მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

ნიკეის VII მსოფლიო კრება

 

კანონები

 

კანონი 1

სამღვდელო პატივის წილხვდომილთათვის დასამოწმებელსა და სახელმძღვანელოს წარმოადგენენ, რაც კანონებსა და განწესებებს დაუბეჭდავთ: მათ ჩვენც სიხარულით შევიწყნარებთ, და ღმრთისმეტყველ დავითთან ერთად ვგალობთ - უფალ ღმერთს რომ უღაღადებს: „გზასა წამებათა შენთასა განვცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა“ (ფს. 118,14), და კიდევ: „ამცენ სიმართლე წამებათა შენთაჲ... სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა-მიყავ და ვცხოვნდე“ (ფს. 118,138,144). ხმა წინასწარმეტყველისა მოგვიწოდებს, აგრეთვე, უკუნისამდე დავიმარხოთ ღმრთის მცნებები და ვიცხოვროთ მათით, რადგან მცნებები ესე ჭეშმარიტება არს, რამეთუ მყოფობენ ისინი შეუმუსრავად და შეურყევლად. ღმრთისმხილველი მოსეც ასე ამბობს: „...არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ“ (2სჯ. 12,32); და საღმრთო მოციქული პეტრეც იქადის რა მცნებებით, ღაღადყოფს: „...რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად“ (1პეტ. 1,12). ამასვე ქადაგებს პავლეც: „...დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“(გალ. 1,8). რადგან ეს სარწმუნოა და ნამცნებია ჩვენთვის, ამიტომაც ხარობდეთ ამისთვის, როგორც რომ მონაგარი დიდი მოგეხვეჭოთ. საღმრთო სჯული შევიწყნაროთ, და სრულიად და შეურყეველად დავიმარხოთ სჯულისმიერი განწესებანი დასხმულნი სულიწმიდის საყვირთა - ყოვლადსადიდებელ მოციქულთა - მიერ და ექვსი წმიდა მსოფლიო კრების მიერ, და ასეთივე განწესებების მისაღებად შეკრებილ ადგილობრივი კრებებისა და ჩვენი წმიდა მამების მიერ; რამეთუ ყველა ისინი ერთისა და იმავე სულიწმიდისაგან იყვნენ განათლებულნი და სასარგებლო დააკანონეს. ვისაც ისინი შეაჩვენებენ, იმათ ჩვენც შევაჩვენებთ; ვისაც ისინი განკვეთენ - ჩვენც განვკვეთთ; და ვისაც ზიარებისაგან განაყენებენ - ჩვენც განვაყენებთ, ხოლო ვისაც განკანონებას უქვემდებარებენ, იმათ ჩვენც აგრეთვე ვუქვემდებარებთ; რამეთუ მესამე ცამდე აღყუანებული და მსმენელი გამოუთქმელი სიტყვიერებისა საღმრთო მოციქული პავლე ნათლად ღაღადებს: „ვეცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს...“ (ებრ. 13.5).

(IV მსოფლ. 1; ტრულ. 2; კართ 1; ორგზ. 10).

 

კანონი 2


რადგანაც ჩვენ ფსალმუნთა გალობებში აღვუთქვამთ ღმერთს: „სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაჲ შენი“ (ფს. 118,16), ამიტომაც, ყველა ქრისტიანისათვის ამის დამარხვა მაცხოვნებელია, უფრო მეტად კი სამღვდელო პატივის მქონეთათვის, და ამის გამო განვაჩინებთ: ვინც ღირსი გახდა გამორჩეული ყოფილიყო აღსაყუანებლად ეპისკოპოსის ხარისხში, აუცილობლად უნდა იცოდეს ფსალმუნნი, და აგრეთვე მთელი თავისი საეკლესიო დასი უნდა განაწყოს მის შესასწავლად. ამიტომ გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიოს იგი მიტროპოლიტმა: აქვს თუ არა მას მონდომება და სწავლის უნარი, რომ არაზერელედ იკითხოს მან წმიდა წერილი, წმიდა სახარება და ეპისტოლები საღმრთო მოციქულებისა და ყველა საღმრთო წერილი; მოიქცეს ღმრთის მცნებათა თანახმად და განსწავლოს მასზედ რწმუნებული სამწყსო ერი, რამეთუ არსს, ჩვენი იერარქიისას, ღმრთივმოცემული სიტყვები შეადგენენ, ანუ ჭეშმარიტი მეცნიერჰყოფა საღმრთო წერილებისა, - როგორც ეს დიდმა დიონისემ გამოთქვა. თუ კანდიდატი მერყეობს და არ გულმოდგინეობს ასეთი ცხოვრებისა და შემეცნებისათვის, ხელდასხმული არ იქნეს, ვინაითგან წინასწარმეტყველურად წარმოთქვა ღმერთმა: „...განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო...“ (ოს. 4,6).


(მოც. 58,80; I მსოფლ. 2; ტრულ. 19; ლაოდ.12; სარდ.10; კართ.18).



