მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება

 

მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს. მცხეთა, სვეტიცხოველი

 

თავი I.

ზოგადი დებულებანი

 

§1. საქართველოს საპატრიარქო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის მრავალეროვანი ადგილობრივი ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის დიდ უმრავლესობას ქართველი მოსახლეობა შეადგენს. იგი იმყოფება დოგმატურ-სარწმუნოებრივ-ლიტურგიკულ ერთიანობასა და ლოცვით-კანონიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან.

 

§2. საქართველოს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომ - საქართველოს ეკლესიის) იურისდიქციაში შედიან:

 

1. საქართველოში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.

 

2. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ის მართლმადიდებელი ქართველები, რომლებზედაც არ ვრცელდება სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.

 

3. სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები.

 

4. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც არ შედიან სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციაში და აქვთ სურვილი იყვნენ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში.

 

 

§3. საქართველოს ეკლესია იყოფა ეპარქიებად, სამთავარხუცესოებად და სამრევლოებად.

 

§4. საქართველოს ეკლესიაში შედის 27 (ოცდაშვიდი) ეპარქია მათში შემავალი ქალაქებითა და რაიონებით:

 

1 . მცხეთა-თბილისის ეპარქია - ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა, მცხეთისა და გარდაბნის რაიონიბი. სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გამოკლებით. კათედრა და რეზიდენცია მცხეთასა და თბილისში.

 

2. ალავერდის ეპარქია - ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი აბბა ალავერდელი“. კათედრა ალავერდში, რეზიდენცია თელავში.

 

3. ახალციხის ეპარქია - ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება- „ეპისკოპოსი ახალციხელი“. კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.

 

4. ბათუმისა და სხალთის ეპარქია - ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა“. კათედრა ბათუმსა და სხალთაში, რეზიდენცია ბათუმსა და ქობულეთში,

 

5. ბოდბის ეპარქია - ქ. სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბოდბელი“. კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბესა და სიღნაღში.

 

6. ბოლნისისა და დმანისის ეპარქია - ქ. ბოლნისი, ქ. დმანისი, ბოლნისისა და დმანისის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბოლნისისა და დმანისისა“. კათედრა და რეზიდენცია ბოლნისსა და დმანისში,

 

7. ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია - ქ. ბორჯომი, ქ. ახალქალაქი, ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას რაიონები. მღვდელმთავრის წოდება „ეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა“. კათედრა ბორჯომში, რეზიდენცია ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

 

8. ვანისა და ბაღდათის ეპარქია - ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ვანისა და ბაღდათისა“. კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.

 

9. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია - ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ზუგდიდისა და ცაიშისა“. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

 

10. მანგლისისა და წალკის ეპარქია - ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი მანგლისისა და წალკისა“, კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და წალკაში.

 

11 . მარგვეთის ეპარქია - ქ. ზესტაფონი, ქ. თერჯოლა, ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი მარგველი“. კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონში, თერჯოლასა და ხარაგაულში.

 

12. ნეკრესის ეპარქია - ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარელისა და ლაგოდეხის რაიონები, მასში ასევე შედიან საინგილოს ეკლესიები. მღვდელთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნეკრესელი“. კათედრა ნეკრესსა და ყვარელში, რეზიდენცია ყვარელსა და ლაგოდეხში.

 

13. ნიკორწმიდის ეპარქია - ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ამბროლაურისა და ონის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნიკორწმიდელი“. კათედრა ნიკორწმიდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.

 

14. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია - ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნიქოზისა და ცხინვალისა“. კათედრა და რეზიდენცია ნიქოზსა და ცხინვალში.

 

15. რუსთავის ეპარქია - ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი რუსთავისა“. კათედრა რუსთავში, რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში.

 

16. სამთავისისა და გორის ეპარქია - ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა“. კათედრა და რეზიდენცია სამთავისსა და გორში.

 

17. საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია - ქ. საგარეჯო, ქ. გურჯაანი, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი საგარეჯოსა და გურჯაანისა“. კათედრა საგარეჯოსა და გურჯაანში, რეზიდენცია გურჯაანსა და ნინოწმინდაში.

 

18. ურბნისისა და რუისის ეპარქია - ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპასკოპოსი ურბნისისა და რუისისა“. კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.

 

19. ფოთის ეპარქია - ქ. ფოთი, ქ. ხობი, ქ. სენაკი, ფოთის, ხობისა და სენაკის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ფოთისა“. კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთში, ხობსა და სენაკში.

 

20. ქუთაის-გაენათის ეპარქია - ქ. ქუთაისი, წყალტუბოსა და ტყიბულის რაიონები. მღვდელთმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ქუთათელ-გაენათელი“. კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.

 

21. შემოქმედის ეპარქია - ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი შემოქმედელი“, კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

 

22. ცაგერისა და სვანეთის ეპარქია - ქ. ცაგერი, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ცაგერისა და სვანეთისა“. კათედრა ცაგერსა და მესტიაში, რეზიდენცია ცაგერში, მესტიასა და ლენტეხში.

 

23. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია - ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გალი, ქ. გუდაუთა, ქ. გაგრა, სოხუმის, გულრიფშის, გალის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ცხუმ-აფხაზეთის“. კათედრა სოხუმში და ახალ ათონზე, რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.

 

24. წილკნის ეპარქია - ქ. დუშეთი, სოფ. წილკანი, მუხრანი და საგურამო, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი წილკნელი“. კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანში, დუშეთსა და თიანეთში.

 

25. ჭიათურის ეპარქია - ჭიათურის და საჩხერის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ჭიათურისა“. კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.

 

26. ჭყონდიდის ეპარქია - ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ჭყონდიდელი“. კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში, აბაშასა და ჩხოროწყუში.

 

27. ხონის ეპარქია - ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ხონელი“. კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.

 

 

§5. საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:

 

1 . წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;

 

2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდათა მამათა კანონები და წესდებები;

 

3. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი;

 

4. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.

 

§6. საქართველოს ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან, დამოუკიდებელია და ახორციელებს მასთან ურთიერთობას საეკლესიო კანონების, სახელმწიფო კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

§7. საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი, ხოლო კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

შენიშვნა: „საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი“ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრების მეორე ოფიციალური დასახელება.

 

§8. საეკლესიო სასამართლოს უფლება აქვთ: საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

 

§9. საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

 

 

თავი II.

საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის
საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი

 

§1. საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს. ეკლესიის საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

 

§2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას.

 

§3. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები არიან საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსები.

