მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

დავით ჩიკვაიძე

 

აბორტის კრიმინალიზაციის შესახებ

 

ცოდვა ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე წარმოიშვა - სინათლის ანგელოზის ამპარტავნების სახით. ცოდვაში პირველი ადამიანებიც ჩავარდნენ და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი პირველი ცოდვა, რომელიც კაცთა შორის გაჩნდა იყო მკვლელობა, კაენის მიერ მისი ძმის აბელის მოკვლა. აქედან მოყოლებული მკვლელობა შავ ლაქად გასდევს კაცობრიობის ისტორიას. მკვლელობა ხდებოდა სხვადასხვა შემთხვევებში და სხვადასხვა სახით: კლავდნენ დღისით და ღამით, შურისძიებით და ანგარებით, მეფეებს და გლეხებს, მორწმუნეებს და ურწმუნოებს, „დიდთა“ და „მცირეთა“, დაბადებულ თუ ჯერაც დაუბადებელ ადამიანებს. მკვლელობის მრავალ სახეთა შორის მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო დაუბადებელი (ჩასახული) ბავშვის (ანუ ემბრიონის) მკვლელობას. მას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება.

 

აბორტი (ლათ. abortus) ეწოდება ორსულობის ხელოვნურად ნაადრევ შეწყვეტას. იგი ხორციელდება სათანადო სამედიცინო დაწესებულებებში და დასაშვებია ორსულობიდან 12 კვირის ვადაში, სპეციალური მაჩვენებლებით 22 კვირამდე, ხოლო სამედიცინო მაჩვენებლებისა და ქალის თანხმობის შემთხვევაში - ორსულობის ვადის მიუხედავად.

 

რა არის აბორტი? როდის იწყება სიცოცხლე? რა არგუმენტები და კონტრარგუმენტები არსებობს აბორტის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ? შევეცდებით, შეძლებისდაგვარად პასუხი გავცეთ აღნიშნულ კითხვებს.

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აბორტი განიხილება სარწმუნოებრივი, სამედიცინო და იურიდიული კუთხით. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ მის იურიდიულ ასპექტებს, თუმცა გარკვეულწილად შევეხებით სარწმუნოებრივ და სამედიცინო მხარესაც.

 

აბორტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიხედვით განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდი სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ (ე.ი. დაისაჯონ, დ.ჩ.) „კანონითა კაცისმკლველთაითა“. ეს, სხვათაშორის, დიდი სჯულისკანონის არაერთ ნორმაშია მითითებული. წმიდა წერილიდან ირკვევა, რომ ბავშვს სული ეძლევა ჩასახვისთანავე. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ბიბლიაში მოხსენებულ მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს და სხვა წმინდანებს სახელი ჩასახვისთანავე ეძლეოდათ, როგორც ცოცხალ არსებებს. ეკლესია ცალკე აღნიშნავს წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღეს (6 ოქტ. ახ. სტილით). წმ. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან“. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ ეკლესია ჩასახულ ბავშვს აღიქვამს ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც აქვს სული, ბოძებული ღმრთისაგან და არის ცოცხალი არსება. მცირე კურთხევანში არსებობს საგანგებო ლოცვა იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა ნაადრევად შეწყდება (ცხადია, ბუნებრივად). ამ ლოცვის საკითხავები სინანულის შემცველია. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან შვილიერება ღმრთის წყალობად ითვლებოდა და ითვლება როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ეკლესიაში. ამიტომაც ღმრთის წყალობის განშორება, ცხადია, სამწუხარო იყო ყოველი მორწმუნისათვის. წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში (2;14), რომ დედაკაცნი ცხონდებიან „შვილთსხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“.

 