კანონი 3


ყოველგვარი გამორჩევა ეპისკოპოსად, ან მღვდლად, ან დიაკვნად საერო მთავრების მიერ გაუქმებულად ჩაითვალოს იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობოს: „რომელი ეპისკოპოსიც საერო მთავრებს დაიხმარს და მათი შემწეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ხელისუფლებას, განიკვეთოს და უზიარებლად დარჩეს და მასთან მისი თანამონაწიელნიც“. ვინაიდან ეპისკოპოსად დასადგინებელი პირი გამორჩეული უნდა იქნეს ეპისკოპოსის მიერ ისე, როგორც ეს წმიდა მამებმა ნიკეის კანონით განაჩინეს: „ეპისკოპოსად დადგინება უფრო ჯეროვანია მოხდეს სამთავროს ყველა ეპისკოპოსის მიერ, ხოლო თუ ეს მოუხერხებელია რაიმე დამოუკიდებელი მიზეზით ან გზის სიშორით, მაშინ სულ ცოტა სამნი მაინც შეიკრიბონ, ხოლო ვინც ვერ ესწრება, იმათაც მიიღონ მონაწილეობა და თავისი დასტური წერილობით გამოხატონ, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს კანდიდატის ეპისკოპოსად აღუყუანება“. თითოეულ სამთავროში ამ წესის დადგენა რწმუნებულ მიტროპოლიტს ევალება.

(მოც. 30; Iმსოფლ. 4; ანტიოქ. 19,23; ლაოდ. 12,13; სარდიკ. 6; კონსტ. 1; კართ. 13,49,50).


კანონი 4


ჭეშმარიტების ქადაგმა, საღმრთო მოციქულმა დიდმა პავლემ, ვითარცა იგი კანონი დაუდო ეფესოს მღვდელმსახურებას, მაგრამ უფრო მთელ სასულიერო კრებულს და კადნიერად რქუა ესე: „ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთაჲ მათ და მოხსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა“ (საქ. 20,33,35). მივხედავთ რა ჩუენც, მისგან განვისწავლებით და განვაჩინებთ: ამიერითგან არც გაიაზროს ეპისკოპოსმა, რომ გამორჩენისათვის გამოიყენოს შეთხზული ცოდვები და მოითხოვოს ოქრო ან ვერცხლი, ან სხვა რაიმე მასზედ დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებისაგან, ან კლირიკოსებისაგან, ან მონოზვნებისაგან, რამეთუ მოციქული ამბობს: „ცრუთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (1კორ. 6,9), და კიდევ: „...არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა“ (2კორ. 12,14). ამის გამო, თუკი შემჩნეული იქნება ვინმე ოქროს გამოძალვაში, ან სხვა რაიმე მსგავსში, ან თავისი ახირებით მსახურებას აკრძალავს, და განპატიჟებს ვისმეს თავის კლირიკოსთაგანს ან დაკეტავს წმიდა ტაძარს და არ დაუშვებს მასში ღმრთისმსახურებას, ასეთი - უგრძნობი სახმარებისადმი მიმართული თავისი დაუდრეკელობით - თვით არის ჭეშმარიტად უგრძნობელი და თვითონ უნდა იქნეს დასჯილი ისე, როგორც სხვას სჯიდა და „მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა...“ (ფს. 7,17). როგორც დამნაშავეს ღმრთის მცნებებში და მოციქულთა განწესებებში, რამეთუ გვმოძღვრავს პეტრეც, მოციქულთა თავი: „...მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. იღუწიდეთ ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას. და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი“ (I პეტ. 5,1-4).

(მოც. 29; IVმსოფლ. 2; ტრულ. 22,23; VIIმსოფლ. 5,15,19; ლაოდ. 12; სარდიკ. 2; ბასილ დიდ. 90; გენადის ეპისტ; ტარასის ეპისტ.).

