|
საეკლესიო სამართალი
მცირე სჯულის კანონი
A3
1. მონაზონებისათჳს
2. ლთ. დატეობაჲ შფოთთა და ამბოხებათა სოფლისათა და ჯმნაჲ შუებათაგან ამის წარმავალისა საწუთროჲსათა და წესითა მით მონაზონებისაჲთა მონებაჲ ქრისტესი და წარმავალთა წილ მოგებაჲ წარუვალთა მათ კეთილთაჲ დიდად საქებელ არს და მომატყუებელ ცხორებისა საუკუნოჲსა.
3. გარნა ჯერ-არს კრძალულებით აღსრულებად კეთილისა მის საქმისა, რაჲთა არა უჟამოდ და უწესოდ შევიწყნარებდეთ, რომელნი-იგი მოვიდოდინ მონაზონებისა წესსა, არამედ ვითარცა პირველთაცა მამათა განუწესებიეს, ამიერითგანცა ეგრეთ ვიქმოდით,
4. რაჲთა აღსაარებასა მას და გამორჩევასა მონაზონებისასა მაშინ შევიწყნარებდეთ, ოდეს ცნობიერსა ჰასაკსა იყოს მონაზონებად მომავალი იგი: იყავნ უკუე ჰასაკი იგი ნუ უდარეს ათისა წლისა, ხოლო წინამძღურისა მის განგებასა ზედა იყავნ,
5. უკუეთუ უმეტესიცა ჟამი ინებოს მიცემად და ესრეთ აღკუეცად, გარნა უმცირესმცა ათისა წლისა ნუ აღიკუეცების, რამეთუ დიდმან ბასილი კანონთა შინა მისთა ქალწულთათჳს,
6. რომელნი აღუთქუმიდნენ ღმერთსა ქალწულებასა და კრებულსა ქალწულთასა შეირაცხვოდინ ნეფსით თჳსით, ესრეთ განაწესა, რაჲთა მეათჩჳდმეტესა წელსა ჰასაკისასა შეირაცხოს კრებულსა თანა ქალწულთასა.
7. არამედ ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა უვაღრესისა წესისა მიმართ წარემატების ეკლესიაჲ ღმრთისაჲ და ერი მორწმუნე მოსწრაფე არს აღსრულებად მცნებათა ქრისტესთა, ამისთჳს ჩუენცა ნება-ვსცემთ მონაზონებად წადიერთა ათისა წლითაგან შეწყნარებად,
8. რაჲთა სიყრმითგანვე მიიღოს ვითარცა საბეჭდავი სახე იგი მოწესეობისაჲ, და ჩუეულებაჲ კეთილისა მოღვაწებისაჲ დაემტკიცოს მის თანა და არღარა დროება ეცეს ჩუეულებათა სოფლისათა მავნებელთა სულისათა დაყოვნებად მის თანა ამას ზედა არა ბრალეულ ვართ,
9. რამეთუ წმიდამან მოციქულმან პავლე ბრძანა ქურივისა შერაცხვად სამეოცისა წლისა.
10. ხოლო კანონნი წმიდათა მამათანი დედათდიაკონისა კურთხევად ბრძანებენ ორმეოცისა წლისასა, რამეთუ წარემატებოდა ეკლესიაჲ მადლითა ქრისტესითა უაღრესა საზომსა.
11. აწ უკუე, დაღაცათუ ქალწულთა მათთჳს დიდმან ბასილი მეათჩჳდმეტესა წელსა თქუა შერაცხვაჲ, ხოლო ჩუენ მონაზონებად მომავალთა მეათით წლითგან განვაწესებთ შეწყნარებად.
12. არა უჯერო არს სიტყუაჲ ესე, არამედ წესიერ და სამართალ.
13. უკუეთუ იყოს შემვედრებელი იგი და წინამძღუარი სულიერი, აღზარდოს იგი სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და ყოს ჭურ სათნოებისა, ნუმცა უდბად და გარეწარად ექცევის,
14. რაჲთა არა ბრალი მიეჴადოს, არამედ შიშსა შინა ღმრთისასა აღზარდენ და სწავლასა სულიერსა, რაჲთა მიიღოს სასყიდელი კეთილი უფლისა მიერ, ვითარცა მნემან სარწმუნომან.
15. მ. რომელნი მონაზონებისა წესსა მოვიდენ და სწადოდის მარტოდ მყოფებაჲ, ანუ უკაროთა შინა დაყუდებაჲ,
16. უჴმს მათ პირველად შესლვაჲ მონასტერსა და სწავლაჲ წესსა მონაზონებისასა და სამ წელ მორჩილებად წინამძღუარსა მას და მოძღუარსა და სულიერსა ყოვლითა მორჩილებითა და სიმდაბლითა.
17. და მერმე, უკუეთუ წადიერებაჲ დაადგრეს გულსა მისსა და წინამძღუარი იგი ეწამოს, ლოცვითა და წამებითა მისითა დაჯდეს სენაკსა სხუასა ერთსა წელიწადსა.
18. და მერმე ოდეს გულსავსე იქმნას წინამძღუარი იგი, ვითარმედ არა კაცთმოთნებისათჳს, ანუ ცუდისა ზუაობისა ჴელ-ჰყოფს საქმესა მას, არამედ ჭეშმარიტად შიშისათჳს და სიყუარულისა ქრისტესისა წადიერ არს დაყუდებად,
19. მაშინ უწესოს შეყენებად და არღარა გამოსლვად თჳნიერ დიდისა რაჲსმე საქმისა და უაღრესისა მსახურებისა, ანუ ჭირისა რაჲსმე სასიკუდინოჲსა.
20. და ეგრეთცა წამებითა და კურთხევითა წინამძღუარისა მის ანუ ებისკოპოსისა მის ქუეყანისა.
21. უკუეთუ კულა თჳნიერ ესევითარისა განგებისა და მიზეზისა ჴელ-ყოს სადაყუდებულოჲსა მისგან თჳსითა ნებითა გამოსლვად, ესევითარი იგი უნებლიეთ მუნვე შეიყენენ და მარხვითა და ლოცვითა უწესობაჲ მისი განკურნონ და ასწაონ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ,
22. ვითარმედ: „არავინ დადვის ხელი ერქუანსა“.
23. და მართლუკუნ ხედავნ და წარემართის სასუფეველსა ცათასა.
24. მა. ვიეთნიმე მონაზონნი სახელ-სდებენ თავთა თჳსთა მეუდაბნოედ და შემოსილნი ძაძითა და თავუპარსველნი ვლენ ქალაქთა შინა, შორის ერისკაცთა და შორის დედათა, და წესსა მას თჳსსა საკიცხელ-ჰყოფენ,
25. ამათ უკუე მოქმედთათჳს საქმისა ამის ესრეთ განვაწესებთ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მოპარსვაჲ თმაზრდილობისაჲ მის და სხუათა მონაზონთა სახისა შემოსაჲ, შევიდენ მონასტერთა და სხუათა ძმათა თანა შეირაცხნენ.
26. უკუეთუ კულა ესე არა ჯერ-უჩნს, სრულიად განეშორნენ ქალაქთაგან და წარვიდენ უდაბნოდ, რომლისაცა სახელი უწოდეს თავთა თჳსთადა.
27. მბ. ყოველსა კაცსა ჴელ-ეწიფების დატეობაჲ ამაოჲსა ამის საწუთროჲსაჲ და შესლვად წესსა მონაზონებისასა და დამკჳდრებად მონასტერსა შინა, ვითარისაცა ცთომისა თანამდები იყოს, რამეთუ მაცხოვარმან და ღმერთმან ჩუენმან ბრძანა: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაგდო გარე“.
28. რამეთუ მონაზონებისა მოქალაქობაჲ სინანულისა წესსა გამოსახავს და რომელი მოვიდეს სულიერსა ამას მოქალაქობასა, სათნო არს საქმე ესე და ვერარაჲ ცთომაჲ აყენებს.
29. არცა მეუღლესა ჴელ-ეწიფების, გინა ცოლსა, გინა ქმარსა დაყენებად მონაზონებისაგან თჳსსა მეუღლესა, გარნათუ მონებისა კირთებასა შინა იყოს, რამეთუ მონათა თჳნიერ ნებისა უფალთა მათთაჲსა, არა ჴელ-ეწიფების მონაზონებად.
30. და სხუაჲ არარაჲ მიზეზი, ანუ ბრალი, ანუ ცოდვაჲ აყენებს მონაზონებად და სინანულად.
31. მგ. მონაზონი უკუეთუ სიძვითა დაეცეს და მონაზონებისა ოდენ კურთხევაჲ აქუნდეს, სიძვისა კანონი აღასრულოს უზიარებლობისა და მარხვისა და მუჴლთდრეკისაჲ, ვითარცა განწესებულ არს.
32. უკუეთუ კულა სქემოსანსა შეემთხჳოს დაცემაჲ იგი, მრუშებისა კანონსა თანამდებ არს.
33. არს უკუე სიძვისა კანონი, ვითარცა პირველთა მამათა და ნეტარსა ბასილის განუწესებიეს, შჳდ წელ უზიარებლობაჲ, ხოლო მრუშებისაჲ – ათხუთმეტ წელ.
34. ხოლო სულიერთა მათ მოძღუართა, რომელთა აღსაარებაჲ იგი შეცოდებულისაჲ შეიწყნარონ, ვითარცა იხილონ სინანული მისი და შემუსრვილებაჲ და გლოვაჲ, ანუ თუ ულმობელობაჲ და გულფიცხელობაჲ და უნანელობაჲ, ჴელ-ეწიფების შემოკლებაჲცა კანონისაჲ და განგრძელებაჲ.
35. ხოლო უკუეთუ ვიეთმე აღთქუმაჲ იგი მონაზონებისაჲ უარყონ და სოფლისავე ამბოხებათა და ცოდვათა მიიქცენ,
36. უკუეთუ ინებონ კუალად სინანული, მასვე წესსა მონაზონებისასა მოვიდენ და იგივე სახე შეიმოსონ და ეგრეთ აღსარებითა და ცრემლითა და მოღუაწებითა შეინანნენ ცოდვანი მათნი და აღთქუმისა მის უარის-ყოფაჲ.
37. და ესრეთ მიემთხჳნენ წყალობასა სახიერისა მის და მრავალმოწყალისა ღმრთისაგან, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული.
38. მდ. დედანი, რომელთა ენკრატისობისა წესი მიიღონ და მონასტერსა შინა დაეწესნენ, ყოვლადვე ნუმცა გამოვლენ მონასტრისაგან თჳნიერ საჭიროჲსა რაჲსმე მიზეზისა.
39. უკუეთუ კულა ესევითარი რაჲმე თანა-წარუვალი მიზეზი იყოს, წამებითა და კურთხევითა წინამძღურისა და სულიერისა მის დედისაჲთა ქმნან განსლვაჲ იგი.
40. და ეგრეთცა არა მარტოდ, არამედ სხუათა თანა მოხუცებულთა და წარჩინებულთა დედათა წამებითა წინამძღურისაჲთა.
41. ხოლო გარეშე მონასტრისა დადგომად არა ჯერ-არს, არამედ თჳსსავე სენაკსა მიქცევად.
42. ეგრეთვე მონაზონნი, რომელნი მონასტერთა შინა იყვნენ, უკუეთუ საქმე რაჲმე საჭიროჲ დავარდეს, რომელი აიძულებდეს მონასტრით განსლვად, იგინიცა ლოცვითა და კურთხევითა მამასახლისისაჲთა განვიდენ.
43. ხოლო რომელნი გარდაჰჴდებოდინ ამას წესსა და თჳნიერ წამებისა წინამძღურისა განვიდოდინ მონასტრით, გინათუ მამანი იყვნენ, გინათუ დედანი, ჯეროვნითა კანონითა განიკანონნენ.
44. მე. ნუცამცა სამამოსა მონასტერსა დედაკაცი, ნუცა სადედოსა მონასტერსა მამაკაცი დადგების ღამით, რაჲთამცა სადგურ-ყო მონასტერსა მას შინა,
45. რამეთუ ყოვლისავე დასაბრკოლებელისა საქმისაგან კიდე უჴმს ყოფაჲ მორწმუნეთა, რაჲთა წესიერად და სათნოდ უფლისა განაგებდეს კაცად-კაცადი ცხორებასა თჳსსა.
46. ამას უკუე წესსა და კანონსა ნუმცა ვინ უგულებელს-ჰყოფს, რაჲთა არა ბრალისა თანამდებ-ყოს თავი თჳსი.
47. მვ. ვითარცა პირველთა წმიდათა კრებათაგან დაწესებულ არს, ჩუენცა დავამტკიცებთ, რაჲთა რომელნი-იგი ერთგზის მონასტრად განეწესნეს და იკურთხნეს ებისკოპოსისა ჴელითა, სამარადისოდ ეგნენ მონასტრად.
48. და რაჲცა მუნ შეწირულ იყოს, ანუ აგარაკები, ანუ კუმაში, იყოს მარადის დამარხულ მონასტრისა მის.
49. და არავის ჴელ-ეწიფებოდის კუალად საერისკაცოდ შეცვალებად მონასტრისა, ანუ მუნ შეწირულისა რაჲსამე.
