კონსტანტინოპოლში შეკრებილმა წმინდა მამებმა განვაჩინეთ: ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტ მამათა მიერ მიღებული სარწმუნოების სიმბოლო შეურყევლად იქნეს დაცული და არავინ გაბედოს მისი უგულებელყოფა, ხოლო ყველა მწვალებლობას ანათემას გადავცემთ, სახელდობრ: ევნომიანოსთა, ანომეველთა, არიოზელთა ანუ ევდუქსიანთა, ნახევრადარიოზელთა ანუ სეულთმებრძოლთა, საბელიანოსთა, მარკელიოზთა, ფოტინელთა და აპოლინარელთა. (II მსოფ. 7; ტრულ. 1,75; ღანგ. 21; ლაოდ. 7,8; კართ. 2; ბასილი დიდი. 1).
სამთავროთა ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათ სამთავროს საზღვრებს გარეთ არის განლაგებული, რათა ამით არ მოახდინონ ეკლესიების ერთმანეთში შერევა; კანონის შესაბამისად ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიები მართოს, აღმოსავლელმა ეპისკოპოსებმა კი მხოლოდ აღმოსავლეთში განაგონ , მაგრამ ამასთანავე ანტიოქიის ეკლესიის უპირატესობის დაცვით, - თანახმად ნიკეის კრების განჩინებისა. ასიის ეპისკოპოსებმა მხოლოდ ასიაში მართონ ეკლესიები, პონტოელმა ეპისკოპოსებმა - პონტოში, ტრაკიელებმა - ტრაკიაში. თუ არ იქნებიან მიწვეულნი, ეპისკოპოსები ნუ გადავლენ თავიანთ სამთავროს საზღვრებს ხელდასასხმელად ან სხვა რაიმე საეკლესიო განკარგულების გასაცემად. საეკლესიო სამთავროს კრება, როგორც ეს ნიკეაშია განჩინებული. რაც შეეხება უცხო ტომთა შორის არსებულ საღვთო ეკლესიებს, ისინი უნდა იმართებოდნენ მამათაგან დაწესებულ ძველ კანონთა მიხედვით. (მოც. 34,37; I მსოფ. 4,5,6,7; II მსოფ. 3; III მსოფ. 8; IV მსოფ. 17,19,28; ტრულ. 8,25,36,38,39; VII მსოფ. 3,6; ანტიოქ. 9,1,18,19,20,23; ლაოდ. 40; კართ. 11,13,18,26,73,76,95,120; სარდ. 3; ორგზ. 14).
კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსებს მიენიჭოთ რომის ეპისკოპოსის თანაბარი პატივის უპირატესობა, რადგან ეს ქალაქი ახალი რომია.
(IV მსოფ. 28; ტრულ. 36).
მაქსიმე კინიკელისა და მის მიერ კონსტანტინოპოლში ჩადენილი უწესობის შესახებ განვაჩინეთ: მაქსიმე არც ყოფილა და არც არის ეპისკოპოსი, ამიტომ არც მის მიერ ხელდასხმული პირები შეიძლება ჩაითვალონ დასის წევრებად, რა ხარისხშიაც არ უნდა იყვნენ; ყველა ქმედებას, რაც მისთვის ან მის მიერ არის ჩადენილი, არარად ვრაცხთ.
დასავლელთა გრაგნილის შესახებ განვაჩინეთ: ანტიოქიელებსაც შევიწყნარებთ, რომლებიც აღიარებენ მამისა და ძისა და სულიწმიდის ერთღვთაებობას. (II მსოფ. 1; ტრულ. 1; კართ. 1,2).
ვინაიდან ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, ამიტომ მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეკლესიის მმართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ ღვთისმსახურთა კეთილ სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. ამის გამო კონსტანტინოპოლში მოწვეულ წმიდა კრებაზე შეკრებილმა ეპისკოპოსებმა სათნოდ მივიჩნიეთ შემდეგი განჩინება გამოგვეტანა: არ შეიძლება გამოძიების გარეშე რომელიმე პირის ბრალმდებლად მიღება; ეკლესიის მეთაურზე საჩივრის შემოტანის უფლება ყველას განურჩევლად არა აქვს, მაგრამ არც ყველას ეკრძალება. თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას. ეპისკოპოსის სინდისი სუფთა და თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანმაც სამართალი უნდა იპოვოს - რა სარწმუნოების მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი; ხოლო თუ ეპისკოპოსის მიმართ წაყენებული ბრალდება საეკლესიო ხასიათისა იქნება, მაშინ გამოსაძიებელია ბრალმდებლის პიროვნება. პირველ რიგში არ უნდა მიეცეთ მწვალებლებს უფლება მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს საეკლესიო საქმეებში დასდონ ბრალი. მწვალებლებად კი მივიჩნევთ ყველას, ვინც ძველთაგანვე ეკლესიისათვის გარეშედ არიან შერაცხილნი, ასევე, ვინც იმის შემდეგ შევაჩვენეთ, აგრეთვე იმათ, რომლებიც თვალთმაქცობენ, თითქოს ჩვენს სარწმუნოებას ზედმიწევნით აღიარებენ, სინამდვილეში კი ეკლესიას გამოეყვნენ და კრებებს აწყობენ სწორად დადგინებულ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ; ბრალდება ეპისკოპოსთა წინააღმდეგ არ მიიღება არც იმათგან, ვინც ეკლესიის წიაღში იყო, მაგრამ გარკვეული ბრალდების გამო გასამართლებული და განკვეთილია, ანდა განყენებულია ზიარებიდან, კლირიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, - სანამ თავად არ განიწმინდება დანაშაულისაგან; ასევე არ მიიღება ეპისკოპოსზე ან დასის სხვა წევრზე ბრალდება იმათგან, ვინც მანამდე თვითონ იყო დასმენილი, სანამ წაყენებულ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულო არ აღმოჩნდება. თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმიდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს, თუკი მცდელობის მიუხედავად შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმესთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა დიდი სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას მიმართოს, რომელიც ამ მიზეზით შეიკრიბება, მაგრამ სანამ ბრალმდებელი თავის ბრალდებაზე საუბარს დაიწყებდეს, მან წერილობითი პირობა უნდა დადოს, რომ მზადაა იმ შემთხვევაში თუ თვითონ ცილისმწამებელი აღმოჩნდება, იგივე სასჯელი მიიღოს, რაც ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელოდა. ხოლო, ვინც უგულებელყოფს დადგენილ განჩინებას, გაბედავს და სამეფო ხელისუფლებას მიმართავს ანდა საერო მთავრის სასამართლოს, ან კიდევ მსოფლიო კრებას - რაც ადგილობრივი სამთავროს ყველა ეპისკოპოსის ღირსების შეურაცხყოფა იქნება - და ეს ცნობილი გახდება, მაშინ ასეთი პირი არ უნდა იყოს მიღებული თავისი ბრალდებით, როგორც კანონების შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების დამრღვევი. (მოც. 34,37,74,75; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8,10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).
მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ. (მოც. 46,47,68; I მსოფ. 8,19; ტრულ. 95; ლაოდ. 7,8; კართ. 57; ბასილი დიდი 1,5,47).
კანონები გადმოღებულია წიგნიდან: "კონსტანტინოპოლის წმიდა II მსოფლიო კრების კანონები განმარტებებით" - ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში)
რუსულიდან თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ
თბილისი, 2005