კანონი 5


სასიკვდილო ცოდვა არის, როცა ზოგიერთები სცოდავენ და გამოუსწორებლობაში მყოფობენ. მაგრამ ამაზე უძვირესია, როცა ქედფიცხელი კეთილმსახურებასა და ჭეშმარიტებას აღუდგება და მამონი ურჩევნია, ვიდრე ღმრთის წინაშე მორჩილება და ამიტომაც არ იცავს დადგენილებებსა და განწესებებს. ასეთებში არ მკვიდრობს უფალი ღმერთი, სანამ არ დამდაბლდება და არ გამოფხიზლდება იგი ცოდვით დაცემისაგან. მას უფრო მართებს ღმერთს შევრდომა და შემუსვრილი გულით შევედრება ამ ცოდვის დატევებისა და შენდობისათვის, და არა უსამართლო მისაცემლით მედიდურობა, ვითარმედ „მახლობელ არს უფალი შემუსვრილთა გულითა...“ (ფს. 33,19). ამის გამო ისინი, რომლებიც იქადიან, რომ ოქროს გაცემით იქმნენ შეყვანილი საეკლესიო დასში და ამ ბოროტ ჩვეულებაზე - რომელიც განაშორებს ღმერთს და ყოველგვარ სამღვდელოებას - იმედს ამყარებენ, ურცხვი პირისახით და დაუმუწავი ბაგეებით განმაქიქებელი სიტყვებით შეურაცხყოფენ სათნო ცხოვრების გამო სულიწმიდის მიერ გამორჩეულებს და ოქროს გაცემის გარეშე დადგენილებს, ამიტომაც ვადგენთ, რომ ვინც ამგვარად იქცევა, პირველ როგში უნდა ჩამოქვეითდეს თავისი წოდების უმდაბლეს საფეხურზე, ხოლო თუკი დაუდგრომლობას გამოიჩენს, განკანონებით გამოსწორდეს. თუ ვინმე ღმოჩნდება რომ ხელდასხმისას სარგებლობდა აღებ-მიცემობით, დაე, მის მიმართ გამოყენებული იქნეს მოციქულთა კანონი, რომელიც ამბობს: „თუ ვინმე ეპისკოპოსი ან მღვდელი, ან დიაკონი, ფულით მიიღებს ამ პატივს: განკვეთლ-იყოს თვითონ და მისი ხელდამსხმელიც, და ზიარებისაგან სრულიად მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი მოიკვეთა ჩემის - პეტრეს - მიერ“, აგრეთვე ქალკედონიაში ჩვენი ღირსი მამების მიერ მიღებული II კანონი: „თუ რომელიმე ეპისკოპოსი იმდენად გაკადნიერდება, რომ ფულით მოახდენს ხელდასხმას და გაუყიდავ მადლს გასაყიდად აქცევს, და ფულით მოახდენს ეპისკოპოსის, ან ქორეპისკოპოსის, ან ხუცესის, ან დიაკონის, ან ვინმე ეკლესიის კრებულის წევრთაგანის ხელდასხმას, ან ფულით დანიშნავს ეკონომოსს ან საეკლესიო მოსამართლეს, ან დეკანოზს, ან საერთოდ ვინმეს რაიმე საეკლესიო თანამდებობაზე თავისი საძაგელი მონაგების გამო და მხილებულ იქნება, იგი დაექვემდებარება საკუთარი ხარისხის ჩამორთმევას, ხოლო მისგან დადგენილი ნუმც ისარგებლებს ნაყიდი ხელდასხმით ან დანიშვნით, არამედ განერიდოს პატივს ან თანამდებობას რომელიც ფულით მიიღო. თუ ვინმე შუამავალი აღმოჩნდება ქრთამის აღებმიცემობაში ამ საძაგელ და უკანონო გარიგებისას: ისიც, თუ კლირიკოსია, დამხობილ-იქნეს თავისი ხარისხიდან; თუ ერისკაცია ან მონოზონი - განყენებული იქნეს საეკლესიო ზიარებისაგან“.

(მოც. 29; IVმსოფლ. 2; ტრულ. 22,23; VIIმსოფლ. 4,15,19; ლაოდ. 12; სარდ. 2; ბასილი დიდ. 90; ტარასის ეპისტ.; გენადის ეპისტ.).


კანონი 6


ვინაიდან არის კანონი, რომელიც იტყვის: ყოველ სამთავროში საჭიროა წელიწადში ორგზის ეპისკოპოსთა კრების მოწვევა და კანონიკური გამოკვლევის ჩატარება, ხოლო მეექვსე კრების ღირსმა მამებმა ყურად იღეს კრების მოწყობის სიძნელეები და მოგზაურთათვის სახმარის უკმარისობა, და ამიტომაც განაჩინეს: ყოველგვარი თავის არიდებისა და თავის მართლების გარეშე წელიწადში ერთხელ შედგეს ადგილობრივი კრება და არსებული შეცდომები გასწორდეს, ამიტომ ჩვენც ამ კანონს განვაახლებთ, და თუ აღმოჩნდება ვინმე მთავარი, ვინც ამას აკრძალავს, ზიარებიდან განყენებული-იქნეს; თუ ვინმე მიტროპოლიტთაგან უგულებელყოფს ამის შესრულებას არა გაჭირვების ან იძულების გამო, და არცა არავითარი საპატიო მიზეზის გამო, ასეთი კანონებრივ ეპიტემიას ექვემდებარება. ხოლო როცა შედგება კრება კანონიკურ და სახარებისეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ შეკრებილი ეპისკოპოსები გულდასმით უნდა ზრუნავდნენ საღმრთო და ცხოველისმყოფელი ღვთის მცნებათა დასამარხავად, „...რამეთუ მო-ამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ“ (ფს. 18,11), რადგან მცნება არს - „რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო სჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ“ (იგავ. 6,24) და კიდევ: „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (ფს. 18,8), და ნუმცა მიეცეს მიტროპოლიტს უფლება იმისა, რომ იმისგან, რაც თან მოაქვს ეპისკოპოსს, მოითხოვოს ან პირუტყვი ან სხვა რაიმე სახმარი. თუ მხილებულ იქნეს ამგვარ საქციელში: ოთხმაგად მიაგოს.

(მოც. 37; Iმსოფლ. 5; IVმსოფლ. 19; ტრულ. 8; ანტიოქ. 20; კართ. 95).


