ღვთის მადლით, ბევრმა წმინდანმა, სიცოცხლეში ან სიკვდილის წინ იხილა სამოთხე. ასე მაგალითად, ღირსმოწამე ევდოკია მოუთხრობდა ბერ გერმანეს, რომელმაც ჭეშმარიტ რწმენას აზიარა იგი: ერთმა ნათლითმოსილმა ჭაბუკმა, რომელიც მას გამოეცხადა, ხელი მოჰკიდა და ჰაერში აღამაღლა და როდესაც ისინი ზეცას მიუახლოვდნენ, ანგელოსები მიეგებნენ მათ.
ანგელოსმა სამოთხე უჩვენა, ასევე, წმინდა მოწამე გოლინდუხსაც (ნათლისღებით მარიამს).
იმ სავანის იღუმენთან, სადაც მამაკაცურად გადაცმული ნეტარი თეოდორა ცხოვრობდა, ორი ნათლით მოსილი ჭაბუკი მოვიდა, რომელთაც იღუმენი ზეცად აამაღლეს, შეიყვანეს სამოთხეში, უჩვენეს პალატი და ოქროს სავარძელი და უთხრეს: ეს ყველაფერი შენი მოლოზანი თეოდორასათვის არის განმზადებული, რომელიც ერთი მხოლოდ სამოსელითაა მამაკაცი, ხოლო ბუნებით კი დედაკაცი.
ღირსმა მატრონამ სიკვდილის წინ იხილა, რომ ერთ მშვენიერ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც უამრავი მცენარე იზრდებოდა, სუფთა წყლები მოედინებოდა, ულამაზესი ჩიტები საამურად გალობდნენ, – და იმდენად საამური ადგილი იყო, რომ აღწერაც კი შეუძლებელია. ეს იყო ღვთიური სამოთხე! იქ მან ნახა კეთილსახიერნი დედანი, რომლებიც მატრონას უმშვენიერეს პალატზე მოუთხრობდნენ და ეტყოდნენ: „მატრონა! ეს შენი სახლია, შენთვის ღვთის მიერ გამზადებული; მოვედ და დაემკვიდრე!“
აი, სამოთხისეულ სავანეთა კიდევ ერთი აღწერილობა, რომელსაც ღირსთა ვარლაამ და იოსაფატის ცხოვრებაში ვკითხულობთ. ერთ-ერთმა მოღვაწემ, რომელიც ღირსი გახდა ამ წმინდანებისთვის განკუთვნილი სავანის ხილვისა, ასე აღგვიწერა იგი. მან იხილა უზარმაზარი ველი, მორთული მშვენიერი და კეთილსურნელოვანი ყვავილებით. „წინ გადამეშალა მრავალფერი უმშვენიერესი ბაღი, დახუნძლული საკვირველი და უცნაური ნაყოფით, რომელიც თვალს ატკბობდა, ხოლო გემოთი გულისსათქმელი იყო, ნელ სიოზე ფოთლები მხიარულად შრიალებდნენ და ენით აუწერელ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. ამ ხეებქვეშ პატიოსანი თვლებითა და ძვირფასი მარგალიტებით შემკული სუფთა ოქროს საყდრები იდგა, სინათლითმოსილი, ირგვლივ დიდებულ სხივებს აფრქვევდა; ოქროს საყდრებზე კი ფერად-ფერადი საფარებლები იყო დაფენილი; მათი სიკეთე და კეთილსახიერება ყოველგვარ შედარებას აღემატებოდა; საყდართა შორის კამკამა და თვალისდამატკბობელი წყლები ჩამოედინებოდა. წმინდა ვარლაამ და იოსაფატმა გამატარეს ამ დიდებულსა და საკვირველ ველზე და შეუდარებელი სინათლით მოელვარე ქალაქში შემიყვანეს, რომელსაც ოქროს კედლები ჰქონდა, ძვირფასი თვლებით შემკული, როგორიც არავის უხილავს: სვეტები და კარიბჭე ერთიანად მძივებისგან იყო აგებული და ვინ გამოსთქვამს ქალაქისა ამის სიკეთესა და სინათლეს? სინათლე ზევიდან ნათელი სხივებით ეფინება შუკებს და რომელიღაც ნათელი ფრთოსანი მხედრები მიმოდიან ქალაქში და უტკბილეს საგალობლებს გალობენ, რომელიც ადამიანის ყურს არ სმენია და მომესმა ხმა, რომელიც ამბობდა: ესე არს მართალთა განსასვენებელი, ესე არს თვისი ცხოვრებით უფლის სათნო-მყოფელთა მხიარულება.
