მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

დავით ჩიკვაიძე

 

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

 

კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი

 

მუხლი 6

 

1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

 

4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

 

5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

 

6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების მანძილზე ეკონომიკურად ძლიერი ორგანიზაცია იყო, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება, ჰყავდა საეკლესიო ყმები. სამეფო კანონმდებლობა იცავდა საეკლსიო ქონებას და მას შეუხებლად აცხადებდა (განსხვავებით რუსეთის იმპერიისა, სადაც ხდებოდა საეკლესიო ქონების სეკულარიზაცია, თუ ეს მიზანშეწონილად ჩაითვლებოდა “ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე”). ჩვენმა ეკლესიამ დიდი მორალური და მატერიალური დანაკლისი განიცადა ავტოკეფალიის გაუქმებისა (1811წ.) და რუსეთის ეკლესიასთან მიერთების შემდეგ, რის შემდგეგაც დამყარდა სინოდალური მმართველობა რუსეთის ეკლესიის მოდელზე. რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართ, იგი “შეუდარებელი” იყო რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან: თუ წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) დროს იმერეთის ეპარქიაში 800-მდე ღვთისმსახური და 100-ზე მეტი ტაძარი იყო, 1925 წლისთვის კომუნისტებმა “მოახერხეს” ამ მონაცემთაგან პირველის 50-მდე, ხოლო მეორის 20-მდე დაყვანა. გადარჩენილი ეკლესიები, მსგავსად “დიდი თურქობისა” გადაკეთებულ იქნა თავლებად, სადგომებად, საწყობებად, თეატრებად, აბანოებად და სხვა უამრავ, ბუნებრივია, ეკლსიისთვის შეუფერებელ ნაგებობებად. ერთადერთი დადებითი ქმედება საბჭოთა ხელისუფლებისა, განხორციელებული ეკლესიის მიმართ იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის დადგენილება “ეკლესიისთვის მორალური კომპენსაციის გაწევისა და ქონების ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ”. ამგვარად, საბჭოთა ხელისუფლებამ, არსებობის უკანასკნელ წელს ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც გამოისყიდა თავისი დანაშაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეკლესია გათავისუფლდა გადასახადებისაგან. შეთანხმების ამ პუნქტით კი სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ეკლესიის საკუთრების დაცვა.

 

მეორე წინადადებაში მითითებულია, რომ ეკლესიას უფლება აქვს ფლობდეს ნებისმიერ ქონებას, რომელიც არ არის აკრძალული ქვეყნის კანონმდებლობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას, გარდა საღვთისმსახურო ქონებისა, შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს მიწები, შენობა-ნაგებობები, სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა, კომპიუტერები, და სხვა. დაუშვებელია, ეკლესია ფლობდეს სამხედრო დანიშნულების ტექნიკას, იარაღს, ასევე აკრძალულ ნივთიერებებს.

 

2. როგორც წინა პუნქტის კომენტარშიც აღინიშნა ეკლესია ფლობს როგორც საღვთისმსახურო, ისე არასაღვთისმსახურო ქონებას. ეს პუნქტი სწორედ არასაღვთისმსახურო ქონებას ეხება. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ ეკლესია მათ ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო და ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე. ამ პუნქტში საუბარია სწორედ იმ საკითხზე, რაც განხილული იყო 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის კომენტარში, კერძოდ ის, რომ, სახელმწიფო ცნობს თავის კანონმდებლობაზე უზენაესად კანონიკურ სამართალს მხოლოდ ეკლესიის შიდა საქმიანობაში. რაც შეეხება იმას, თუ რა გზით იღებს ეკლესია ქონებას, ამის შესახებ შემდგომ პუნქტებშია საუბარი.

 

