მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სამოთხის ნეტარებანი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლების მიხედვით

სამოთხეზე
(წმინდა ეფრემ ასური)

შენიშვნა: სამოთხის ეფრემისეული აღწერა, რომელიც გრძნობისმიერებით ხასიათდება, ეკლესიის სწავლების თანახმად, სულიერი აზრით უნდა გვესმოდეს.

სულიერი თვალით შევხედე მე სამოთხეს. მთის მწვერვალები ვერ შესწვდებიან მის სიმაღლეს... მისი სილამაზე სიხარულს ბადებს და თავისკენ იზიდავს მიმომსვლელთ, განანათლებს მათ თავს სხივთა ბრწყინვალება და ათრობს კეთილსურნელებითა თვისითა. ნათელმკრთოლვარე ღრუბლები ტალავრებს წარმოქმნიან ღირსეულთათვის... შორია ხედვისთვის სამოთხე, მიუწვდენელი თვალთათვის; ამიტომ მისი გადმოცემა მხოლოდ შედარებითაა შესაძლებელი. სამოთხე წარმოიდგინე ნათელი გვირგვინის სახით, მთვარეს რომ შემოჰხვევია: მასაც ასევე მოუცავს ზღვა და ხმელი...

 

ვის ძალუძს სამოთხის სილამაზეთა ჩამოთვლა? მშვენიერია მისი მოწყობილობა, ბრწყინვალეა მისი ყოველი კუთხე. ვრცელია სამოთხე მასში მობინადრეთათვის. ნათელია მისი პალატნი; წყაროსთვალნი მისნი გათრობს თავისი კეთილსურნელებით, მაგრამ მოედინებიან რა ჩვენსკენ, კარგავენ მას ჩვენს მიწაზე, რადგანაც მიწის გემოს იძენენ, ჩვენი სასმელი წყლის შესაფერისად...

 

მრავალგვარი და მრავალფერი შეჰქმნა შემოქმედმა სამოთხის სილამაზე: ბოლოთათვის მან სამოთხის ქვედა ნაწილი განაჩინა, საშუალოთათვის – საშუალო, ხოლო უმაღლესთათვის – ყველაზე უფრო მაღალი.

 

მართალთაგან თითოეული თავის ღვაწლისდა მიხედვით განკუთვნილ სავანეში დაემკვიდრება. რამდენად მრავალრიცხოვანი და განსხვავებულიცაა საფეხურები (სიწმინდისა), იმდენად მრავალრიცხოვანი და განსხვავებულიცაა ღირსებისდა მიხედვით შეწყალებულნიც: პირველი საფეხური განკუთვნილია შენანებულთათვის, საშუალო – მართალთათვის, მწვერვალთა დამპყრობთათვის. ღვთის პალატი უზემოეს ყოველთა არს.

 

ნოემაც კიდობნის ძირში ცხოველები მოათავსა, შუაში - ფრინველები, ხოლო თვითონ, ღვთის მსგავსად, კიდობნის ზედა ნაწილში დაბინავდა.

 

სინასთანაც იუდეველი ხალხი მთის ძირში იდგა, მღვდლები – მის ფერდობზე, აარონი – შუაში, მოსე – მწვერვალზე, ხოლო დიდება უფლისა ჰფარავდა მწვერვალს. კიდობნითა და სინას მთით ჩვენ საიდუმლოებაზე მიგვენიშნება, თუ როგორ განიყოფება ბაღნარი ცხოვრებისა. მასში შემოქმედმა წარმოგვიდგინა სახე კეთილმოწყობილი, ყველაფერში მშვენიერი და ყველასთვის გულისსათქმელი სამოთხისა. კეთილსურნელებათა და მცენარეულობის სიუხვით, სილამაზით სამოთხე ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. მის მიერ გამოიხატება ეკლესია...

 

გონებითაც კი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ამ დიდებული და ზეაღმატებული ბაღნარის სახე, რომლის მწვერვალზეც უფლის დიდება განისვენებს.

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კურთხეული ხე ცხოვრებისა, თავისი სხივცისკროვანებით, მზეა სამოთხისა; ნათლითმოსილი არიან მისი ფოთლები; მათზე ბაღის სილამაზეა აღბეჭდილი; დანარჩენი ხეები ქარის მობერვაზე იდრკებიან ამ ბელადისა და თითქოსდა ხეთა მეფის წინაშე.