წმინდა ანდრია, ქრისტესთვის სულელი, იმდენად სათნო-ეყო ღმერთს, რომ პავლე მოციქულივით სიცოცხლეშივე იქნა აღტაცებული მესამე ცაში და იქ ესმა ენითგამოუთქმელი სიტყვანი და იხილა უხილავი. ამის თაობაზე მან თავად მოუთხრო თავის ერთგულ მეგობარს – ნიკოფორე პრესვიტერს.
ზამთარი იდგა, კონსტანტინეპოლში ძლიერ ყინავდა. ხვავრიელად თოვდა და ჩრდილოეთის ქარი უბერავდა, იმდენად ძლიერი, რომ ხეებს ამტვრევდა.
არ ჰქონდა რა ანდრიას არც სამოსელი და არც თავშესაფარი, ძლიერ იტანჯებოდა.
მცირე ხნით, გლახაკთა ჭერქვეშ თავშესაფარს რომ ეძებდა, ისინი ქოფაკივით ჯოხის ცემით აძევებდნენ.
– წადი აქედან, – მიჰყვიროდნენ, – წადი, ქოფაკო.
და არ იცოდა რა ანდრიამ, საით წასულიყო, თავის თავს უთხრა:
– კურთხეულ-არს ღმერთი. თუკი მე ეს ყინვა მომკლავს, მოვკვდები მისდამი სიყვარულით. მაგრამ ძლიერ არს ღმერთი და ამგვარ ყინვაშიც მომათმენინებს.
გზად, ერთ-ერთი ქუჩის მოსახვევში, ანდრიამ მწოლიარე ძაღლი შეამჩნია, გვერდზე მიუწვა, რათა გამთბარიყო. მაგრამ ძაღლი იქაურობას გაეცალა.
– ჰოჲ, რამდენად ცოდვილი ვარ, – თქვა თვალაცრემლებულმა ანდრიამ, – არათუ ადამიანებს, ძაღლსაც კი ვძაგვარ!
თავის უდიდეს სიმდაბლეში იგი სულისა თვისისა სილამაზეს ვერ ხედავდა და თავი ცოდვილად მიაჩნდა მაშინ, როცა ღმერთი გამოსცდიდა მას.
იწვა სიცივისგან გალურჯებული ანდრია და ფიქრობდა რა რომ მოკვდებოდა, ლოცვა იწყო.
მოულოდნელად რაღაც სითბო იგრძნო, თვალები გაახილა და უჩვეულო სილამაზის ჭაბუკი იხილა, სახე მზესავით რომ უბრწყინავდა. ხელთ ტოტი ეპყრა, რომელზეც სხვადასხვაფერი ყვავილი ჰყვაოდა. ჭაბუკმა ანდრიას შეხედა და დაეკითხა: სად ხარ, ანდრია?
– მე, – უპასუხა ანდრიამ, – წყვდიადსა და სიკვდილის აჩრდილებში ვარ.
ჭაბუკი ოდნავ შეეხო სახეზე სალოსს აყვავებული ტოტით და ჩაილაპარაკა:
– მიიღე გამოცოცხლება შენს სხეულში!
და ანდრიამ ყვავილთა კეთილსურნელება შეიგრძნო, რომელმაც მის გულში შეაღწია, გაათბო და განაცხოველა მთელი მისი სხეული.
შემდეგ ხმა ესმა, რომელიც იტყოდა:
– წაიყვანეთ იგი, დე ერთხანს ნუგეში მიიღოს იქ, ხოლო შემდეგ კი უკან დააბრუნეთ.