50. და არცა ერისკაცთა სოფლიოთაგანისა ვის მინიჭებად მონასტრისა ჯერ-არს, არამედ დაღაცათუ მოაქამდე იქმნა ესე, ამიერითგანმცა ნუ ქმნილ არს, რაჲთამცა წინამძღუარ მონასტრისა ერისკაცი დადგა.
51. ხოლო უკუეთუ ვინ ესე საქმე ქმნას და მონასტერი კუალად საერისკაცოდ შეცვალოს, ანუ მონასტრისა წინამძღურად ერისკაცი დაადგინოს, მამათაგან დაწესებულსა მას კანონსა ქუეშე არს.
52. მზ. წმიდათა მოციქულთა კანონსა შინა წერილ არს და ჩუენცა ვიტყჳთ: ებისკოპოსი, გინა ხუცესი, გინა დიაკონი, გინათუ კერძოდიაკონი უკუეთუ სიმღერათა და მთრვალობათა შეექცეს, ანუ დასცხერინ და იჯმენინ საქმეთა მათგან უჯეროთა, ანუ აღიჴოცენ მღდელობისაგან.
53. ეგრეთვე ერისკაცი მორწმუნე ესევითართა საქმეთა შექცეული, ანუ დასცხერინ და წესიერად იქცეოდინ, უკუეთუ არა დასცხრეს უწესობათა მათგან, განეყენენ ზიარებისაგან, ვიდრემდე წესიერი ცხორებაჲ მოიგოს, რამეთუ წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს,
54. ვითარმედ: „განვიშორნეთ საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ და ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდით, ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა ბილწებისაჲთა“.
55. ყოვლითურთ უკუე უჯერო არიან და უწესო ქრისტეანეთათჳს სიმღერანი და მგოსნობანი და სახიობანი და ესევითართა მათ ჴმათა საეშმაკოთა სმენანი ბარბითებისა და ორძლებისა, ებანთა და სტჳრთა და წინწილათა და მროკვალთა და მომღერალთა ხედვანი.
56. ესე ყოველთა ქრისტიანეთათჳს უჯერო არიან, რამეთუ საქმენი არიან საწარმართონი.
57. ხოლო მღდელთათჳს და მოწესეთა და მონაზონთა სრულიად განჩინებით დაყენებულ არს ესევითართა საქმეთა სმენაჲ, ანუ ხედვაჲ.
58. და არცა ნადირობად ჴელ-ეწიფების მღდელთა და მოწესეთა.
59. უკუეთუ კულა კანონნი ესე ვინმე შეურაცხ-ყოს და ესევითართა ბოროტთა საქმეთა მისცეს თავი თჳსი, უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ მღდელობისაგან, უკუეთუ მონაზონი იყოს ანუ ერისკაცი, უზიარებელ იქმნას, ვიდრემდე საეშმაკოთა მათ საქმეთაგან იჯმნას.
60. მჱ. ვინაჲთგან საცნაურ არს, ვითარმედ სულიერი თჳსებაჲ უდიდეს არს ჴორციელისა თჳსებისა, გუეუწყა ჩუენ,
61. ვითარმედ რომელთამე სოფელთა მიიქუმენ ვინმე ყრმათა წმიდისა ნათლისღებისაგან და შემდგომად ამისა იქმნეს დედათა მათ ყრმათაჲსა დაქურივებაჲ და იქორწინებენ ამქუმელნი იგი თჳსთა მათ სჳნდიკნოზთა.
62. ამისთჳს განვაწესებთ და განვაკრძალებთ, რაჲთა საქმე ესე ამიერითგან არა იქმნას.
63. უკუეთუ კულა იპოოს ვინ უჯეროჲსა ამის საქმისა მოქმედი, თანამდებ არს პირველად, რაჲთა უეჭუელად განეყენოს ურჩულოჲსა მის ქორწინებისაგან მერმე კანონსა მას მსიძავთასა აღსრულებად თანამდებ იყოს.
64. არცა ასული თუ იყოს სჳნდიკონოზისაჲ მის, ანუ ასულისწული, ჴელ-ეწიფების ქორწინებაჲ სჳნდიკონოზსა მას, რამეთუ ესე საქმე უჯერო არს .
65. მთ. წმიდაჲ წერილი ესრეთ იტყჳს: „ყოველსა თჳსსა ჴორცთა შენთასა არა შეხჳდე გამოცხადებად სარცხჳნელისა“.
66. ხოლო ღმერთშემოსილმან ბასილი, რომელნიმე უწესონი ქორწინებანი კანონთა შინა თჳსთა აჴსენნა და უმრავლესსა დუმილით თანა-წარჰჴდა.
67. და ორკერძოვე სიტყუაჲ სარგებელისაჲ შეჰმზადა, რამეთუ სახელისდებაჲ ბილწთა საქმეთაჲ არა ჯერ-იჩინა, რაჲთა არა შეამწიკულოს აღწერილი იგი წიგნი უჯეროჲთა მით სახელებითა.
68. და ზოგადითა სიტყჳთა მათ ყოველთა უჯეროთა საქმეთა არაწმიდებად უწოდა.
69. და შემოკლებულითა სიტყჳთა ურჩულონი იგი ქორწინებანი მოასწავნა.
70. ხოლო არა განცხადებულად გამოჩინებითა მათ საქმეთაჲთა მრავალნი უმეცრებით ბოროტთა საქმეთა შთავარდებიან, ამისთჳს ჯერ-ვიჩინეთ ცხადად-რე ამათ საქმეთათჳს განწესებად.
71. ესრეთ უკუე განვაჩინებთ და ვიტყჳთ: უკუეთუ ვინ ამიერითგან მამის ძმისწულსა, ანუ დედის ძმისწულსა, ანუ დედის დისწულსა, გინა მამის დისწულსა ქორწინებისა ზიარებად შეერთოს,
72. ანუ მამამან და ძემან დედაჲ და ასული იქორწინონ, ანუ ორნი დანი მამამან და ძემან შეირთნენ, ანუ ორთა ძმათა დედაჲ და ასული შეირთონ, ანუ ორთა ძმათა ორნი დანი იქორწინნენ, და შჳდ წელ უზიარებლობაჲ დაიმარხონ.
73. ვითარცა განწესებულ არს მეძავთათჳს, კანონი აღასრულონ და ურჩულოჲ იგი ქორწინებაჲ მყის განიშორონ.
74. ხოლო მამის დისათჳს, ანუ დედისა დისა, ანუ ჰანისა, გინა ჰანის ჰანისა, ანუ ასულისწულისა, გინა ასულისწულისა წულისა რად საჴმარ არს ჴსენებაჲცა,
75. რამეთუ არცათუ ბუნებაჲ მორწმუნეთა კაცთაჲ თავს-იდებს ამას ესევითარსა, არცა ეგების ყოფად ქრისტეანეთა შორის, არამედ წარმართთაცა შორის საკრძალავ არს.
76. არცა ცოლის დისაჲ, ანუ ცოლის ძისწულისაჲ ვის ჴელ-ეწიფების ქორწინებად და სხუანი ესევითარნი თჳსებისა ქორწინებანიმცა ნუ იქმნებიან შორის მორწმუნეთა.
77. ნ. ნუმცა ვინ ერისკაცთაგანი წმიდათა საიდუმლოთა ეზიარების თავით თჳსით, უკუეთუ იყოს მუნ მღდელი ანუ დიაკონი, რამეთუ ჯერ-არს ზიარებაჲ, ანუ ებისკოპოსისა ჴელითა, ანუ ხუცისა, ანუ დიაკონისაჲთა და არა თავით თჳსით, გარნა თუ არა იპოებოდის მღდელი,
78. ვითარ-იგი მეუდაბნოეთა და მძოვართა არა იპოებინ მღდელი, და თავით თჳსით ეზიარნიან ნაწილსა მღდელთაგან მიცემულსა, ხოლო კაცრიელთა ადგილთა, სადა მღდელნი არიან, მათგან ეზიარებოდინ ყოველნი.
79. უკუეთუ კულა ესე წესი ვინ შეურაცხ-ყოს და თავჴედობით კადნიერ იქმნებოდის წარმდებებით თავით თჳსით [ჴ]ელ-ყოფად წმიდათა საიდუმლოთა და კურთხევაჲ მღდელობისაჲ არა აქუნდეს,
80. ესევითარი იგი შჳდეულსა ერთსა უზიარებელ იქმნას, რაჲთა ისწაოს არა უფროჲს ბრძნობად უმეტეს წესისა მის.
81. ნა. წმიდაჲ მოციქული იტყჳს: „რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს“.
82. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რომელი უკეთურსა მას შეესაკუთროს, ერთობასა ჰყოფს მის თანა ბაძვითა მით მისითა.
83. აწ უკუე რომელნი ეშმაკეულობასა იჩემებენ და ღონისძიებით სახეთა სიბოროტისა მისისათა ჰბაძვენ, მსგავსნი არიან მისისა მის სიხენეშისანი.
84. ჯერ-არს უკუე ესევითართაჲ მათ ფიცხლად განკანონებაჲ და მარხვისა ფრიადისა და ყოვლისავე მოღუაწებისა სიფიცხესა შეყვანებად, ვითარცა წეს არს ჭეშმარიტითა ეშმაკეულთა ყოფად, რაჲთა იწუართნენ და განაყენნენ საეშმაკოჲსა მის ღონისაგან.
85. ნბ. ეკუტერთა, რომელნი არიან სახლთა შინა, არა ჯერ-არს ნათლის-ცემაჲ ახალ მონათლისაჲ, არამედ რომელთა ენებოს წმიდისა მის ნათლის-ღებისა ღირსყოფად, კათოლიკე ეკლესიათა მივიდენ და მუნ მიიღონ ნიჭი იგი დიდებული, რამეთუ ესე არს წესი წმიდათა მამათა მიერ დადებული.
86. ნგ. რომელნი მისანთა და გრძნეულთა მიმართ მივიდენ, ანუ რომელთა იგი ლეგეონ და ასისთავ ეწოდების, და მათგან ეძიებდენ ცნობად საქმეთა, რომელთა ენების უწყებად და მათა მიმართ დადვან სასოებაჲ თჳსი, ექუს წელ უზიარებელ იყვნენ.
87. და რომელნი ბედსა უთხრობდენ და შობისა დღეთა იზმნიდენ და ესევითართა საწარმართოთა საცთურთა შემოიღებდენ ქრისტეანეთა შორის
88. და რომელთა-იგი ღრუბელთა მაოტებელ ეწოდების და რომელნი შეჰლოცვენ და ქერთა მყრელნი და ბეჭისა მხედველნი და ყოველნი ესევითარნი საცთურნი საეშმაკონი არიან და ესევითართა საქმეთა მოქმედნი კანონსა შევიდენ უზიარებლობისასა, ვითარცა განაწესოს ადგილსა მის ებისკოპოსმან.
89. უკუეთუ კულა არა მოიწყუედდენ ეგევითართა მათ საეშმაკოთა საქმეთა, სრულიად განიდევნენ ეკლესიისაგან, ვითარცა წმიდათა მამათა კანონნი განაჩინებენ, რამეთუ: „რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ?
90. – ვითარცა მოციქული იტყჳს.
91. – ანუ რაჲ შეტყუებაჲ არს ქრისტჱსი ბელიარის თანა?
92. ანუ რაჲ ნაწილი უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?
93. ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა?
94. ანუ რაჲ მოყუსებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისაჲ?“
95. ნდ. კალანდობანი და რომელ ვრომალ ეწოდების და რომელ-იგი თჳს თავსა მარტისასა იზმნიან და სხუათაცა თჳს თავთა,
96. რომელ წინაშე სახლთა თჳსთა ვიეთნიმე ცეცხლსა აღაგზნებენ და გარდაახლდებიან წესისაებრ წარმართთაჲსა, ესევითარი ყოველი მოისპენ ქალაქისა ამისგან და ყოველთაგან მორწმუნეთა.
97. ხოლო რომელთა არა მოიწყჳდონ, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ.
98. უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიკანონნენ, რამეთუ წერილ არს წიგნსა მეფეთასა: „და უშენა მანასე ბომონი მჴედრობასა ცისასა, გარე-შეჰჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და მისნობდა და ყვნა ულუკნი და მცნობელნი და ბოროტი წინაშე უფლისა და განარისხნა იგი“.
99. ჰხედავა, ვითარ ბოროტ არიან საქმენი ესე?
100. და კუალად სახელის-დებანი იგი საწარმართოთა კერპთანი, რომელნი მათ ღმრთად შეერაცხნეს რომელნიმე მამათა და რომელნიმე დედათა –
101. სრულიად მოისპენ: დიოს, ანუ აპოლონს, ანუ არტემს, ანუ ბოჩი, და გაცი, და ბადაგეონ, და არმაზ [ანუ] რომელ-იგი წნეხასა ყურძნისასა ბილწისა მის დიონისეს სახელსა იტყჳან და სიცილსა აღაზრზენენ, ესე ყოველი საეშმაკოჲ არს და მოისპენ ქრისტეანეთაგან.
102. ხოლო რომელმან არა ისმინოს კანონი ესე, არამედ საცთურსა მას ზედა ეგოს, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმნას.