 

§4. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი:

 

1. განმარტავს წმიდა წერილისა და წმიდა გარდამოცემის საფუძველზე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. ზრუნავს სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან დოგმატურ-სარწმუნოებრივსა და კანონიკურ ერთიანობაზე.

 

2. იხილავს და წყვეტს კანონიკურ, საღვთისმსახურო, სამოძღვრო და სხვა საკითხებს, რომლებიც ეხებიან ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობას.

 

3. უზრუნველყოფს საქართველოს ეკლესიის ერთიანობას. იცავს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმიდესა და ქრისტიანულ ზნეობას.

 

4. ადგენს ახალ წმინდანთა აღიარებას (კანონიზირებას) და შესაბამის ღვთისმსახურებას.

 

5. ზრუნავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ ურთიერთობაზე, ეკლესიის კანონების, საეკლესიო კრებების დადგენილებების, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების, სახელმწიფოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად.

 

6. იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს სხვა ავტოპეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობების შესახებ.

 

7. შესაბამისი საშუალებებით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სახელმწიფოში და მთელ მსოფლიოში მომხდარი მოვლენებისა და წამოჭრილი პრობლემების შესახებ.

 

8. ქმნის ან აუქმებს ეპარქიებს, ცვლის მათ ტერიტორიულ საზღვრებსა და სახელწოდებებს.

 

9. ირჩევს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს და ახდენს მათ ხელდასხმას.

 

10. საჭიროების შემთხვევაში, კათოლიკოს-პატრიარქის წინადადებით, გადაყავს მღვდელმთავრები ერთი ეპარქიიდან მეორეში.

 

11 . საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს მმართველი მღვდელმთავრების პენსიაში გასვლის შესახებ.

 

12. ისმენს მმართველი მღვდელმთავრების მოხსენებებს ეპარქიის მდგომარეობის შესახებ.

 

13. ადგენს პროცედურას ყველა საეკლესიო სასამართლოსათვის.

 

14. განაწესებს საეკლესიო ჯილდოებს.

 

15. ამტკიცებს, ცვლის, აუქმებს და განმარტავს თავის დადგენილებებს, რომლებიც შეეხებიან საეკლესიო ცხოვრებას.

 

16. სხვადასხვა საკითხის შესასწავლად ქმნის სპეციალურ კომისიებს.

 

წმ. სინოდი ზრუნავს:

 

17. საქართველოს ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო პრობლემების გადაჭრისათვის.

 

18. წმ. წერილის ტექსტის დაცვისა, თარგმნისა და გამოცემისათვის.

 

19. საღვთისმსახურო წიგნების ტექსტის დაცვის, გასწორებისა და გამოცემისათვის.

 

20. საეკლესიო კანონების კრებულების, სასულიერო და საერო სასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოების, საღვთისმეტყველო ლიტერატურისა და პერიოდიკის გამოცემისათვის.

 

21. სასულიერო განათლების სრულყოფისათვის.

 

22. სასულიერო პირთა და ეკლესიის საერო თანამშრომელთა პენსიით უზრუნველყოფისათვის.

 

23. საეკლესიო საგანძურის აღრიცხვის, დაცვისა და შევსებისათვის.

 

§5. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

 

§6. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა.

 

§7. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის პირველი და უკანასკნელი ინსტანცია საქართველოს ეკლესიაში, რომელიც უფლებამოსილია გაასამართლოს მღვდელმთავარი, განიხილოს მისი მოღვაწეობის დოგმატური და კანონიკური ცდომილება.

 

§8. საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება არის პირველი და უკანასკნელი ინსტანცია საქართველოს ეკლესიაში, რომელიც სასამართლო წესით განიხილავს კონფლიქტებს მღვდელმთავრებს შორის.

 

შენიშვნა: ყოველგვარი საჩივრის გარეშე საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება უფლებამოსილია პასუხი აგებინოს იმ მღვდელმთავარს, რომელიც ცხადად არღვევს საეკლესიო კანონებსა და წესდებებს.

 

§9. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, სიკვდილამდე უზიარებლობა ან ეკლესიიდან განკვეთა (ანათემა); აგრეთვე იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის.

 

§10. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე).

 

§11. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი ამტკიცებს თავისი სხდომების ჩატარების დღის წესრიგს, პროგრამასა და რეგლამენტს.

 

§12. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე დასწრება საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების კანონიკური ვალდებულებაა. მღვდელმთავარს შეუძლია არ დაესწროს წმ. სინოდის სხდომას ავადმყოფობის ან სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომელსაც წმ. სინოდი საპატიოდ ცნობს. თუ მღვდელმთავარი არასაპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდება წმ. სინოდზე, მაშინ ის ექვემდებარება მთელი კრებისაგან ძმურ შეგონებას ან მღვდელმოქმედებისაგან დროებით განყენებას.

 

§13. თუ მღვდელმთავარი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვერ დაესწრება წმ. სინოდის სხდომას, მაშინ ის ვალდებულია წმ. სინოდს წერილობით მოახსენოს თავისი შეხედულება განსახილველ საკითხებზე.

 

§14. წმ. სინოდის არცერთ წევრს არ შეუძლია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. თუ მღვდელმთავარი არ ეთანხმება მიღებულ დადგენილებას, მან ეს იმავე სხდომაზე უნდა განაცხადოს, ხოლო სხდომიდან სამი (3) დღის განმავლობაში წერილობით უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც დაერთვება საეკლესიო კრების ოქმებს.

 

§15. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებები სავალდებულოა საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისათვის.

 

§16. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებებს პირველად ხელს აწერს კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე), შემდეგ კრების წევრები უპირატესობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა განხილულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

§17. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებები ძალაში შედიან მიღებისთანავე, თუ დადგენილება არ ითვალისწინებს სხვა ვადებს.

 

§18. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის მოწვევის ადგილს ირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე).

 

 

თავი III.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება

 

§1. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

 

§2. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა ხდება მხოლოდ ორ შემთხვევაში:

 

1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისას.

 

2. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცებისას.

 

§3. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების შემადგენლობაში შედიან:

 

ა) წმ. სინოდის ყველა წევრი.

ბ) ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირი, თითოეული მონასტრიდაწ, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატი, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან - 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან.

 

§4. მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების თანახმად, მღვდელმთავარნი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მონაწილეობენ ხმის უფლებით, ხოლო სამღვდელო და სამონაზვნო დასი, ასევე საერონი მონაწილეობენ სათათბირო ხმის უფლებით.

 

§5. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით შეიძლება მოწვეულნი იყვნენ მეცნიერ-ექსპერტები.

 

 

თავი IV.

<4 align="center">სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 

§1. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.