ამ სიტყვებთან ერთად ანდრია უტკბეს სიზმარში ჩაეფლო და იგი ენითგამოუთქმელ ღვთიურ გამოცხადებებს სჭვრეტდა, რაც დაწვრილებით მოუთხრო ნიკიფორეს.
– რა იყო ჩემს თავს, არ ვიცი, – უყვებოდა ანდრია მეგობარს. – კაცი რომ მთელ ღამეს ტკბილ სიზმრებში გაატარებს და დილით წამოდგება, ისე ვიყავი მეც ორი კვირის განმავლობაში ტკბილ ხილვებში, ღვთიური განგებულებით. ვხედავდი ჩემს თავს თითქოს მშვენიერსა და საკვირველ სამოთხეში, ვკვირობდი და ვფიქრობდი: „რა არის ეს? ვიცი, რომ კონსტანტინეპოლში ვცხოვრობ, აქ როგორღა მოვხვდი, არ ვიცი“.
– ვერ მივმხვდარიყავ, სხეულში ვიყავი თუ სხეულს გარეთ, ღმერთმა უწყის. მაგრამ საკუთარ თავს აუწერლად ნათელ სამოსში შემოსილს ვხედავდი, რომელიც თითქოს ელვისაგან იყო ნაქსოვი. ჩემს თავს ზემოთ ერთი უშველებელი ყვავილისგან დაწნული გვირგვინი იყო გაჩერებული, რომელსაც იმდენად მშვენიერი და განსაცვიფრებელი იერი ჰქონდა, რომ არ ძალმიძს ამის გადმოცემა. წელზე სამეფო სარტყელი მერტყა, დავყურებდი საკუთარ თავს და შევხაროდი იმ სილამაზეს, როგორაც მორთული ვიყავი.
გულითა და გონებით ვკვირობდი და მანცვიფრებდა ღვთიური სამოთხის გამოუთქმელი სახიერება. ნაზი სიხარული და უდიდესი სიტკბოება ავსებდა ჩემს გულს. ჩემი მიწიერი ტანჯვა-ვაება ხუნდებოდა და ქარწყლდებოდა, უთმობდა რა ადგილს ცხოველსმყოფელ ბედნიერებას, რომელიც ჩემს გულში დავანებულიყო, აევსო გული და სული და მთელი არსება მოეცვა. მთელი ჩემი უბედურებანი, კაცთაგან დამცირება და ლანძღვა-გინება, ყოველი წუხილი, სიმძიმილი და გაჭირვება ჩემი ცხოვრებისა, რომელიც მეტვირთა საკუთარ თავზე ქრისტესადმი სიყვარულით სალოსობაში – თითქოს ერთად იყრიდა თავს, ეხვეოდა შხამიანი გველივით, ხოლო შემდეგ სკდებოდა და აქეთ-იქით იფანტებოდა...
არაერთი ბაღნარი ვიხილე... მაღალ ხეთა კენწეროები ირხეოდა და მათი რწევა იყო საკვირველი და თვალის გასახარი. მათი ტოტებიდან კეთილსურნელება იფრქვეოდა და სუფთა, მოკამკამე ჰაერს ეფინებოდა...
ამ ხეთაგან ზოგიერთი მარადიულად ყვაოდა, სხვები ოქროსფერ ფოთლებით შემოსილიყვნენ, ხოლო ზოგიერთი ენითუთქმელი სილამაზის ნაყოფით დახუნძლულიყო.
ნაყოფი ესე მრავალგვარი იყო და არ წააგავდა არცერთ მიწიერ ნაყოფს და იმ ხეთა სილამაზეს ვერანაირი მიწიერი ხე ვერ შეედრება.