 

სამოთხის შუაგულში ღმერთმა ხე ცნობადისა დანერგა, შიშით გარეშეიცვა იგი, ძრწოლით შემოღობა, რათა ზღუდესავით იცავდნენ მას...

 

ცნობადის ხის დამნერგველმა იგი სამოთხის შუაში მოათავსა, რათა მას უმდაბლესი და უმაღლესი განეყო: წმიდა და წმიდა წმიდათა...

 

არა ბაგეს არ ძალუძს ამა ბაღნარის სანახები და მისი მიმზიდველი მშვენიერება დახატოს; მისი ზღუდის უბრალო სამკაულების აღწერაც კი შეუძლებელია ისე, როგორც ჯერ-არს.

 

ბრწყინვალეა მისი ფერები, საკვირველი სურნელება, გულისსათქმელი სილამაზე, ძვირფასი მისი საზრდელი.

 

სამოთხის ზღუდის ნაპირთან – მისი ყველაზე უფრო უკანასკნელი საგანძურია, მაგრამ ისიც კი აღემატება სიმდიდრით მთელი სამყაროს საგანძურს. ნეტარება თვით ამ ზღუდესთან უკან იტოვებს დედამიწის ყველა სიკეთეს...

 

ვიხილე იქ მე ტალავრები მართალთა, სურნელების მფრქვეველი, ყვავილებით შემკობილნი, გემრიელი ნაყოფით დახუნძლული. თითოეული მათგანის ტალავარი მათი ღვაწლისდა მიხედვითაა შემკული: ერთნი ნაკლებად, მეორენი – უფრო მეტი სილამაზით; ერთი ნაკლებია იერით, მეორე ბრწყინავს დიდებით.

 

მაგრამ მე ედემმა უფრო მეტად თავისი სიმშვიდით დამატკბო, ვიდრე სილამაზით. მასში სისუფთავეა გამეფებული და არაფრით არაა იგი შებილწული; მასში სიმშვიდე ბინადრობს და იქ ადგილი არა აქვს შფოთს...

 

ის-ის იყო სამოთხე უნდა დამეტოვებინა, რომ უეცრად მომესმა მოგალობე ხმები: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს! და მესმა, თუ როგორ იდიდებისმეტყველების სამოთხეში ღვთაება. ნეტარ-არს, ვინც ღირს-იქმნება სამოთხისა სიმართლისდა მიხედვით ან სიქველით, ღვაწლითა თუ მოწყალებით.

 

ადამიანს სამოთხე ერთიანად იპყრობს ყველა თავისი სიხარულით: თვალს ატყვევებს თავისი მორთულობით, სმენას – ბგერებით, გემოსა და ყნოსვას – საზრდელითა და კეთილსურნელებით. კურთხეულ-არს მღვიძარებასა და მარხვაში მოღვაწეთა სამოთხეში მომწოდებელი, რათა თავიანთი მმარხველობისთვის დატკბნენ ნუგეშინის-ცემით, დაპურდნენ ედემის მოსალხენ საძოვრებზე.

 

მომთმინე იყვენით, მგლოვარენო: შეხვალთ თქვენ სამოთხეში; ცვარ-ნამი მისი განბანს თქვენს არაწმინდებას; ლიმენა* მისი განგამხიარულებთ თქვენ. სერობა მისი სამანს დაუდებს თქვენს ჯაფას: იგი მშიერთ ნუგეშს შესთავაზებს, რომელიც მისთა მჭამელთა განსწმენდს, და მწყურვალთა – ზეციურ სასმელს, მისთა შემსმელთა განმაბრძნობელს.

 

ნეტარ-არს გლახაკი, რომელიც მზერას ამ ქვეყანას მიაპყრობს, აურაცხელი სიმდიდრით რომ ავსებულა! ამეთვისტო და სხვა ძვირფასი თვლები გადაყრილია იქიდან, როგორც ნაგავი: ისინი ამ ქვეყნის დიდებას შეამწიკვლებდნენ... ისინი ამ სხივმფინარე ქვეყანაში მრუმე და ბნელი გამოჩნდებოდნენ...