§2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,

 

- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,

 

- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,

 

- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,

 

- უნდა იყოს ბერი.

 

§3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.

 

§4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

 

§5. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.

 

§6. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.

 

§7. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

 

§8. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

 

§9. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.

 

§10. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.

 

§11. წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.

 

§12. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.

 

§13. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.

 

§14. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.

 

§15. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

 

§16. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, როშელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.

 

§17. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

 

§18. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).

 

§19. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრული ტიტულია: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი...

 

§20. ყველა სასულიერო პირი მოვალეა ღვთისმსახურების დროს მოიხსენოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ყველა ტაძარში, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ, შემდეგი ფორმულით: „უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი (სახელი)“.

 

§21. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივის ნიშნებიაა ძოწისფერი მანტია, შავი საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული ჯვრითა და ფრთებზე გამოსახული სერაფიმებით, ორი პანაღია და ჯვარი, დიდი პარამანი და ჯვრის წინგაძღოლის უფლება.

 

§22. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს თავისი ტვიფარი და ბეჭედი.

 

§23. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

§24. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაში იმყოფებიან როგორც თბილისის სიონის, მცხეთის სვეტიცხოვლის, გელათის, მოქვისა და გონიოს საკათედრო ტაძრები, ასევე ყველა სტავროპიგიალური მონასტერი.

 

§25. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს და გაფართოებულ კრებას.

 

§26. კრებათა შორის პერიოდში საქართველოს ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

§27. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:

 

1 . წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;

2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდა მამათა კანონები და წესდებები;

ვ. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებები;

4. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.

 

 

§28. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახორციელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ფუნქციებს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ხოლო მეორე ინსტანციის სასამართლოს ფუნქციებს საქართველოს ეკლესიის დანარჩენი ეპარქიების მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ გაასაჩივრონ თავიანთი მმართველი მღვდელმთავრის განაჩენი.

 

§29. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უფლებამოსილია მამამთავრული შენიშვნა მისცეს ან საეკლესიო სასჯელი შეუფარდოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ სამღვდელოებას, ბერმონოზვნებსა და ერისკაცებს და შეატყობინოს ამის მესახებ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

 

§30. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:

 

 

1. ზრუნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლისიის საეკლესიო დადგენილებების განხორციელებისათვის.

 

2. ზრუნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის ერთიანობაზე.

 

3. ხელს აწერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებსა და სხვა საერთო-საეკლესიო დოკუმენტებს.

 

4. ურთიერთობას ამყარებს სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელებთან, აგრეთვე, სხვა აღმსარებლობის ხელმძღვანელებთან, როგორც საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის სახელით, ასევე თავისი პირადი სახელითაც.

 

5. არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელისულების წინაშე.

 

6. ახორციელებს უმაღლეს ზედამხედველობასა და კონტროლს ყველა საეკლესიო საქმეზე.

 

7. ზრუნავს თავისუფალ სამღვდელმთავრო კათედრებზე, მათ შევსებაზე.

 

8. ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ახალი მღვდელმთავრის არჩევას. სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ახდენს ახალი მღვდელმთავრის ხელდასხმას. აძლევს მას „დადგინების სიგელს“.

 

9. ზედამხედველობას უწევს მღვდელმთავრებს საეპარქიო მართვა-გამგეობაში. მწყემსმთავრულად მიმოიხილავს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ეპარქიებს.

 

10. საჭიროების შემთხვევაში ავალებს მღვდელმთავრებს, სხვა კანონებით გათვალისწინებული მიზეზების გამო, თავისუფალი ეპარქიის დროებით მმართველობას.

 

11. აძლევს მღვდელმთავრებს ძმურ რჩევებსა და მწყემსმთავრულ შენიშვნებს, როგორც მათი პირადი ცხოვრების, ასევე სამღვდელმთავრო მოვალეობის შესრულების შესახებ. მათი მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში მიმართავს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

 

12. იღებს განსახილველად საქმეებს მღვდელმთავრებს შორის წარმოშობილ გაუგებრობების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება ორივე მხარასათვის სავალდებულოა.

 

13. იღებს საჩივრებს მღვდელმთავრებზე და აძლევს მათ კანონიერ მსვლელობას.

 

14. ნებართვას აძლევს მღვდელმთავრებს სამსახურეობრივი საქმეების გამო საზღვარგარეთ გამგზავრებაზე.

15. ამტკიცებს ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრების ყველა ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობის გადაწყვეტილებას.

 

16. აღყავს მღვდელმთავრები დადგენილ საეკლესიო წოდებებში და აძლევს მათ საეკლესიო ჯილდოებს.

 

17. განიხილავს მღვდელმთავართა ანგარიშგებას ეპარქიის მდგომარეობის შესახებ, აძლევს მათ შეფასებას და იღებს საჭირო ზომებს.

 

18. ნიშნავს რევიზიას სხვადასხვა საჭიროებათა და შემთხვევათა გამო.

 

19. აქვს სტავროპიგიების დაარსების უფლება.

 

20. ამტკიცებს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში თვითონ ნიშნავს მონასტრების წინამძღვრებს.

 

21. ზრუნავს მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების გავრცელებისათვის, ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ქრისტიანულ სწავლა-განათლგბას.

 

22. ნიშნავს და ამტკიცებს სასულიერო სასწავლებლების რექტორებსა და პრორექტორებს. ამტკიცებს სამეცნიერო-საღვთისმეტყველო წოდებებისა და ხარისხების მინიჭებას, ზედამხედველობას უწევს სასწავლო კომიტეტს.

 

23. ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ქრისტიანულ განათლებას საერო სასწავლო დაწესებულებებში.

 

24. ეკლესიის საჭიროებისამებრ ნიშნავს სამღვდელო ან საერო პირებს საქართველოს საზღვრებს გარეთ სამსახურისათვის.

 

25. სამღვდელო და საერო პირებს ანიჭებს დადგენილ საეკლესიო ჯილდოებს.

 

26. ზრუნავს წმიდა მირონის დროულად მომზადებისათვის და აკურთხებს მას.

 

27. საქართველოს საპატრიარქოსთან ქმნის და აუქმებს სამეურნეო-საწარმოო განყოფილებებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თავიანთი წესდებებისა და სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.

 

28. ზრუნავს წმინდანთა საფლავების დაცვისა და გამშვენებისათვის.

 

29. ზრუნავს ეკლესიების აღდგენა-რესტავრაციაზე და ახალი ტაძრების მშენებლობაზე.

 

 

თავი V.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო

 

§1. „სრულიად საქართველოს საპატრიარქო“ აგრეთვე ეწოდება იმ დაწესებულებათა ერთობლიობას, რომლებიც უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებიან.