კანონი 7


საღმრთო მოციქულმა პავლემ თქვა: „რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან ... ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან“ (I ტიმ. 5,24), რადგან პირველ ცოდვებს სხვა ცოდვებიც მოჰყვება. ქრისტიანობაზე ცილისმწამებელთა უწმიდურ მწვალებლობას, სხვა უწმინდურობაც მოჰყვა. რადგან როგორც კი წმიდა ხატები ეკლესიებიდან გამოიტანეს, მაშინვე სხვა ზოგიერთი ჩვეულებაც შეიცვალა, რომელთა აღდგენა და მტკიცედ პყრობაა საჭირო დაწერილი და დაუწერელი კანონმდებლობების საფუძველზე. გამომდინარე აქედან: თუ რომელიმე წმიდა ტაძარი ნაკურთხია მოწამეთა წმიდა ნაწილების გარეშე, ვადგენთ: მოხდეს მათში წმიდა ნაწილების დაბრძანება დაწესებული ლოცვებით, ხილო თუ ამიერითგან გამოჩნდება ისეთი ეპისკოპოსი, რომელიც ტაძარს წმიდა ნაწილის გარეშე აკურთხებს: განიკვეთოს, როგორც საეკელსიო გადმოცემის დამრღვევი.

(მოც. 31; IVმსოფლ. 4; ტრულ. 31; ანტიოქ. 5; კართ.83).


კანონი 8


რადგან ებრაული სჯულის ზოგიერთმა თავგზააბნეულმა წარმომადგენელმა განიზრახა ჩვენი ქრისტე ღმერთის შეურაცხყოფა და თვალთმაქცურად გახდა ქრისტიანი, ფარულად კი ქრისტეს უარყოფდა, და ასეთები ჩუმად შაბათობენ და სხვა იუდეველურ საქმეების აღასრულებას განაგრძობენ, ამიტომაც განვაჩინებთ: ასეთი პირები არც საზიარებლად, არც სალოცავად, არც ეკლესიაში არ დაუშვათ; ისინი აშკარად უნდა ჩანდნენ, თავიანთი სჯულისაებრ, ებრაელებად, და მათი ბავშვები არ უნდა მონათლოთ; მათ ვერც უნდა იყიდონ მონა და ვერც მოიპოვონ. ხოლო თუ ვინმე იმათგან წრფელი რწმენით მოექცევა, ამ რწმენას გულით აღიარებს და საჯაროდ უარყოფს ებრაულ ჩვეულებებსა და საქმეებს, რათა ამის საშუალებით სხვებიც ამხილოს და გამოასწოროს, მაშინ შეიძლება მისი შეწყნარება და მისი ბავშვების მონათვლაც, და მისი განტკიცება ებრაული ბოროტგანზრახვის უარყოფაში. თუ ასეთები არ იქნებიან: არასგზით არ მოხდეს მათი შეწყნარება.

(მოც. 7, 64, 70, 71; ტრულ. 11, 84; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29, 37, 38).


კანონი 9


ყველა ბავშვური ნაზღაპარი, დაუდრეკელი ქილიკი და ცრუ წერილი შეთხზული პატიოსან ხატებთან მიმართებაში, უნდა გადაეცეს კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსოს, რათა ისინი დაიდონ სხვა მწვალებლურ წიგნებთან ერთად. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ ვინმემ გადამალა ისინი: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი თუ იქნება - განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი ან მომოზონი - განყენებულ-იქნეს საეკლესიო ზიარებიდან.

(მოც. 60; ტრულ. 63; ლაოდ. 59).


კანონი 10


რადგან საეკლესიო კრებულის ზოგიერთი წევრი არად აგდებს კანონიკურ განწესებათა სამართლებრივ ძალას, ტოვებენ თავიანთ სამრევლოს და ილტვიან სხვა სამრევლოებში, - უფროისღა ამ ღრთივდაცულ და სამეუფეო ქალაქში, - სახლდებიან საერო მთავრებთან და ღმრთისმსახრურებას მათ სამლოცველოებში აღასრულებენ, ამიტომაც ვაწესებთ: ასეთების შეწყნარება თავისი ეპისკოპოსისა და კონსტანიტინოპოლის პირველმოსაყდრის ნებართვის გარეშე არ ეგების - ვის სახლშიც ან ეკლესიაშიც იგი არ უნდა მივიდეს. ვინც ამას ჩაიდენს და არ დაცხრება - განიკვეთოს, ხოლო ვინც ასე მოიქცევა ზემოხსენებულ მღვდელ-მთავართა ნებართვით, მათ უნდა იცოდნენ, რომ საერო და ყოფით საზრუნავის თავზე აღება მაინც არ ესადაგრბის, რამეთუ საღმრთო სჯული კრძალავს ამგვარ ქმედებას. ხოლო ვინც აღმოჩნდება დასახელებულ დიდგვაროვანთან საერო თანამდებობაზე დაკავებული, ან დაცხრეს, ან განკვეთილ იქნეს. უმჯობესი კი არის ყრმები და შინამოსამსახურენი განასწავლოს, უკითხოს მათ საღმრთო წერილი, რამეთუ ამისათვის არის კიდეც ღვთისმსახურებისათვის მოწოდებული.