ცოდვით გაუკუღმართებული ადამიანები ხშირად ეძებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, რომ თავისი ცოდვები ან დაეფარათ, ან გაემართლებინათ. ამის განხორციელებისათვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა (და წარმოადგენს) ლამაზი სიტყვებით შენიღბვა ცოდვისა, რათა იგი კაცთაგან მოინათლოს „მაღალ ცივილიზებულობად“, „განვითარების მაღალ საფეხურად“ და ა.შ. ასე მაგალითად, სიძვისა და მრუშების უმძიმესი ცოდვა „თავისუფალი აზროვნების“ ერთ-ერთ გამოვლინებად ითვლება, სოდომურ ცოდვები „სქესობრივ თავისუფლებად“ (!), იმდენად, რომ ჰომოსექსუალურ ქორწინებას ზოგიერთი ე.წ. „ეკლესიები“ აკურთხებენ კიდევაც, როგორც განვითარების ერთ-ერთ გამორჩეულ ნიშანს. ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანის მკვლელობას „მშვენიერი სიკვდილი“, ანუ ევთანაზია უწოდეს (ბერძნ. ეუ -კარგი, მშვენიერი, thanasia - სიკვდილი) და არაერთ სახელმწიფოში დააკანონეს კიდევაც (საბედნიეროდ ევთანაზია საქართველოში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით), ხოლო უსუსური, უმწეო ბავშვის მკვლელობის საზარელ ცოდვას სრულიად უწყინარი სახელი „აბორტი“ ჰქვია და სამწუხაროდ დაკანონებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ესაა არნახული მასშტაბის ბრძოლა საკუთარი შვილების, მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ქრისტეს წმიდა ეკლესია არასდროს არ შეიწყნარებს ბავშვის მკვლელობას. ეს ცოდვა ხომ ზეცას შეღაღადებს თავისი სიმძიმით. საშინელია იმის გააზრება, რომ 1989 წლისთვის საქართველოში გაკეთებულ აბორტთა რიცხვი შეადგენდა თითქმის 69 ათასს (!), რაც ყოველ 100 ჩასახულ ბავშვზე 45-ია, ხოლო 1998 წლისთვის ამ რიცხვმა 24 ათასამდე, ანუ 3-ჯერ იკლო (იხ. ნ. ხომასურიძე, „აბორტი და მისი შედეგები“, კონფერენცია „ქრისტიანობა და მედიცინა“, 1999 წლის 14-15 დეკემბერი), რაც უდავოდ ჩვენი ბრძენი მამამთავრის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II, წმიდა სინოდის მღვდელმთავრების და მთლიანად საქართველოს ეკლესიის დამსახურებაა.

 

აუცილებელია ითქვას, რომ აბორტს ეწინააღმდეგებიან მედიცინის წამყვანი მუშაკები როგორც საქართველოში, ისე დასავლეთ ევროპაში. ბიოლოგიურად დადასტურდა, რომ ბავშვი ცოცხალი არსებაა ჩასახვის მომენტიდან, განურჩევლად იმისა თუ რამდენი ხნისაა იგი ან რა ფორმის. რაც მთავარია, მას გააჩნია 46 ქრომოსომა, რომელშიც გადმოცემულია კონკრეტული ადამიანის უნიკალური თვისებები და მხოლოდ ის, რომ იგი ჯერ „სათანადო“ ზომის არაა, არანაირ უფლებას არ გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩასახული ბავშვი არ არის ადამიანი. მართებულად შენიშნავს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, უჯრედის გენეტიკის წამყვანი სპეციალისტი ჟერომ ლეჟენი: „ადამიანი არის ის, ვინც ეკუთვნის ჩვენს (ადამიანურ) მოდგმას. მნიშვნელობა არ აქვს კილოგრამებისა და დიფერენციაციების რაოდენობას“ (იხ. Davis v. Davis, No. E-14496, Blount County, Tennessee Circuit Court, 1989). სხვათაშორის, მრავალი მეცნიერი, რომლებიც თავდაპირველად აბორტის მომხრენი იყვნენ, თანდათანობით, ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩასახული ბავშვი არის ცოცხალი არსება, ჩვეულებრივი ადამიანი, ხოლო აბორტი - ადამიანის მკვლელობა. ასეთ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი ამერიკელი მეან-გინეკოლოგი, დოქტორი ბერნარდ ნატანსონი. სწორედ მან გადაიღო მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ფილმი „უხმო ყვირილი“, სადაც დაფიქსირებულია კადრები, რომლებიც სავსებით ადასტურებენ ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობას. დღესდღეობით მედიცინას ძალუძს 25-კვირიან ნაადრევად დაბადებულ ბავშვს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ეს ციფრი არცთუ დიდიხნის წინ 30 კვირა იყო. მედიცინა ნახტომისებური ნაბიჯებით მიიწევს წინ. ხვალ შეიძლება ეს ციფრი უფრო შემცირდეს. ამის დასტურია ისიც, რომ მოხეხრდა 19-კვირიანი კენი კინგის გადარჩენა (დაიბადა 1985 წ. აშშ-ში), რომელიც მხოლოდ 510 გრ წონისა იყო.