 

იქ ქალწულება ზეიმობს მასზედ, რომ გველი გაქრა, იდუმალ მის ყურში შხამის ჩამწვეთებელი...

 

ხარობს იქ სიჭაბუკე, რომ გამარჯვება მოიპოვა; ხედავს სამოთხეში იოსებს, რომელმაც განაგდო თვისაგან ავხორცობა, დანთებული უგუნურებაში, და სძლია ასპიდს საკუთარსავე სოროში...

 

განისვენებენ იქ დედანი, სასტიკად ვნებულნი წყევის, ავადმყოფობისა და შვილთა-სხმის ტანჯვებში. სიხარულით ჭვრეტენ ისინი, რომ ყრმები, რომელთაც გოდებით მიაბარებდნენ მიწას, კრავებივით იზარდებიან ედემის საძოვრებზე, დიდების მაღალ საფეხურზე შეყენებულნი, სხივმფინარე სინათლით ბრწყინავენ, თითქოსდა ანგელოსთა ძმები იყვნენ...

 

მიეწებე სულით სამოთხეს, სიბერევ! კეთილსურნელება მისი დაგიბრუნებს ყრმობას, სუნთქვა მისი გაჩუქებს სიჭაბუკეს; სილამაზით შეგმოსავს იგი, რომელიც დაჰფარავს შეგინებულობას შენსას. მოსეში ვჭვრეტთ შენს ხატებას. მისი ნაოჭებით დაფარული ღაწვები, მოყვავილე და მოელვარე, ედემში განჭაბუკებული სიბერის ხატად იქცნენ... სამოთხის სავანებში არაა ბნელი ლაქები, რამეთუ ისინი განწმენდილნი არიან ცოდვისაგან; არაა მათში მრისხანება, რამეთუ თავისუფალნი არიან ყოველგვარი გაღიზიანებისაგან; არაა დაცინვა. რამეთუ მათთვის უცნობია ყოველგვარი სივერაგე; ერთმანეთს არ ვნებენ, არ მტრობენ, რამეთუ არ არსებობს მათთვის შური; იქ არავის განიკითხავენ, რადგანაც იქ არაა წყენა.

 

იქ თავის თავს ძენი კაცთანი დიდებაში ჭვრეტენ; თავადაც ჰკვირობენ, რად შეიქმნა მათი ბუნება მშვიდი და წმინდა, რად ბრწყინავენ გარეგანად სილამაზით, შინაგანად კი – სისუფთავით; ხილულად – სხეული, ხოლო უხილავად – სული...

 

სამოთხისეული კურთხევა, პირველ ყოვლისა, იმათ ელოდებათ, ვინც თავს უფლებას არ აძლევდა წყევისა და გინებისა. ვისაც ყოველთვის წმინდა და უბიწო გამოხედვა ჰქონდა, ის სამოთხის უმაღლეს მშვენიერებას იხილავს. ვინც ყოველგვარ წუხილს თავის ფიქრებში კლავდა, მის ყველა ასოს ტკბილი მხიარულების წყაროსთვლები დაუვლიან...

 

ვინც დანიელთან ერთად, რომელსაც პატივს მეფენი მიაგებდნენ, ხრიდნენ რა მის წინაშე დიადემით დაგვირგვინებულ თავს, საზრდოდ ბოსტნეულს ამოირჩევს, ასეთ მმარხველს სამოთხეში ხენი მიაგებენ პატივს, მოიხრებიან რა მის წინაშე მთელი თავისი მშვენიერებით მთქმელნი ამისი: შემოვედ ჩვენს ტალავარში, ჩვენს ტოტებქვეშ დასახლდი, განმტკიცებული ჩვენი ნამით, დატკბი ნაყოფითა ჩვენითა!

