მიწიერ სიბრძნეთა ჯურღმულების ტუსაღნო! ვუსმინოთ მათ, ვინც სულიერი თავისუფლება ჰპოვა უფალში და გაუნათდა სულიერი თვალი! ბრმადშობილნო! მათ იხილეს ნათელი ჭეშმარიტი, იხილეს და მის ნათელში შეიცნეს ის, ის რაც შეუცნობია ხორციელი და მშვინვიერი გონებისათვის. ღმრთის სიტყვა და მისი თანამოქმედი სული, ღმრთის რჩეულ ჭურჭელთა მეოხებით გვაუწყებს, რომ სივრცე ცასა და დედამიწას შორის, ხილული ცა, ცისქვეშეთი, ციდან გარდმოგდებულ დაცემულ ანგელოზთა სამყოფელია.
''და იქმნა ბრძოლა ცათა შინა: მიქაელ და ანგელოსნი მისნი ჰბრძოდენ ვეშაპსა მას და ვეშაპნი და ანგელოსნი მიმსნი ებრძოდნენ მათ და ვერც შეუძლოდა არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.''(გამოცხ.12,7,8.)
წმ.ანდრია კესარიელის განმარტებით,ეშმაკისა და მის მიერ წარტყვენულ სულთა გარდმოგდება მოჰყვა მათ პირველ შეცოდებას, როდესაც წმიდა ანგელოსთა მიერ განდევნილი იქნენ ანგელოსთა დასიდან, როგორც გვაუწყებს ამის შესახებწმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი(28.16)იობის წიგნში დაცემული ანგელოსი წარმოდგენილია, როგორც ცისქვეშეთის განუსაზღვრელ სივრცეში მოხეტიალე: იგი ხეტიალობს, მსწრაფლ მიმოვლის ფრენით, ადამიანთა მიმართ გაუმაძღარი სიძულვილით დამაშვრალი(დაბ.1.7) პავლე მოციქულიდაცემულ ანგელოსებს ცისქვეშეთის დაცემულ სულებს უწოდებს.(ეფ.6.12) ხოლო მათ მეთაურს ჰაერის ხელმწიფების მთავარს(ეფ.2.2)
დაცემული ანგელოსები მრავლად არიან მიმოფანტულნი ჩვენთვის ხილულ მთელს სივრცეში. ისინი მუდმივად აშფოთებენ ადამიანთა საზოგადოებას, თითოეულ ადამიანს პირად-პირადად და სხვადასხვაგვარად. არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს დანაშაული, რომლის დამწყები და მონაწილეც ისინი არ იყვნენ. ისინი ყოველგვარ საშუალებით ასწავლიან და მიმართავენ ადამიანს ცოდვის ჩადენისაკენ. ამიტომაც "წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინცა შთანთქა" (1პეტ.5.8) მიწიერ ცხოვრებაშიც და სხეულიდან სულის განსვლის შემდგომაც.
როცა ქრისტეანის სული, თავის მიწიერი სამყოფელის დატოვების შემდგომ ზეციურ სამშობლოში მიემგზავრება, მას გზად დემონები აჩერებენ, ცდილობენ თავისთან მსგავსება მოუძებნონ - აღმოუჩინონ ცოდვები, დაცემა და ჩააგდონ ჯოჯოხეთში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოსებისთვის არის განმზადებული. ისინი ასე მათ მიერვე შეძენილი უფლებით მოქმედებენ.
უფალი მიუწვდომელი სიბრძნით, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ ადამიანთა გამოსყიდვის შემდეგ, ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფლება აირჩიოს სიკვდილი ან სიცოცხლე, შეიწყნაროს მაცხოვარი და მაცხოვარება ანდა უარყოს ისინი.
სამწუხაროდ მრავალმა ისურვა სატანის ტყვეობასა და მონობაში დარჩენა, აღიარეს თავი მაცხოვრისა და მისი საღმრთო მოძღვრების მტრებად. ყველა ვინც აშკარად უარყო მაცხოვარი, შეადგენს სატანის საკუთრებას: მათი სულები, სხეულიდან განსვლისთანავე ჯოჯოხეთში დაინთქმებიან(იგულისხმება,პირველ საზვერესაც კი ვერ გაივლის ცოდვილის სული) აუცილებელია სამსჯავრო, რათა განისაზღვროს ცოდვებისადმი ქრისტეანის სულის მიდრეკილების ხარისხი იმის გასარჩევად, თუ რას იმსახურებს-მარადიულ სიცოცხლეს თუ მარადიულ სიკვდილს.