 

მოკლედ შევეხოთ ჩანასახის განვითარებას დაბადებამდე.

 

ხშირად, როდესაც აბორტის გამართლება სურთ, მიზეზად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ბავშვი დაბადებამდე არის დედის სხეულის ნაწილი და დედას უფლება აქვს თავის სხეულს ისე მოეპყრას, როგორც ეს მას უნდა. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს ქრისტიანულად არ აქვს უფლება საკუთარ თავს მოეპყრას სურვილისამებრ, რადგან ჩვენი სხეული არის „ტაძარი სულისა წმიდისა“ (I კორ. 6; 19) და მისი შებილწვა შეურაცხყოფს უფალს და მეორეც, ჩასახვის მომენტიდან ბავშვი არის დამოუკიდებელი არსება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს დედისგან განსხვავებული სქესი, კანის ფერი, თმის ფერი, თვით სისხლის ჯგუფიც კი! (იხ. Flanagan, Geraldine Lux, The First Nine Months of Life, NY, 1965). განა შეიძლება რომ ადამიანს ცალ ხელში ჰქონდეს პირველი, ხოლო მეორეში, ვთქვათ, მესამე ჯგუფის სისხლი? ან ტვინში მეორე, ხოლო ღვიძლში მეოთხე ჯგუფის სისხლი? ხოლო ბავშვთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ დედა და ბავშვი სხვადასხვა არსებები არიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მსგავსი განსხვავებები სავსებით დასაშვებია.

 

ჩასახვიდან მე-3 კვირას ბავშვს უკვე გამოკვეთილი აქვს ორგანოები, ხოლო მე-6 კვირიდან ელექტროენცეფალოგრამული ხელსაწყოებით სავსებით შესაძლებელია ტვინის ფუნქციონირების დადგენა. ეს სავსებით ადასტურებს იმას, რომ დაუბადებელი ბავშვი აზროვნებს, მას აქვს შეგრძნებები, განიცდის ტკივილს, იცინის, ტირის, ანუ ფაქტობრივად დიდად არ განსხვავდება ახალშობილისაგან, რომელიც, მსგავსად დაუბადებელი ბავშვისა, ვერ ლაპარაკობს, ვერ აღიქვამს გარემოს ხეირიანად და ა.შ., მაგრამ რეალურად ის მაინც ადამიანია (იხ. Hamlin, Hannibal, ‘Life or Death by EEG’, Journal of AMA, Oct. 12, 1964). განა შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩანასახი სრულად ვერ იყენებს თავის ადამიანურ შესაძლებლობებს, ეს მას ნაკლად ჩავუთვალოთ და სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ? ამავე ლოგიკით, „სასიკვდილონი“ ყოფილან ყრუები, მუნჯები, ბრმები, ხეიბრები... ეს იდეა ახლოს ხომ არ დგას ნაციონალ-სოციალისტთა თეორიასთან ე.წ. „არასრულფასოვანი“ ადამიანების განადგურების შესახებ?..

 

მე-7 კვირიდან უკვე ნაყოფი იწყებს მოძრაობას. თუმცა სამედიცინო გამოკვლევები ადასტურებენ, რომ დედა ბავშვის მოძრაობას აღიქვამს გაცილებით გვიან ოთხი, ოთხნახევარი თვის შემდეგ.

 

მე-10 კვირიდან ბავშვს შეუძლია შეხება და სანაყოფე წყლის ყლაპვა, იგი რეაგირებს გარეშე მოვლენებზე, ხოლო მე-12 თვეს ბავშვს უკვე გამოკვეთილი აქვს თითები, ფრჩხილები და თვით ქუთუთოებიც კი. ფაქტობრივად ამ პერიოდისთვის ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბება დასრულებულია. იგი უბრალოდ განვითარებას 6 თვის მანძილზე განაგრძობს დედის სხეულში, ხოლო შემდგომ პერიოდში დედის სხეულის გარეთ.

 

აბორტის სამედიცინო ასპექტების განხილვის შემდეგ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამედიცინო აპარატების საშუალებით სავსებით და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩანასახი არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიცოცხლის უფლება, ბოძებული ღვთისაგან, რომლის წართმევა წარმოადგენს აშკარა გალაშქრებას საუფლო ნების წინააღმდეგ.