 

ვინც წმინდანებს ფეხს ბანდა, მას განწმენდს ეს ცვარი. ვინც დახმარების ხელს უწვდიდა ღარიბებს, მის წინაშე თავად დაიხრებიან სამოთხის ხეთა ნაყოფით დახუნძლული ტოტები. ყვავილთა მთელი სიმრავლე იჩქარებს სიხარულით, რათა ისინი დააგვირგვინონ, რომელნიც ავადმყოფებს ნახულობდნენ და პირველი ამბორებისთვის ერთმანეთს შეეცილებიან. ვინც ბრძნული ზომიერებით იკავებდა ღვინისაგან თავს, უპირატესად მას ელიან სამოთხისეული ვენახები და თითოეული ვაზი უწვდის თავის ტევანს. ხოლო თუკი ის ქალწულია, თავის მკლავებში იკრავენ, რადგანაც ცხოვრობდა რა მარტო, უცხო იყო მისთვის მეუღლეობრივი წიაღი, საქორწინე სარეცელზე არასდროს ასულა...

 

აქ უფლისა ჩვენისთვის მახვილით დაგვირგვინებული იზეიმებს იქ, სახელოვნებით გვირგვინდადგმული გამარჯვებას, რამეთუ არად ჩააგდო მტანჯველთა ცეცხლი.

 

იმა ქვეყნის ნეტარება განაახლებს დედებს, რომელთაც წმინდანთა მსახურებაში იღვაწეს.

 

თუკი ცხოვრების ხესთან გსურს მოსვლა, იგი შეგაგებებს თავის ტოტებს, როგორც საფეხურებს, დახრის შენს ფეხის გულებთან, მოგიხმობს თავის წიაღში, რათა დაჯდე ტოტთა ტახტრევანზე, რომელნიც მზად არიან, რათა შენს წინაშე მოიდრიკონ, მოგეხვიონ და მაგრად ჩაგიკრან ყვავილთა სიუხვეში და განგისვენონ, როგორც დედამ ყრმას თავის ხელებზე.

 

ვის უხილავს ტაბლა ამა ხის ტოტებზე? მრავალფერ ნაყოფთა მთელი რიგები მჭამელის ხელქვეშ; მორიგეობით, ერთი მეორის შემდეგ უახლოვდებიან. ნაყოფი შიმშილსა და წყურვილს კლავს, ცვარი განბანს, ფოთლები კი პირსახოცებია. ყოველივეთი მდიდარ უფალს არ ელევა საგანძური!

 

კამკამა ჰაერზე დგანან მტკიცედ ფესვგადგმული ხეები; მწიფე ნაყოფით დახუნძლული მათი კენწეროები, ქვედა ტოტები კი ერთიანად ყვავილებით დაფარულა. ვის სად სმენია ან უნახავს, ზედ თავზე ადგებოდეს ღრუბელი, ტალავარივით, სადაც კამარას ნაყოფი ჰქმნის, ხოლო ფეხქვეშ ყვავილოვანი ხალიჩა ეფინებოდეს? ეს-ესაა თავშექცევის ერთმა ნიაღვარმა მიგატოვა, რომ უკვე სხვა გიტყუებს თავისკენ. ყველაფერი სიხარულითაა აღსავსე. აქ ნაყოფით იტკბარუნებ პირს, იქ კი სასმელი გაგრილებს; აქ სუფთა ცვარ-ნამით განიბანები, იქ კი კეთილსურნელი სინოტივით განიპოხები; აქ კეთილსურნელებას იყნოსავ, იქ კი ყურს დამატკბობელი საგალობელი გიამებს...

 

მართლის გარშემო აქეთ და იქით ირწევა სიო. ერთი საზრდელს მოჰბერავს, მეორე კი – სასმელს... სულიერად ცხოვრებულთ სულიერად ჰკვებავს იქ სიო. სერობა არ თენთავს იქ, ხელს ძალა არ ადგება, კბილებს საქმე არა აქვთ, სტომაქი არ მძიმდება.

 

სამოთხისეული კეთილსურნელება უპუროდ განაძღობს; სიცოცხლის სუნთქვა თავადაა სასმელი. გრძნობები იქ ტკბობის ტალღებში იძირებიან, რომლებიც ყველა შესაძლო სახით მოჰქრიან ყველაზე. სიხარულთა ამ მონაცვლეობებში თავს არავინ გრძნობს დამძიმებულად, და ყველანი დაუოკებლად ტკბებიან იქ, განცვიფრდებიან რა ღვთიურ დიდებაზე...

