მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

დავით ჩიკვაიძე

 

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

 

კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი

 

შესავალი

 

„მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“ (მთ. 22; 21).

 

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ამავე დროს პოზიტიურ სამართალში ეკლესიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება იქედანაც ვლინდება, რომ თითქმის ყველა ქრისტიანულ სახელმწიფოში ეკლესიას მინიჭებული ჰქონდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ქრისტიანული ქვეყნების მეთაურები ყოველთვის გრძნობდნენ დიდ პასუხისმგებლობას ეკლესიის წინაშე და ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ მისი საქმიანობისათვის. ამგვარი სულისკვეთების კანონები დღესაც აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს. თანამედროვე დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ უმაღლეს დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი მოქალაქეთა მოთხოვნილებები, სადაც სულიერ მოთხოვნილებებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

 

საქართველოს სამეფოში ეკლესიის მიმართ საგანგებო კანონები არსებობდა. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის დროს მწიგნობართუხუცესის უმაღლესი სამოხელეო თანამდებობა გადაეცა სასულიერო პირს - ჭყონდიდელ მღვდელმთავარს, რითაც უფრო შემჭიდროვდა და დაახლოვდა სახელმწიფო და ეკლესია. ის მშვიდობიანი და ჰარმონიული დამოკიდებულება, რაც არსებობდა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დაარღვია რუსეთის იმპერიამ, რომელმაც 1801 წელს გააუქმა უძველესი ქართული სახელმწიფოებრიობა, ხოლო კანონიკური სამართლის სრული უგულებელყოფით 1811 წელს გააუქმა ივერიის მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის ავტოკეფალია. ყოველივე ამან გამოიწვია ქართველი ხალხის გაუცხოება, ზოგადად, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ასევე გაჩნდა არასათანადო დამოკიდებულება ეკლესიის მიმართაც, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიას აღიქვამდა, როგორც რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგიის რუპორს საქართველოში.

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას (1918 წლის 26 მაისი) ამ კუთხით დადებითი ძვრა არ მოჰყოლია. 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციამ სახელმწიფო და ეკლესია განაცალკევა, ხოლო ყველა სარწმუნოებას თანაბარი უფლებები მიანიჭა (მუხ. 142, 143). საქართველოს გასაბჭოებას მოჰყვა ათეიზმის 70-წლიანი ეპოქა, როცა სავსებით უგულებელყოფილი იყო ადამიანის სარწმუნოებრივი მისწრაფებები.

 

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ „რეფერენდუმზე (ამავე წლის 31 მარტი) გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით გამოახცადა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენა“. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, ამოღებულ იქნა ის დებულება, რომელიც სკოლებს გამოყოფდა ეკლესიისაგან, თუმცა თავად ეკლესია კვლავაც სახელმწიფოსაგან გამოყოფილად დარჩა. ეს რეალურად არაფრის მომცემი არ იყო, მაგრამ ამით ეროვნულმა მთავრობამ დაადასტურა თავისი კეთილგანწყობა ეკლესიის მიმართ.

 

1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში ჩაიწერა, რომ „სახელმწიფო ცნობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“. ამით კონსტიტუციამ უპირატესობა მიანიჭა ეკლესიას სხვა კონფესიებთან შედარებით. 2001 წლის 30 მარტის ცვლილებით მე-9 მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, სადაც მიეთითა, რომ ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მოწესრიგდებოდა კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე.

 

მართლაც, 2002 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ეს დოკუმენტი, კონსტიტუციის მე-6 მუხლით ქვეყნის უმაღლესი რანგის ნორმატიული აქტია თავად კონსტიტუციის შემდეგ. იმ აზრის გასაფანტად, თითქოს დღესდღეობით საქართველო მზად იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხდებისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ბრძანა: „მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა თანამედროვე ეტაპზე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, რაც განპირობებულია ქვეყნის შიდაპოლიტიკური მოწყობით და, ასევე, საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ყველაზე მისაღებ ფორმად მიჩნეულ იქნა კონსტიტუციური შეთანხმება“.

 

ეს შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი საქმისა, რაც ევალებათ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოსა და ეკლესიას. იგი წარმოადგენს ერთგვარ პროგრამას, რომელზედაც უნდა დაეფუძნოს მათი საქმიანობა. „დღეს ჩვენ ყველამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ ღმრთის, ერთმანეთის, საზოგადოების წინაშე და ეს ჩვენ ბევრს გვავალებს.“ (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მიერ 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში წარმოთქმული სიტყვიდან).