 

სანამ სტატიის ძირითად საკითხს - აბორტის იურიდიულ მხარეს განვიხილავდეთ, გვსურს მოვიტანოთ ციტატა ქ-ნ ნანა ხომასურიძის საკონფერენციო ნაშრომიდან „აბორტი და მისი შედეგები“, რომელიც მან წარმოადგინა 1999 წლის დეკემბერში, საქართველოს საპატრიარქოსა და თსსუ თაოსნობით ორგანიზებულ კონფერენციაზე „ქრისტიანობა და მედიცინა“: „მსოფლიოს მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბორტთან ბრძოლა აკრძალვითა და იურიდიული მექანიზმებით არ იძლევა შედეგებს, მისი დაძლევა მხოლოდ მოსახლეობის სულიერი გაჯანსაღების შედეგადაა შესაძლებელი“. ამ საკითხში ქართველი მედიკოსები გვერდით უნდა დაუდგნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ სასურველ შედეგს - აბორტის პრობლემის დაძლევას. თუმცა, ამავე დროს, აბორტის მიმართ მოსახლეობის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს აბორტის კრიმინალიზაციამ, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებამ, რადგან სასჯელის მიზნებს შორის არსებობს ე.წ. „ზოგადი პრევენცია“, ანუ ის, რომ სასჯელი სამაგალითოა სხვათათვის, რომ მათ სასჯელის შიშით თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისაგან. ამავე დროს სახელმწიფო, სამართლის თეორიის თანახმად, სასჯელთან ერთად მიმართავს დარწმუნების მეთოდსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეთა აზრის ჩამოყალიბება ხდება დანაშაულის საწინააღმდეგო მოწოდებებით, ანტიკრიმინალური იდეოლოგიის გატარებით.

 

უპირველეს ყოვლისა, შევეხოთ ჩანასახის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ ნონსენსს. კერძოდ, იგი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი რიგი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები იცავენ ჩანასახის, როგორც სამართლის სუბიექტის უფლებებს და უფლებათა შორის უპირველეს - სიცოცხლის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ სისხლის სამართლის კოდექსი სრულიად უშვებს ჩანასახის ხელოვნურ მოცილებას, ე.ი. ნაყოფის მკვლელობას, ანუ აბორტს. დასჯადია მხოლოდ ე.წ. „უკანონო აბორტი“ (სსკ, მუხ.133), რაც გულისხმობს აბროტის გაკეთებას არალიცენზირებული და არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაშიც კი, თავისთავად ცხადია, რომ სამართლებრივი დაცვის ობიექტი არაა ბავშვის (ანუ ნაყოფის) სიცოცხლე. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება აღნიშნული ქმედება, როგორც დანაშაული ქალის ჯანმრთელობის წინააღმდეგ და შესაბამისად, 133-ე მუხლი შედის სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც მოცემულია დანაშაულები, რომელიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

ჩვენის აზრით, სრულ გაუგებრობას ქმნის სამოქალაქო სამართლის კოდქსის 1307-ე მუხლის „ბ“ პუნქტი, რომელიც შესაძლებლად აცხადებს, რომ პირის მემკვიდრედ გამოცხადდეს ჩასახული, მაგრამ ჯერაც დაუბადებელი ბავშვი: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას: „პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლების ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.“ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩასახულ ბავშვს, მართალია არასრულად (ვინაიდან კანონით მემკვიდრეობა მასზე არ ვრცელდება), მაგრამ მაინც აქვს უფლება მემკვიდრეობაზე, იგი გვევლინება სამართლის სუბიექტად. აქედან სრულიად გაუგებარია, თუ რატომ, რა საფუძვლით არ ისჯება მისი მკვლელობა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა ხნის უნდა იყოს ჩასახული ბავშვი, ეს უფლება რომ მოიპოვოს. ამიტომ, ნაყოფი უფლებებს შეიძენს იმ მომენტიდან, როდესაც სამედიცინო გამოკვლევით სავსებით და უტყუარად დადასტურდება ქალის ორსულობა. ეს კი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ხდება.