103. ეგრეთვე განქიქებულად როკვანი დედათანი ნუღარამცა იქმნებიან და რომელნი-იგი დათუთა მემღერნი ვლენ სავნებელად მრავალთა, ესე ყოველი საუცრებაჲ მოისპენ და კრძალჳლად და შიშითა ღმრთისაჲთა მოქალაქობდინ ერი ქრისტეანეთაჲ.
104. ნე. დღითგან დიდებულისა მის აღდგომისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ვიდრე ახალ კჳრიაკედმდე, ყოველსა მას შჳდეულსა, წმიდათა ეკლესიათა უცონელად მისლვაჲ ჯერ-არს,
105. რამეთუ ყოველნი იგი დღენი მის მსგეფსისანი, ვითარცა თავადი იგი დღე წმიდისა ახუსებისაჲ, ჯერ-არს, გარდაჴდად ფსალმუნებითა და ლოცვითა და გალობითა სულიერითა სიხარულითა საღმრთოჲთა დღესასწაულობად
106. და წმიდათა წერილთა სმენად და უხრწნელთა მათ ქრისტეს საიდუმლოთა სიწმიდით ზიარებად, ესრეთ თუ გარდავიჴდიდეთ წმიდათა მათ დღეთა, ვიყვნეთ ჭეშმარიტად ქრისტეს თანა აღდგომილ და მის თანა ამაღლებულ.
107. ამათ უკუე დღეთა შინა ნუმცა იქმნებიან ყოვლადვე ცხენთა სარბიელნი, რომელ არს იპოდრომი, ანუ სხუანი რაჲმე სიმღერანი და სახიობანი, რამეთუ დღენი არიან სულიერისა დღესასწაულობისანი.
108. ნვ. საქმესა შინა წმიდათა მოციქულთასა ესრეთ განწესებულ არს წმიდათა მოციქულთა მიერ, რაჲთა ყოველნი მორწმუნენი განეყენნენ ჭამისაგან კერპთა ნაზორევისა და სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისაგან.
109. ხოლო ვიეთნიმე უწესონი და ნაყროვანნი სისხლსა დაკლულთა პირუტყუთასა შეჰკრებენ და საჭმლად იქმან და მას ურიდად ჭამენ, ვამცნებთ უკუე, რაჲთა არღარა სადა იქმნას ხენეში ესე საქმე.
110. ხოლო უკუეთუ ვინ ამიერითგან იპოოს სისხლისა რომლისავე პირუტყჳსა მჭამელ, უკუეთუ მოწესე იყოს, აღიჴოცენ, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობაჲ მიეცინ.
111. ნზ. არა ვის ჴელ-ეწიფების საღმრთოჲსა წიგნისა, ანუ ძუელისა რჩულისა, ანუ ახლისა დახევად და დაჭრად და მიცემად წიგნების მმოსელთა სარჩულად შესამოსლისა,
112. ანუ რომელთა-იგი ატარ სახელ-ედების, ანუ სხუასა სადა სავაჭროსა, გარნათუ სრულიად აჴოცილ იყოს ანუ დასოლვებულ იყოს და არღარა საჴმარ იყოს საკითხავად.
113. ხოლო უკუეთუ ვინ იპოოს ესევითარისა საქმისა მოქმედად, წელიწადსა ერთსა უზიარებლობაჲ მიეცეს.
114. ეგრეთვე რომელმან იყიდა წიგნი იგი, უკუეთუ საკითხავად და სარგებელად თჳსად ანუ სხუათა ვიეთმე დაჰმარხა კეთილ;
115. უკუეთუ დაჭრა და დახია, მასცა უზიარებლობაჲ და კანონი სინანულისაჲ მიეცეს.
116. ნჱ. ერისკაცსა, რომელსა კურთხევა მოწესობისაჲ ანუ მონაზონებისაჲ არა აქუნდეს, არა ჴელ-ეწიფების წმიდასა საკურთხეველსა შესლვად კადნიერებით, გარეშე ღმრთის-მსახურთა მეფეთასა,
117. რამეთუ იგინი არა დაიყენებიან, ოდეს-იგი ენებოს ძღუნისა რაჲსმე შეწირვად ღმრთისა, თავით თჳსით შევლენ საკურთხეველად.
118. და ესე წესი მრავალით ჟამითგან არს.
119. ნთ. ჟამსა წმიდისა ჟამისწირვისასა დედათა ზრახვად არა ჴელ-ეწიფების, არამედ ბრძანებისაებრ წმიდისა პავლე მოციქულისა დუმილითმცა დგანან, ხოლო უკუეთუ რასმე იკითხვიდენ სახედ თჳსად რაჲ მივიდენ, მეუღლეთა თჳსთა ჰკითხონ.
120. ჲ. არა ჴელ-ეწიფების მართლმადიდებელსა კაცსა ქორწინებად მწვალებელი დედაკაცი.
121. ნუცამცა მწვალებელსა ქმარსა ექორწინების მართლმადიდებელი დედაკაცი. ხოლო დაღაცათუ სადა იპოოს ესევითარი ქორწინებაჲ, ნუმცა მტკიცე არს ქორწინებაჲ იგი, არამედ მყის დაიჴსენინ და განეშორენინ მართლმადიდებელი იგი მწვალებელსა მას,
122. რამეთუ რაჲ ნაწილი-უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა, ანუ ვითარ ვინ შერთოს ცხოვარსა თანა მგელი, ანუ ვითარ ეგების ნაწილსა თანა ქრისტესსა შესლვად სამკჳდრებელი ცოდვილთაჲ.
123. უკუეთუ კულა ვიეთნიმე, ვიდრეღა იყვნეს ურწმუნოებასა შინა და არღარა შერაცხილ იყვნეს სამწყსოსა მართლმადიდებელთასა, შეირთნეს რჩულიერითა ქორწინებითა და ამისსა შემდგომად ერთი მათგანი –
124. გინათუ ქმარი, გინათუ ცოლი – მოვიდა მეცნიერებად ჭეშმარიტებისა და სარწმუნოებისა ნათელი შეიწყნარა, ხოლო მეორე იგი საკრველთავე ურწმუნოებისათა შეკრულ არნ და ნათელი ჭეშმარიტებისაჲ არა ჰნებავნ ხილვად,
125. და სთნავს ურწმუნოსა მის მორწმუნისა თანა ყოფად, ანუ მორწმუნესა – ურწმუნოჲსა, ნუ განიყოფვიან, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „განწმიდნების ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან და ცოლი ურწმუნოჲ ქმრისა მის მორწმუნისაგან,“
126. ვითარ განწმიდნების, უკუეთუ ზედაჲს-ზედა სწავლითა მოიქცეს სარწმუნოებად, ვითარცა იგივე მოციქული იტყჳს: „რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი, ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი“.
127. ხოლო ესე არა ჴელ-ეწიფების, რაჲთამცა მართლმადიდებელმან მამაკაცმან მწვალებელი დედაკაცი იქორწინა, უკუეთუ არა პირველად მოიქცეს მართლმადიდებლობად, ანუ მართლმადიდებელიმცა დედაკაცი მწვალებელსა ქმარსა ექორწინა, უკუეთუ არა მოიქცეს მართლმორწმუნეობად.
128. ჲა. ცხოველსმყოფელისა ჯუარისაგან იქმნა ცხორებაჲ ჩუენი ქრისტეს მიერ, რომელი მას ზედა ჯუარს ეცუა საჴსრად ჩუენდა.
129. ამისთჳსცა ყოვლითა მოსწრაფებითა გჳღირს პატივი და დიდებაჲ სახისა მის წმიდისა ჯუარისაჲ, რომლისა მიერ ვიჴსნენით ძუელისა მისგან დაცემისა.
130. აწ უკუე ვამცნებთ, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ადგილსა დასათრგუნველსა ჯუარისა სახესა გამოსახვად, გინათუ ქუეყანასა ზედა, ანუ ავჟანდებსა ზედა, ანუ თუ შატროვანთა ზედა.
131. და ძოლოთა ჯუარის გამოსახვაჲ არა ჯერ-არს, რაჲთა არა დათრგუნვითა მათ ადგილთაჲთა ძლევისა ჩუენისა სახე შეურაცხ-იქმნას.
132. რომელთაცა უკუე სახე ჯუარისაჲ ადგილსა ფერჴითა დასათრგუნველსა ქმნან, დიდისა ბრალისა თანამდებ ჰყოფენ თავთა თჳსთა.
133. ჲბ. არა ჯერ-არს ეკლესიათა შინა კათოლიკეთა პურის ჭამაჲ და ტაბლათა დაგებაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არა არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ პურის საჭმელად.“
134. ნუუკუე სახლები არა გიდგს ჭამად და სუმად, ანუ ეკლესიათა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფთ?
135. ეკლესიასა შინა ევლოგიაჲ იგი სეფისკუერისაჲ თუ მიიღონ და სარღუნელი, გინა თესლი შესუენებულთა საჴსენებელად,
136. ხოლო ტაბლისა დაგებაჲ და საჭმელთა განმზადებაჲ სახლთა შინა იქმნებოდენ და არა ეკლესიათა, თჳნიერ უკუეთუ მგზავრი იპოოს ეკუტერსა სადა გზისასა და სხუაჲ სადგური არა აქუნდეს, მუნ სავანე-ყოს უღონობისათჳს.
137. ხოლო რომელნი სახლთა უფალნი იყვნენ, სახლთა თჳსთა იზრუნონ ტაბლისა დაგებაჲ, და ეკლესიასა აქუნდინ განწესებული იგი პატივი, რამეთუ ტაძარ ღმრთისა წოდებულ არს და სახლ სალოცველ.
138. ჲგ. რომელნიცა ლოცვად შეკრბებოდინ ეკლესიათა შინა, ვამცნებთ, რაჲთა არა უწესოჲთა ჴმითა აღასრულებდენ ჟამობასა.
139. ნუცამცა რას იტყჳან, რომელ არა საეკლესიოჲ და წესიერი იყოს, არამედ ფრიადითა კრძალულებითა და ლმობიერებითა შესწირვიდენ გალობასა მას უფლისა, რომელი-იგი გულთ-მეცნიერი არს და განმკითხველი და ლმობიერი ლოცვაჲ და გალობაჲ წესიერი სათნო უჩნს.
140. ჲდ. წმიდათა ეკლესიათა შინა არა ჯერ-არს ღჳნის ვაჭრობაჲ ანუ სხუათა ჭამადთა სყიდაჲ, რაჲთა პატივი ეკლესიათაჲ განჩინებულ იყოს,
141. რამეთუ უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან ქრისტემან ღმერთმან ჴორციელითა მით კაცთა შორის ქცევითა გუასწავლა და თქუა: „ნუ იქმთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.“
142. ამისთჳსცა ვაჭრობის მოქმედნი იგი მიერ განასხნა, და მეკერმაეთა კერმაჲ დაუთხია, ამისთჳს აწცა უკუეთუ ვინ ესევითარი რაჲ იკადროს, კანონი სინანულისაჲ დაედვას.
143. ჲე. მღდელ-დიაკონთა და ყოველთავე მოწესეთა არა ჴელ-ეწიფების დედათა თანა აბანოს შესლვად.
144. არცა ერისკაცთა ქრისტიანეთა ჯერ-არს ყოვლადვე ამის საქმისა ქმნად, რამეთუ დიდი საბრალებელი არს ესე.
145. ხოლო რომელი ამას იქმოდის, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ.
146. ჲვ. ყოველი, რომელი განემზადებოდის ნათლის-ღებად, მრწამსი დაისწავლოს და მღდელთა წარმოუთხრას და ეგრეთ ნათელ-იღოს.
147. ხოლო ჩჩჳლი თუ იყოს, მო-რაჲ-ვიდეს სიყრმისა ჰასაკსა, მშობელთა დაასწავლონ მრწამსი.
148. უცხოთესლი თუ იყოს, რაჟამს იწყოს ენისა სწავლად, მრწამსი დაასწავლონ და „მამაო ჩუენოჲ“.
149. ესე ყოველსა მორწმუნესა თანა-აც დასწავლად, რაჲთა იცოდის, თუ ვითარ არს სარწმუნოებაჲ ქრისტეანობისაჲ.
150. ჲზ. ბუნებათა უაღრესსა მას შობასა წმიდისა ქალწულისასა უხრწნელად აღვიარებთ და მუცლად-ღებასა მას უთესლოდ ვქადაგებთ და ყოველთა მორწმუნეთა ვაუწყებთ: რომელმან-იგი უთესლოდ მუცლად-იღო სულისაგან წმიდისა და უხრწნელად გჳშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ამისთჳს,
151. რომელნი უმეცრებით უჯეროსა რას იქმოდინ, გჳჴმს მათი განკრძალვაჲ, რამეთუ არიან ვიეთნი, რომელნი შემდგომად დღესასწაულისა მის ქრისტეშობისა
152. და დღესასწაულსა განცხადებისასა ფუშრუკსა იქმან და ურთიერთას მიუძღუანებენ რეცა პატივად უხრწნელისა მის წმიდისა ღმრთისმშობელისა.