(მოც. 6.15, 20, 58, 81, 83; Iმსოფლ. 2, 15, 16; IV მსოფლ. 3,4,5,7,8,10,20,23; ტრულ. 17, 18, 19, 20, 31, 59, 64; ანტიოქ. 3,13,16,21; ლაოდ. 19; სარდ. 1,2,3,12,15,16; კართ. 16, 48, 54, 65,71,80,90,121,123; ორგზ. 11).

კანონი 11

ყველა საღმრთო კანონის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე სრულიად უცვლელად უნდა დავიცვათ ისიც, რომელიც მოითხოვს ეკონომოსის დადგენას ყველა ეკლესიაში. თუკი თითოეულიო მიტროპოლიტი თავის ეკლესიაში დაადგენს ეკონომოსს, კეთილ საქმეს იქმს, თუ არ დაადგენს, მაშინ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ეძლევა უფლება თავის მთავრობის ძალით დაადგინოს ეკონომოსი მის ეკლესიაში, ასეთივე უფლება ენიჭებათ მიტროპოლიტებსაც, როცა მისი ქვეშევრდომი ეპისკოპოსები არ მოინდომებენ ეკონომოსის დანიშვნას თავიანთ ეკლესიებში. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული მონასტრებშიც.

(მოც. 38, 41; IV მსოფლ. 25, 26; ტრულ. 35; VII მსოფ. 12; ანკვირ. 15; ლანგ. 7, 8; ანტიოქ. 24, 25; კართ. 26, 33; ორგზ. 7; თეოფილე ალექს. 10; კირილე ალექს. 2).

 

კანონი 12

თუ აღმოჩნდება, რომ საკუთარი სარგებლის გამო ეპისკოპოსმა ან იღუმენმა საეპისკოპოსოს ან მონასტრის კუთვნილება ხელში ჩაუგდო საერო მთვარობას ან სხვა რომელსამე პირს: ასეთი გაცემა არასაფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს, წმიდა მოციქულების განწესებისამებრ, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგარ საეკლესიო ქონებაზე და განაგებდეს მას, ვითარცა ღმრთისათვის უმზირდეს; ეკრძალება მას მიითვისოს რაიმე ამ ქონებიდან, ან ნათესავებს დაურიგოს საღმრთო კუთვნილება. თუ ვინმე უქონელია, უწყალობოს მას, როგოც უქონელს, მაგრამ ამ მიზეზით არ გაყიდოს ეკლესიის ქონება. როცა მიზეზად მოჰყავთ ის, რომ მიწას ზარალი მოაქვს, და არავითარი სარგებელი მისგან არ შემოდის, ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა მიეცეს აგარაკი ადგილობრივ მმართველებს, არამედ კლირიკოსებს ან მიწათმოქმედებს. თუ მზაკვრულ გზას გამონახავენ და მთავარი მიწას კლირიკოსისაგან გადაისყიდის ან გლეხისაგან, ასეთ შემთხვევაშიც ნასყიდობა უკანონოა, და განაყიდი უნდა დაუბრუნდეს საეპისკოპოსოს ან მონასტერს. ხოლო ამის ჩამდენი ეპისკოპოსი ან იღუმენი გაძევებული იქნეს: ეპისკოპოსი საეპისკოპოსოდან, იღუმენი კი მონასტრიდან, რამეთუ ბოროტად განაბნიეს ის, რაც არ შეუკრებიათ.

(მოც. 38,39,40, 41, 73; IV მსოფლ. 24, 25; ტრულ. 49; VII მსოფლ. 11,13; ანკვირ. 15.; ანტიოქ. 24,25; კართ. 26,33; კირილე ალექს.2; თეოფილე ალექს.10).

 

კანონი 13

ჩვენი ცოდვების გამო ეკლესიაში მოვლენილი განდაცდელების ჟამს, ზოგიერთი წმიდა ტაძარი საეპისკოპოსოებში და მონასტრებში ვიღაცვიღაცეების მიერ იქნა დატაცებული და ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა. თუ მათი მიმტაცებლები მოინდომებენ მათ დაბრუნებას და აღდგენილი იქნება ძველებურად, ფრიად კეთილი და მშვენიერი საქმე გამოვა, თუ ასე არ იზამენ: სასულიერო პირის შემთხვევაში - განიკვეთოს, მონოზონი ან ერისკაცი - უზიარებელი დარჩეს, ვითარცა მსჯავრდებულნი მამისა და ძისა და სულიწმიდისაგან და იქ დაეწესონ „სადაიგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,44), ვინაითგანაც ისინი უფლის ხმას ეწინააღმდეგებიან: „... ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (ინ. 2,16).

(IV მსოფლ. 4,24; ტრულ. 49; ორგზ. 1; კირილე ალქს. 2).