 

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მკვლელობა გამოცხადებულია დანაშაულად. საკუთრივ ნორმის დისპოზიციაში არაა განმარტებული, თუ რა არის მკვლელობა, ან როდის იწყება, ან მთავრდება ადამინის სიცოცხლე. თუმცა, როგორც კომენტატორები და სისხლის სამართლის სპეციალისტები მიუთითებენ, ადამიანის სიცოცხლე იწყება იმ მომენტიდან, როცა ბავშვი გამოყოფას იწყებს დედის სხეულიდან, ანუ მშობიარობის დაწყების მომენტი (იხ. ვ. მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე, დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ (სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარი), თბ. 1980), ამგვარად ჩანასახის მოსპობა არანაირად არ არის დანაშაული (იხ. ზ. წულაია, სისხლის სამართალი (კერძო ნაწილი), ტ. I, თბ. 2000). იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული პიროვნებები საკმაოდ ავტორიტეტული არიან სისხლის სამართლის მეცნიერებაში, სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს მათ, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება დაბადების მომენტიდან? ყველაფერი ეს შედეგია იმ ათეისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდისა, რაც მიდიოდა საბჭოთა კავშირსა თუ სხვა ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავდა „პიროვნების თავისუფლების დროშით“ ადამიანები ცოდვებისა და უზნეობის მორევში ჩაეთრია, სადაც სულერთი იქნებოდა ღვთის სიტყვა და მცნებები. ბუნებრივია, რომ რევოლუციათა გარიჟრაჟზე ასეთ პროპაგანდას მართლაც უღვთო ადამიანები ეწეოდნენ, ხოლო დროთა განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთ იდეებამდე პიროვნულად კეთილი ადამიანებიც კი მივიდნენ, რომლებიც უკვე ვეღარ აცნობიერებდნენ მათ მცდარ ნაბიჯს, რადგანაც მოკლებული იყვნენ დედა ეკლესიის მადლს და ღვთის მაცხონებელ სიტყვას.

 

ჩასახული ბავშვის სიცოცხლეს იცავენ საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებები და შეთანხმებები. ბავშვის უფლებათა კონვენციის (1989.20.11) პრეამბულის მე-9 აბზაცში აღნიშნულია: „ვითვალისწინებთ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციაში აღნიშნულს, „ბავშვი, მისი ფიზიკური და მენტალური (გონებრივი, დ.ჩ.) მოუმწიფებლობის მიზეზით საჭიროებს სპეციალურ დაცვასა და ზრუნვას, როგორც დაბადებამდე (ხაზგასმა ჩვენია, დ.ჩ.), ასევე დაბადების შემდგომი პერიოდის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით“. ხოლო ამავე შეთანხმების 1-ლი მუხლი განსაზღვრავს, რომ ბავშვში იგულისხმება თვრამეტ წლამდე ასაკის ადამიანი. როგორც შერონ დეტრიქი ამ მუხლის კომენტირებისას აღნიშნავს, „ბავშვი ნიშნავს ყველა ადამიანს ჩასახვის მომენტიდან 18 წლის ასაკამდე (იხ. Detrick, Sheron, A Commentary on the UN Convention on the Rights of Child, Nijhoff Publishers, 1999). ჩასახული ბავშვის სიცოცხლის უფლებას იცავს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენცია (მუხ.4) და ნაწილობრივ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხ.3).

 

აბორტის მომხრეთა შორის არსებობს გარკვეული არგუმენტები, რომლითაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აბორტი გამართლებულია. განვიხილოთ ეს არგუმენტები:

 

ქალს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს, სურს თუ არა ბავშვი

 

ქრისტიან ადამიანს უნდა სურდეს ის, რაც სურს ღმერთს. ამას ეწოდება სინერგია, ანუ ღვთისა და ადამიანის ნების ურთიერთთანხვედრა. თუმცა დღევანდელ პირობებში, როცა რწმენა საერთოდ დაცემულია მთელს მსოფლიოში, შეიძლება დავუშვათ, რომ ქალმა მართლაც განსაზღვროს სურს თუ არა მას შვილი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ბავშვის ჩასახავმდე და არაფრით ჩასახვის შემდეგ. ემბრიონი უკვე წარმოადგენს ცოცხალ ადამიანს და მისი მოშორება ნიშნავს სიცოცხლის განზრახ მოსპობას, ანუ მკვლელობას. ცხადია, ქალს აქვს თავისი უფლებები, მაგრამ ბავშვსაც ხომ აქვს უფლებები? ისეთ შემთხვევაში, როცა ხდება უფლებათა შეპირისპირება, ანუ შეუძლებელია ერთი პიროვნების უფლების განხორციელება მეორის უფლების შეზღუდვის გარეშე, ასეთ დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო აღმატებულ უფლებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწიებით. ადამიანს უფლება აქვს, არ მოსწონდეს სხვა ადამიანი, მაგრამ ხომ არ შეიძლება რომ ამ საფუძვლით მოკლას იგი? ისევეა აქაც: ქალმა იმიტომ, რომ შვილი იმ კონკრეტული მომენტისთვის არ სურს, რადგან მას უამრავი პირადი საქმე აქვს, ან ხელი შეეშლება პირველი შვილის გაზრდაში, ან სხვა ასეთი უბრალო მიზეზით, შეიძლება სიცოცხლე მოუსწრაფოს მას? სამართლის თეორიით დაუშვებელია მკვლელობა თვით ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა საკითხი ქალის ჯანმრთელობას ეხება, ვინაიდან არ შეიძლება ერთი პიროვნების ბედნიერების აგება მეორის უბედურებაზე.