153. განვაწესებთ უკუე, რაჲთა ეგევითარსა არღარას იქმოდინ ამიერითგან, რამეთუ არა არს ესე პატივი წმიდისა მის დედუფლისაჲ, რომელმან-იგი უაღრეს ცნობისა და უზესშთაეს სიტყჳსა დაუტევნელი იგი ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ შვა ჴორციელად,
154. რაჲთამცა წესისაებრ სხუათა მათ დედობრივთა შობათასა გამოსახამცა შობაჲ მისი, რამეთუ ვითარცა-იგი შორს იყო შობაჲ მისი ყოვლისაგან ხრწნილებისა, ეგრეთვე უცხო იყო სალმობათაგან და არა ძლებულობათა დედობრივთა.
155. ჲჱ. ესეცა მოიწია სასმენელთა ჩუენთა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა წმიდათა და პატიოსანთა ხატთა გამოსახვასა არა შეიწყნარებენ, არცა თაყუანის-სცემენ ჩუენთჳს განჴორციელებულისა მის უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ხატსა
156. და ყოვლად წმიდისა მის უმეტესად კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და სხუათა მათ წმიდათა მთავარანგელოზთა, მოციქულთა, მოწამეთა და ყოველთა წმიდათა,
157. რამეთუ ურჩულომან მან პეტროს მკაწრველმან, ვითარცა „ხაჩეცარი“ ასწავა, ეგრეთვე ესეცა ბოროტი წვალებაჲ სადმე მათ შორის დასთესა.
158. ხოლო ფრიად შეგჳძნდა სმენაჲ მებრ ამის უჯეროებისაჲ.
159. ამის უკუე პირისათჳს ესრეთ ვიტყჳთ და განვაწესებთ: რომელი არა თაყუანის-სცემდეს ხატსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ეგევითარი-იგი უფალსა იესუ ქრისტესსა არა თაყუანის-სცემს,
160. რამეთუ წმიდაჲ და ღმერთშემოსილი ბასილი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის ხატისა მიმართ მიიწევის“.
161. ხოლო პირმშოჲ სახჱ იგი არს, რომლისაცა სახელსა ზედა გამოსახულ იყოს ხატი იგი: გინათუ ქრისტესსა, გინათუ წმიდისა ღმრთისმშობელისა, გინათუ სხუათა წმიდათა.
162. აწ უკუე ვითარცა პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის, ეგრეთვე შეურაცხებაჲ ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა შეურაცხებაჲ არს.
163. და ჭეშმარიტად ყოველნი შეურაცხმყოფელნი ხატთანი უარისმყოფელთა თანა ქრისტესთა შერაცხილ არიან.
164. თქუანღა უკუე უგუნურთა მათ და ცოფთა, რაჲსათჳს თაყუანის-სცემდა ერი იგი ისრაჱლთაჲ მოსეს ზე კარავსა მას საწამებელსა, რომელი ხატად და სახედ ზეცისათა მათ ქმნილ იყო,
165. ვითარცა ჰრქუა ღმერთმან მოსეს, ვითარმედ: „იხილე, რაჲთა ჰქმნე ყოველივე მსგავსად ხატისა მის, რომელი გეჩუენა შენ მთასა ზედა“.
166. და ქერობინი იგი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას, არა კაცთა ნაქმარი იყოა და დიდი იგი ტაძარი იერუსალჱმისაჲ არა ჴელითა კაცთაჲთა ქმნილი იყოა?
167. და ყოველი იგი თაყუანის-იცემებოდა ერისა მისგან.
168. აწ უკუე რომელ აბრალებს წინაწარმეტყუელი ყოველთა, რომელთანი თაყუანის-სცემდენ ჴელით ქმნულთა, საცნაურ არს, ვითარმედ კერპთათჳს არს სიტყუაჲ იგი არა წმიდათა ხატთათჳს.
169. „ჵ, უგუნურნო მწვალებელნო, ჰრცხუენოდენო ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელით ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა“.
170. თაყუანის-მცემელნი იგი კერპთანი შეაჩუენნა და მეჴუსეულად დაურთო: „თაყუანის-სცემდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“, რამეთუ უზორვიდეს წარმართნი ეშმაკთა და დაუკლვიდეს საკლველთა.
171. ხოლო ისრაიტჱლნი შესწირვიდეს ღმრთისა შესაწირავთა, ნაზორავი (!) იგი წარმართთაჲ ბილწი იყო და საძაგელ, ხოლო შესაწირავი მართალთაჲ სათნო უფლისა.
172. რამეთუ შეწირა ნოე ღმრთისა და სთნდა უფალსა.
173. და იყნოსაო სული სურნელებისაჲ.
174. კეთილისა მის გონებისა მისისა წადიერებაჲ და ერთგულებისა მისისა სურნელებაჲ კეთილად შეიწირა.
175. ეგრეთვე გამოქანდაკებულნი იგი წარმართთანი, ვინაჲთგან ეშმაკთა სახენი და მსგავსებანი არიან, ამისთჳს საძაგელ არიან და საძულველ.
176. ხოლო ხატები უფლისაჲ და წმიდათა მისთა დიდებულ არიან და კურთხეულ და თაყუანის-საცემელ.
177. რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ უხილავისა მის და უჴორცოჲსა და გარეშემოუწერელისა ღმრთისა ვერვინ შემძლებელ არს მსგავსებისა ქმნად და ესე უგუნურება არს ურჩულოება,
178. უკუეთუ ვინ თქუას, ანუ ჴელ-ყოს ღმრთეებისა გამოსახვაჲ, ამისთჳსცა ძუელსა შჯულსა შინა არა დაწესებულ იყო ხატთა გამოსახვაჲ,
179. რამეთუ არა გამოჩინებულ იყო ქუეყანასა ზედა ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვინაჲთგან უკუე გარდამატებულითა მით მოწყალებითა და წყალობითა გარდამოჴდა ზეცით მეუფჱ და უფალი ყოველთაჲ და კაც იქმნა ცხორებისათჳს ჩუენისა და იხილვა ქუეყანასა ზედა,
180. არა ვითარ-იგი აბრაჰამს ეჩუენა სახითა კაცისაჲთა, არცა ვითარ-იგი წინაწარმეტყუელთა იხილეს, არამედ არსებით ჭეშმარიტად კაც იქმნა და ღმრთეებაჲ უცვალებელად ეგო.
181. სიტყუაჲ იგი განჴორციელდა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, ქუეყანასა ზედა იხილვა და კაცთა შორის იქცეოდა, აღასრულნა სასწაულნი, თავს-ისხნა ვნებანი, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცას და ესე ყოველი ჭეშმარიტებად იქმნა
182. და იხილვა კაცთა მიერ და აღიწერა მოსაჴსენებელად ჩუენდა და სასწავლელად, რომელნი-ესე მაშინ არა თანა ვიყვენით, რაჲთა რომელთა არა გჳხილავს, გუესმას და გურწმენეს და მივემთხჳვნეთ ნეტარებასა მას უფლისასა, რომელ ბრძანა,
183. ვითარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“.
184. ხოლო ვინაჲთგან არა ყოველთა იციან წიგნის კითხვაჲ და მეცნიერებაჲ წერილთაჲ, განაწესა უფალმან სახიერმან მან და მრავალმოწყალემან დაბალთა მათ და ღმრთივშუენიერთა საქმეთა მისთა გამოხატვით აღწერაჲ მოკლედ მაუწყებელად და მოსაჴსენებელად.
185. ამისთჳსცა მრავალგზის არა არნ გონებასა ჩუენსა ჴსენებაჲ ქრისტეს ვნებისაჲ, მივხედნით რაჲ ხატსა ჯუარცუმისა მისისასა ჴსენებად, მოვიდით ცხოველსმყოფელისა მის ვნებისა მისისა,
186. დავვარდით და თაყუანის-ვსცით არა თუ ნივთსა მას ფიცრისა, ანუ წამალთასა, არამედ უფალსა მას გამოხატულსა, ვითარცა-იგი არა თუ ნივთსა სახარებისასა თაყუანის-ვსცემთ ეტრატსა მას და ასოთა,
187. არცა ნივთსა ჯუარისასა შეშასა მას, არამედ ოდეს სახარებასა თაყუანის-ვსცემდეთ და შევემთხუეოდით, სიტყუათა უფლისათა შევემთხუევით და მეტყუელსა მას მათსა გამოვისახავთ და ჯუარსა რაჲ შევემთხუეოდით, სახესა მას უფლისა ჯუარცუმისასა თაყუანის-ვსცემთ და ამბოვრს-უყოფთ.
188. ეგრეთვე ხატსა რაჲ უფლისასა თაყუანის-ვსცემდეთ, არა ნივთსა მას ფიცრისა და წამალთასა თაყუანის-ვსცემთ, არამედ სახესა მას უფლისასა და მისა მიმართ აღვიპყრობთ გონებისა თუალთა, რამეთუ პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის,
189. ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს: „პატივი ქრისტჱს ხატისაჲ ქრისტესა მიიწევის და პატივი ღმრთისმშობლისა ხატისაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა მიიწევის და უფროჲსად მისგან განჴორციელებულისა მის უფლისა,
190. ეგრეთვე სხუათა წმიდათაჲ, რომელთა სათნოებანი და სიქველენი მოგჳყვანებენ სიმჴნედ და ბაძვად ახოვნებისა მათისა და დიდებად ღმრთისა“.
191. რამეთუ ვითარცა წერილ არს, ახოვანთა მათ და ერთგულთა უფლისათა პატივი მათ თანა მონათ მიერ აღსრულებული სასწაული არს ზიარისა მის უფლისა და მეუფისა მიმართ ერთგულებისაჲ.
192. ესე უკუე წესი წმიდათა ხატთა წერისაჲ პირველითგანვე წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ განწესებულ არს,
193. ვითარცა თაყუანისცემაჲ ჯუარისაჲ და ვითარცა თაყუანის-ცემაჲ აღმოსავალით კერძო და ვითარცა ნათლის-ღებაჲ და ზიარებაჲ ბრძანებითა უფლისაჲთა წმიდათა მოციქულთა მიერ განწესებულ არს, თაყუანის-ცემაჲ წმიდათა ხატთაჲ.
194. და თავადმანცა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე მოგუცა სახე ესე, რამეთუ იქცეოდა რაჲ იგი ქვეყანასა ზედა, ესმოდეს სასწაულნი მისნი ავგაროზ ედესელ მთავარსა და წარავლინა მხატვარი, რაჲთა გამოსახოს სახე უფლისაჲ და მიართუას.
195. ხოლო მხატვარმან მან ვერ უძლო ხატისა მისისა გამოსახვად ბრწყინვალებისა მისგან და დიდებისა, რომელი ჰკრთებოდა პირით მისით, რამეთუ განგებულებით ესრეთ ეჩუენებოდა.
196. მაშინ მივიდა და შეუვრდა ფერჴთა უფლისათა და მიუთხრა საქმე იგი.
197. ხოლო მაცხოვარმან მიიღო ტილოჲ ჴელთ-საჴოცელი და დაიდვა წმიდასა მას და ცხოველსმყოფელსა პირსა თჳსსა, და მეჴსეულად გამოისახა ხატი მისი დიდებული ტილოსა მას ზედა და ესრეთ წარსცა იგი ავგაროსისა ებისტოლითურთ ცხოველს-მყოფელითა მით ჴელითა მისითა დაწერილითა.
198. და დიდებულნი სასწაულნი აღესრულნეს წმიდისა მის ხატისაგან.
199. და მიერითგან წმიდათა მოციქულთა მიერ განეწესა მადლითა სულისა წმიდისაჲთა გამოსახვაჲ ხატებისა,
200. რამეთუ ლუკაცა მახარებელი მხატვარი იყო მადლითა ქრისტესითა და გამოსახა ჴელითა თჳსითა ხატი მაცხოვრისაჲ და წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და სხუათა მათ წმიდათა მოციქულთა ესე განაწესეს:
201. დაღაცათუ ებისტოლეთა შინა მათთა არა დაუწერიეს ხატთათჳს, არამედ უმრავლესნი და მტკიცენი წესნი ქრიტეანობისანი უწერელად ასწავეს,
202. სადა წერილ არს: აღმოსავალით თაყუანის-ცემაჲ ანუ ჯუარისაჲ პირთა ჩუენთა ზედა გამოსახვაჲ, ანუ სამგზის შთაყოფაჲ მონათლისაჲ ემბაზსა და სხუაჲ მრავალი ესევითარი, არამედ საქმით ქმნეს და სიტყჳთ გუასწავეს.
203. და მტკიცე და შეურყეველ არიან სწავლანი მათნი, ვითარცა იტყჳს ნეტარი მოციქული პავლე: „ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ჩუენი, რომელიცა გისწავიეს გინათუ სიტყჳთ, გინათუ წიგნითა“,
204. და კუალად იტყჳს: „ხოლო აწ, ძმანო, გეტყჳ თქუენ და გლოცავ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა ჰმატდეთ უფროჲს,
205. რამეთუ იცით რავდენნი მცნებანი გამცნენ თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.