თითოეულ ქრისტეანის სულს სხეულიდან განსვლის შემდეგ, ელის ღმერთის პირუთვენელი სამსჯავრო, როგორც ამბობს წმ.პავლე მოციქული: "წინა-უც კაცთა ერთ-გზის სიკვდილი და მისა შემდგომად საშჯელი"(ებრ.9.27)
ღმერთი თავის სამართალს, სხეულიდან გასული ქრისტეანების სულთა მიმართ, როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ანგელოსების მეშვეობით წარმართავს. პირველნი ადამიანის მიწიერი ცხოვრების დროს მის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს ინიშნავენ, ხოლო მეორენი-ძველ მის მიერ ჩადენილ უკანონობას. როცა ქრისტეანის სული ცისკენ იწყებს აღსვლას წმიდა ანგელოსების წინამძღოლობით, ბნელი სულები ამხელენ მის მოუნანიებელ ცოდვებს, როგორც სატანისათვის მსხვერპლშეწირვას, როგორც წინდს მასთან ურთიერთობისა და მისი სამარადისო ხვედრის განაწილებისა. ჰაერის სივრცეში გამავალი სულების განკითხვისათვის ბნელ მთავრობათა მიერ განსაკუთრებული მიმდევრობით დადგენილია ცალკეული სამსჯავროები და მცველები. დედამიწიდან ზეცამდე, შრეების მიხედვით, დგანან დაცემული სულების საგუშაგო ლეგიონები. თითოეული მათგანი ცოდვის გარკვეულ სახეს განაგებს და პასუხს სთხოვს სულს, როცა მას მიაღწევს. ეშმაკთა ჰაერის საგუშაგოები და სამსჯავროები მამათა ნაწერებში იწოდება საზვერეებად, ხოლო მათში მომსახურე სულები - მეზვერეებად, მებაჟეებად.
მომიზეზების, ურიცხვი ბორიტებისა და არაადამიანური ძარცვის უფლებას აძლევდნენ თავს. ისინი ჩვეულებრივ ქალაქების კარიბჭეებთან, ბაზრებსა და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში დგებოდნენ, რათა არავინ გამორჩენოდათ თვალთაგან. მეზვერეები თავიანთი საქციელის გამო ხალხისთვის საძულველნი იყვნენ. მეზვერე აღიქმებოდა უგრძნობ, უსამართლო, ყოველგვარი ბოროტების, ყოველგვარი უზნეობის ჩამდენ, ხალხისაგან განგდებულ ადამიანად.
მეზვერის სახელწოდება ადამიანიდან ეშმაკებზე გავრცელდა, რომლებიც მიწიდან ზეცად აღსვლასდარაჯობენ. როგორც ძენი სიცრუისა და მისი ერთგულნი, დემონები ადამიანთა სულებს ამხელენ არა მარტო მათ მიერ ჩადენილ ცოდვებში, არამედ მიაწერენ ისეთსაც, რომელიც არასოდეს ჩაუდენიათ. ისინი მიმართავენ სიცრუეს და მატყუარობას, ცილისწამებით,ურცხვობითა და კადნიერებით ცდილობენ რათა ხელიდან გამოგლიჯონ სული ანგელოზებს და აღავსონ ჯოჯოხეთის მკვიდრთა სიმრავლე.