 

ქალს შეიძლება უჭირდეს მატერიალურად და არ შეეძლოს მომავალი შვილის ეკონომიკურად უზრუნველყოფა

 

სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია. ამავე ლოგიკით, იმ შემთხვევაში თუ ქალს, რომელსაც საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა, გაუჭირდება მატერიალურად, უფლება აქვს მოკლას რომელიმე შვილი, რათა სხვებს საარსებო პირობები შეუქმნას! თუმცა ვნახოთ, რეალურად რა მიზეზით კეთდება აბორტი? როგორც სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენა, აბორტების 93% კეთდება ისეთი მიზეზებით, როგორიცაა „შობადობის კონტროლი“, „არასასურველი ბავშვი“ და ა.შ., ხოლო 7% სისხლის აღრევის, დედის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებისა და გაუპატიურების შემთხვევებში (Aida Torres and Jacqueline Darroch Forrest, Why Do Women Have Abortions? FPP No.4 July-August).

 

ჩასახული ბავშვი არ არის პიროვნება

 

ამ არგუმენტის პასუხისათვის უპირველესად უნდა დავაზუსტოთ, თუ რას გულისხმობს ტერმინი „პიროვნება“, ანუ იურიდიულად რომ განვმარტოთ, ნიშნავს იგი ქმედუნარიანობას, თუ უფლებაუნარიანობას? თუ პიროვნებაში გულისხმობენ ქმედუნარიან პირს, ანუ პირს, რომელსაც შეუძლია თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს უფლებები და მოვალეობები, მაშინ გამოდის, რომ ყველა მცირეწლოვანი და ქმედუუნარო პირები არ ყოფილან პიროვნებები და დასაშვებია მათი მოკვლა?! ხოლო თუ პიროვნებაში ვგულისხმობთ უფლებაუნარიან ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფლებები და მოვალეობები, მაშინ უფლებაუნარიანი ყოფილა ქმედუუნაროც, ჩასახულიც და დაბადებული ბავშვიც. ასე რომ, ჩასახული ბავშვი პიროვნებაა ფართო გაგებით და მასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უფლებები და მით უმეტეს, სიცოცხლის უფლება.

 

როგორც დავინახეთ, აბორტის მომხრეთა უმთავრესი შეცდომა არის ის, რომ ისინი, ჩასახულ ბავშვს არ თვლიან ცოცხალ არსებად, ხოლო პირველ შეცდომას მოჰყვება სხვაც და საბოლოოდ იღებენ მცდარ მოსაზრებას. თუკი ერთხელ და სამუდამოდ გავიაზრებთ, რომ ჩასახული ბავშვი ადამიანია, მაშინ ხუხულასავით დაინგრევა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ცდილობს აბორტის გამართლებას.

 

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ, ალბათ, დადგა დრო, რომ აბორტი ყოველგვარი დათქმების გარეშე გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და ჩაითვალოს ადამიანის მკვლელობად. შეიძლება ამით აბორტი ერთბაშად არ აღმოიფხვრას ქვეყანაში, მაგრამ სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, რომ დგას სამეუფეო გზაზე და თუ დღეს არა, ხვალ აბორტის პრობლემამ შეიძლება აღარც იარსებოს. ჩვენს სტატიას კი დავასრულებდით აშშ ყოფილი პრეზიდენტის, ქვეყანაში აბორტის კრიმინალიზაციის აქტიური მხარდამჭერის რონალდ რეიგანის სიტყვებით:

 

„აბორტს უკვე დაბადებული ადამიანები აკეთებენ“.

 

გაზეთი „მადლში“ 2004 წლის თებ-მარტ.