206. ესე უკუე საცნაურ არს და მტკიცე, ვითარმედ პირველად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ ქმნილითა მით სასწაულითა და ხატისა თჳსისა ტილოსა მას ზედა გამოსახვითა დაეწესა წმიდათა ხატთა გამოსახვაჲ და მერმე წმიდათა მოციქულთა მიერ
207. და ღმერთშემოსილთა მამათა საღმრთოჲ ესე საქმე დაემტკიცა და ყოველთა მორწმუნეთა შორის განეფინა თაყუანისცემაჲ ჯუარისაჲ და წმიდისა ხატისა უფლისა იესუ ქრისტჱსი, და წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და ყოველთა წმიდათაჲ.
208. ამისთჳსცა სარწმუნოებით და სიყუარულით თაყუანის-ვსცემთ და ამბორს უყოფთ ხატსა ტარიგისა მის ღმრთისა, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისანი და გამოვსახავთ მას არა სახედ ტარიგისა, არამედ სახითა მით კაცობრივისა ხატისაჲთა, რომელი ცხორებისათჳს ჩუენისა შეიმოსა.
209. და გულისჴმის-ყოფად მოვალთ აღმამაღლებელსა მას ჩუენსა უფლისა სიმდაბლესა, ჯუარცუმასა, დაფლვასა და აღდგომასა მისსა, რომლითა იქმნა ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ“.
210. ხოლო რომელთაცა იკადრონ სხუად სახედ განდრეკად მართლისა სარწმუნოებისა და წესთა ეკლესიისათა შეურაცხ-ჰყოფდენ, ანუ სახესა ჯუარისასა, ანუ გამოსახვასა წმიდათა ხატთასა, ანუ ნაწილებსა წმიდათა მოწამეთასა, ესევითარნი იგი უკუეთუ ებისკოპოსნი იყვნენ, ანუ მღდელნი.
211. აღ-მცა-ჴოცილ არიან, უკუეთუ მონაზონნი იყვნენ ანუ ერისკაცნი, განიდევნენ ეკლესიისაგან.
212. ესრეთ გურწამს ყოველთა და ესრეთ განვაწესებთ.
213. ესე არს მართალი სარწმუნოებაჲ, დაწესებული წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათაგან:
214. „გურწამს ერთი ღმერთი სამებით დიდებული და ჩუენთჳს განჴორციელებულისა ქრისტეს ძისა ღმრთისა ჯუარსა და ხატსა თაყუანის-ვსცემთ და ამბოვრს-უყოფთ და ყოველთა წმიდათა ხატებსა პატივსცემთ.
215. წმიდისა ღმრთისმშობელისა, წმიდათა ანგელოზთა, წმიდათა მოციქულთა, წინაწარმეტყუელთა, მოწამეთა, მღდელთმოძღუართა და მამათასა.
216. და რომელნი ამას სარწმუნოებასა არა შეუდგებიან, შეჩუენებულმცა არიან.
217. რომელთა იკადრონ წმიდათა ხატთა კერპად წოდებად, კრულნიმცა არიან და შეჩუენებულნი და განვრდომილნი ღმრთისაგან.
218. ყოველნიმცა, მწვალებელნი და მტერნი მართლისა სარწმუნოებისნი, შეჩუენებულ არიან.
219. ყოველთა მართლმადიდებელთა და მართლგამომეტყუელთა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა მიეცინ უფალმან ღმერთმან მადლი მისი და კურთხევაჲ.
220. და საუკუნომცა არს საჴსენებელი მათი მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათაჲთა, ამენ“.
221. ჲთ. ჟამსა ამიერ სოფლით განსვლისასა ყოველთა მორწმუნეთა ჯერ-არს ზიარებაჲ უხრწნელთა მათ საიდუმლოთა პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რაჲთა საგზალი კეთილი თანა აქუნდეს შორიელისა მისთჳს მგზავრობისა.
222. დაღაცათუ კანონი ვის აქუნდეს უზიარებლობისაჲ ბრალისა რაჲსათჳსმე და მიიწიოს სენსა სასიკუდინოსა, ნუ დაეყენების ზიარებისაგან, არამედ მიეცინ მას საგზალი იგი ცხორებისაჲ.
223. ხოლო უკუეთუ კუალად მოვიდეს სიმრთელედ, კუალადცა აღასრულენ წესი კანონისა თჳსისაჲ.
224. ხოლო უკუეთუ ვინ არა ეწიფოს ზიარებად და აღესრულოს, არა ჯერ-არს გუამსა მას მკუდრისასა ზიარებისა მიცემად, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, და სუთ ამისგანი, ესე არს სისხლი ჩემი“.
225. ხოლო გუამნი მკუდართანი ვერცა მიღებად შემძლებელ არიან, ვერცა ჭამად, ვერცა სუმად, არამედ ცოცხალთაჲ არს საქმე ესე და ვიდრეღა ცოცხალ იყოს, ეზიარენ.
226. ო. წესისაებრ მამათაჲსა ჩუენცა განვაწესებთ ჩჩჳლთათჳს: უკუეთუ არა იპოვნენ მოწამენი, რომელნი წამებდენ, ვითარმედ უეჭუელად ნათელ-უღებიეს, არა მათ იცოდიან დასტურებით თუ ნათელ-უღებიეს, ჯერ-არს ესევითართა მათ ნათლის-ცემაჲ დაუბრკოლებელად.
227. ნუუკუე იჭუეულობამან გამოაჴუნეს იგინი განწმედისა მისგან, რომელი მიეცემის ნათლისღებისა მიერ მორწმუნეთა და მადლისა მისგან დიდებულისა, რომელი მოეფინების ნათელღებულთა ზედა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ამენ.
228. ოა. ორთა, გინა სამთა მოწამეთა ზე დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ, ვითარცა წერილი გუასწავებს.
229. ამისთჳს მონანი, რომელნი უფალთა მათთაგან წინაშე სამთა მოწამეთა განთავისუფლდენ და აზნაურებაჲ მიეცეს, სამარადისოდ აქუნდინ აზნაურებისა მის ნიჭი.
230. ხოლო პატივსა და ერთგულებასა უფალთა ამათთა აჩუენებდენ მონა-ყოფილნი იგი მარადის.
231. ობ. რომელნი-იგი წარსაწყმედელად სულთა მეძავთა მოიგებენ და ზრდიან, რაჲთამცა ურჩულოჲსა მის საქმისაგან საფასესა მოირეწდეს, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, უზიარებელ იქმნენ.
232. ოგ. დედაკაცმან, რომელმან დაუტეოს ქმარი თჳსი და სხჳსა მივიდეს, მრუშებისა საშჯელსა ქუეშე არს, ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს:
233. „უკუეთუ იპოოს, ვითარმედ ცოლი წარვიდა ქმრისაგან, დედაკაცი იგი მემრუშე არს, ხოლო ქმარი უბრალო არს და არა დაეყენების ეკლესიისაგან და ზიარებისა, ხოლო დედაკაცი მემრუშეთა საშჯელსა თანამდებ არს“.
234. ხოლო რომელმან დაუტეოს რჩულიერად შერთული მისდა ცოლად და სხუაჲ შეირთოს, მას ზედაცა საშჯელი მრუშებისაჲ არს, ვითარცა უფალმან ბრძანა: „რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშა“.
235. უკუეთუ კულა მოიქცეს სინანულად და უჯეროდ შერთული იგი განიშოროს, სინანული მისი ესრეთ იყოს:
236. ერთ წელ შესტიროდის, ორ წელ მსმენელთა თანა იყოს, ორ წელ ქუედავრდომასა შინა აღასრულოს, ერთსა წელიწადსა ერისა თანა დგეს და მეშჳდესა წელსა ღირს იქმნეს ზიარებასა, უკუეთუ ცრემლითა მჴურვალითა და შემუსრვილითა გულითა შეინანოს.
237. ოდ. ნუმცა ვის ჴელ-ეწიფების საჴედრისა ანუ სხჳსა პირუტყჳსა ეკლესიად შეყვანებად,
238. თჳნიერ უკუეთუ მგზავრსა ვის შეემთხჳოს ჭირი დიდი ზამთრისა და ბუქისაჲ და მიემთხჳოს გზასა ზედა ეკლესიასა და სახლი არა იპოებოდის და დიდისა მის ჭირისათჳს შეიყვანოს საჴედარი ერთსა ყურსა მის ეკუტრისასა,
239. რამეთუ უკუეთუ არა შეიყვანოს სართულსა, საჴედარი იგი ანუ კარაული, მოკუდეს და სიკუდილითა მისითა კაცი იგი ვერღარა შემძლებელ იყოს სლვად და იგიცა სიკუდილად მიეცეს,
240. რამეთუ ვითარცა წერილ არს: „შაბათი კაცისათჳს არსო“, ამისთჳსცა საცნაურ არს, ვითარმედ ყოვლით კერძო საძიებელ არს ცხორებაჲ და დარჩომაჲ კაცისაჲ.
241. ხოლო უკუეთუ ვის ემხილოს, თუ გარეშე ესევითარისა ჭირისა საჴედარი შეიყვანა ეკლესიას, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ.
242. ოე. დღეთა მათ ცხოველისმყოფელისა ქრისტეს ვნებისათა მარხვითა და ლოცვითა და ლმობიერებითა გულისაჲთა ჯერ-არს აღსრულებაჲ ყოველთა მიერ მორწმუნეთა.
243. და შუაღამეს დიდისა შაბათისა, აღესრულოს რაჲ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, მაშინ ჯერ-არს განჴსნაჲ მარხვისაჲ, რამეთუ ესე მოესწავების წმიდათა მახარებელთაგან მათეს და ლუკაჲსა, ვითარმედ მიმყოვრებასა ღამისასა იქმნა აღდგომაჲ უფლისაჲ.
244. მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენებოდა ერთშაბათად“.
245. არა თუ მწუხრისა ჟამსა იტყჳს, არამედ მიმყოვრებასა ღამისასა.
246. მწუხრი შაბათთასა, ესე იგი არს აღსრულებასა შაბათთასა, რამეთუ ყოველთა დღეთა შაბათ ეწოდებოდა, ამისთჳს იტყჳს ერთშაბათი, ორშაბათი, სამშაბათი და ესრეთ შემდგომითი-შემდგომად,
247. ხოლო მწუხრი შაბათთასა მოასწავებს აღსასრულსა შაბათთასა მიმყოვრებასა ღამისასა, რომელი განთენებოდა ერთბაშათად.
248. ხოლო ლუკა იტყჳს ერთსა მას შაბათსა ცისკარსა მსთუად.
249. ამათ სიტყუათა განმარტებითა წმიდათა მამათა შუაღამისა ჟამსა განაწესეს მარხვისა განჴსნაჲ, რამეთუ მაშინ იქმნა აღდგომაჲ უფლისაჲ.
250. ოვ. დღესა წმიდისა კჳრიაკისასა მუჴლთა არა მოდრეკაჲ განწესებულ არს წმიდათა მამათაგან პატივად დიდებულისა მის ქრისტეს აღდგომისა, ამისთჳს ვაუწყებთ ყოველთა,
251. რაჲთა მწუხრისა გალობად რაჲ შევიდენ, მწუხრი შაბათსა და ვიდრე კუალად კჳრიაკესა მწუხრი მუჴლთ დრეკაჲ დააცადონ,
252. რამეთუ შაბათისა იგი მწუხრი წინამსრბოლად კჳრიაკისა შეგჳრაცხიეს და ესრეთ ვიწყებთ გალობასა აღდგომისასა და ღამესა მას და დღესა კჳრიაკისასა ვდღესასწაულობთ და მომავალსა მას მწუხრსა კუალად ვიწყებთ მუჴლთ მოდრეკით ვედრებად უფლისა.
253. ოზ. რომელნი მისცემენ დედათა წამალსა შვილის მკლველსა საშოსა შინა და დედანი, რომელნი მიიღებენ ესევითართა მათ წამალთა და საშოსა შინა მოაკუდინებენ მუცლადღებულთა მათ შვილთა, კაცისკვლისა კანონსა ქუეშე არიან.
254. ოჱ. რომელნი წარიტაცებენ დედათა და ესრეთ ტაცებით და მძლავრებით იქორწინებენ და რომელნი ტაცებასა მას თანა-შემწე და თანა-მზრახვალ და ძალ-მცემელ იყვნენ,
255. ესევითართა მათთჳს ბრძანებს წმიდაჲ ესე კრებაჲ: უკუეთუ მოწესენი იყვნენ, აღიჴოცენ პატივისა მისგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიდევნენ ეკლესიისაგან.
256. ოთ. უკუეთუ ვინ გზასა შორსა წარვიდეს და შეემთხჳოს ფრიადი დაყოვნებაჲ და ცოლი მისი პირველ ჭეშმარიტად გულსავსებისა სიკუდილისათჳს ქმრისა მისისა სხუასა ქმარსა ექორწინოს, იმრუშა.
257. ეგრეთვე ცოლნი მჴედართანი, უკუეთუ დაყოვნებასა ქმართა მათთასა იჭჳ სიკუდილისა მათისაჲ მიიღონ და პირველ დადასტურებისა სხუათა ქმართა ექორწინნენ, მემრუშენი არიან.
258. გარნა არს მცირედ მოლხინობაჲ ბრალისაჲ მის იჭჳსა მისთჳს სიკუდილისა.