იმა ბაღებში აურაცხელი ფრინველი იყო; ზოგიერთ მათგანს ოქროსავით უელავდა ფრთები, ზოგიერთი თოვლივით თეთრი იყო, ხოლო ზოგიერთი მრავალფერი ჭრელი ბუმბულით იყო შემკობილი. ისინი სამოთხის ხეთა ტოტებზე ისხდნენ და ისე საუცხოოდ და დამატკბობლად გალობდნენ, რომ მათი დამათრობელი სტვენისგან თავდავიწყებაში ჩავვარდი: ასე დამტკბარიყო გული ჩემი.
ასე მეჩვენებოდა, რომ მათი გალობა ზეციურ თავანებს სწვდებოდა. მშვენიერი ესე ბაღები გვერდი-გვერდ იდგნენ, როგორც სამხედრო განწესება განწესების წინაშე. მათ შორის მიმოვდიოდი და ასე მეჩვენებოდა, ჩემს ყოველ ამოსუნთქვაში უდიდესი სიხარული თრთოდა, ერთიანად თავისუფლების ფრთებს მასხამდა და უსაზღვრო კმაყოფილებით მავსებდა.
თვალუწვდენელი დაბლობები გადაჭიმულიყო, მათ ხშირი ბალახი ანათებდა, ყვავილები კი მზის ნაირფერ სხივებს წააგავდა. ყვავილთა შორის ლამაზი ნადირი დარბოდა. ზოგი თეთრი იყო, ზოგი – ცისფერი, სხვები კი თითქოს განთიადის ვარდისფერი ნათებით შემოსილნი. ყველა მათგანი მშვიდი, მხიარული და ალერსიანი იყო. რომელიღაც დახვეწილი, უაღრესად სასიამოვნო ბგერები, რომელსაც ერთმანეთს გადასძახებდნენ, ყოველგვარ მიწიერ მუსიკას აღემატებოდა. ვერ ვიგებდი მატყლი თუ წვრილი აბრეშუმის მკედი წარმოადგენდა მათ სამოსს.
გულისაჩუყება, როგორც დამატკბობელი სასმელი, შეეზავა ჩუმად გულს და მე ქება შევწირე უფალს.
იქ მე ვეებერთელა მდინარე ვიხილე, რომელიც ბაღებს ჩაუდიოდა და რწყავდა. მდინარის აქეთ-იქით ნაპირზე ყურძნის ზვრები გადაჭიმულიყო... ვაზის ფოთლები და ტევნები ოქროს წააგავდა და სამოთხის სინათლე საკვირველად ირეკლებოდა მასში...
ოთხივ კუთხიდან ნელი და კეთილსურნელი ქარები ქროდა; მათი მობერვა ბაღებს არხევდა და ისინიც თავის ფოთლებით უჩვეულო ხმას გამოსცემდნენ. მათი შრიალი გულს ისეთი სიხარულის მომგვრელი, სიცოცხლის ამათრთოლებელი სიმშვიდით ავსებდა, რაზეც ადამიანებს, დედამიწაზე, წარმოდგენაც კი არა აქვთ.
უცებ ძრწოლამ შემიპყრო და მომეჩვენა, რომ ცის თაღზე ვდგავარ. მეწამულით შემოსილი ჭაბუკი, მზეებრი სახით წინ მიმიძღოდა. ვიფიქრე, ეს ის ჭაბუკი იყო, სახეზე რომ შემეხო აყვავებული ტოტით.
უკან მივყვებოდი და ვიხილე ცისარტყელის მსგავსი მშვენიერი ჯვარი. მის ირგვლივ ცეცხლთვალება მგალობლები იდგნენ. ისინი რომელიღაც ჩვენთვის უცნობ საგალობელს გალობდნენ. მივხვდი, უფრო სწორად კი ვიგრძენი გულით, რომ ისინი ჯვარზე გაკრულ უფალს ადიდებდნენ. ჭაბუკი, რომელიც მიმიძღოდა, ჯვარს მიუახლოვდა, ეამბორა და მეც მომიხმო ჯვარზე სამთხვევად. თრთოლვითა და სიხარულით პატიოსანი ჯვრის წინაშე დავემხე და მთელი გულით ვეამბორე.
ვემთხვეოდი რა ჯვარს, გამოუთქმელი სიტკბოებით აღვივსებოდი, იგი მკვებავდა მე და ჩემში უსაზღვრო სულიერი ძალა ვიგრძენი.
