ვინც თავისუფალი და სჯულიერი მეორე ქორწინებით დაქორწინდა და ფარული და უკანონო ვნებით ბიწიანი არ არის, მცირე დროის განმავლობაში ლოცვისა და მარხვის შემდეგ საეკლესიო კანონთა შესაბამისად მას მიეცემა ზიარების უფლება.
სხვადასხვა ცოდვის მოქმედნი, რომლებიც მოთმინებით ლოცულობენ, აღსარებასა და სინანულში არიან, ბოროტებისაგან სრულიად მოიქცევიან და რომლებსაც მათი ცოდვის შესაბამისად მიცემული ჰქონდათ სინანულის დრო, ასეთები ღმრთის მოწყალებითა და სახიერებით მოყვანილ იქნენ საზირებლად.
ახლად ნთეღებულმა მღვდლის ხარისხი არ შეიძლება მიიღოს.
სამღვდელო პირმა არ უნდა გაასესხოს სარგებლით ფული და არ უნდა აიღოს ვახში და აღნადგინები.
ხელთდასხმა არ შეიძლება მოხდეს გვერდით მყოფ მსმენელთა გასაგონად.
მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღმრთის სახლში.
მწვალებლები - ნავატიანნი, ფოტინიანნი და მეთოთხმეტიანელები - თუ მოიქცევიან და გახდებიან კათაკმევლები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობინი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებელით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს.
იმ მწვალებელთაგან, რომელთაც ფრიგიელნი ეწოდებათ, თუ ვინმე მოიქცევა სარწმუნოებისაკენ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნცად მათ მიერ სამღვდელო პირად მიჩნეუი, გინდა დიდებულად წოდებული, დიდი გულმოდგინებით უნდა იქნეს მათი ქრისტიანად განსწავლა და მონათვლა ეპისკოპოსისა და მღვდელთა მიერ.
მწვალებელთა საფლავებზე ან მათ მიერ მოწამეთა ადგილებად სახელდებულ ე.წ. საწამებლებში ლოცვის ან მკურნალობისთვის მისვლის უფლება არ აქვს მორწმუნეს. ასეთებს და მათ იქ შემყვანებსაც, თუ ისინი მორწმუნენი არიან, უზიარებლობით დასჯა ეკუთვნით რამდენიმე ხანს, და როცა შეინანებენ და აღიარებენ, რომ შეცდნენ, შემდეგ შეიწყნარონ.
საეკლესიო პირმა საქმის განუხილველად არ უნდა დააქორწინოს თავისი მორწმუნე შვილები ერეტიკოსებზე.
მოხუცებული ქალები, რომლებსაც წინამსხდომარეები ეწოდებათ, არ უნდა იქნენ დადგენილნი ეკლესიაში.
ეპისკოპოსი არჩეულ უნდა იქნეს მიტროპოლიტთა და იმ შემოგარენის ეპისკოპოსთა საბჭოს მიერ. ასარჩევი პირი ყოველმხრივ უნდა იყოს გამოცდილი - სარწმუნოების მხრივაც და შესაფერისი მოღვაწეობითაც.
ერს არა აქვს უფლება, შეიკრიბოს და აირჩიოს ის, ვინც მღვდლად უნდა იქნეს დადგენილი.
სიწმინდის, როგრც ევლოგიის, წარგზავნა ერთი სამრევლოდან მეორეში აღდგომის დღესასწაულზე - არ არის წესი.
კანონის მიერ დადგენილი მგალობლების გარდა, რომლებიც ადიან ამბიონზე და გალობენ დიფთერით, სხვა ვინმეს უფლება არა აქვს ეკლესიაში გალობისა.
შაბათობით სხვა წიგნების გარდა წაკითხულ უნდა იქნეს სახარებაც.
საეკლესიო შეკრებებზე არ არის წესი ფსალმუნთა მიყოლებით გალობა, არამედ თითოეული ფსალმუნის დასასრულსა და მეორის დასაწყისს შორის წიგნი (საკითხავი) უნდა იქნეს წაკითხული.