259. ხოლო უკუეთუ მჴედარი იგი შემდგომად ჟამისა რავდენისამე, გინა მცირედისა, გინა ფრიადისა მოიქცეს, რომლისა ცოლი სხუასა ქმარსა ექორწინა, და სწადოდის თჳსისავე ცოლისა შერთვად,
260. მიეცინ მას თჳსი იგი მეუღლე და შენდობა-იყავნ დედაკაცისა მის, რომელ უმეცრებით ექორწინა სხუასა ქმარსა და ეგრეთვე მისდაცა, რომელსა ექორწინა იგი.
261. პ. რომელნიცა მოიქცენ წვალებისაგან და მოვიდენ კათოლიკე ეკლესიად და შეერთნენ ნაწილსა მართლმადიდებელთასა, ესრეთ ჯერ-არს შეწყნარებაჲ მათი:
262. არიანოზნი და მაკედონიანოზნი და ნავატიანოზნი, რომელნი სახელ-სდებენ თავთა თჳსთა განწმედილად და მეათოთხმეტენი და მარცხენენი და აპოლინარელნი და ნესტორნი და იაკობიკნი, რომელთაგანნი არიან სომეხნიცა და მარკიანელნი და უალენტინიანელნი და მსგავსნი ამათნი,
263. ამათ მწვალებელთაგან რომელნიცა მოიქცენ, ესრეთ შევიწყნარნეთ, რაჲთა შეაჩუენნენ წვალებანი იგი, რომელთა შინა იყვნეს და ყოველნი წვალებანი, რომელნი არა შეუდგან კათოლიკე ეკლესიასა.
264. და შჳდეულსა ერთსა მივიდოდინ ეკლესიად მარხვითა და ლოცვითა, მერმე წართქუას მათ ზედა ლოცვაჲ მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან და სცხოს წმიდა მიჰრონი შუბლსა და თუალთა და საყნოსელსა და პირსა, ყურთა და ნებთა და გულსა იტყოდის საბეჭდავი ნიჭისა მის სულისა წმიდისაჲ.
265. დაადგინნეს იგინი მღდელმან წინაშე წმიდისა საკურთხეველისა და ჰრქუას ესრეთ: „თქუთ: შეჩუენებულმცა არს წვალებაჲ იგი, რომლისაგან მოვიქეცით, და ყოველნი მოძღურებანი მისნი და ყოველნი, რომელნი შეუდგან მას და რომელნი თანა-ეწამებიან მას,
266. რამეთუ ვიჯმნი წვალებისა მისგან და სხჳსა ყოვლისა წვალებისაგან და მრწამს წმიდაჲ სამებაჲ, ერთარსებაჲ მოძღურებისაებრ მამათაჲსა მართლგამომეტყუელთა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა“.
267. და თანა-ეწამებოდინ იგინი ყოველსა ზედა, გინათუ ერთი იყოს, გინა მრავალნი.
268. მერმე კულად ჰრქუას მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან სამგზის: „გრწამსა წმიდაჲ ერთარსებაჲ სამებაჲ?“
269. მიუგოს მონანულმან.
270. „ჰე, მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ“.
271. ხოლო არა იცოდის თუ ენაჲ, აღმქუმელმან მისმან მისცეს პასუხი და მას თარგმანითა ათქუმიონ.
272. მერმე მოიდრიკოს მან თავი და დადვას მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან ჴელი თავსა მისსა ზედა და ესე ლოცვაჲ წართქუას: „ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ,
273. შეიწყნარე მონაჲ ესე შენი, – სახელ-სდვას, – რომელმან ესე ძლით განიფრთხო საცთურისაგან წვალებისა და წადიერ იქმნა მეცნიერებად მოსლვად ჭეშმარიტებისა შენისა,– და შენ სთქუ,
274. ვითარმედ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა ჯერ არიან ჩემდა მოყვანებად და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“,
275. შენ უკუე, მწყემსო კეთილო და სახიერო, დამწყსე ესე დიდებითა ჭეშმარიტებისა მის მეცნიერებისა შენისაჲთა, ქადაგებისაებრ დიდებულთა და წმიდათა მოციქულთა შენთა და ღირს ყავ ესე ბეჭედსა მას საღმრთოჲსა მის საიდუმლოჲსასა
276. და მოედინ მას ზედა ყოვლად წმიდაჲ სული შენი და ღირს-ყავ ზიარებად პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა შენსა და გამოაჩინე ესე სრულებით მონად შენდა, რაჲთა ესეცა შეირაცხოს სამწყსოსა შენსა თანა დიდებად და ქებად დიდად შუენიერებისა შენისა,
277. რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
278. მერმე სცხოს მას მიჰრონი ვითარცა ახალ მონათლეთა, ვითარცა ზემოწერილ არს, და იტყოდიან: „ნელსაცხებელ.
279. განახლებულ არს სახელი წმიდაჲ შენი, მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩუენო“.
280. მღდელთმოძღუარმან სახელ-სდვას კაცსა მას.
281. ეცხების საბეჭდავი სულისა წმიდისაჲ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
282. მერმე კუალად ესე ლოცვაჲ წართქუას: „უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს-ჰყავ სრულად მონად შენდა ძმაჲ ესე –სახელ-სდვას მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა შენითა და აღბეჭდვითა წმიდისა მის მიჰრონისაჲთა,
283. შენ მეუფეო ყოველთაო, ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ შენი გულსა მისსა დაამტკიცე და აღაორძინე იგი სიმართლითა და ყოვლითა მადლითა შენითა შეამკვე,
284. რამეთუ კურთხეულ არს დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
285. და ამისა შემდგომად აზიაროს და ამცნოს, რაჲთა მეშჳდ დღემდე ჴორცი არა ჭამოს, არცა პირი დაიბანოს, არამედ, ვითარცა ახალ მონათლენი, ესრეთ იყოს მას შჳდეულისა და ეზიარებოდის და მერვესა დღესა მღდელმან მოიღოს წყალი, ჴელითა განბანოს პირი მისი
286. და თქუას: განათლებულ ხარ, განწმენდილ ხარ, განბანილ ხარ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
287. ხოლო პავლუკიანნი და მანიქეველნი და ევნომიანელნი, რომელნი ერთითა წყლად შთაყოფითა ნათელ-სცემენ, და მონტანელნი იგი ბილწნი და საბელიანოზნი, რომელი მამა-ძეობასა ქადაგებენ და სხუათა მრავალთა ბოროტთა იქმან და სხუანი იგი ბოროტნი მწვალებელნი,
288. ვითარ არიან კუკუბრიკნი და მსგავსნი მათნი ამათ ესევითართაგანნი, რომელნიცა მოიქცენ, ვითარცა წარმართთა შევიწყნარებთ და პირველსა დღესა ვიქმთ მათ ქრისტეანედ,
289. და მესამესა დღესა ლოცვათა მათ კათაკუმეველთასა და შეფიცებისათა წარვიტყჳთ მათ ზედა შებერვითა სამგზის პირსა და სასმენელთა და ვასწავებთ სარწმუნოებასა მართალსა და უწესებთ მისლვად ზედაჲს-ზედა ეკლესიად და სმენად წმიდათა წერილთა და მერმე ნათელს ვსცემთ სრულებით.
290. ესე არს წესი და განგებაჲ მათ ზედა, რომელნი წვალებისაგან მართლმადიდებლობად მოიქცენ.
291. პა. რომელთა წმიდისა ნათლის-ღებისა მიერ ქრისტე შეუმოსიეს, ბაძვაჲ თანა-აც მისისა მის მოქალაქობისაჲ, რომელ აღასრულა, ოდეს-იგი ქუეყანად მოვიდა და კაცთა შორის იქცეოდა, რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ და აღსარებაჲ ნათლის-ღებისა ჟამსა.
292. აწ უკუე რომელნი ოქროსა შესწმასნიან თმათა თანა თავისა მათისათა და სხუათა უწესოთა და უზომოთა სამკაულთა მოიპოებენ, სავნებელად სხუათა უძრულთა სულთა, ესევითართა მათ ამცნონ და ამხილონ მღდელთმოძღუართა უწესობისა მისგან ჯმნად და სულიერითა მოქალაქობითა ყოფად,
293. რაჲთა არა ყოვლითურთ ნივთთა მათ ამაოებისათა შემრსჭუალულ იყვნენ გონებანი მათნი, არამედ უოხჭნოსა მას და სანატრელსა ცხორებასა მის საუკუნოჲსასა იწურთიდენ მარადის და შიშით ჰმსახურებდენ უფალსა მოქალაქეობითა სიწმიდისაჲთა,
294. რაჲთა ესრეთ მიეახლებოდინ ღმერთსა, რაოდენცა შესაძლებელ არს და უმეტესად შინაგანსა მას კაცსა შეამკობდენ სათნოებითა, ვიდრეღა გარეშესა ცუდითა სამკაულითა,
295. რაჲთა არარაჲ იყოს მათ თანა ნაწილი მტერისაჲ, არამედ ქრისტემან დაიმკჳდროს მათ შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ.
296. პბ. ესეცა გუეუწყა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა საკლველთა დაჰკლვენ და ოდეს-იგი დაჰკლვიდენ, ლოცვათა წარიტყჳს მღდელი ზუარაკსა მას ზედა ანუ ცხოვარსა და ჴორცსა მას შეიღებენ ეკლესიად და მისცემენ მღდელთა ნაწილსა წესისა მისებრ ძუელისა რჩულისა,
297. ვითარცა იქმოდეს ჰურიანი, ხოლო ესე წესი გარეშე არის წესთაგან კათოლიკე ეკლესიისა.
298. ამისთჳს განჩინებით ვამცნებთ, რაჲთა წესი ესე მოისპოს.
299. ხოლო უკუეთუ ვინ საჴსენებელსა გარდაიჴდიდეს წმიდათასა ანუ შესუენებულთასა, მიიღოს ეკლესიას ზეთი და საკუმეველი და სანთელი და სეფე ზედაშე და თესლი და თესლისა კურთხევად წართქუას მღდელმან
300. და განუყოს შემოკლებულთა მათ სეფისა განატეხი და თესლი და საძღუნელი და ესე კმა იყავნ ეკლესიასა შინა.
301. ხოლო საკლველსა თუ დაჰკლვიდეს, ლოცვათა წართქუმაჲ საკლველსა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თჳთ იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაჲ თქუას და დაკლას,
302. გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაჲ და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა და ჴორცი იგი გინათუ მგბარი, განათუ უმგბარი განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარეშე ეკლესიისა.
303. და მღდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს საჴსენებელის მოქმედსა მას, ხოლო რომელნი ამას წესსა გარდაჰჴდენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაჲ დაესაჯოს.
304. პგ. რომელმან უღელი ებისკოპოსობისაჲ მიიღოს, ჯერ-არს მისდა, რაჲთა იყოს კაცი საღმრთოჲ და უბრალოჲ, სრული ყოვლითავე სათნოებითა და ყოვლითავე მეცნიერებითა სულიერთა საქმეთაჲთა სავსე.
305. და წესისაებრ კათოლიკე ეკლესიისა თანა-აც სლვად სახიერ ულალველ, ვითარცა მოძღუარი იგი ეკლესიათაჲ, წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს: „უკუეთუ ვისმე ებისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.“
306. ჯერ-არს უკუე ებისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს ერთის ცოლის ქმარ.
307. რაჲ არს ერთის ცოლის ქმარ, ესე იგი არს: უკუეთუ ექორწინოს და ყოფილ იყოს ერთის ცოლის ქმარ და დაქურივებულ იყოს, არა დაეყენების მღდელთმოძღურობისაგან.
308. უკუეთუ კულა ორგზის ექორწინოს, არა მოვალს მღდელობად.
309. ამისთჳს თქუა: ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, უცხოთმოყუარე, სწავლულ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლაღე, არამედ სახიერ, ულალველ, ნუ ვეცხლისმოყუარე, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, რომელ არს სამწყსოჲ იგი პირმეტყუელი და შემდგომი ამისი.
310. კეთილად უკუე განაწესა ნეტარმან მან საზომი ებისკოპოსობაჲ.
311. ამას წესსა ზედა უჴმს მღდელთმოძღუართა ყოფად.
312. ეგრეთვე ხუცესთა და დიაკონთა თანა-აც ბაძვად ებისკოპოსისა თჳსისა კეთილთა საქმეთა ზედა.
313. მღდელი, რომელი შესწირვიდეს უსისხლოსა მას მსხუერპლსა, პირველად თჳსთა ბრალთათჳს და მერმე ერისთჳს, ევედრებოდენ ღმერთსა,
314. რამეთუ ჯერ-არს დიდითა შიშითა და კრძალულებითა აღსრულებად წმიდისა ჟამისწირვისა სიწმიდითა გულისაჲთა და ლმობიერებითა დიდითა შემოსად შესამოსელი იგი მღდელობისაჲ:
315. კუართი და ოლარი და სარტყელი და ზეწარი და დაგებად წმიდისა მის შესაწირავისა შემსგავსებულად ერისა მის, რომელსა ეგულებოდის ზიარებად, ხოლო აზიაროს რაჲ ერი იგი,
316. უკუეთუ დარჩეს სიწმინდე, მეტად ნუმცა იკადრებს მარტოდ აკრებად, რეცა ნაყროვნებით მეტად თუ იყოს, არამედ სხუათაცა მოუწოდოს და აზიაროს და მერმე წმიდაჲ იგი ბარძიმი მორღუნას ორგზის ზედაშითა და ერთგზის წყლითა,
317. უკუეთუ კულა ნაკლულევანად აქუნდეს ზედაშე, ერთგზის უეჭუელად მორღუნას ზედაშითა და მეორედ წყლითა და ნარღუენი იგი შესუას, რაჲთა არასადა წარწყმდეს ნაბერწყალთაგან სიწმინდისათა.