 

კანონი 14

ყველასათვის ცნობილია, რომ სასულიერო პირთაგან განუშორებელია წესრიგი, და ზედმიწევნით დაცვა სამღვდელო ხარისხში აღყუანების წესისა არის ღვთივსათნო საქმე. მაგრამ რადგანაც ვხედავთ, რომ ზოგიერთები ხელდასხმის გარეშე ბავშვობაში აღიკვეცნენ ეკლესიის მსახურებად, მაგრამ ჯერაც არ მიუღიათ ეპისკოპოსის ხელდასხმა და ამჯერად საეკლესიო მსახურებისას ამბიონიდან წმიდა წერილს კითხულობენ, რაც კანონთან შეუსაბამოდ ხდება, ამიტომაც ვბრძანებთ: ამიერიდან ამგვარ ქმედებას ადგილი არ ჰქონდეს. იგივე უნდა იყოს დაცული მონოზონთა მიმართებაშიც. წიგნისმკითხველად ხელდასმხის უფლება ყველა იღუმენს აქვს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავის მონასტერში, თუ რა თქმა უნდა, მანამდე თავად მიიღო ეპისკოპოსისაგან საიღუმენო მმართველობის ხელდასხმა და უეჭველად უკვე მღვდლის ხარისხში მყოფმა. მსგავსად ამისა ქორეპისკოპოსებიც, ძველი ჩვეულებისამებრ, ეპისკოპოსის ნებართვით ახდენენ წიგნისმკითხველთა ხელდასხმას.

(ტრულ. 14,15,21,33; ლაოდ. 15).

 

კანონი 15

ამიერითგან საეკლესიო დასის ყველა წევრი არ უნდა მსახურებდეს ორ ეკლესიაში, რამეთუ ეს ახასიათებს ვაჭრობასა და სულმდაბალ თვითგანვითარებას და უცხოა საეკლესიო ჩვეულებისათვის. ვინაიდან ჩვენ თვით უფლის ხმისაგან მოგვისმენია: „ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხყოს...“ (მთ. 6,24). ამის გამო მოციქულთა სიტყვისაებრ „...რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ“ (1კორ. 7, 20). მსახურებდეს ერთ ეკლესიაში. ღმერთისათვის ყველაფერი მიუღებელია, რაც საეკლესიო საქმეებში მდაბალი ანგარებისათვის კეთდება, ხოლო ამ ცხოვრებაში მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა საქმიანობა არსებობს და შეუძლია მოიპოვოს სხეულისათვის რაც რომ სახმარი სჭირდება. თვით მოციქულმა გამოთქვა „...სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“ (საქ. 20,34), და ეს დაცული იყოს ამ ღმრთივდაცულ ქალაქში, ხოლო სხვა ადგილებში კაცთა სიმცირის გამო, გამონაკლისი ამ წესიდან დასაშვებია.

(მოც. 14,15; I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,10,20,23; ტრულ. 17, 18, 31; VII მსოფლ. 10; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15, 16; კართ. 54,90).

 

კანონი 16

ყოველგვარი ფუფუნება და სხეულის მოკაზმულობა უცხოა მღვდელმსახურთა წოდებისა და მდგომარეობისათვის. ამისათვის ეპისკოპოსები ან კლირიკოსები, რომლებიც იმკობენ თავს ბრწყინვალე და ძვირფასი ტანსაცმლით, უნდა გამოსწორდნენ; ხოლო თუ კვლავ გააგრძელებენ ამგვარად შემოსვას - განკანონდნენ; ასევე ვინც ნელსაცხებლებით სარგებლობს. რადგან „ძირი სიმწარისაჲ აღმოცენებულ არის შემაურვებელი“ (შდრ. ებრ. 12,15), ამიტომ ქრისტიანთა მგმობელი მწვალებლობა უწმიდურ ლაქად შეიქმნა კათოლიკე ეკლესიისათვის და მისმა მიმდევრებმა არა მხოლოდ წმიდა ხატების გამოსახულება მოიძაგეს, არამედ ყოველგვარი კეთილკრძალულება უარყვეს, შეიძულეს კაცნი პატიოსანნი და კეთილმოშიშედ მცხოვრებნი, და მათზე აღსრულდა დაწერილი: „...ცოდვილთათვის კი საძულველია ღვთის მოშიშება“ (ზირ. 1, 25). თუ აღმოჩნდება ისეთები, რომლებიც დასცინებენ უბრალო და სადა ტანსაცმლით შემოსილთ, დაე, განკანონებით გამოსწორდნენ. რამეთუ ძველთაგანვე ყველა მღვდელმსახური უბრალო და სადა სამოსლით კმაყოფილდებოდა, რადგან ყოველივე, რაც არა სახმარად, არამედ მოსაკაზმად გამოიყენება, იმსახურებს ამაოებაში ბრალდებას, - როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს. ისინი არც აბრეშუმის ჭრელი ქსოვილისგან შეკერილ სამოსელს ატარებდნენ და არც სამოსლის კიდეზე უცხო ფერის არშიას ივლებდნენ, რადგან ღვთიური ხმისგან სმენოდათ: „...რომელნი ჩჩჳლთა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“ (მთ. 11,8).

(ტრულ. 27; ლანგრ. 12,21).