ჯვარს რომ ჩავუარეთ, ქვევით გადავიხედე და უფსკრული ზღვისა დავინახე. მომეჩვენა, რომ ჰაერზე მივაბიჯებ, შემეშინდა და ჩემს წინამძღოლს შევძახე:
– მეშინია, უფსკრულში არ ჩავვარდე.
მან მომმართა:
– ნუ შიშობ, უფრო ზევით უნდა ავიდეთ.
ხელი გამომიწოდა და როდესაც მოვეჭიდე, ჩვენ მეორე ცის განფენილებაზე ვიდექით. იქაც ვიხილე კაცნი საკვირველნი და სიმშვიდე მათი და სიხარული დღესასწაულისა მათისა, გამოუთქმელია ადამიანური ენით.
შემდეგ ჩვენ რომელიღაც უცნაურ ალში შევედით, რომელიც არ გვწვავდა, არამედ მხოლოდ გვანათებდა. ძრწოლამ შემიპყრო და ჩემმა წინამძღოლმა ამჯერად ხელი გამომიწოდა, მთქმელმან ამისმან:
– გვიხმს, კიდევ უფრო ზევით ავიდეთ.
და მაშინვე მესამე ცას ზევიდან მოვექეცით.
იქ მე ვიხილე და მესმა აურაცხელ ზეციურ ძალთა გალობა, ღმერთს რომ განადიდებდნენ.
რომელიღაც კრეტსაბმელს მივუახლოვდით, ელვასავით მოციაგეს. მის წინაშე საზარელი ჭაბუკები იდგნენ; ფრიად მაღალნი, იერით ცეცხლის ალს ჰგავდნენ. მზეზე უფრო მეტად ბრწყინავდნენ და ხელთ ცეცხლოვანი იარაღი ეპყრათ.
აქ კეთილმოკრძალებით იდგა უთვალავი ზეციური მხედრობა. ჩემმა წინამძღოლმა მითხრა: როდესაც კრეტსაბმელი გადაიხსნება, ქრისტე მეუფეს იხილავ, თაყვანი-ეცი მისი დიდების საყდარს.
ამის გამგონე ვთრთოდი და ვხარობდი. ძრწოლამა და გამოუთქმელმა სიხარულმა მომიცვა. ვიდექი და ვუცქერდი, როდის გაიხსნებოდა კრეტსაბმელი.
და აი, როდესაც უხილავმა ხელმა გადახსნა კრეტსაბმელი, ვიხილე უფალი ჩემი, როგორც ერთ დროს წინასწარმტყველმა ისაიამ, მჯდომარე მაღალსა და ზესთა ამაღლებულ საყდარზე და სერაბინნი გარემოს მისა. მეწამულ სამოსში იყო შემოსილი. სინათლე ეფინებოდა მისი სახიდან, ხოლო თვალნი მისნი სიყვარულით მიმზერდნენ. დავემხვე მის წინაშე, თაყვანივეცი სხივმფინარესა და საშინელსა საყდარსა დიდებისა მისისა.
თუ როგორმა სიხარულმა მომიცვა და აღმავსო, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ახლაც კი, როდესაც ვიგონებ იმ ხილვას, ენით გამოუთქმელი სიტკბოებით ვივსები.
თრთოლვით ვიყავი დამხობილი ჩემი მეუფის წინაშე და ვკვირობდი მის ასეთ გულმოწყალებას, რომ მე ასეთ ცოდვილსა და არაწმინდა ადამიანს უფლება მომცა მივახლოვებოდი და მეხილა მისი ღვთაებრივი მშვენიერება.
ლმობიერებით აღვსილი, ვფიქრობდი ჩემს უღირსებაზე და მჭვრეტელი მეუფის დიდებისა, გულში ვამბობდი წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვებს: „ჰოჲ, საცოდავო თავო ჩემო! როგორ მოხდა, რომ ადამიანი და ისიც არაწმინდა ბაგეების მქონე, ღირსი გავხდი საკუთარი თვალით მეხილა უფალი ჩემი“.