 

სხეული, რომელიც თავის თავში სისხლსა და ვაჟინებს ფლობს, იქ სულთან ერთად თანაბარ სიწმინდეს აღწევს. სულის ფრთები, აქ დამძიმებულნი, იქ ბევრად უფრო იწმინდება და გონებას ემსგავსება. აქ განუწყვეტლივ მშფოთვარე გონება იქ ღვთიურ დიდებულებასავით აღუშფოთებელია.

 

სამშვინველი სხეულზე მაღლა დგას თავისი ღირსებით, მასზე მაღლა გონიერი სულია, ხოლო ამ უკანასკნელზე მაღლა – დაფარული ღვთაება. მაგრამ საბოლოოდ ხორცი სამშვინველის სილამაზეს შეიმოსავს, სამშვინველი – სულის ბრწყინვალებას, სული კი ღვთიურ დიდებას მიემსგავსება...

 

იქ მჭვრეტელთა დასზე მამის დიდებიდან, მისი მხოლოდშობილი ძის მიერ, სიხარულის ნაკადულები იღვრება, მშიერნი ნაყრდებიან და წყურვილს იკლავენ დიდების ნაკადულებიდან, რომელნიც მისი სილამაზიდან მოჩხრიალებენ, რომელიც შვენიერებაა სამარადისო!..

 

იგი, უფალი ყოველთა, საგანძურია ყოველივესი. თითოეულს თავისი შესაძლებლობისდა მიხედვით, თითქოსდა რომელიღაც მცირე ნაპრალიდან, - თავისი დაფარული არსებიდან და თავისი დიდებულების ბრწყინვალებიდან, - ანათებს სილამაზეს. და მისი ბრწყინვალება სიყვარულით აცისკროვნებს ყველას: მცირეს – სუსტი ციაგით, სრულყოფილს – სინათლის სხივებით. მის დიდებას სისავსით მხოლოდ მისგან შობილი (ძე ღმრთისა) სჭვრეტს.

 

ვინც რამდენად განიწმინდა აქ გონების თვალი, იქ იმდენად შესძლებს სჭვრეტდეს მის დიდებას, ვინც უზემოესია ყოველთა. აქ ვინც რამდენად განახვნა სასმენელი, იქ იმდენად ეზიარება ღვთის სიბრძნეს. აქ ვინც რამდენად განიწმინდა გული თვისი, იქ იმდენად მიიღებს უფლის საგანძურიდან...

 

სიკეთეთა ნიაღვრები მისი მადლიდან მოედინება; იგი გამუდმებით განახლდება სხვადასხვაგვარ საზრდელში, კეთილსურნელებას აფრქვევს კეთილსურნელებებში, თავს აჩენს თითოეულ ძალაში, ბრწყინავს ყვავილებში...

 

ვის უხილავს გუნდი და გუნდი დიდებით ნასაზრდოები? სამოსელი მათი სინათლეა, სახე – ბრწყინვალება: განუწყვეტლივ შთანთქავენ და აფრქვევენ ღვთიური მადლის სისავსეს. ბაგეებზე მათ სიბრძნის წყარო აქვთ, აზრებში – მშვიდობა, მცნობელობაში – ჭეშმარიტება, გამოკვლევებში – შიში, ქებისმეტყველებაში – სიყვარული!..

 

მარგებელია ჰაერი, რომელიც სამოთხეს გარს უვლის; მისი ყოველი თვე კეთილშეზავებულია. ამრეზილი თებერვალი იქ მოწმენდილია, როგორც მაისი; ცივი და სუსხიანი იანვარი იქ აგვისტოს ემსგავსება, ივნისი – მარტს, მცხუნვარე ივლისი – ცვარ-ნამის მომტან სექტემბერს...

 

თითოეული თვე სამოთხის ირგვლივ ყვავილებს აბნევს, რათა ნებისმიერ დროს მზად იყოს თუ სამოთხის თავი არა, ფეხისგულები მაინც შეამკოს ყვავილწნულებით.

 

ქარიშხლიან თვეებს თავიანთი ქარებით არ მიესვლებათ სამოთხეში, სადაც მშვიდობა და სიჩუმე ბატონობს. ვერ შეეხებიან ისინი კურთხეულ ჰაერს, რომელიც თავისი ზეციური სუნთქვით ადამიანებს უკვდავებას ანიჭებს...

