მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა ხელშეკრულება

 

ჩვენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც წარმოადგენს მისი აღმატებულება, მინისტრი მიხეილ სააკაშვილი
და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ვადასტურებთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას ერის სულიერ განვითარებაში;

 

ვაღიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაში;

 

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საქართველოში პატიმრობაში მყოფი ყოველი ადამიანის წინაშე;

 

მივიჩნევთ, რომ ყოფითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად აუცილებელია ზრუნვა პატიმართა და მსჯავრდებულთა სულიერი ამაღლებისათვის;

 

ვადასტურებთ, რომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს სასჯელაღსრულებით სისტემაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილისმყოფელი როლის გასაძლიერებლად და ადამიანის რელიგიური უფლებების უზრუნველსაყოფად;

 

 

ამ მიზნით ვდებთ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ღვთისმსახურებისა და ლოცვებისათვის სათანადო პირობებისა და გარემოს შექმნას. ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თითოეულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გამოყოფს სამლოცველოსათვის აუცილებელ ფართს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად კეთილმოაწყობს მათ.

 

2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ სასჯელაღსრულებით დაწესებულებასა და იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო პოლიციაში მიავლენს მოძღვრებს საღმრთო ლიტურგიის და სხვა საეკლესიო წესების აღსრულების მიზნით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გასწევს კოორდინირებას და უზრუნველყოფს სხვა კონფესიების მსახურთა მოწვევას ამ კონფესიის წარმომადგენელ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოძღვართა უსაფრთხოებასა და დაუყოვნებ-ლივ გადაადგილებაზე.

 

3. მხარეები უზრუნველყოფენ სისტემატური შეხვედრების ორგანიზებას, ერთის მხრივ, სასულიერო პირებს, მეორეს მხრივ, პატიმრებს, მსჯავრდებულებსა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შორის.

 

4. მხარეები ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას სასჯელაღსრულების ცალკეული დაწესებულებების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ მეურვეობაში ეტაპობრივი გადაცემის შესახებ. ეკლესიის სულიერ მეურვეობაში სასჯელაღსრულე-ბის ცალკეული დაწესებულების ეტაპობრივი გადაცემის წესისა და პირობების დასადგენად და გადაცემის პროცესის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ერთობლივი კომისია.

 

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივად მოამზადებენ და განიხილავენ იმ ნორმატიული აქტების პროექტებს, აგრეთვე, სხვა საკითხებს, რომლებიც იქნება მხართა საერთო ინტერესების საგანი.

 

მისი აღმატებულება,
საქართველოს იუსტიციის
მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი

უწმიდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II