 

§2. სრულიად საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები და სამსახურები მოწოდებულნი არიან დაეხმარონ კათოლიკოს-პატრიარქს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

 

§3. სრულიად საქართველოს საპატრიარქოს განყოფილებებსა და სამსახურებს ქმნის, მათ ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

§4. სრულიად საქართველოს საპატრიარქოს განყოფილებებისა და სამსახურების მოღვაწეობას არეგულირებენ შესაბამისი წესდებები, რომლებსაც ამტკიცებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

§5. სრულიად საქართველოს საპატრიარქოს განყოფილებები და სამსახურები არიან ზედამხედველი და მაკოორდინირებელი ორგანოები ეპარქიებში მოქმედი ანალოგიური დაწესებულებებისა.

 

§6. საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ მყოფი სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

 

 

თავი VI.

ეპარქია

 

§1 . საქართველოს ეკლესია იყოფა ეპარქიებად, რომლებსაც მართავენ მღვდელმთავრები. ეპარქია შედგება ოლქებში (სამთავარხუცესოებში) გაერთიანებული სამრევლოებისაგან და ამ ეპარქიის ტერიტორიაზე განლაგებული მონასტრებისაგან.

 

§2. „ეპარქია“ ეწოდება საქართველოს ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდის მიერ დადგენილი ეპარქიის მღვდელმთავარი.

 

§3. ეპარქიების საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. საქართველოს საზღვრებს გარეთ ეპარქიების საზღვრები დგინდება საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით.

 

§4. ყოველ ეპარქიაში არსებობენ საეპარქიო მმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საეკლესიო კანონებითა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური მართვა-გამგეობის დებულებით.

 

§5. საეკლესიო საჭიროებებისათვის ეპარქიებში შეიძლება შეიქმნას სათანადო დაწესებულებანი, რომელთა მოღვაწეობაც განისაზღვრება სრულიად -საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებით.

 

§6. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს უფლება აქვს აღადგინოს ძველი და გახსნას ახალი ეპარქიები, გააუქმოს რომელიმე არსებული, შეუცვალოს დასახელება და ტერიტორიული საზღვრები.

 

 

თავი VII.

მღვდელმთავარი

 

§1. ეპარქიის მღვდელმთავარი, წმიდა მოციქულებიდან მომდინარე უწყვეტი იერარქიული ხელდასხმის მადლით, არის ეპარქიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი.

 

§2. ეპარქიის მღვდელმთავრის არჩევა და დადგინება ხდება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აძლევს ეპარქიის მღვდელმთავარს „დადგინების სიგელს“.

 

§3. ეპარქიის მღვდელმთავრები ატარებენ წოდებას, რომელშიც შედის ეპარქიის სახელწოდება. მღვდელმთავართა წოდებები განისაზღვრება საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის კრების მიერ.

 

§4. სამღვდელმთავრო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

 

1. ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი (35) წლისა.

2. უნდა გამოირჩეოდეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სიწმიდით.

3. უწდა ჰქოწდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო და საერო განათლება.

4. უნდა იყოს ბერი.

 

§5. ეპარქიის მღვდელმთავარს აქვს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლების, მღვდელმოქმედებისა და მოძღვრების სრული იერარქიული უფლებამოსილება.

 

§6. ეპარქიის მღვდელმთავარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით ასრულებს სასულიერო პირების ხელდასხმას, იძლევა ლოცვა-კურთხევას ბერად და მონოზვნად აღკვეცაზე და ნიშნავს მათ მსახურების ადგილებზე, აგრეთვე ნიშნავს ეპარქიის დაწესებულებების ყველა თანამშრომელს.

 

§7. ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება აქვს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით მიიღოს თავის ეპარქიაში სამსახურისათვის სხვა ეპარქიიდან გადმოსული სასულიერო პირი, თუ მას აქვს თავისი ეპისკოპოსისაგან „განტევების სიგელი“. აგრეთვე მღვდელმთავარს უფლება აქვს გაუშვას თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიებში სასულიერო პირები და მისცეს მათ „განტევების სიგელები“.

 

§8. ეპარქიის მღვდელმთავარი არის უმაღლესი ზედამხედველი ეპარქიაში შემავალ მონასტრებზე და დაწესებულებებზე, გარდა სტავროპიგიალურისა, რომელიც უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარება.

 

§9. ეპარქიის მღვდელმთავრის თანხმობის გარეშე საეპარქიო მმართველობის ორგანოების ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ განხორციელდება.

 

§10. ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება აქვს მიმართოს ეპარქიის მრევლს სამღვდელმთავრო ეპისტოლეთი.

 

§11. ეპარქიის ყველა ტაძარში ღვთისმსახურების დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელის შემდეგ აღევლინება ეპარქიის მღვდელმთავრის სახელი.

 

§12. ეპარქიის მღვდელმთავარი ვალდებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წარუდგინოს დადგენილი ფორმით ყოველწლიური ანგარიში ეპარქიის ცხოვრებისა და თავისი მოღვაწეობის შესახებ.

 

§13. ეპარქიის მღვდელმთავარი:

 

1. იცავს სარწმუნოებრივ და ზნეობრივ სიწმიდეს.

 

2. პასუხისმგებელია საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებების დადგენილებებისა და სხვა საეკლესიო წესდებების შესრულებაზე თავის ეპარქიაში.

 

3. ზედამხედველობს საეკლესიო წესრიგს და ღვთისმსახურების სწორ აღსრულებას.

 

4. საეკლესიო კანონების შესაბამისად მოგზაურობს თავის ეპარქიაში, მიმოიხილავს ეპარქიის სამრევლოებს და აკონტროლებს მათ ან უშუალოდ, ან თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით.

 

5. ზედამხედველობს ეპარქიის სამღვდელოების მოღვაწეობას.

 

6. აძლევს სასულიერო პირებსა და მომსახურე პერსონალს შვებულებას ერთი თვის ვადით.

 

7. ზრუნავს სასულიერო პირთა განათლების დონის ასამაღლებლად.

 

8. ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს სამღვდელო კანდიდატების საღვთისმეტყველო მომზადებას.

 

9. ებრძვის ეპარქიაში გავრცელებულ ყველა ბოროტ და მწვალებლურ სწავლებას.

 

10. ზრუნავს, რომ სამღვდელოების ქადაგება შეესაბამებოდეს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას.

 

11 . ზრუნავს მრევლის სულიერი და ზნეობრივი დონის ასამაღლებლად.

 

12. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე შუამდგომლობს ღირსეული სასულიერო პირებისა და ერისკაცების დასაჯილდოებლად.

 

13. კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით აკურთხებს ეპარქიაში შემავალ ტაძრებს და ხელს ასხამს სადიაკვნო და სამღვდელო კანდიდატებს.