ერთი და იმავე ლოცვის შესრულება არის საჭირო მეცხრე ჟამზე და სამწუხრო ლოცვისას.
ეპისკოპოსთა დამმოძღვრავი სიტყვის შემდეგ უნდა შესრულდეს ლოცვა კათაკმეველთათვის. კათაკმეველთა გასვლის შემდეგ უნდა ითქვას მონანულთა ლოცვა. როდესაც ისინი ხელის დადების შემდეგ გავლენ, შემდეგ იქნება მორწმუნეთა სამი ლოცვა: ერთი, ე.ი. პირველი - დუმილით, ხოლო მეორე და მესამე ხმამაღლა. ამის შემდეგ იწყება მშვიდობის მიცემა (ამბორის-ყოფა). მღვდლები აძლევენ ეპისკოპოსს მშვიდობას (ეამბორებიან) და შემდეგ ერისკაცებიც, და ასე შესრულდება წმინდა შესაწირავის შეწირვა. საკურთხეველში შესვლისა და იქ ზიარების უფლება აქვთ მხოლოდ სამღვდელო დასის წარმომადგენლებს.
დიაკონი არ უნდა დაჯდეს მღვდლის იქ ყოფნის დროს, თუ მღვდელი არ უბრძანებს, რომ დაჯდეს. ასევე დიაკვნებსც უნდა მიაგონ პატივი მსახურებმა და დანარჩენმა, უფრო ქვედა საფეხურზე მდგომმა საეკლესიო დასის წარმომადგენლებმა.
მსახურებმა (ჰიპოდიაკვნებმა) არ უნდა გაბედონ სადიაკვნეში შესვლა და არ უნდა შეეხონ სამეუფო (სამღვდელო, სიწმინდის) ჭურჭელს.
მსახურმა ოლარი არ უნდა ატაროს და არც კარები არ უნდა დატოვოს.
წიგნისმკითხველსა და მგალობელს არა აქვს უფლება, ოლარით შემოსილმა იკითხონ წიგნი ან იგალობონ.
სამღვდელო პირები მღვდლიდან დაწყებული დიაკვნამდე და მათი მომდევნო სამღვდელო დასის წარმომადგენლები მსახურებამდე, იქნება ეს წიგნისმკითხველი, მგალობელი, მაფიცებელი, მეკარე, თუ მონაზონთა დასის წარმომადგენლები, არავინ არ უნდა შევიდეს დუქანში.
მსახურებმა პური არ უნდა გაყონ და არც სასმელი არ უნდა აკურთხონ.
ეპისკოპოსის მიერ დადგინების გარეშე არ შეიძლება არც ეკლესიაში და არც სახლში ვინმესთვის ფიცის ჩამორთმევა [სარწმუნოებისადმი ერთგულების შესახებ].
სიყვარულის ტრაპეზზე (აღაპზე) მიწვეულმა სამღვდელო პირებმა, ეკლესიის მსახურებმა და ერისკაცებმა არ უნდა წაიღონ იქიდან ნაწილი, რათა ამით არ შეურაცხყონ საეკლესიო წესი.
არ შეიძლება საუფლო სახლში და ეკლესიაში აღაპების მოწყობა, ჭამა და სუფრის გაშლა.
ქრისტიანებმა ებრაული წესით შაბათი არ უნდა შეინახონ, შაბათს არ უნდა უქმობდნენ. ამ დღეს მათ უნდა იშრომონ, ხოლო კვირას, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ და რამდენადაც შეუძლიათ, პატივისცემით იუქმონ. თუ ვინმე აღმოჩნდება ურიებთან ერთად მეშაბათე, ქრისტესგან შეჩვენებულ იყოს.
მღვდელს, საეკლესიო მსახურს, მონაზონს ეკრძალება ქალთან ერთად ბანაობა აბანოში. ასეთი რამ ეკრძალება ყველა ქრისტიანს, ერისკასაც კი, რადგან ეს არის წარმართთა მიერ წამოყენებული პირველი ბრალდება ჩვენზე.