მე გავიგონე, რომ შემოქმედმან ჩემმან მოწყალემან თავისი უტკბესი და უწმინდესი ბაგეებით სამი ღვთაებრივი სიტყვა მითხრა მე.
სიტყვათა ამათ იმდენად დაატკბეს გული ჩემი და აღანთეს იგი სიყვარულით, რომ ამ სულიერი მხურვალებისაგან ერთიანად დავსდნებოდი, ვითარცა ცვილი. და აღსრულდა ჩემზე თქმული დავითისაგან: იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცვილი დამდნარი შუა მუცელსა ჩემსა.
ამის შემდეგ ზეციურმა მხედრობამ იგალობა საგალობელი საკვირველი და გამოუთქმელი, რომლის დასასრულ – არ ვიცი როგორ – მე კვლავ სამოთხეში აღმოვჩნდი. მიმოვდიოდი სამოთხეში და ვფიქრობდი, რად არ ვიხილე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. და აი, დავინახე რომელიღაც ღრუბელივით ნათელი კაცი* , რომელსაც ჯვარი მოჰქონდა და მითხრა:
– შენ გსურდა, აქ ზეციურ ძალთა ყოვლადუნათლესი დედუფალი გეხილა, მაგრამ ის ამჟამად აქ არაა. იგი მრავალვნებულ ქვეყანაში წაბრძანდა კაცთა შეწევნისა და ნუგეშინის-ცემისათვის. გიჩვენებდი მის წმინდა ადგილს, მაგრამ დრო აღარაა. იქ უნდა დაბრუნდე, მეუფის ბრძანებისაებრ, საიდანაც მოხვედი.
როდესაც ის ლაპარაკობდა, მეჩვენებოდა, რომ ტკბილად დამეძინა. გამოღვიძებული ისევ აქ აღმოვჩნდი – ქუჩის კუთხეში, სადაც უწინ ვიწექი. განცვიფრებული ვიყავი ნანახით. გული ჩემი გამოუთქმელი სიხარულით აღვსილი შევიგრძენი და ჩემს მეუფეს ვმადლობდი, ასეთი მადლის ღირსი რომ გამხადა.ყოველივე ეს წმინდა ანდრიამ თავის მეგობარს მამა ნიკოფორეს მოუთხრო და სიტყვა ჩამოართვა, რომ ვიდრე ის ცოცხალი იქნებოდა, არავისთვის გაემხილა მოსმენილი.
მამა ნიკიფორე ევედრებოდა, რომ უფლის მიერ თქმული სამი სიტყვიდან ერთი მაინც ეთქვა, მაგრამ ანდრიამ არ ისურვა ამ საიდუმლოების გამჟღავნება. მან ისეთი სიკეთე და სილამაზე იხილა, მოკვდავის თვალს რომ არ უხილავს და ესმა ის, რაც მის ყურს არ მისწვდომია და დატკბა იმგვარი სიკეთეებით, რაც ადამიანის გულში არ მოსულა.