 

14. ზრუნავს მოწყალებისა და ქველმოქმედების საქმეებზე.

 

15. აარსებს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრებსა და მისიონერულ სკოლებს.

 

§14. ეპარქიის მღვდელმთავარი ვალდებულია ჰქონდეს ეპარქიის სასულიერო პირთა სრული სია და მონაცემები.

 

§15. ეპარქიის მღვდელმთავარი ვალდებულია, მოსთხოვოს ეპარქიაში შემავალი მონასტრების წინამძღვრებსა და ოლქების მთავარხუცესებს მათდამი დაქვემდებარებული მონასტრებისა და ოლქებში მოღვაწეობის ყოველწლიური ანგარიში.

 

§16. ეპარქიის მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე ეპარქიაში ღვთისმსახურების აღსრულება არავის არ შეუძლია.

 

§17. ეპარქიის მღვდელმთავარი არის ეპარქიაში უმაღლესი სასამართლო ხელისუფალი. საეკლესიო კანონების მიხედვით მას უფლება აქვს:

 

1. მწყემსმთავრული შენიშვნა მისცეს სასულიერო პირებს, გამოუცხადოს მათ საყვედური, გადააყენოს თანამდებობიდან, დაადოს ეპიტიმია და აუკრძალოს მღვდელმოქმედება.

 

2. მწყემსმთავრული შენიშვნა მისცეს ერისკაცებს, დაადოს ეპიტიმია და დასაჯოს ისინი უზიარებლობით.

 

3. შეამსუბუქოს სასჯელი.

 

4. საეკლესიო კანონების შესაბამისად გადაწყვიტოს საეკლესიო ქორწინებისა და განქორწიწების საკითხები.

 

§18. ეპარქიის მღვდელმთავარი ვალდებულია, ღვთისმსახურების დროს აღავლინოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელი.

 

§19. ეპარქიის მღვდელმთავარი ვალდებულია დაემორჩილოს უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას (საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს და კათოლიკოს-პატრიარქს), შეატყობინოს მას ეპარქიაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და არ მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც მის უფლებას აღემატება.

 

§20. ეპარქიის მღვდელმთავარი ვალდებულია მუდმივად იმყოფებოდეს თავის ეპარქიაში. მას ეპარქიიდან წასვლა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვით შეუძლია.

 

§21. ეპარქიის მღვდელმთავარს არ ექვემდებარებიან ეპარქიის ტერიტორიაზე განლაგებული სტავროპიგიალური მონასტრები, სასწავლებლები და დაწესებულებანი.

 

§22. ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება აქვს საპატრიარქოსთან შეთანხმებით შექმნას და დაამტკიცოს საეკლესიო-საქველმოქმედო საზოგადოებანი, სამრევლოებთან არსებული ძმობები და მათი წესდებები.

 

§23. ეპარქიის მღვდელმთავარს უნდა ჰყავდეს საეპარქიო საბჭო და დანიშნოს მისი წევრები და თანამშრომლები.

 

§24. ეპარქიის მღვდელმთავარი არის თავისი ეპარქიის საეკლესიო ქონების უმაღლესი ზედამხედველი, და იგი პასუხისმგებელია ამ ქონებაზე წმიდა სინოდისა და კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე.

 

§25. დაქვრივებულ ეპარქიას დროებით მართავს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დანიშნული მღვდელმთავარი. ამ დროს არ ტარდება არავითარი ღონისძიებანი საეპარქიო ცხოვრების რეორგანიზაციისათვის და არ ხდება არავითარი ცვლილებანი წინა მღვდელმთავრის მმართველობის პერიოდში დაწყებულ სამუშაოებში.

 

§26. ეპარქიის დაქვრივებისას საეპარქიო საბჭო დალუქავს საეპარქიო სახლს და ყველა დაწესებულებას ხოლო საქართველოს საპატრიარქო გამოყოფს კომისიას, რომელიც რევიზიას გაუკეთებს ეპარქიის ქონებას და შეადგენს შესაბამის აქტს ახლადდანიშნული მღვდელმთავრისათვის გადასაცემად.

 

§27. საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების ხელდასხმა სრულდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმიდა ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

 

§28. ეპარქიის მღვდელმთავარს აქვს თავისი ტვიფარი და ბეჭედი.

 

§29. სამოცდათხუთმეტი (75) წლის ასაკის მიღწევისას ეპარქიის მღვდელმთავარი ვალდებულია სთხოვოს კათოლიკოს-პატრიარქს პენსიაში გასვლის ნებართვა.

 

§30. ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება არა აქვს თვითნებურად შევიდეს და უნებართვოდ აღასრულოს მღვდელმოქმედება სხვის ეპარქიაში.

 

 

თავი VIII.

საეპარქიო საბჭო

 

§1. საეპარქიო საბჭო არის სათათბირო, კოლეგიალური ორგანო, რომელიც ეპარქიის მღვდელმთავარს ეხმარება ეპარქიის მმართველობაში და უშუალოდ მას ექვემდებარება.

 

§2. საეპარქიო საბჭოს დანიშნულებაა მღვდელმთავართან ერთად განიხილოს ეპარქიის მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

§3. საეპარქიო საბჭოს წევრებსა და მის თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს მმართველი მღვდელმთავარი.

 

§4. საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე არის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

§5. საეპარქიო საბჭოს წევრები არიან: მღვდელმთავარი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი. ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი ზნეობით, სულიერობით, შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით.

 

§6. საეპარქიო საბჭოს სხდომები იმართება რეგულარულად, კვარტალში ერთხელ და საჭიროებისამებრ.

 

§7. საეპარქიო საბჭოს ჰყავს თავისი მდივანი, რომელსაც ნიშნავს ეპარქიის მღვდელმთავარი საბჭოს წევრთაგან. მდივანი პასუხისმგებელია სხდომებისათვის საჭირო მასალების მომზადებასა და სათანადო ოქმებისა და დოკუმენტაციის შედგენაზე.

 

§8. საეპარქიო საბჭოს სხდომების ოქმებზე ხელს აწერს საბჭოს ყველა წევრი.

 

§9. მმართველი მღვდელმთავარი არის ეპარქიის უმაღლესი სასამართლო ხელისუფალი. საეპარქიო საბჭო რჩევებითა და მოსაზრებებით ეხმარება ეპარქიის მღვდვლმთავარს სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში.

 

§10. საეპარქიო საბჭო სათანადო განხილვის შემდეგ, სათათბირო ხმის უფლებით წარუდგენს ეპარქიის მღვდელმთავარს სასამართლო საქმეს. მმართველ მღვდელმთავარს გამოაქვს განაჩენი, როგორც ეპარქიის უმაღლეს სასამართლო ხელისუფალს.