წმიდა მამა იოანე კიბის აღმწერელი მოგვითხრობს, რომ ვინმე მეუდაბნოე ბერმა სტეფანემ, რომელიც სინას მთაზე მოღვაწეობდა და ფრიად უყვარდა უდაბნო და მდუმარება, მრავალი წელი ბერულ მოღვაწეობაში გაატარა, შემკული იყო მარხვითა და მრავალი ცრემლით, და გამშვენებული მრავალი კეთილითვისებით, მიაღწია ჭეშმარიტი სინანულის ხარისხს. აღსრულებამდე ერთი დღით ადრე მოვიდა აღტაცებაში, იწყო მიხედვა სარეცელის მარჯვნივ და მარცხნივ, უხილავ არსებათა მიერ განკითხული, იქ მყოფთა გასაგონად ამბობდა: "დიახ ასეა; მაგრამ ამის გამო მე ამდენი და ამდენი წელი ვიმარხულე." შემდეგ ისევ: "დიახ,სწორედ ასეა, დიახ; მაგრამ მე ვტიროდი, თავი ძმებისადმი სამსახურს მივეცი. " და ისევ:" არა, თქვენ მე ცილს მწამებთ. "სხვა ბრალდებას კი ასე უპასუხა: "დიახ, სწორედ ასეა და არ ვიცი რა ვთქვა ამაზე: ღმერთი მოწყალეა." ეს მძიმე და საშინელი სანახავი იყო; ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ის დაადანაშაულეს ისეთ ქმედებაში, რომელიც არასდროს ჩაუდენია. ეს უტყვი განდეგილი თავის ზოგიერთ ცოდვაზე ამბობდა: "არ ვიცი, რა ვთქვა ამაზე"; ამასთან მან 40–წელი ბერობაში გაატარა და მრავალი ცრემლიც დაღვარა. წინასწარმეტყველი ეზეკიელი ამბობს: "რაშიც გპოვებ, ისე განვსჯი." თვითმხილველები მოწმობენ, რომ სტეფანე საკუთარი ხელით კვებავდა ჯიქებს. სხეულს კი ასეთი გამოცდის შემდეგ ტოვებდა...უცნობი დარჩა, როგორ დამთავრდა მისი სამსჯავრო.
"ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა"(ფს.26.12), – ასე ამბობს სულიწმიდა ადამიანის პირით, როცა აღწერს მის უხილავ ბრძოლას უხილავ მტრებთან. საზვერეებზე არსებობს ეკლესიის მოძღვრება: ღმრთის პირადი სამსჯავრო სხეულიდან სულის განსვლისას, ეკლესიის სწავლებით, გადაიქცევა პასუხისგებად ე.წ. საზვერეებზე, სულის მიწიდან აღსვლისას, ანგელოსთა თანხმლებით, როდესაც გაივლიან ჰაერის სივრცეს, იქ მათ ბოროტი სულები აჩერებენ და ამხელენ ცოდვებში, რომლებიც ცხოვრების მანძილზე ჩაიდინეს (მართლმადიდებელი კათოლიკე აღმოსავლური ეკლესიის დოგმატური ღმღთისმეტყველება). ეჭვს გარეშეა, რომ წმიდა პავლე მოციქული მათზე საუბრობს, როცა გვაუწყებს, რომ ქრისტეანებს ელით ბრძოლა ცისქვეშეთის დაცემულ სულთა წინააღმდეგ.(ფს.6.12)
საზვერეები და მათი თანმიმდევრობა ზედმიწევნით არის აღწერილი ღირსი დედა თეოდორას ნაამბობში.
ღმრთის უდიდესი წმიდანები, რომლებიც ძველ ადამის ბუნებიდან ახალი ადამის, უფლისა ჩვენისა – იესუ ქრისტეს ბუნებაში გადავიდნენ, თავიანთი წმიდა და ჩინებული სისხლით, პატიოსანი სული მსწრაფლ, განვლის ჰაერის ეშმაკთა საზვერეებს. ისინი ზეცაში აჰყავს სულიწმიდას, რომელიც მიწაზე მათი მწირობის ჟამსაც მუდმივად შეაგონებდა მათ " სურვილს" განსვლა ხორცითა ამითდა ქრისტესთანა ყოფად."(ფილ.1.23–24).