 

კანონი 17

მონოზონთაგან ზოგიერთებმა წინამძღვორბა მოისურვეს, ხოლო მორჩილება უარყვეს, და მიატოვეს რა თავიანთი მონასტრები, სალოცავი სახლების აშენებას მიჰყვეს ხელი თუმცა საჭირო სახსრები მშენებლობის დასამთავრებლად არ გააჩნიათ. როცა ვინმე გაკადნიერდება და ამის ჩადენას დააპირებს, ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა მას უნდა დაუშალონ; ხოლო თუ მას გააჩნია საკმარისი სახსრები მშენებლობის დასამთავრებლად, მაშინ განზრახული ბოლომდე მიიყვანოს. იგივე წესი იყოს დაცული ერისკაცებთან და კლირიკოსებთან მიმართებაშიც.

(IVმსოფლ. 4,8; ტრულ. 41,42, 46; ორგზ. 1).

 

კანონი 18

„დაუბრკოლებელ იყვენით...“ (1კორ. 10,32) გარეშეთა მიმართაც, იტყვის საღმრთო მოციქული, მაგრამ დედაკაცის ყოფანა საეპისკოპოებში ანდა მონასტრებში, ყოველგვარი საცდურის მიზეზია. ამის გამო, ვინც შემჩნეული იქნება იმაში, რომ თავისთან ჰყავს მხევალი ან თავისუფალი ქალი საეპისკოპოსოში ან მონასტერში, რაიმე მსახურების შესასრულებლად, ასეთი განკანონებას ექვემდებარება, ხოლო თუ არ შეისმენს: განიკვეთოს. თუ დედაკაცს მოუხდება ქალაქგარეთ სახლში ყოფნა და ეპისკოპოსს ან იღუმენს გზად იქ გავლა მოუწევს, მაშინ დედაკაცმა არავითარი მსახურება არ უნდა შეასრულოს ეპისკოპოსის ან იღუმენის თანდასწრებით, არამედ განცალკევებით იმყოფებოდეს, სანამ არ წაბრძანდება ეპისკოპოსი ან იღუმენი, და ამდენად არ ექნება ადგილი დაძრახვის მიზეზს.

(მოც. 5,26; Iმსოფლ. 3; ტრულ, 5,12,13,47,48; VIIმსოფლ. 20,22; ანკვირ. 19; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდ. 88).

 

კანონი 19

ვერცხლისმოყვარეობის სისაძაგლემ იმდენად დაიპყრო ეკლესიების მესაჭეები, რომ ზოგიეთმა კეთილმოშიშედ მიჩნეულმა კაცმა და დედაკაცმა, უფლის მცნებები დაივიწყეს, თავგზა აებნათ, და სამღვდელო და სამონაზვნო დასში შემსვლელებს ოქროთი ღებულობენ. ამის გამო ხდება „ყველაფერი უვარგისი, რისი დასაწყისიც უწმიდურია“, - როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს, - რადგან შეუძლებელია ერთდროულად ღმერთსაც და მამონსაც ემსახურო. ამიტომ, ასეთ საქციელში მხილებული ეპისკოპოსი, იღუმენი ან ვინმე სასულიერო პირთაგან, ან უნდა დაცხრეს, ან არადა განიკვეთოს, - ქალკედონის წმიდა კრების მე-2 კანონის თანხმად, - ხოლო იღუმენია განიდევნოს მონასტრიდან და მორჩილებაში სხვა მონასტერში წავიდეს, ისევე როგორც ის იღუმენი, რომელსაც არ გააჩნია სამღვდელო ხელდასხმა. რაც შეეხება იმ ნივთებს, რასაც მშობლები აძლევენ შვილებს მზითევის სახით, და ასევე თან მოტანილი პირადი ნივთები, რომელიც მომტანის განცხადებით მის მიერ ღმერთს ეწირება, ჩვენ დავადგინეთ, რომ მონასტერში უნდა დარჩეს აღთქმისაებრ, მიუხედავად იმისა, დარჩება მისი მომტანი თუ წავა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი წასვლის მიზეზი წინამძღვარი იქნება.

(მოც. 28; IVმოსფლ. 2; ტრულ. 22,23; VIIმოსფლ. 4,5,15; ლაოდ. 12; სარდიკ. 2; ბასილი დიდ 90; გენადის ეპისტ.; ტარასის ეპისტ.).

 

კანონი 20

განვაჩინებთ: ამიერიდან არ იყოს ორმაგი (ერთად დედათა და მამათა) მონასტრები, რადგან ისინი ბევრისათვის საცდურსა და დამაბრკოლებელს წარმოადგენენ. თუკი ზოგიერთები ნათესავებთან ერთად მოინდომებენ ამა სოფელის განეშორონ და სამონაზვნო ცხოვრებას მისდიონ, ასეთ შემთხვევაში კაცები მამათა მონასტრეში წავიდნენ, დედაკაცები კი დედათა მონასტერში, რამეთუ ესე-ვითარნი მსხუერპლინი სათნო არიან ღმრთისათვის. ხოლო აქამდე ორმაგი მონასტრები ცალ-ცალკე უნდა იმართებოდნენ, ჩვენი წმიდა მამის, ბასილის განწესების მიხედვით და მისი მცნებით, რომელმაც შემდეგი კანონი დაუდო: ნუმც იცხოვრებენ ერთ მონასტერში სხვადასხვა სქესის მონოზვნები, რადგან ერთად დამკვიდრება მრუშობის საშუალებას იძლევა. ნუ გაბედავენ მონოზვნები, მამები და დედები, განცალკევებით ერთმანეთთან საუბარს; მონოზონმა მამამ არ უნდა დაიძინოს დედათა მონასტერში და დედა-მონოზონმა არ მიიღოს საზრდელი მამა-მონოზონთან ერთად განცალკევებით, და როცა მამების მხრიდან ცხოვრებისათვის რაიმე სახმარი დედებთან მიიტანება, კარიბჭის გარეთ შეხვდნენ დედათა მონასტრის იღუმენიას, სხვა ვინმე ხანდაზმულ მონოზონთან ერთად. თუ ისე მოხდება რომ მამა-მონოზონი მოისურვებს რომელიმე ნათესავი ქალის მონახულებას მონასტერში, იღუმენიას თანდასწრებით ისაუბროს მასთან, სიტყვამოკლედ და მალევე განეშოროს.