3. საერო კანონმდებლობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამეწარმეო საქმიანობას უშუალოდ არ ახორციელებს, ე. ი. იგი მოგების მიზნით არაა შექმნილი. ეს დებულება გამომდინარეობს თავად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციდან: მისი მიზნებია საჯარო, ქვეყნის საერთო ინტერესების განხორციელება და არა მოგების მიღება, თუმცა შესაძლებელია, რომ იგი მაინც ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას ბიუჯეტის უკეთ შევსების მიზნით. მართალია, ეკლესია საჯარო სამართლის განსაკუთრებული იურიდიული პირია, მაგრამ ეს წესები, რაღა თქმა უნდა, მის მიმართაც არამარტო ვრცელდება, არამედ უპირველესად ეკლესიაა ის ორგანიზაცია, რომლის ფუნქციებშიც არ შედის სამეწარმეო საქმიანობა. “მეუფება ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს� - ბრძანებს უფალი (ინ. 18; 36) და მართლაც, თუ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციები ამქვეყნიურ საქმეებს აწესრიგებს (და ამით შეიძლება უფრო ახლოს იდგეს სამეწარმეო საქმიანობასთან), ეკლესიის მოვალეობა კაცთა წინაშე უფრო აღმატებული და ამავე დროს არაამქვეყნიურია. მსგავსად საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, ეკლესიაც შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ასეთ საქმიანობას არ ეგების, რომ ვუწოდოთ საქმიანობა ბიუჯეტის გაზრდის მიზნით. ეკლესიის ნაწარმთა უმრავლესობა თავად საეკლესიო მსახურების განხორციელებისათვის იწარმოება. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ: ხატები, ჯვრები, საცეცხლურები, საკმეველი, სანთელი, ბარძიმი, ფეშხუმი, სამღვდელო შესამოსელი და სხვა მრავალი. შესაძლებელია, რომ ეს პროდუქცია სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიდან შემოიტანონ, თუმცა ეკონომიკურად ამას მაინც მეწარმეობა დაერქმევა. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა უფლებები ექნებათ იმ ორგანიზაციებს (ცხადია, ეკლესიის გარდა), რომლებსაც სურთ აწარმოონ საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ეხება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.

 

4. ამ პუნქტში საუბარია ეკლესიის დაფინანსების წყაროზე. გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფო რელიგია არაა, ქვეყნის ბიუჯეტში ეკლესიისთვის გამიზნული თანხა შეიძლება მხოლოდ დახმარებად იქნეს გათვალისწინებული. ასევე ეკლესია შემოსავლებს იღებს სხვადასხვა სახით, რომლებიც სწორედ ამ პუნქტშია ჩამოთვლილი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

 

ნებაყოფლობითი შემოწირულობა არის ეკლესიის სასარგებლოდ მორწმუნის მიერ (და არა მარტო მისი) საკუთარი ნებით გაცემული თანხა. აქ აუცილებელია ორიოდ სიტყვა ითქვას საეკლესიო მსახურების და ღვთისმსახურთა ანაზღაურებაზე მორწმუნეთაგან. საერთოდ, ყველა ადამიანი თავს საკუთარი საქმიანობით ირჩენს. აქ უნებურად გვახსენდება დავით გურამიშვილის “სწავლა მოსწავლეთა”: “ბრძენი სიტყვითა დარჩების, // ოსტატი თავის ხელითა, // ხუცესი წირვით, ვაჭარი // შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა.” მართალც, ყველა თავისი საქმისაებრ ცხოვრობს. ამგვარად, სასულიერო პირისთვის ღვთისმსახურების აღსრულების შეძლებისდაგვარად ანაზღაურება სავალდებულოა, რადგან გარდა თავისი უდიდესი სულიერი დატვირთვისა, მსახურებას ის ფუნქციაც აქვს, რომ სამღვდელო პირს ოჯახის რჩენის საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე სრულიად გასაკვირია იმ პირთა გაოცება, რომელთაც არ ესმით, თუ რატომ უნდა მისცენ სასულიერო პირებს გასამრჯელო. მართლაც, პავლე მოციქული ერთგან ბრძანებს, რომ “უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რა არსა, თქუენგან თუ ორციელი მოვიმკოთ ჩუენ?” (I კორ. 9;11)

 

სამეწარმეო შემოსავლები უკვე განხილული იყო ჩვენს მიერ წინა პუნქტის კომენტარში.

 

ინვესტიციები ეკონომიკურად ეწოდება რაიმე წარმოებაში კაპიტალის გრძელვადიან დაბანდებას.

 

გრანტი არის ერთჯერადი დახმარება.

 

5. ეკლესია, როგორც აღინიშნა, შეიძლება აწარმოებდეს როგორც საღვთისმსახურო, ისე არასაღვთისმსახურო პროდუქციას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოც ეკლესიის მიერ განხორციელებულ წარმოებით საქმიანობას ორგვარად აწესრიგებს: გადასახადებს უწესებს არასაღვთისმსახურო პროდუქციის წარმოებას, ხოლო მეორეს მხრივ საღვთისმსახურო პროდუქციის წარმოებას ათავისუფლებს გადასახადებისაგან. ეს უკანასკნელი გაგრძელებაა იმ უძველესი ტრადიციისა, რომელიც საქართველოს სამეფოში არსებობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინც არ უნდა აწარმოებდეს მართლმადიდებლობისათვის საჭირო პროდუქციას, გადასახადისაგან გათავისუფლება ეხება მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლ ეკლესიას.