ელვის სისწრაფით, ერთ საათში განვლო ეს გზა ღირსმა მამა მარკოზ ფრაჩესკელმა. "ოდეს აღვიხილენ თვალნი, – ამბობს ღირსი მამა სერაპიონი, რომელიც ესწრებოდა ღირსი მარკოზის აღსასრულს, – ვიხილე წმიდანის სული, რომელიც უკვე განხსნილიყო ხორცთა საკვრელთაგან და ანგელოსთა სპეტაკი სამოსით მოსილი, ზეცისაკენ მაღლდებოდა." როცა ღირსი მამა მაკარი დიდის აღსასრული დადგა, ქერუბიმი, მისი მფარველი ანგელოსი, მრავალრიცხოვანი ზეციური მხედრობის თანმხლებით, მისი სულის მისარქმელად გარდამოხდა ზეცით.ანგელოსებთან ერთად გარდამოხდნენ მოციქულთა,წინასწარმეტყველთა, მოწამეთა, მღვდელმთავართა, ღირსთა, მართალთა დასები გამწკრივდნენ. დემონები კი თავიანთ საზვერეებში, რათა ეჭვრიტათ განწმედილი სულის სვლისათვის. მან ამაღლება იწყო. მისგან მდგომი ბნელი სულები თავიანთი საზვერეებიდან უყვიროდნენ: "მაკარ! ვითარი დიდების ღირსი შეიქენ!" თავმდაბალი მოღვაწე კი პასუხობდა: "არა! ჯერ კიდევ ვძრწი, რამეთუ არ ვუწყი, აღვასრულე კი რაიმე სათნოება?" თან სწრაფად მიიწევდა ზეცისაკენ. უფრო მაღალი საზვერეებიდან კი გამოსძახოდნენ ჰაერის მცველნი: "გაგვექეცი უკვე, მაკარ!" – "არა, – პასუხობდა ის, – მე ჯერ კიდევ ვივლტი თქვენგან!" როცა ის უკვე მიუახლოვდა ზეცის კარიბჭეს, ისინი ბოროტებისა და შურისგან გოდებდნენ და ყვიროდნენ: "გაგვექეცი, გაგვექეცი, მაკარ!" მან უპასუხა: "მფარველობითა ძალითა ქრისტესითა ვიხსნენ მე თქვენისა მანქანებისაგან". მაკარი დიდის სვლა მიწიდან ზეცამდე, მისმა რამდენიმე მოწაფემ იხილა, რომლებიც განსაკუთრებულად წარმატებულნი იყვნენ ღვაწლში. ხოლო მის შესახებ გვამცნო ღირსმა პაფნუტიმ, რომელიც დიდი მამის შემდგომ შეიქმნა უდაბნოს წინამძღვარი.
ღმრთის დიდი სათნომყოფელი ბოროტ ძალთა საზვერეებს განვლიან სრული ხელმწიფებით იმიტომ, რომ მიწიერ ცხოვრებაში შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ მათ, გულში ჰპოვებენ სრულ თავისუფლებას ცოდვისაგან, შეიქმნენ სადგომი და სამსხვერპლო სულისა წმიდისა, სიტყვიერი ტაძარი თვისი შეუვალი გახადეს დაცემული ანგელოსისათვის. როგორც ქრისტეანული სულის აღდგომა სულიერ სიკვდილიდან, აღესრულება ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრების ჟამს, სწორედ ასევე საიდუმლოდ დედამიწაზევე განიკითხება ჰაერისმცველთა მიერ, დატყვევდება ან განთავისუფლდება მათგან; ზეცისკენ აღსვლისას ჰაერში განცხადდება ეს თავისუფლებაც და მონობაც.
ცოდვილს მადლი შორდება, მაგრამ ღმერთი ადამიანს უქმნის პირობებს რათა შეიცნოს ღმერთი, ცოდვა დაუტევოს. ღმერთი ადამიანს აძლევს ერთნაირად მადლს, მაგრამ ყველა როდი ღებულობს, ზოგს შესასვლელი "კარები" დახშული აქვს, ზოგი კი შეიტკბობს. ცოდვილის-ცოდვას გარდაემატება მადლი ღმრთისა. მადლის მოხვეჭა ადამიანს არ შეუძლია, რადგანაც ღმერთი აძლევს მას მისი ცხოვრების წესიერებისა და ასკეტური მოღვაწეობის წილ. ერთი მხრივ მართალი ხარ, თუ ადამიანმა არ იღვაწა მადლი არ მიენიჭება ღმრთისგან.
ეკლესიაში მყოფ პიროვნებას მეტი ბრძოლა უხდება ვნებებთან, ხოლო ვინც ეკლესიის გარეთაა მას არც სჭირდება ბრძოლა, ეშმაკს თავის ნებაზე დაჰყავს. ცოდვიდან გამოსვლაში კი ღმერთი ეხმარება და აძლევს მადლს, თავიდან თუ ხართ დაკვირვებული ყველაფერი იოლად გეჩვენება, სიმძიმეს არ გრძნობ, თითქოსდა ეშმაკი არ გებრძვისო, მაგრამ როდესაც აიდგავ ფეხს ეკლესიაში თანდათან გშორდება მადლი ღმრთისა. ეს არ ნიშნავს, რომ ცოდვილს მეტი ეძლევა და კეთილად მცხოვრებს ნაკლები.