როდესაც წმინდა მოწამე პერპეტუამ ზურგი აქცია კერპთმსახურების უკეთურებას, ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო, მაშინ მას ასეთი გამოცხადება ჰქონდა: ოქროს კიბე იხილა, რომელიც მიწიდან ზეცას აღმართულიყო; მის მარჯვნივ და მარცხნივ დანები, სამართებლები, შუბები, ჩანგლები, სამსჭვალნი და წამების სხვა იარაღები ელაგა; კიბის ქვეშ კი, პირველ საფეხურთან, უზარმაზარი გველი გაწოლილიყო, რომელიც არავის აძლევდა ზევით ასვლის საშუალებას. მაგრამ აი, პერპეტუასთან ერთად მონათლული ერთი ჭაბუკი – სატირი – გამოჩნდა, რომელმაც არაფრად ჩააგდო გველი და კიბეზე თამამად იწყო ასვლა და როდესაც უკანასკნელ საფეხურზე შედგა ფეხი, პერპეტუას გადმოსძახა: „პერპეტუა, გელოდები; მაგრამ ფრთხილად იყავი, გველმა არ დაგგესლოს“. პერპეტუამ ასძახა: „უფლისა ჩემისა იესუ ქრისტეს მინდობით გველისა არ მეშინია!“ ამ სიტყვებზე იგი უშიშრად დაადგა თავზე გველს და შემდეგ კიბეზე იწყო ასვლა. როდესაც კიბეს თავზე მოექცა, თვალწინ სამოთხის მშვენიერი სანახები გადაეშალა და მასში ურიცხვი ადამიანი იხილა. ამით განსრულდა ხილვა, რამაც პერპეტუა დაარწმუნა, რომ მიწაზე მას ერთი მხოლოდ ტანჯვა და მწუხარება ელოდა. მართლაც ასე მოხდა, რამეთუ თავდაპირველად მან ბორკილები და საპყრობილე დაითმინა, შემდეგ – მოწამეობრივი სიკვდილი ქრისტესთვის.
IX საუკუნეში ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა წმინდა ეფროსინე, რომელიც მონასტერში ტრაპეზარის მორჩილებას ასრულებდა. დაუღალავად შრომობდა საძმოსთვის სატრაპეზოში, გულში კი ღვთისადმი სიყვარულით იწვოდა. ძმათაგან ბევრ დაცინვასა და შეურაცხყოფას გაუბოროტებლად და სულგრძელებით იტანდა. ამგვარ ყოფაში მის გულს ერთადერთი ანუგეშებდა ღვთისადმი სიყვარული, რომელიც მას სიხარულსა და სიმშვიდეს ანიჭებდა.
დიდხანს ცხოვრობდა ეფროსინე აბუჩად აგდებული და მოძულებული, როგორც უვარგისი ადამიანი. არავის აზრადაც არ მოსვლია სხვა თვალით შეეხედა მისთვის, ერთხელ მაინც დაფიქრებულიყო მის ცხოვრებაზე. ცხოვრობდა კი იგი, როგორც წმინდანი, სათნოებათა მიერ ღვთის სათნომყოფელი და მსახური მისი. სწავლებისაებრ მაცხოვრისა, თავის ღვაწლსა და ქველ საქმეებს კაცთაგან ჰფარავდა. ცხოვრობდა თავის შინაგან, სულიერ სამყაროში – მშვიდი, შეურაცხმყოფელთა თვისთა მოყვარული და სულგრძელად მიმტევებელი, მლოცველი მტრებისთვის და მაკურთხეველი მდევართა და მაწყევართა.
გვიან ღამით, როდესაც ძმები დაიძინებდნენ და თავადაც მსახურებას მორჩებოდა სატრაპეზოში, დაღლილ-დაქანცული, ხშირად მშიერიც, ბუხართან მიჯდებოდა და ნაკვერცხლებს მიშტერებული თავის თავს ეუბნებოდა: „ჰოჲ, საცოდავო ეფროსინე, ამ მონასტერში ყველა ცხონდება; მხოლოდ შენ ერთი წარწყმდები და დაიწვები გეენიის ცეცხლში“.
გადიოდა წლები და მონასტერში არც არავის სურდა მიმხვდარიყო, რომ მათ შორის ცხოვრობდა ადამიანი, რომლის ღირსიც არ იყო მთელი მონასტერი.
ამგვარი ცხოვრებით ეფროსინემ დიდ სიწმინდეს მიაღწია: ღმერთი ანუგეშებდა მას და ამ აუტანელ მიწიერ ცხოვრებაში სიხარულს ანიჭებდა. უფალი მას ანგელოსებს უგზავნიდა, რომელთაც სამოთხის სიტკბოებაში აჰყავდათ.
დროდადრო უფალი მას სამოთხეში აიტაცებდა ხოლმე, რათა ერთხანს განესვენა მძიმე შრომათაგან და ეგემა იქ ზეციური, გამოუთქმელი ტკბობა და ამ განცდის გულში დიდხანს დამმარხველს დაეთმინა თავისი ცხოვრება.