 

§11. საეპარქიო საბჭოს ის წევრი, რომელსაც რაიმე პირადი ინტერესი აკავშირებს მოცემულ სასამართლო საქმესთან, მის განხილვაში არ მონაწილეობს.

 

§12. საეპარქიო საბჭო კომპეტენტურია განიხილოს შემდეგი სახის სასამართლო საქმეები:

 

1. სასულიერო პირთა და ერისკაცთა მიერ სარწმუწოებისაგან განდგომა.

 

2. მათ მიერ საეკლესიო და ზნეობრივი კანონების დარღვევა.

 

3. საეკლესიო ქორწინება და განქორწინება.

 

4. და სხვა საკითხები, რომლებიც ეხებიან საეკლესიო მართლწესრიგს.

 

§13. საეპარქიო საბჭო სასამართლო საქმეებს იხილავს „საქართველოს ეკლესიის საეკლესიო სასამართლოს შესახებ წესდების“ შესაბამისად.

 

 

თავი IX.

ოლქები (სამთავარხუცესოები)

 

§1. საქართველოს ეკლესიის ეპარქიები იყოფა ოლქებად (სამთავარხუცესოებად).

 

§2. ოლქების ხელმძღვანელები არიან მთავარხუცესები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

§3. მთავარხუცესი, ეს არის ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დანიშნული ზედამხედველი, რომლის მოვალეობაში შედის ოლქის ფარგლებში საეკლესიო მართლწესრიგის დაცვა.

 

§4. ოლქში გაერთიანებული სამრევლოების რაოდენობას განსაზღვრავს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

§5. ოლქის მთავარხუცესს უფლება აქვს მისდამი დაქვემდებარებულ ოლქში მოაგვაროს უთანხმოებები სასულიერო პირთა, ეკლესიის თანამშრომელთა და აგრეთვე სასულიერო პირთა და ეკლესიის თანამშრომელთა შორის.

 

§6. ოლქის მთავარხუცესი შეიძლება იყოს საეპარქიო საბჭოს წევრი.

 

§7. ოლქის მთავარხუცესი ყოველ წელიწადს ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს წარუდგენს ანგარიშს დადგენილი ფორმით ოლქის მდგომარეობასა და თავისი მოღვაწეობის შესახებ.

 

§8. ყოველ ოლქში სამღვდელოება თავისი წრიდან ირჩევს მოძღვართმოძღვარს, რომელსაც ამტკიცებს ეპარქიის მღვდელმთავარი.

 

§9. მოძღვართმოძღვარს სასულიერო პირებმა რეგულარულად უნდა ჩააბარონ აღსარება.

 

 

თავი X.

სამრევლო

 

§1. საქართველოს ეკლესიის ეპარქიები იყოფა ოლქებად, ხოლო ოლქები - სამრევლოებად.

 

§2. სამრევლო - ეს არის ტაძართან გაერთიანებული მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოება, რომელიც შედგება სამღვდელო და საერო პირთაგან. სამრევლო - ეს არის ეპარქიის ნაწილი, რომელიც იმყოფება ეპარქიის მღვდელმთავრის კანონიკური მმართველობის ქვეშ.

 

§3. სამრევლოს ხელმძღვანელობს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დანიშნული წინამძღვარი, რომელსაც მართვა-გამგეობაში სამრევლო საბჭო ეხმარება.

 

§4. ახალი სამრევლოების დაარსება ან სამრევლოს გაუქმება ხდება ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის ლოცვა-კურთხევით.

 

§5. სამრევლოს აუცილებლად უწდა ჰქონდეს ერთი ტაძარი ან სამლოცველო სახლი. სამრევლო ტაძრების, სამლოცველო სახლებისა და საყდრების აშენება, გამშვენება და შეკეთება ხდება ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ნებართვით.

 

§6. სამრევლოში სამღვდელო პირს ნიშნავს და ათავისუფლებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

§7. სამრევლოს სამღვდელო პირი - წინამძღვარი

 

1. სასურველია მუდმივად ცხოვრობდეს სამრევლოს ტერიტორიაზე; იგი ვალდებულია თვითნებურად არ მიატოვოს თავისი მრევლი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამრევლოში გავრცელებულია ეპიდემია ან სხვა რაიმე საფრთხე ემუქრება მას.

 

2. მუდმივად უნდა ატაროს სასულიერო წოდების შესაბამისი სამოსელი.

 

3. არ უნდა იყოს დაკავებული ისეთი საქმეებით, როშლებიც არ შეესაბამება სასულიერო წოდებას.

 

4. არ უნდა ესწრებოდეს სასულიერო წოდებისათვის შეუფერებელ გასართობ სანახაობებს.

 

5. მუდმივად უნდა კითხულობდეს წმიდა წერილსა და წმ. მამათა შრომებს, ეცნობო დეს საღვთისმეტყველო ლიტერატურას, ქადაგებდეს.

 

6. სათანადოდ უნდა აღასრულოს საეკლესიო ღვთისმსახურება და მღვდელმოქმედება.

 

7. უნდა იზრუნოს ტაძრისა და საეკლესიო შენობების გარემონტებასა და გამშვენებაზე.

 

8. უნდა იზრუნოს ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთების შეძენაზე, შენახვასა და დაცვაზე.

 

9. უნდა იზრუნოს საეკლესიო დისციპლინასა და ზნეობაზე, შენიშვნები და დარიგებები მისცეს დამნაშავეებს.

 

10. ზუსტად უნდა შეასრულოს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განკარგულებანი და მითითებანი.

 

11. უნდა იზრუნოს ავადმყოფებზე, ქვრივ-ობლებსა და გლახაკებზე.

 

12. უნდა აწარმოოს საეკლესიო საბუთები; წეროს სამრევლო მატიანე, იზრუნოს არქივის შევსებაზე.

 

13. უნდა იზრუნოს სამრევლო ბიბლიოთეკის მოწყობაზე.

 

14. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას უნდა მიმართოს ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს ან ოლქის მთავარხუცესს.

 

15. უწდა ებრძოლოს სამრევლოში გავრცელებულ ცრურწმენასა და მწვალებლობას.

 

16. ზედამხედველობა უწდა გაუწიოს საეკლესიო თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობის სათანადოდ აღსრულებას.

 

17. უნდა, იზრუნოს საეკლესიო ქონებაზე, აწარმოოს საინვენტარიზაციო წიგნი. იგი პასუხისმგებელია ეპარქიის მღვდელმთავრის, კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდის წინაშე საეკლესიო ქონებაზე.

 

18. უნდა მოიწვიოს სამრევლო საბჭოს სხდომები თვეში ერთხელ.