ერთი მამა ასწავლის: თავიდან როგორც მშობელი-შვილს ატარებს ხელით, ხოლო ასაკის მატების შემდგომ ნელ-ნელა აჩვევს სიარულს და ბოლოს მთლად დამოუკიდებლად უშვებს, მიუხედავად დაცემისა სწავლის პერიოდში (სიარულის სწავლა იგულისხმება), ასევე ღმერთი ეკლესიაში ახალ მოსულს აძლევს მადლს, შეიტკბობს თავის ფრთებქვეშ. ასევე ხომ იყო ბავშვი, ის არ ამჩნევდა მის ნაცვლად მშობელს რისი გაკეთება უხდებოდა, მაგრამ როდესაც წამოიზარდა და დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჰყო ხელი, წინ ეღობება ცხოვრებისეული პრობლემები, რისი გადალახვა თავად თუ არ შეუძლია უნდა შესთხოვოს მშობელს, რათა იხსნას. ასევე ეკლესიაში მყოფ ადამიანს, ეწყება ბრძოლები რაშიც შესაწევნელად დედა ეკლესიას უნდა მიმართოს.
საზვერეთა შესახებ სწავლება ღმრთივგანბრძნობილად გადმოსცა წმ.კირილე ალექსანდრიელმა(+444), თავის ცნობილ თხუზულებაში: " სიტყვა სულის ამოსვლის შესახებ " .
იქ იგი ამბობს: "რამეთუ, მაშინ (სულთა ხორცთაგან გაყრისას-ი.პ) წარმოსდგებიან ჩვენს წინაშე, ერთის მხრივ ზეციური მხედრობანი, მეორეს მხრივ-ბნელეთის ხელმწიფენი, ბოროტი სოფლისმპყრობელნი, ჰაერის მეზერე-მთავარნი, ჩვენი საქმეების გამომცდელნი და მამხილებელნი... მათი დანახვისას, სული აღშფოთდება, შეკრთება, შეძრწუნდება და დაბნეული და ზარდაცემული ღმრთის ანგელოზებთან მფარველობის ძიებას დაიწყებს: მაგრამ წმიდა ანგელოზების მიერ მიღებული და მათი მფარველობის საჰაერო სივრცეების გამვლელი და მაღლა მიმავალი სული, მაინც სხადასხვა საზვერეებს შეხვდება, რომელნიც ცათა სასუფევლის გზას ჩაუკეტავენ, მისადმი მის სწრაფვას შეაჩერებენ და შეაკავებენ.
თითოეულ ამ საზვერეზე განსაკუთრებული ცოდვის გამო (პასუხს) მოგვთხოვენ...სულის ყოველ ვნებას, ყოველ ცოდვას, ამგვარად, თავისი მეზვერენი და გამომცდელნი ეყოლება... რამეთუ, მაშინ ერთად წარმოსდგებიან საღმრთო ძალნი და უწმიდურ სულთა კრებული და როგორც პირველნი წარმოადგენენ მის სათნოებას, ისე უკანასკნელნი ამხელენ მას ცოდვებში და თუ თავისი კეთილმსახური და ღმრთივსათნო ცხოვრებისათვის, იგი ღირსეული აღმოჩნდება, მას ანგელოზნი მიიღებენ და მაშინ იგი უკვე უშიშრად წავა სასუფევლისაკენ. პირიქით , თუ აღმოჩნდება , რომ იგი ცხოვრებას უზრუნველად და თავშეუკავებლად ატარებდა , მაშინ ის საშინელ ხმას მოისმენს: "მოისპენ უღმრთოი , რაითა არა იხილოს დიდებაი უფლისაი" (ესაია, 26 10.)... მაშინ მიატოვებენ მას ანგელოზნი ღმრთისანი და აიყვანენ საშინელი დემონები... და გაუწყვეტელი საკრავებით შეკრული სული, ბნელს და პირქუშ ქვეყანაში (ჯოჯოხეთის სიბნელეში,-ი. პ.) ჩაიგდება.
გიორგი სარია