 

6. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ სხვა მუხლების განხილვის დროს საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ზიანი მიაყენა მრავალ მართლმადიდებელ ქრისტიანს სკოლებში საღვთო სჯულის პროგრამის და შესაბამისი კადრის უქონლობამ. იგივე, და შეიძლება უარესი შედეგიც მოჰყვეს საღვთისმსახურო პროდუქციის უნებართვოდ წარმოებას, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ სექტანტებმა ისარგებლონ ამ მდგომარეობით და მწვალებლური ლიტერატურა (და სხვა პროდუქცია) მოახვიონ მორწმუნეებს მართლმადიდებლობის სახელით. ამ პუნქტის შეთანხმებაში შეტანით მოიხსნება ეს პრობლემა, რადგან ზემოთხსენებული პროდუქციის წარმოების ნებართვის გაცემას განახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით.

 

ტერმინთა განმარტების მიხედვით ეკლესიის ოფიციალურ ტერმინებად ითვლება: “მართლმადიდებელი”, “სამოციქულო”, “კათოლიკოს-პატრიარქი” და სხვ. საეკლესიო მოძღვრების თანახმად არ შეიძლება ღვთის სახელის უპატივცემლოდ გამოყენება. “არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა” - ვკითხულობთ ათიდან მესამე მცნებაში. ასევე, არ შეიძლება წმიდა გამოსახულების (ჯვარი, ხატი, ფრესკა) გაუფრთხილებლად მოპყრობა და შერყვნა. ჩვენი აზრით, ასევე უნდა აიკრძალოს ეკლესიის არაოფიციალური, მაგრამ მასთან სისხლხორცეულად დაკავშირებული ტერმინების და სიტყვების გამოყენება. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ: სამება, ღვთის სხვა სახელები, წმინდანთა სახელები, ციტატები წმიდა წერილიდან და ლოცვებიდან. იგივე ითქმის ტერმინ “ივერიაზეც”. ივერია საქართველოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, საეკლესიო სახელია. როდესაც ლაპარაკია საქართველოს შესახებ ღრმა სარწმუნოებრივი კუთხით, ხშირად სწორედ ივერია გამოიყენება: ივერიის ეკლესია, ივერიის გაქრისტიანება, ივერიის გაბრწყინება. ასევე უნდა აიკრძალოს წმიდათა სახელის დარქმევა უბრალო ორგანიზაციებზე, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, წმიდა სახელისთვის შეუსაბამო ორგანიზაციებზე (რაღა თქმა უნდა, ეს არ ვრცელდება სასწავლებლებზეც, თუ ისინი თავიანთი სულისკვეთებით ღირსნი არიან ასეთი სახელის).

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტერმინი “მართლმადიდებელი”, რომლის გამოყენების უფლება აქვთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, ასევე მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს (რომლებსაც ცნობს მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს საპატრიარქო), ასევე მათ იურისდიქციაში მყოფ პირებს. სხვა პირებს (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ) უნდა აეკრძალოთ ამ ტერმინის გამოყენება (ძირითადად მხედველობაში გვაქვს ვასილ მკალავიშვილის სქიზმატური დაჯგუფება, რომლიც უკანონოდ იყენებს თავის დასახელებაში სიტყვა “მართლმადიდებელს”: ე. წ. გლდანის “მართლმადიდებელი” ეპარქია).

 

 

მუხლი 7

 

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

 

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

 

1. ამ მუხლით მართლაც უამრავი პრობლემა მოგვარდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესიამ დიდი მატერიალური ზარალი განიცადა ღვთისმებრძოლი საბჭოთა ხელისუფლებისაგან. დაინგრა და ეკლესიას ჩამოერთვა უამრავი ტაძარი და მონასტერი (ამის შესახებ საუბარი გვქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის კომენტარისას). სამწუხაროდ, სახელმწიფო თავის საკუთრებაში მყოფ საეკლესიო ნაგებობებს ღვთის სახლისთვის ყოვლად შეუსაბამოდ ეპყრობოდა: ზოგი მათგანი თეატრად, ზოგი კინოთეატრად, ზოგი საპატიმროდ და ზოგი აბანოდაც კი იყო გადაკეთებული. ღვთის მადლით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ტაძრების ძირითადი ნაწილი ეკლესიას დაუბრუნდა. თუმცა, კონსტიტუციური შეთანხმების დადებამდე ზოგი ისევ სახელმწიფოს კუთვნილებად რჩებოდა და ერთ-ერთი მათგანში თეატრი იყო კვლავ განთავსებული (საუბარია ფოთის საკათედრო ტაძარზე, რომლის მიხედვითაც დაპროექტდა მთლიანად ქალაქი ფოთი ისე, რომ ქალაქის ყველა ცენტრალური გზა ტაძრისკენ მიდის). საბედნიეროდ, შეთანხმების საფუძველზე ყველაფერი თავის ადგილას უნდა დადგეს.