318. ანუ ფეხუემისაგან, ანუ ბარძიმისა და ყოველივე წესიერად და შიშით და წმიდად აკრიბოს ბარძიმ-ფეხუემი და ყოველივე სამსახურებელი წმიდისა ჟამისწირვისაჲ, და მერმე ჴელნი დაიბანნეს,
319. რაჲთა არა ჴელითა მით, რომლითა შეხებულ არნ წმიდათა მათ სადჲუმლოთა, განუბანელად საჭმელთა განხრწნადთა და სხუათა ჴორციელთა საქმეთა ერეოდის და მერმე აღიძუარცოს შესამოსელი იგი სამღდელოჲ და მადლობაჲ მისცეს უფალსა და მიიღოს სარღუნელი და ევლოგიაჲ სეფისკუერისაჲ.
320. ამას წესსა ზედა აღასრულებდენ ხუცესნი და დიაკონნი მსახურებასა მღდელობისა მათისასა.
321. და დიაკონი თუ უდიაკონებდეს წმიდასა ჟამისწირვასა, შესამოსელი იგი მთავარდიაკონობისა მისისაჲ შეიმოსენ და წესიერად აღასრულენ დიაკონობაჲ მისი, რაჲთა მადლი კეთილი მიიღოს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსგან.
322. და შემდგომად ჟამისწირვისა ვამცნებთ ხუცესთა და დიაკონთა, რაჲთა ეკრძალნენ მეტისა ღჳნისა სუმად, რამეთუ არაოდეს ჯერ-არს მღდელთა და დიაკონთა მეღჳნობაჲ.
323. ხოლო უმეტესად დღესა მას, რომელსა ჟამი ეწიროს, ყოვლადვემცა ნუ იკადრებენ მეტისა ღჳნისა სუმად,
324. რაჲთა არა საბრჴესა მტერისასა შთავარდენ, არამედ ყოვლით კერძო კრძალულებითმცა იქცევიან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი უბიწოდ და უბრალოდ, რაჲთა სათნო ეყვნენ მეუფესა და უფალსა თჳსსა.
325. პდ. წმიდათა მამათა თითოეულისა კრებისათა აღწერნეს კანონნი შეცოდებულთათჳს, და უმეტეს ყოველთა თითოეულისა ცოდვისათჳს ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსმან, სუეტმან მან ეკლესიათამან განაწესა ჟამი სინანულისაჲ,
326. ვითარცა ღმერთმან გულსავსე-ყო და ვითარცა პირველთა მამათაგან ესწავლა, აწ უკუე ჩუენცა კანონთა მათ დავამტკიცებთ და თანა-ვეწამებით საკურნებელად, რომელთა ენებოს მოქცევაჲ და სინანული,
327. ვითარცა ნეტარი იგი და ყოვლითა სიბრძნითა და მეცნიერებითა საღმრთოჲთა სავსე ბასილი იტყჳს:
328. პე. რომელმან ნეფსით თჳსით განზრახვით კაცი მოკლას და მერმე მოვიდეს სინანულად და აღსაარებად, ოც წელ უზიარებელ იყოს წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, უხრწნელსა მას და ცხოველსმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა,
329. ხოლო ოცი იგი წელი სინანულისა მისისაჲ ესრეთ განეწესოს: ოთხ წელ თანა-აც შეტირებაჲ, ესე-იგი არს, რაჲთა დგეს გარეშე კართა ეკლესიისათა და შემავალთა ეკლესიად მორწმუნეთა ევედრებოდის ლოცვად მისთჳს და აღიარებდეს ცოდვასა მას თჳსსა,
330. ხოლო შემდგომად ოთხისა მის წლისა მსმენელთა თანა დაეწესოს, რომელნი-იგი დგანან ეზოსა შინა ეკლესიისასა წინაშე სამეუფოთა ბჭეთა და ისმენენ წმიდათა წერილთა საკითხავსა სამოციქულოთა, გინა საწინაწარმეტყუელოთა და ჴმასა წმიდისა სახარებისასა,
331. და ხუთ წელ მათ თანა დგეს და შჳდ წელ ქუედავრდომით მვედრებელთა თანა განვიდოდის, რომელნი-იგი დგანან შინაგან ბჭეთა ეკლესიისათა.
332. და ოდეს დიაკონმან ჴმა-ყოს: „კათაკუმეველნი განვედით!“
333. განვლენ ეკლესიით.
334. და ოთხ წელ დადგეს მორწმუნეთა თანა ვიდრე აღსრულებამდე ჟამისწირვისა.
335. გარნა არა ეზიარებოდის, ხოლო ოდეს წესი ესე და კანონი აღასრულოს, მერმე ღირს იქნას ზიარებასა სიწმიდისასა.
336. პვ. რომელსა არა თჳსითა ნებითა, არამედ უნებელად შეემთხჳოს კაცის კლვაჲ, ათ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა მათ საიდუმლოთა, ხოლო ათი იგი წელი სინანულისა მისისაჲ ესრეთ განეწესოს:
337. ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა დაეწესოს, ოთხი წელი ქუედავრდომით აღასრულოს, ერთსა წელიწადსა მორწმუნეთა თანა დადგეს აღსასრულამდე ჟამისწირვისა და მერმეცა შეიწყნარების ზიარებად.
338. პზ. ხოლო განყოფილებაჲ მრავალი არს ნებსითთა და უნებლიეთთა კაცის კლვათაჲ.
339. და ჯერ-არს ამისთჳსცა უწყებაჲ, ვითარცა ნეტარი ბასილი განაწესებს: არს უკუე სრულიად უნებელი და გარეშე გონებისა და განზრახვისა მოქმედისა მის,
340. უკუეთუ სტყორცოს ქვაჲ ანუ შეშაჲ ძაღლისა მიმართ ანუ ხისა მიმართ ჩამოსაყრელად ნაყოფისა მის და მიემთხვოს ქვაჲ იგი ანუ ძელი კაცსა უცნაურად მტყორცნებელისა მის და მოკუდეს კაცი იგი ქვისა მისგან ანუ ძელისა, არს ესე უნებელი განსაცდელი,
341. რამეთუ განზრახვაჲ და ნებაჲ მტყორცებელისა მის იყო მჴეცისა მიმართ ოტებად მისა ანუ ხისა მიმართ ჩამოყრად ნაყოფისა, ხოლო მიემთხჳა იშობრივ კაცსა მას და მოაკუდინა და არს ჭეშმარიტად უნებელი.
342. არს კუალად უნებელი კაცისა კლვაჲ, უკუეთუ ვინ წუართოს მონაჲ თჳსი ანუ მოწაფე შოლტითა, გინა კურთხითა არა ფიცხლითა, და შეემთხჳოს მას სიკუდილი,
343. ხოლო მან არა გულის-სიტყჳთა მოკლვისაჲთა სცა მრწემსა მას, არამედ მოქცევად მისა უწესობისაგან და არა უზომოდ ქმნა გუემაჲ მისი, არამედ განსაწურთელად ოდენ.
344. დაღაცათუ შეემთხჳა მას სიკუდილი, უნებლიეთი არს და არა ნებსითი, უნებელთა კაცისკლვათა თანა შეჰრაცხეს ესეცა: უკუეთუ შეემთხჳოს ვიეთმე შფოთი ურთიერთას და მიამთხჳოს, გინათუ არგნითა, ანუ მჯიღითა და მოკლას, რამეთუ გულისსიტყუაჲ მისი იყო,
345. რაჲთა ატკივნოს და მოწყლას, არა თუ რაჲთა სრულიად მოკლას, ხოლო შეემთხჳა სიკუდილი, არამედ ესე საქმე მახლობელ არს ნეფსითსა კაცის კლვასა, რამეთუ რომელმან ესრეთ რისხვით და გულისწყრომით ურიდად სცა, ემხილების მას, ვითარმედ ფრიად ძლეულ იყო გულისწყრომისაგან.
346. ეგრეთვე მსგავსად არს რომელმან გასტყორცოს ქვაჲ, ანუ შეშაჲ მიმთხუევად მეორისა და არა არნ გონებაჲ მისი, რაჲთამცა მოკლა, არამედ რაჲთა ავნოს ოდენ,
347. ხოლო შეემთხჳა, ანუ ფიცხლად ტყორცებითა, ანუ სიმძიმითა ქვისა მის გინა შეშისაჲთა, ანუ საკრძალავსა ადგილსა მიმთხუევითა, სიკუდილი კაცისაჲ მის უნებლიეთთა კაცის კლვათა თანა შერაცხილ არს.
348. არამედ ესეცა ნეფსითსა მიეახლების.
349. ხოლო რომელმან აღიღოს მახჳლი და ესრეთ ჴელ-ყოს შურისგებად, არარაჲ აქუს მას ნუგეშისცემაჲ, არცა სიტყჳსგებაჲ, რაჲთამცა თანა წარჰჴდა ნეფსითსა კაცის კლვასა.
350. გინათუ ჴელის-ჴელ სცეს მახჳლითა ვითარითაცა, გინათუ შეტყორცებით მოწყლას, ანუ ჴელცულითა, ანუ მაზრაკითა, ანუ ისრითა და მოიკლას წყლული იგი, ნეფსითი არს კაცის კლვაჲ ესე.
351. არიან კუალად სრულიად ნეფსითნი კაცის კლვანი, რომელთა შინა იჭჳ არცა ერთი არს: კაცის კლვანი იგი ავაზაკთანი, და მბრძოლთანი, რომელნი მივლენ ტყუენვად და ჴოცად,
352. რამეთუ ავაზაკნი ანგაჰრებისათჳს და მიხუეჭისა უცხოთა საფასეთა მოჰკლვენ კაცთა უბრალოთა და მბრძოლნი მივლენ ტყუენვად და მოსრვად, არცა შეშინებისათჳს, არცა წურთისათჳს, არამედ მოწყუედად წინააღმდგომთა მათთა და არიან კაცის კლვანი იგი ნეფსითნი და განზრახვითნი.
353. და კუალად უკუეთუ ვინ წამალი ვის შეასუას სასიკუდინე, კაცისმკვლელი არს ნეფსითი და ბოროტი.
354. დაღაცათუ არა გულისსიტყჳთა მოკლვისაჲთა შეასუას ვინ წამალი, არამედ სხჳსა რაჲსმე პირისათჳს უწესოჲსა და შეემთხჳოს სიკუდილი, ნეფსითთა კაცის კლვათა თანა შეგჳრაცხიეს იგი.
355. ვითარ იქმან დედანი მრავალგზის შეასუმენ წამალსა მამაკაცსა, რაჲთა სიყუარული ტრფიალებისაჲ შეუქმნან მათა მიმართ და შეემთხჳის ამისგან სიკუდილი,
356. ხოლო დაღაცათუ არა მოსაკლავად შეასუა წამალი იგი დედაკაცმან მან, არამედ სიყუარულისა აღმაორძინებელად, გარნა ვინაჲთგან გულისსიტყუაჲ იგი უჯეროჲ იყო და საეშმაკოჲ, უკუეთუ შეემთხჳოს სიკუდილი, ნეფსითთა კაცის კლვათა თანა არს.
357. და კუალად: რომელნი-იგი მისცემენ წამალთა ჩჩჳლის მკლველთა საშოსა შინა, კაცისმკლველნი არიან მიმცემელნი იგი წამლისანი და მიმღებელნი მისნი,
358. რამეთუ მრავალგზის არა ხოლო თუ ჩჩჳლნი იგი, არამედ თჳთ იგინიცა დედანი, რომელთა სჳან წამალი იგი, შეემთხჳის სიკუდილი და იქმნიან მკლველ თავთა თჳსთა.
359. და სხუანი მრავალნი სახენი არიან ნეფსითთა და უნებლიეთთა კაცის კლვათანი, რომელნი-იგი განაწესნენ გულისჴმის-მყოფელთა მოძღუართა, და შემსგავსებული კანონი მისცენ, გინათუ ნეფსით იყოს, გინათუ თუ უნებლიეთი.
360. პჱ. რომელმან იმრუშოს ქმრის ცოლთა თანა, ათხუთმეტ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა საჲდუმლოთა: ოთხ წელ შესტიროდის, ხუთ წელ მსმენელთა თანა დაეწესოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ორ წელ მორწმუნეთა თანა დადგეს და მერმეღა ღირს იქმნას ზიარებასა.