 

თითოეული თვე ქმნილებათა გამოულეველ ნიაღვარს აფრქვევს და ყოველ მათგანს ყვავილობისთანავე გამოაქვს ნაყოფი...

 

სამოთხის ხეთა უხვნაყოფიერება ერთიან ძეწკვს ჰგავს. თუ მოკრიფეს და დასვცივდა პირველი ნაყოფი, მას მოსდევს მეორე და მესამე...

 

ნეტარების კურთხეულ მხარეში არაა არც მავნე სიცივე და არც პაპანაქება სიცხე. იქ სიხარულის ლიმენაა, იქ სინათლისა და მხიარულების სავანეა; იქ ყველგან ებნისა და სალამურის ხმები ისმის, მთელი ეკლესიის მიერ ნაგალობევი ოსანა, ალილუია გაისმის!..

 

სამოთხის ირგვლივ მესერის ნაცვლად – ყოვლადგანმამხიარულებელი სიმშვიდეა, კედლისა და წინმოზღუდვილობის მაგიერ – ყოვლად სიმშვიდის მომფენელი მშვიდობა. სამოთხის მცველი ქერაბინი სალმიანია სამოთხეში დავანებულ ნეტართა მიმართ, ხოლო მრისხანე განგდებულთადმი, რომელნიც სამოთხის მიღმა არიან...

 

რაც გესმის სუფთა და წმინდა სამოთხის გარშემო, ყოველივე სუფთა და წმინდაა. ვინც ისმენს სამოთხის აღწერას, არ ძალუძს მისი განსჯა, რამდენადაც სამოთხის აღწერა განსჯას არ ექვემდებარება. სამოთხის სახელდებათა მიხედვით შეიძლება იფიქრო, რომ იგი მიწიერია; თავისი ძალისდა მიხედვით ის სულიერი და წმინდაა...

 

ვინც საუბრობს (სამოთხეზე), ის იმ სახელების გარდა, რომელნიც ხილული საგნებისგან არიან აღებულნი, სხვით ვერაფრით დაუხატავს მსმენელებს უხილავს.

 

თუკი თავად ედემ-ბაღის შემოქმედი არ შემოსავდა მის დიდებულებას ჩვენი ქვეყნიერებიდან აღებული სახელებით, მაშინ როგორ გადმოსცემდნენ მას ჩვენი მიმსგავსებანი?..

 

შენი გონება არ უნდა აფორიაქდეს ამგვარი სახელდებებით. სამოთხე შენთვის ნათესაური სახეებით იმიტომ კი არ გადმოიცემა, რომ მას რაიმე საჭიროება აქვს შენგან აღებული ხატოვნებისა, არამედ იმის გამო, რომ შენი ბუნება ერთობ უძლურია მისი დიდებულების წინაშე, თუმცაღა მის სილამაზეს ბევრი აკლდება, როდესაც შენთვის ნათესაური, სუსტი ხატოვნებით იხატება.

 

იმა ქვეყნის ყვავილები ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალეა, ვიდრე ვ???დამიწაზე არსებულ სნეულებათა ნაწილს აქარწყლებს, როგორც მკურნალი, და განმკურნებელი ძალით აშუშებს იმ ავადმყოფობას, რომელიც დედამიწაზე გველმა მოიტანა.

 

სამოთხის კურთხეული მხარიდან გამომავალი მონაბერით ტკბება წუხილი ამა სოფლისა, აღიხოცება წყევა ჩვენი მიწისა. ჯერაც კიდევ სუნთქავს ედემით ჩვენი დაუძლურებული ქვეყანა: მით იქადაგება, რომ ჩვენს მოკვდაობას მკურნალობა სიცოცხლისა გამოეგზავნა...

 

ვუჭვრეტდი მე ამ ქვეყანას და ვიჯექი, მოტირალი საკუთარ თავსა და ჩემს მსგავსებზე. ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გაიქროლეს, როგორც ერთმა დღემ; ისინი დაილივნენ და გაქრენ, ხოლო მე კი არც ვამჩნევდი. მოიცვა სული ჩემი სინანულმა, რამეთუ დავკარგე მე გვირგვინი და დიდება და სამოსელი და ნათელი საქორწინე პალატი და ტაბლა სასუფევლისა...