 

19. უნდა მოიწვიოს სამრევლოს კრება წელიწადში ერთხელ, რომელსაც თვითონ თავმჯდომარეობს.

 

20. უნდა წარუდგინოს ოლქის მმართველსა და ეპარქიის მღვდელმთავარს ყოველწლიური ანგარიში სამრევლოს მდგომარეობისა და თავისი მოღვაწეობის შესახებ.

 

§8. სამრევლოს სამღვდელო პირს - წინამძღვარს შეუძლია შვებულება აიღოს და დატოვოს თავისი სამრევლო ერთი თვით, ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით.

 

§9. მრევლის ყოველი წევრი უნდა იყოს მართლმადიდებელი აღმსარებლობის პირი, რომელსაც ცოცხალი კავშირი აქვს თავის სამრევლო ტაძართან.

 

§10. მრევლის ყოველი წევრი ვალდებულია დაესწროს ღვთისმსახურებას, რეგულარულად ჩააბაროს აღსარება და ეზიაროს, დაიცვას საეკლესიო კანონები, ისწრაფოდეს სულიერ-ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ და იღვწოდეს სამრევლოს კეთილდღეობისათვის.

 

§11. სამრევლოს კრების წევრები არიან ამ სამრევლოს წევრი სასულიერო და საერო პირები.

 

§12. სამრევლო კრება, ერთი (1) წლის ვადით ირჩევს სამრევლო საბჭოს წევრებს, რომლებსაც ამტკიცებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

§13. სამრევლო საბჭო შედგება ეკლესიაში მომსახურე ყველა სასულიერო და სამი საერო პირისაგან.

 

§14. სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე არის სამრევლოს წინამძღვარი.

 

§15. მღვდელმთავართან შეთანხმებით სამრევლო საბჭო საერო პირთაგან ერთი წლის ვადით ნიშნავს მნეს, რომელიც აღრიცხავს ეკლესიის შემოსავალ-გასავალს, რისთვისაც იქმნება სპეციალური წიგნი. ყოველთვიურად სამრევლო საბჭო აკონტროლებს სამრევლოს ფულად და მატერიალურ სახსრებს. დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს წინამძღვრის წარდგინებით მღვდელმთავარი ადებს სასჯელს ან ათავისუფლებს მას.

 

§16. წინამძღვრის გარდაცვალების ან სხვაგან გადაყვანის შემთხვევაში სამრევლო საბჭო ამოწმებს სამრევლოს ქონებას, აღწერს და შეადგენს შესაბამის აქტს, რომელსაც გადასცემს ეპარქიის მღვდელმთავარსა და მის მიერ დანიშნულ წინამძღვარს.

 

§17. სამრევლო საბჭო ანგარიშვალდებულია ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წინაშე.

 

§18. ყოველ სამრევლოს უკავია განსაზღვრული ტერიტორია (ქალაქების სამრევლოების გარდა), რომლის საზღვრების შეცვლის უფლება მხოლოდ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს აქვს.

 

§19. სამრევლოს გაუქმების შემთხვევაში მისი კუთვნილი ქონება გადადის ეპარქიის მფლობელობაში.

 

§20. სამრევლოს წინამძღვარს აქვს შესაბამისი ტვიფარი და ბეჭედი.

 

 

თავი XI.

მონასტრები

 

§1. მონასტერი არის სავანე, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერების ან მონოზვნებისაგან შემდგარი კრებული. ამ კრებულებში ბერები ან მონოზვნები გაერთიანებულნი არიან უპოვარების, უქორწინებლობისა და მორჩილების აღთქმით და თავისი ცხოვრება მიძღვნილი აქვთ უბიწოებისა და ლოცვისადმი.

 

§2. მონასტრების დაარსების ნებართვას იძლევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ან წმ. სინოდი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წარდგინებით და კანონიკური პროცედურის დაცვით.

 

§3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს უფლება სტავროპიგიალური მონასტრების დაარსებისა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე.

 

§4. სტავროპიგიალური მონასტრები შედიან უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოურისდიქციაში.

 

§5. ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული სხვა მონასტრები ექვემდებარებიან მმართველი მღვდელმთავრის იურისდიქციას.

 

§6. მონასტრები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით, აქვთ ბეჭედი და ტვიფარი.

 

§7. საქართველოს ეკლესიის ყველა მონასტრის შევსება ხდება მმართველი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევის თანახმად მართლმადიდებელი აღმსარებლობის პირებით, რომელთაც ბერმონოზვნური ცხოვრების სურვილი აქვთ.

 

§8. მონასტრები თავის მოღვაწეობას ახორციელებენ „საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულების“ თანახმად. ყოველ მონასტერს შეიძლება ჰქონდეს თავისი სპეციფიკური ტიბიკონი, მაგრამ იგი უნდა შეესაბამებოდეს „დებულებას“ და დამტკიცებული უნდა იყოს კათოლიკოს-პატრიარქის ან წმინდა სინოდის მიერ.

 

§9. მონასტრებს უფლება აქვთ ჰქონდეთ მეტოქები, რომელთა დაარსების ნებართვას იძლევა კათოლიკოს-პატრიარქი ან წმ. სინოდი. მეტოქი ეწოდება ტაძარს, თავისი კუთვნილი შენობა-ნაგებობებით, რომელიც იმყოფება მონასტრის გამგებლობაში, მაგრამ მდებარეობს მის საზღვრებს გარეთ (შესაძლებელია სხვა ეპარქიის ტერიტორიაზე). მეტოქის მოღვაწეობა რეგულირდება „საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერ-მონოზონების შესახებ დებულებით“, აგრეთვე იმ მონასტრის ტიბიკონით, რომლის კუთვნილებასაც ეს მეტოქი წარმოადგენს. მეტოქი შედის იმ მღვდელმთავრის იურისდიქციაში, რომელი ეპარქიის ტერიტორიაზეც იგი მდებარეობს.

 

 

თავი XII.

საეკლესიო ფინანსები და ქონება

 

§1. საქართველოს ეკლესია უზრუნველყოფს თავის მატერიალურ მოთხოვნილებებს თვითდაფინანსების საფუძველზე.

 

§2. მისი ფინანსები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფილობითი შემოწირულობით, საეკლესიო წესების აღსრულების შემოწირულობით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციით და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით.

 

§3. ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი საპატრიარქოში იქმნება ეპარქიების, სტავროპიგიალური მონასტრებისა და სხვა საეკლესიო-სამეურნეო დაწესებულებების მიერ გადარიცხული ფულადი სახსრებით, რომლის პროცენტულ რაოდენობას განსაზღვრავს წმ. სინოდი.

 

§4. საერთო-საეკლესიო ფინანსების განმკარგავნი არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმიდა სინოდი.