არ შეიძლება ერეტიკოსებთან ერთად მძახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათაგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან.
მწვალებლებისაგან, რომლებიც უფრო უკურთხეველნი არიან, ვიდრე კურთხეულნი,** კურთხევის მიღება არ შეიძლება.
მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება.
არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა მიატოვოს ქრისტეს მოწამე და არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ, რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღმრთისათვის. ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ უნდა იყოს.
ქრისტიანმა არ უნდა დატოვოს ეკლესია, არ უნდა წავიდეს და მოაწყოს კრება, და არ უნდა მიმართოს ანგელოზებს [ლოცვაში ქრისტეს ნაცვლად]. ეს აკრძალულია. თუ ვინმე აღმოჩნდება ამ შეფარული კერპთმსახურების მოქმედი, შეჩვენებულ იყოს, რადგან მან დატოვა იესო ქრისტე, ჩვენი უფალი, ძე ღმრთისა, და კერპთმსახურებას დაუბრუნდა.
მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსკვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას, რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ.
არ შეიძლება ურიათა და მწვალებელთაგან გამოგზავნილი რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიღება, არც მათთან ერთად დღესასწაულობა.
არ შეიძლება ურიათაგან (იუდეველთაგან) უცომოს მიღება და ამთი უღმრთოების თანაზიარად გახდომა.
არ შეიძლება წარმართებთან ერთად დღესასწაულობა და მათი ღმრთიმსბრძოლობის თანაზიარად გახდომა.
ეპისკოპოსმა, რომელიც კრებაზეა გამოძახებული, არ უნდა შეურაცხყოს მისი გამომძახებელნი, არამედ უნდა წავიდეს და ეკლესიისა და მისი საქმეების წარსამართავად ან მოწაფე იყოს, ან მასწავლებელი. ვინც არად ჩააგდებს მოწოდებას და კრებაზე არ მივა საპატიო მიზეზის გარეშე, მას თავი თვითონ ბრალდებულ-უყვია.
სამღვდელო პირს და სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელს არა აქვს უფლება, იმოგზაუროს კანონიერი წერილის გარეშე.
სამღვდეო პირსა და სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელს არა აქვს უფლება მოგზაურობის ნება მისი ეისკოპოსის ბრძანების გარეშე.
მსახურებმა ცოტა ხნითაც კი არ უნდა მიატოვონ კარი და არ უნდა დაიწყონ ლოცვა.
დედაკაცებს ეკრძალებათ საკურთხეველში შესვლა.
მარხვის ორი კვირის შემდეგ არ შეიძლება მოსანათლავად მიღება (იგულისხმება ორმოცდღიანი მარხვის ორი კვირა).
მოსანათლავად გამზადებულებს ჰმართებთ სარწმუნოების შესწავლა და შვიდეულის მეხუთე დღეს მითხრობა ეპისკოპოსებისა ან მღვდლებისათვის.
სნეულებაში ნათელღებულებს და მერე გამოჯანმრთელებულებს ჰმართებთ სარწმუნოების შესწავლა და ცოდნით აღჭურვა, რომ საღმრთო საბოძვარის ღირსნი გახდნენ.
ნათლისმღებლებს ნათლისღების შემდეგ უნდა ეცხოთ ზეცის საცხებელი და თანაზიარ იქნებიან ქრისტეს მეუფებისა.
მარხვის დროს (ორმოცდღიანი მარხვისა) არ არის საჭირო პურის შეწირვა, გარდა შაბათისა და კვირისა.
არ შეიძლება (ორმოცდღიანი) მარხვის ბოლო კვირას ხუთშაბათს გახსნილება და ამით მარხვის ყველა დღის უპატიო-ყოფა, არამედ საჭიროა სრული მარხვის დაცვა ხმელი საჭამადის ჭამით.
მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ წმინდა მოწამეთა დღესასწაულები, მათი სახსენებელი უნდა იყოს შაბათსა და კვირას.
მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ დაბადების დღე და ქორწილი.