(ტრულ. 47; VII მსოფლ. 18, 22).

 

კანონი 21

არ არის მართებული მონოზვნისათვის თავისი მონასტრის დატევება და სხვაგან გადასვლა. თუ ეს მოხდა, მაშინ მხოლოდ სტუმართმასპინძლობის გაწევაა მისთვის აუცილებელი, ხოლო შეწყნარება მისი წინამძღვრის ნების გარეშე, არაჯეროვანია.

(IVმსოფლ. 4; VIIმსოფლ. 19; კართ. 80; ორმაგ. 2,3,4).

 

კანონი 22

ყველაფერი ღმერთს მიუძღვნა და არ დაემონო საკუთარ სურვილებს - ეს დიდი საქმეა. რამეთუ „გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, - ამბობს საღმრთო მოციქული, - ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ“ (1კორ. 10,31). ქრისტე ღმერთმა ჩვენმაც თავის სახარებაში მოგვიწოდა მოვიკვეთოთ ცოდვების დასაბამი, რადგან არა მხოლოდ მრუშობა ისჯება, არამედ მრუშობის მცდელობის ზრახვაც დაგმობილია მისი სიტყვისაებრ: „...რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“ (მთ. 5,28). აქედან ვისწავლოთ, რომ უნდა განვიწმიდოთ ჩვენი ზრახვები, რადგან „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს...“ (1კორ. 10, 23), როგორც გვასწავლის სამოციქულო სიტყვა. ყველა ადამიანს სჭირდება ჭამა, რათა იცოცხლოს, და ვინც ქორწინებაშია და შვილებთან ერთად ცხოვრობს საერო მდგომარეობაში, არ ეძრახებათ მათ - კაცებსა და დედაკაცებს - ერთად ჭამა, მხოლოდ საზრდელის მომცემელს მადლიერება შესწირონ, მაგრამ არ უნდა ჭამონ რაიმე გამოგონილი სანახაობის და სატანისტური სიმღერების თანხლებით, ქნარებითა და მეძავური გახმოვანებით, - ყველაფერ ამაზე წინასწარმეტყველური კრულვაა მოწეული: „რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედავენ და საქმეთა ხელთა მისთასა არ განიცდიან“ (ეს. 5,12); და თუ ვინმე იქნება ასეთი ქრისტიანებს შორის - გამოსწორდეს; თუ არ გამოსწორდა, მაშინ მის მიმართ უნდა იქნეს ზომები მიღებული, რაც ჩვენამდე მოღვაწე მამებმა კანონებრივად დაადგინეს, ხოლო ვისი ცხოვრებაც წყანრია და ერთფეროვანი - როგორც იმათი, ვინც უფალ ღმერთს აღთქმა მისცა და მონოზვნობის უღელი იტვირთა, „დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე“ (გოდ. იერ. 3,28). მაგრამ იმათაც ვინც სამღვდელმსახურო ცხოვრება აირჩია, არა აქვთ სულ მთლად ნება დართული განცალკევებით ჭამონ დედაკაცებთან, არამედ ზოგიერთ ღვთისმოშიშ და კეთილკრძალულ კაცებთან და დედაკაცებთან, რათა ეს სატრაპეზო ურთიერთობაც სულიერ აღმშენებლობას ემსახურებოდეს. იგივე უნდა იყოს დაცული ნათესავებთანაც დამოკიდებულებაში. ხოლო თუ მონოზონს ან სამღვდელო წოდების პირს მოგზაურობის დროს სახმარი მოაკლდება და უღონოქმნილი მოსვენებას მოინდომებს სასტუმროში, ან ვინმესთან სახლში: ნება ეძლევა მას ასე მოიქცეს, რამეთუ საჭიროება მოითხოვს.

(მოც. 42,43,54; Iმსოფლ. 3; ტრულ. 5,9,47,62; VIIმსოფლ. 18,20; ანკვირ. 19; ლაოდ. 24; კართ. 40,60; ბასილი დიდ. 88).


კანონები გადმოღებულია წიგნიდან:

"ნიკეის წმიდა VII მსოფლიო კრების კანონები განმარტებებით".

თარგმნა და მოამზადა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

თბილისი 2004