და საუფლოთა დღესასწაულთა და წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ქრისტესშობითგან ვიდრე განცხადებისა ზატიკადმდე და აჴუსებითგან ვიდრე მარტჳლიისა მსგეფსამდე ნუვინ იდრეკენ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ თაყუანისცემით ილოცვიდენ.
196. ეგრეთვე წმიდისა იოვანე ნათლისმცემლისასა და წმიდისა იოვანე მახარებლისასა და წმიდათა პეტრე და პავლე მოციქულთასა და წმიდათა მთავარანგელოზთასა.
197. ხოლო სხუათა დღეთა, დაღაცათუ ეკლესიას საეროდ მუჴლთა არა იდრეკდენ, არამედ თჳსაგან კაცად-კაცადმან კანონნი თჳსი აღასრულოს.
198. ესე არიან მსუბუქნი და შემოკლებულნი წესნი და კანონნი მონანულთანი, ჩემ მიერ განწესებულნი.
199. ხოლო ამის განკითხვისა წამებაჲ და შეწევნაჲ მოგუცა ჩუენ წმიდამან ბასილი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ესე ყოველი აღვწერეთ, რაჲთა წესი სინანულისაჲ განვაჩინოთ და რაჲთა ნაყოფნი ლმობიერებისანი განვიცადნეთ,
200. რამეთუ არა ჟამითა ოდენ განიკითხავთ ესევითართა, არამედ სახესა მას სინანულისასა ვხედავთ,
201. რამეთუ უკუეთუ ზემოწერილთა მათ ცოდვათა მოქმედნი მოვიდენ სინანულად და აღსაარებად და იპოვნენ ვიეთნიმე მათგანნი მოსწრაფენი და ლმობიერნი და მოღუაწებითა კეთილითა და ცრემლითა მჴურვალითა აღიარებდენ და ინანდენ ბრალთა მათთა,
202. რომელი-იგი რწმუნებულ იყოს კაცთმოყუარისა ღმრთისა მიერ წინამძღურობად და შეკრვად და განჴსნად.
203. უკუეთუ მიხედნეს ფრიადსა მას ლმობიერებასა შეცოდებულისასა და შეამოკლოს ჟამი იგი კანონისაჲ, არა საბრალობელ არს იგი, რამეთუ გჳსწავიეს საღმრთოთა წერილთაგან,
204. ვითარმედ: „რომელნი დიდითა ტკივილითა გულისაჲთა და ლმობიერებითა მჴურვალითა აღიარებდენ და შეუვრდებოდინ უფალსა, ადრე მიემთხუევიან შენდობასა აურაცხელითა მით კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა“.
205. ხოლო რომელთა არა ენებოს ბოროტთა მათ ჩვეულებათა მათთაგან მოწყუედაჲ, არამედ გულისთქუმათა მათ ჴორციელთა ენებოს მონებაჲ და არა უფლისაჲ,
206. და მოქალაქობასა მას, რომელი უფალმან ამცნო მორწმუნეთა არა თავს-იდებდენ, ზემოწერილნი იგი კანონნი ვაუწყნეთ მათ და გზაჲ სინანულისაჲ უჩუენოთ.
207. უკუეთუ მოიქცენ და შეინანონ, პოონ წყალობაჲ უფლისა მიერ, უკუეთუ არა მოიქცენ, არა არს ჩუენი მათდა მიმართ სიტყუაჲ, რამეთუ ერსა შორის ურჩსა და წინააღმდგომსა, გჳსწავიეს წერილთაგან, ვითარმედ ცხორებით აცხოვნენ და განარინენ კაცმან სული თჳსი.
208. ნუმცა უკუე თავს-ვიდებთ ესევითართა მათ თანა წარწყმედად, რომელნი გინათუ მართლისა სარწმუნოებისაგან განდრეკილ იყვნენ,
209. გინათუ საქმეთა ბორიტთა ერეოდინ და არა მოიქცეოდინ ჩუეულებათა მათგან ხენეშთა, არამედ შევიშნოთ საშჯელისაგან უფლისა და დღისა მის საშინელისა საბჭოჲ მოვიჴსენოთ.
210. და ნუ თავს-ვიდებთ უცხოთა ცოდვათა თანა წარწყმედად თანამიყოლითა და თანაწამებითა მათითა, არამედ ვასწაოთ და უწამოთ ესევითართა ბრალთა შინა მყოფთა მათ და შევრჩულოთ და ვამხილოთ დღე და ღამე თჳსგან და ზოგადცა.
211. ხოლო თანამიყოლად ბოროტთა საქმეთა მათთა ნუმცა თავს-ვიდებთ, არამედ ვილოცვიდეთ, რაჲთა უფროჲსად იგინი შევიძინნეთ და გამოვიჴსნნეთ საბრჴეთაგან მტერისათა
212. და სულნი ჩუენნი განვარინნეთ საუკუნოჲსა საშჯელისაგან მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
213. რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
214. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.