361. პთ. რომელმან ისიძვოს, შჳდ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა საჲდუმლოთა: ორ წელ შესტიროდის, ორ წელ მსმენელთა თანა იყოს, ორ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ მორწმუნეთა თანა დადგეს და მერვესაღა წელსა შეიწყნარონ ზიარებად.
362. ჟ. რომელმან მონაზონებისა გინა ენკრატისობისა აღთქუმაჲ უარყოს, ჟამი იგი მრუშებისა ცოდვისაჲ აღასრულოს.
363. სინანულად თუ მოიქცეს და წესი თჳსი მიიღოს და ვითარცა მის ცოდვისათჳს წერილ არს, ეგრეთ განეწესოს მის ზედაცა.
364. ჟა. მპარავმან უკუეთუ თავით თჳსით აღიაროს, ერთსა წელსა უზიარებელ იყოს.
365. უკუეთუ კულა შესწამონ სხუათა და ამხილონ, ორ წელ განიკანონოს დავრდომით და თანა-დგომით და მერმე ეზიაროს.
366. ჟბ. რომელმან უშუერებაჲ იგი მამათმავლობისაჲ აჩუენოს, ჟამი იგი მემრუშეთა უშჯულოებისაჲ მიეცეს მას სინანულად, ვითარ-იგი მუნ განწესებულ არს.
367. ჟგ. რომელმან პირუტყუთა თანა ურჩულოებაჲ თჳსი აღასრულოს და აღიაროს, იგივე ჟამი მემრუშეთაჲ დაიმარხოს სინანულად.
368. ჟდ. ცრუდ მფიცავი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნას ზიარებასა.
369. ჟე. რომელმან გრძნებაჲ და მწამლველობაჲ აღიაროს, კაცის კლვისა კანონი აღასრულოს, ვითარცა მუნ განწესებულ არს.
370. ჟვ. საფლავის მჭკუერველი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნეს ზიარებასა.
371. ჟზ. ძმაჲ თუ დასა თანა აღერიოს, კაცის კლვისა კანონსა თანამდებ არს.
372. ხოლო მამის ძმისწულთა ქორწინებაჲ თუ გამოჩნდეს, კანონი ზემოწერილი არს.
373. ესევითარნი ქორწინებანი ყოველნი და-მცა-ჴსნილ არიან.
374. ჟჱ. რომელმან თჳნიერ ჭირისა ქრისტე უარყოს და შეურაცხ-ყოს საიდუმლოჲ იგი ცხორებისაჲ, ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა თანა-აც შეტირებაჲ და აღსაარებაჲ,
375. ხოლო ჟამსა მას აღსრულებისა და სოფლით განსლვისასა ღირს იქმნას ზიარებასა წმიდათა საიდუმლოთასა სარწმუნოებითა კაცთმოყუარისა ღმრთისაჲთა.
376. ხოლო რომელნი პყრობილად წარიყვანნეს წარმართთაგან და ძნელოვანი ჭირი შეემთხჳა სატანჯველთაგან და ვერ თავს-ისხნეს და ვერცა მოითმინნეს ტკივილნი იგი და გუემით მივიდეს უარისყოფად,
377. სამ წელ შესტიროდინ გარეშე ეკლესიისა, ორ წელ მსმენელთა თანა იყვნენ, სამ წელ დავრდომით აღასრულონ და ესრეთ შეიწყნარნენ ზიარებად.
378. ხოლო ყოველნივე ზემოწერილნი ბრალეულნი და კანონსა ქუეშე მყოფნი, უკუეთუ პირველ კანონისა მის აღსრულებისა აღსასრულად მიიწინენ, ეზიარნენ წმიდათა საიდუმლოთა,
379. ვითარცა ზემოწერილ არს, რაჲთა არა წარვიდენ თჳნიერ საგზლისა მის განმაცხოველებელისა შორიელსა მას მგზარობასა სიკუდილისასა.
380. უკუეთუ კულა შემდგომად ზიარებისა კუალად მოიქცეს სიმრთელე, კუალად წესი კანონისა თჳსისაჲ აღასრულოს: ლოცვასა მორწმუნეთა თანა დადგეს, ხოლო ზიარებასა ჟამსა თჳსისა კანონისა აღსრულებისასა მოემთხჳოს წესისაებრ მამათა მიერ განჩინებულისა.
381. ხოლო რომელმან მწამლველობაჲ ვისთჳსმე შემზადოს, მამაკაცმან გინა დედაკაცმან, და მივიდეს გრძნეულთა და მწამლველთა თანა, უკუეთუ ეშმაკთა უზოროს და ეშმაკთა ხადოდის, ყოველთა დღეთა ცხორებისათა უზიარებელ იყოს და ჟამსა სიკუდილისასა ეზიაროს.
382. უკუეთუ კულა წამალი ოდენ შეასუას, კაცის კლვისა კანონი აღასრულოს.
383. ჟთ. ხოლო ამასცა ვიტყჳთ: უკუეთუ ზემოწერილთა მათ ცოდვათა მოქმედნი მოვიდენ აღსაარებად და იპოვნენ ვიეთნიმე მათგანნი, მოსწრაფენი და ლმობიერნი და მოღუაწებითა კეთილითა და ცრემლითა მჴურვალითა აღიარებდენ და ინანდენ ბრალთა მათთა,
384. რომელ-იგი რწმუნებულ იყოს კაცთმოყუარისა ღმრთისა მიერ წინამძღურობად და შეკრვად და განჴსნად, უკუეთუ მიხედნეს ფრიადსა მას ლმობიერებასა შეცოდებულისასა და შეამოკლოს ჟამი იგი კანონისაჲ, არა საბრალობელ არს იგი,
385. რამეთუ გჳსწავიეს საღმრთოთა წერილთაგან, ვითარმედ: „რომელნი დიდითა ტკივილითა გულისაჲთა და ლმობიერებითა მჴურვალითა აღიარებდენ და შეუვრდებოდინ უფალსა,
386. ადრე მიემთხუევიან შენდობასა აურაცხელითა მით კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
387. რ. აწ უკუე ესე ყოველი აღვწერეთ, რაჲთა წესი სინანულისაჲ განვაჩინოთ და რაჲთა ნაყოფნი ლმობიერებისანი განვიცადნეთ, რამეთუ არა ჟამითა ოდენ განვიკითხავთ ესევითართა, არამედ სახესა მას სინანულისასა ვხედავთ,
388. რამეთუ არა მარტივი არს სენი იგი ცოდვათაჲ, არამედ მრავალ სახე და მრავალგუარი და მრავალნი რტონი ვნებისანი აღმოეცენებიან მისგან.
389. უჴმს უკუე რომლისადა მადლი იგი კურნებისაჲ რწმუნებულ იყოს, რაჲთა განიცდიდეს წესსა მას და გონებასა შეცოდებულისასა, გინათუ სიმართლედ მოვალს, გინათუ სნეულებასავე ზედა ცოდვისასა ჰგიეს.
390. უკუეთუ ჭეშმარიტად მოქცეულ არს და მოუძულებიეს ცოდვაჲ თჳსი სიძულილითა სრულითა და მკურნალსა მას სულიერსა კეთილად ჰმორჩილობს და წამალთა მათ კურნებისათა გულსმოდგინედ შეიწყნარებს და ესევითარითა სახითა წყალობისა ღირს იქმს თავსა თჳსსა,
391. რამეთუ ყოვლითურთ ესე არს სათნო ღმრთისა და ამას ზედა უჴმს ხარკებაჲ და მოსწრაფებაჲ მწყემსსა მას სულიერსა, რაჲთა შეცთომილი იგი ცხოვარი მოაქციოს და უძლური იგი განკურნოს და არცა კაპანსა მას სასოწარკუეთილობისასა უჭენოს შთაგდებად,
392. არცა აღჳრნი წარუჴსნნეს უდბებად და დაჴსნილობად, არამედ გინათუ ფიცხელთა და მტკივანთა წამალთა დადებითა, გინათუ ლბილთა და მოტკბეთა სალბუნთა ცხებითა, იღუაწოს წყლულებათა მათ ცოდვისათა კურნებად და ბრძჳლთა მათ გესლიანისა მის გუელისა ნაკბენისათა განქარვებად.
393. და ნაყოფნი სინანულისანი ასწავლნეს მონანულსა მას გამოღებად.
394. ხოლო უკუეთუ ვიეთმე არა ენებოს ბოროტთა მათ ჩუეულებათა მათთაგან მოწყუედად, არამედ გულისთქუმათა ჴორციელთაჲ ენებოს მონებად და არა უფლისა და მოქალაქობასა მას, რომელი უფალმან ამცნო მორწმუნეთა, არა თავს-იდებდენ.
395. ზემოწერილნი იგი კანონნი ვაუწყნეთ მათ და გზაჲ სინანულისაჲ უჩუენოთ.
396. უკუეთუ მოიქცენ და შეინანონ, პოონ წყალობაჲ უფლისა მიერ, უკუეთუ არა მოიქცენ, არა არს ჩუენი მათდა მიმართ სიტყუაჲ.
397. რამეთუ ჩუენ ერსა შორის ურჩსა და წინაღმდგომსა გჳსწავიეს წერილთაგან, ვითარმედ ცხორებით აცხოვნენ და განარინენ კაცმან სული თჳსი.
398. ნუმცა უკუე თავს-ვიდებთ ესევითართა მათ თანა წარწყმედად, რომელნი გინა თუ მართლისა სარწმუნოებისაგან განდრეკილ იყვნენ, გინათუ საქმეთა ბოროტთა ერეოდინ და არა მოიქცეოდინ ჩუეულობათა მათგან ხენეშთა,
399. არამედ შევიშინოთ საშჯელისაგან უფლისა და დღისა მის საშინელისა საბჭოჲ მოვიჴსენოთ და ნუ თავს-ვიდებთ უცხოთა ცოდვათა თანაწარწყმედად თანამიყოლითა და თანაწამებითა მათითა,
400. რამეთუ ესევითართა საქმეთათჳს მოიწევის ღმრთისა მიერ დატევებაჲ და მივეცემით ჴელთა მტერთასა, არამედ თანა-გუაც, რაჲთა ვასწაოთ და უწამოთ ესევითართა ბრალთა შინა მყოფთა მათ და შევრჩულოთ და ვამხილოთ დღე და ღამჱ თჳსისაგან და ზოგადცა.
401. ხოლო თანამიყოლად ბოროტთა საქმეთა ნუმცა თავს-ვიდებთ, არამედ ვილოცვიდეთ, რაჲთა უფროჲსად იგინი შევიძინნეთ და გამოვიჴსნნეთ საბრჴეთაგან მტერისათა
402. და სულნი ჩუენნი განვარინნეთ საუკუნოჲსა საშჯელისაგან მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
403. რომლისა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
404. ესე ზემოწერილი სარწმუნოებაჲ და თავნი ესე რჩულისკანონისანი წარიკითხნეს წინაშე მორწმუნისა მის მეფისა.
405. კოსტანტინე ღმრთისმსახურმან მეფემან თქუა: „იტყოდენ წმიდაჲ ეგე და ღმრთივშემოკრებული კრებაჲ წამებითა და ნებითა და განზრახვითა თქუენ ყოველთაჲთა“.
406. აღწერილ არს ძეგლი ესე სარწმუნოებისაჲ და რჩულისკანონი ესე, რომელ წარიკითხეს.
407. წმიდამან კრებამან ჴმა-ყო: „ყოველთა ესრეთ გურწამს, ყოველნი ესრეთ აღვიარებთ, ყოველთა განგჳწესებიან ესე კანონნი, ყოველთა გონებაჲ და სარწმუნოებაჲ ერთ არს, ყოველთა წამებაჲ ჩუენი კაცად-კაცადსა თჳსითა ჴელითა დაგჳწერია.
408. ყოველნი მართლმადიდებელნი ვართ.
409. ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
410. ადიდენ უფალმან მეფობაჲ თქუენი“.
411. და სხუაჲ შემდგომი ამისი შეასხეს ქებაჲ და აკურთხეს მორწმუნე იგი მეფე, ვითარცა თითოეულად წერილ არს წიგნსა მას წმიდათა კრებათასა და ცხორებასაცა შინა ნეტარისა მამისა მაქსიმე აღმსაარებელისა.
412. მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან კოსტანტინე თჳსითა ჴელითა დაწერა სინგურითა წამებაჲ და დამტკიცებაჲ ძეგლისა მის სარწმუნოებისა და თავთა მათ რჩულისკანონისათა.
413. და იქმნა ერთობაჲ კათოლიკე ეკლესიისაჲ და სიხარული დიდი და ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა თჳსითა ჴელითა კაცად-კაცადმან დაწერა წამებაჲ და დაამტკიცეს ყოველი ესე ზემოწერილი.
414. და მტკიცე არს და შეუცვალებელ უკუნისამდე ჟამთა.
415. და ყოველთა მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა.
416. ხოლო მეფემან წმიდათა მათ მღდელთმოძღუართა დიდად პატივ-სცა და კაცად-კაცადსა მრავლითა ნიჭითა კეთილი უყო და ფრიადითა არზანიგითა წარგზავნნა საყდართა თჳსთა სადიდებელად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა განუყოფელისა მის და შეურევნელისა ერთ ღმრთეებისა,
417. რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ და სიმტკიცჱ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|