 

დე, ცრემლით ევედრებოდნენ იქ ჩემთვის ყოველნი ძენი სინათლისანი, რათა უფალმან ჩვენმან მათ ერთი სული მიჰმადლოს, ხოლო მე კი – საბაბი მისი დიდებულების ქება-დიდებისა, რომელიც ესოდენ მრავალგვაროვნად იწვდის თავის ძლიერ მარჯვენას. სიმართლით მიმგებელმან, და არცთუ სახიერების გარეშე, სიუხვითა თვისითა დე მომანიჭოს მე თავისი მოწყალების საგანძურიდან.

 

რაკი ამ მხარეში შეუძლებელია შებღალული შევიდე, მაშ, ნება მომეცი მისი ზღუდის სიახლოვეს მის ჩრდილქვეშ დავბანაკდე, რამდენადაც სამოთხე ტაბლას გავს, მოწყალებისა გამო დე ნება მომეცი, თუნდაც სამოთხის გარეთ, ვიგემო მის ნაყოფთაგან, რათა აღსრულდეს ჩემზე თქმული: ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა (მათე 15,27).

 

დამასახლე მე ამ ბაღნარის ზღუდის შორიახლოს, რათა მას შინა დავანებულთა მეზობლად ვიყო. ვის ძალუძს ერთდროულად ნეტარებასაც უჭვრეტდეს და ტანჯვასაც, - თვალწინ გეენიაც ჰქონდეს და ედემ-ბაღიც? ედემის ბინადართა გვირგვინი მიჩვენებს ჩემი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო უკუნში ჩაცვევნილთა ტანჯვები გულის-ხმაში მომიყვანს, რამდენად მოწყალე ხარ შენ ჩემდამი.

 

როდესაც უკან მოვიტოვე სამოთხის სანახები და დედამიწას მოვუახლოვდი, რომელიც ეკალსა და კუროსთავს აღმოაცენებს, შემომეფეთნენ სნეულებანი და ყოველგვარი ტანჯვა-ვაება. და დავინახე, რომ ჩვენი ქვეყანა საპყრობილეა, რომ ჩემს თვალწინ დატყვევებულნი არიან.

 

როდესაც უფალმა განასრულა ადამის შექმნა, აიყვანა და იგი სამოთხეში დაამკვიდრა. არც სულს უსხეულოდ და არც სხეულს უსულოდ არ შეეძლოთ იქ შესვლა. ერთად შევიდნენ ისინი, სუფთანი და სრულყოფილები, და ეგრეთვე გამოვიდნენ, ქცეულნი არაწმინდად. და ეს გვიჩვენებს, რომ აღდგომის დღეს ერთადვე შევლენ სამოთხეში.

 

 

ნეტარების სხვადასხვა ხარისხები

(წმინდა ბასილი დიდი)

 

რამდენადაც ზეციური მამის სახლში ადგილებ მრავალ არს (იოანე 14,2), და ახალსა სამკვიდრებელსა ქვეყანასა, რომელსაც მშვიდნი დაიმკვიდრებენ (მათე 5,5) სხვადასხვა სვეა განსაზღვრული; ცხადია, რომ ერთნი ღვთიური გამოცხადების სინათლეში განისვენებენ, მეორენი – ზეციურ ძალთა საფარველქვეშ, ხოლო მესამეთ კი სინათლის დიდება დაჰფარავთ კვამლივით. ან, შესაძლოა, თავად სიონს გამოუჩნდეს ნათელი, ხოლო სიონის ირგვლივ მათ დღეთა შინა ღრუბელი გამობრწყინდეს არა რაიმე სხვისაგან, გარნა თავად სინათლისაგან. როგორც კვამლი ცეცხლისგანაა, ასევე ეს ღრუბელიც თვით სინათლისგან წარმოსდგება. მის ქვეშ დავანებულნი უდიდესი დიდებისგან ტკბებიან, ვითარცა თავად ღრუბლისგან გაცისკროვნებულნი, რომელიც პაპანაქების დროს მათ თავთა ზედაა გადაშლილი და თავისი ჩრდილით სასიამოვნო სიგრილე მოაქვს მათთვის, ხოლო სასტიკი წვიმების დროს იფარავს მათგან, თავისი სიხშოებით არ ატარებს წვიმას.