ქორწილში მისულმა ქრისტიანებმა არ უნდა იხმაურონ და იცეკვონ, არამედ პატიოსნად უნდა ისხდნენ სუფრასთან და ივახშმონ და ისამხრონ, როგორც შეეფერება ქრისტიანს.
მღვდლებმა ან საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაზე წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ, სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ.
არც მღვდლებმა, არც ეკლესიის სხვა მსახურებმა და თუნდაც ერისკაცებმა არ უნდა მოაწყონ შეერთებული სახსრებით ღრეობა.
მღვდლები და დიაკვნები არ უნდა შევიდნენ და დასხდნენ საკურთხეველში ეისკოპოსის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეპისკოპოსი იქ არ არის, ან მღელვარე დროა.
დაბებსა და სოფლებში ეპისკოპოსი არ ინიშნება, ინიშნება მხოლოდ მომხილველი. ვინც ამ დადგენილებაზე ადრე არის ხელთდასხმული ასეთ ადგილებში, ნურაფერს გააკეთებს ქალაქში მჯდომი ეპისკოპოსის დაუკითხავად. ასევე მღვდელმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს.
სახლებში ჟამისწირვის უფლება არა აქვს არც ეპისკოპოსს, არც მღვდელს.
ეკლესიაში არ შეიძლება საერო ფსალმუნთა კითხვა. არ შეიძლება არც არაკანონიკურ წიგნთა კითხვა. შეიძლება კითხვა ძველი და ახალი აღთქმის მხოლოდ კანონიკური წიგნებისა.
ძველი აღთქმის შემდეგი წიგნები იკითხება ეკლესიაში:
1. დაბადება სოფლისა, 2. გამოსვლათა ეგვიპტით, 3. ლევიტელთა, 4. რიცხვთა, 5. მეორე სჯულისა, 6. ისო ნავესი, 7. მსაჯულთა, 8. რუთისა, 9. მეფეთა I და II, 10. მეფეთა III და IV, 11. ნეშტთა I და II, 12. ეზრა I და II, 13. ფსალმუნთა წიგნი (150), 14. იგავნი სოლომონისნი, 15. ეკლესიასტე, 16. ქება-ქებათა, 17. იობისა, 18. თორმეტი წინასწარმეტყველისა, 19. ესაიასი, 20. იერემიასი გოდება და ეპისტოლენი, 21. ბარუქისა, 22. ეზეკიელისა, 23. დანიელისა.
ახალი აღთქმის წიგნები:
სახარება ოთხი: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. საქმე მციქულთა. კათოლიკე ეპისტოლეები შვიდი: იაკობისი 1, პეტრესი 2, იოანესი 3, იუდასი 1. პავლეს ეპისტოლეები 14: რომაელთა მიმართ 1, კორინთელთა მიმართ 2, გალატელთა მიმართ 1, ეფესელთა მიმართ 1, ფილიპელთა მიმართ 1, კოლასელთა მიმართ 1, თესალონიკელთა მიმართ 2, ებრაელთა მიმართ 1, ტიმოთეს მიმართ 2, ტიტეს მიმართ 1, ფილიმონის მიმართ 1.
* ეს კანონი ძველ ქართულ თარგმანში შეცვლილია ბერძნულ-რუსულთან შედარებით. ძვ. ქართულში დასაწყისი თითქოს ისევ მწვალებლებს ეხება: ”არ შეიძლება მორწმუნეთა სასაფლაოზე ან საწამებლად (მარტჳრიუმად) სახელდებულ ადგილებზე მწვალებლებისათვის შესვლის უფლების მიცემა...”, რაც ბოლო ნაწილს გაუგებარს ხდის. ამიტომ შევცვალეთ რუსულ-ბერძ§ულის მიხედვით.
** საეკლესიო კანონთა ბერძნულ-რუსულ ტექსტში ასეა: ”არ შეიძლება ერეტიკოსთაგან ევლოგიის (კურთხევის) მიღება, რადგან ეს უგონობა (ბუტბუტი, ცრუკურთხევა, ἀλογία) უფროა, ვიდრე ევლოგია (εὐλογία - კურთხევა).