 

ამ პუნქტში საუბარია ასევე იმაზეც, რომ ეკლესიის საკუთრება ხდება ტაძრის ნანგრევებიც (ე. ი. ის ისტორიული ტაძრები, რომლებმაც ჟამთა სიავის გამო სრული სახით ვერ მოაღწიეს ჩვენამდე). ეკლესიის საკუთრებად ცხადდება ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც.

 

2. ბუნებრივია, ეკლესიის საკუთრებაში მყოფი ტაძრების ნაწილი დიდი კულტურული ღირებულების მქონეა. ამიტომ, სახელმწიფო მათ შესახებ საგანგებო წესებს ადგენს. თუმცა ამის შესახებ უფრო კონკრეტულად მე-9 მუხლის კომენტირებისას ვისაუბრებთ.

 

 

მუხლი 8

 

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

 

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

 

1. ის საეკლსიო ნივთები, რომლებიც დღეს უდიდესი ღირებულების მქონე საგანძურად ითვლება, თავიდანვე საეკლესიო მსახურებისთვის შეიქმნა. დროთა განმავლობაში გამომდინარე თავისი სილამაზიდან, მდიდრული პერანგიდან, ისტორიული მნიშვნელობის შეძენიდან ისინი ერის საგანძურად იქცნენ. აქედან გამომდინარე მათ, მართალია, დაკარგეს თავიანთი ძირითადი მნიშვნელობა (ანუ აღარ გამოიყენებოდა მსახურებაში), მაგრამ დარჩნენ ეკლესიაში მორწმუნეთა განსაძლიერებლად. არასწორია ის მოსაზრება, რომ თითქოს ეკლესია არასათანადოდ უფრთხილდებოდა ხატებს, რომ თითქოს ეკლესიაში ხატები ზიანდებოდა, რომ თითქოს ხატები ისვრებოდა ამბორისა და საკმეველისაგან. ალბათ, არაეკლესიურმა მორწმუნემაც კი იცის, რომ ხატების უმრავლესობა ეკლესიებში მინით დაფარულ ჩარჩოებშია ჩასმული და ამით თავიდანაა აცილებული მათი დაზიანება. ამისდა მიუხედავად ზოგიერთნი მაინც ჯიუტად ადგანან ზემოთმოყვანილ მცდარ აზრს. შეთანხმების ამ მუხლმა ერთხელ და სამუდამოდ მოუღო ბოლო ამ უაზრო კამათს იმის შესახებ, თუ სად უნდა ინახებოდეს ხატი!..

 

ბუნებრივია, სახელმწიფო ეკლესიას გადასცემს მხოლოდ მის საკუთრებაში მყოფ საგანძურს. კერძო საკუთრებაში მყოფ საგანძურზე, ცხადია, ეს მუხლი ვერ გავრცელდება, თუმცა, კარგი იქნება, თუ მოქალაქენი თავისივე ნებით დაუბრუნებენ ეკლესიას მის კუთვნილ და უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას.

 

2. სახელმწიფომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ დღევანდელ დღეს, როცა საკმაოდ შეცვლილია ბუნებრივი პირობები და გართულებულია კრიმინოგენული სიტუაცია, ეკლესიას შეიძლება გაუჭირდეს აღნიშნული ქონების სათანადოდ შენახვა. ამიტომ მათზე დაწესდა ერთობლივი მფლობელობა. ფრჩხილებში მითითებულია, რომ ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ მატერიალური ღირებულების მქონე ნივთებზე. თავისთავად ცხადია, რომ ისეთ სიწმიდეებზე, რომელსაც მატერიალური ღირებულება არ გააჩნიათ ეს მუხლი არ გავრცელდება, რადგან არამატერიალური საეკლესიო ქონება სახელმწიფოს მფლობელობაში არ შედის. ასეთად შეგვიძლია დავასახელოთ წმიდათა ნაწილები (მაგ.: წმ. გიორგის ძვალი, წმ. ქეთევან დედოფლის ხელი, წმ. თომა მოციქულის თავის ქალა, ასევე სხვა წმიდანების სხეულები) და წმიდა რელიკვიები (მაგ.: მაცხოვრის სამსჭვალი, წმ. ნინოს ჯვარი ვაზისა, ღირსი მამის, დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა და სხვა).