 

§5. საპატრიარქოს განყოფილებების და დაწესებულებების დაფინანსება ხდება საერთო-საეკლესიო სახსრებიდან, გარდა იმ განყოფილებებისა, რომლებსაც შესწევთ თვითდაფინანსების უნარი.

 

§6. ეპარქიის ბიუჯეტი იქმნება სამრევლოების, მონასტრებისა და საეპარქიო-სამეურნეო დაწესებულებების შემოსავლიდან წმ. სინოდის მიერ დადგენილი პროცენტის გადარიცხვით.

 

§7. საერთო-საეპარქიო ფულადი სახსრების განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის მმართველი მღვდელმთავარი, რომელიც აწარმოებს საეკლესიო დანიშნულებით გაცემული თანხის აღრიცხვას.

 

§8. სამრევლოების ფულადი სახსრები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფლობითი შემოწირულობების და საპატრიარქოდან გაცემული სანთლის, საეკლესიო ლიტერატურის და სხვა ნივთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლისგან.

 

§9. სამრევლოს ფულადი სახსრების განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის სამრევლოს წინამძღვარი და სამრევლო საბჭო.

 

§10. მონასტრების ფულადი სახსრები იქმნება ისევე, როგორც სამრევლოებისა. მათი განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის მონასტრის წინამძღვარი.

 

§11. სასულიერო სასწავლებლების დაფინანსება ხდება იმ ეპარქიის საერთო-საეკლესიო ფულადი სახსრებიდან, სადაც მდებარეობს ეს სასწავლებელი და სასწავლებლის დაქვემდებარებაში მყოფი სამეურნეო დაწესებულებების შემოსავლიდან.

 

§12. სასულიერო სასწავლებლების ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს ეპარქიის მღვდელმთავარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით.

 

§13. სასულიერო სასწავლებლის ფულადი სახსრების განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის რექტორი და პედსაბჭო.

 

§14. საეკლესიო თანხები ინახება ბანკში შესაბამისი საეკლესიო დაწესებულების სახელზე.

 

§15. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმიდა სინოდი ახდენენ საერთო-საეკლესიო და საეპარქიო ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას. ასეთი რევიზიის განხორციელებისათვის მათ მიერ იქმნება სპეციალური სინოდალური კომისია.

 

§16. საქართველოს საპატრიარქოსა და სტავროპიგიალური მონასტრების ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას ახდენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დანიშნული კომისია.

 

§17. ეპარქიის სამრევლოების, მონასტრებისა და დაწესებულებების ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას ახდენს კათოლიკოს-პატრიარქის ან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მიერ დანიშწული სარევიზიო კომისია.

 

§18. საქართველოს ეკლესიის ეპარქიებს, მონასტრებს, სამრევლოებს, საეკლესიო დაწესებულებებს, სასულიერო სასწავლებლებს, საეკლესიო-სამეურნეო დაწესებულებებს უფლება აქვთ ფლობდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს, აიღონ არენდით, ააშენონ და შეიძინონ შენობა-ნაგებობები და სხვა. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აქვთ უფლება ქადაგებისათვის ისარგებლონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სხვა.

 

§19. საეკლესიო ქონების მართვა და განკარგვა ხდება საეკლესიო კანონების, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების“ თანახმად.

 

§20. საქართველოს საპატრიარქოსა და ეპარქიების ბიუჯეტში შემოსავლებიდან გადასარიცხ პროცენტს ადგენს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

 

§21 . ეპარქიების, მონასტრების, სამრევლოებისა და სხვა საეკლესიო დაწესებულებების ფულადი სახსრები მღვდელმთავრებისა და წინამძღვრების მიერ მხოლოდ საეკლესიო მიზნებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული.

 

§22. ეკლესიაში აკრძალულია ისეთი სანთლებისა, ან სხვა საეკლესიო ნივთების გაყიდვა, რომლებიც არ არის დამზადებული საპატრიარქოს სამეურნეო დაწესებულებების მიერ.

 

§23. საქართველოს ეკლესიის მთელ კანონიკურ ტერიტორიაზე სანთლების, საეკლესიო ლიტერატურისა თუ სხვა ნივთების რეალიზაცია ხდება საპატრიარქოს მიერ დადგენილი ფასების მიხედვით.

 

 

თავი XIII.

სასულიერო და საეკლესიო სასწავლებლები

 

§1. საქართველოს ეკლესიის სასულიერო სასწავლებლები წარმოადგენენ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ამზადებენ:

 

1. ღვთისმსახურთა კადრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

 

2. სამეცნიერო და პედაგოგიურ კადრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭიროებისათვის.

 

3. საღვთისმეტყველო საგნების კვალიფიციურ პედაგოგიურ კადრებს უმაღლესი და საშუალო საერო სასწავლებლებისათვის.

 

§2. საქართველოს ეკლესიის საეკლესიო სასწავლებლები: გიმნაზიები, ლიცეუმები, სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვ. წარმოადგენენ საშუალო და დაწყებით სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ემსახურებიან მომავალი თაობის მართლმადიდებელი სარწმუნოებით აღზრდას.

 

§3. სასულიერო და საეკლესიო სასწავლებლები ექვემდებარებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლეს მმართველობას.

 

§4. სასულიერო და საეკლესიო სასწავლებლები, კანონიკურად შედიან იმ მმართველი მღვდელმთავრის იურისდიქციაში, რომლის ეპარქიის ტერიტორიაზეც ისინი არიან განლაგებულნი.

 

§5. სასულიერო და საეკლესიო სასწავლებლების დაარსება და გაუქმება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით.

 

§6. სასულიერო და საეკლესიო სასწავლებლების მართვა და მოღვაწეობა ხდება „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლებლების შესახებ დებულების“ საფუძველზე.

 

§7. სასულიერო და საეკლესიო სასწავლებლებისათვის სასწავლო პროგრამას ადგენს საპატრიარქოსთან არსებული სასწავლო კომიტეტი.

 

§8. საპატრიარქოსთან არსებული სასწავლო კომიტეტი ვალდებულია შეამოწმოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა სასულიერო და საეკლესიო სასწავლებლებში და ზედამხედველობა გაუწიოს პროგრამების განხორციელებას.

 

 

თავი XIV.

საპენსიო ანაზღაურების შესახებ

 

§1 . საქართველთს ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომლების საპენსიო ანაზღაურებას აწარმოებს „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულების“ საფუძველზე.

 

 

თავი XV.

„საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
მართვა-გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

 

§1. „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“ ძალაშია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიერ მისი მიღებისთანავე.

 

§2. ადრე არსებული „დებულება საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ“ გაუქმებულია.

 

§3. „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.