ეფროსინესთან ერთად მონასტერში ცხოვრობდა მისი თანამემამულე ამორეველთა ქალაქიდან – პრესვიტერი ვლასი.
ვლასი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა და ეფროსინესთვის არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა. მხოლოდ ის ერთი ცდილობდა, ჩაეხედა ეფროსინეს გულის სიღრმეში, სადაც მას სათნოებები ეგულებოდა.
ერთხელაც მამა ვლასი დიდხანს ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, ეჩვენებინა მისთვის, თუ ვინ იყო მის წინაშე ეს ფარული სათნომყოფელი.
და აი, უფალმაც სათნო-იჩინა განედიდებინა ეფროსინე, რომელსაც წლების განმავლობაში ამაოდ იგდებდნენ აბუჩად.
ლოცვის დროს მოულოდნელად, ისე რომ თავადაც ვერ გაერკვა როგორ, ვლასი სამოთხეში იქნა ატაცებული.
ანგელოსს იგი საკვირველ ბაღნარში დაჰყავდა, სადაც მან ეფროსინე ტრაპეზარს მოჰკრა თვალი. ვლასი დიდხანს იდგა განცვიფრებული და შესცქეროდა მას, ბოლოს დაეკითხა:
– ეფროსინე ხარ შენ, ჩვენი მონასტრის ტრაპეზარი?
– დიახ, – მამაო, – უპასუხა ეფროსინემ.
მაშინ პრესვიტერი ვლასი კვლავ დაეკითხა:
– გევედრები, მითხარი, როგორ მოვხვდი მე აქ ცოდვილი და უხმარი, ამ სიხარულისა და სინათლის სავანეში, ან შენ თავად რა გზით მოსულხარ აქ?
– შენ ლოცულობდი, მამაო, – მშვიდად და უბრალოდ მიუგო ეფროსინემ, – და უფალმაც აგისრულა სათხოვარი.
ამ დროს განსაცვიფრებელმა კეთილსურნელებამ მიიპყრო პრესვიტერის ყურადღება. მან იქით გაიხედა, საიდანაც სურნელება მოდიოდა და დაინახა რაღაც უჩვეულო ნაყოფი.
ადამიანმა ზეცის ენა არ იცის და ამიტომაც არ ძალუძს სამოთხისეული საგნები მათი სახელებით გამოთქვას. სჭვრეტს რა მისთვის უცნობ საგნებს, უჭირს მათი სახელები გრძნობისმიერი ენით გადმოსცეს და მხოლოდ ერთგვარი მიმსგავსებით ცდილობს მიგვახვედროს მათ.
ასე დაემართა ვლასისაც, უჭვრეტდა რა მისთვის უცნობ ნაყოფს და არ იცოდა როგორ მოეხსენებინა. ადამიანურად იფიქრა, რომ ეს სამოთხის ვაშლები იყო.
ეს ვაშლები, თითქოს ერთიანად, გამჭოლ ბრწყინავდნენ, აუხსნელ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ ირგვლივ და მათი მზერა თვალს ატყვევებდა, გემო იზიდავდა, როგორც უნაკლო, ცხოვრებისეული საზრდელი.
– ვისია ეს ვაშლები? – ჰკითხა ვლასიმ, არ იცოდა რა, როგორ ეწოდებინა ნაყოფისთვის.
– ჩემია, ღვთის მადლით, – უპასუხა ეფროსინემ.
– შეგიძლია, ერთი ვაშლიდან მცირეოდენი მაინც მიწილადო? – შესთხოვა მამა ვლასიმ.
– აიღე, უთხრა ეფროსინემ, – ჩემი ღვთის სახიერებით გაძლევ შენ. და ეფროსინემ სამი ვაშლი მოწყვიტა ტოტიდან და ხელში ჩაუდო ვლასის...
განთიადმა შემოანათა მონასტერში.
შავსამოსიანი ბერები სარეცელს ეთხოვებოდნენ... სარეკელსაც შემოჰკრეს... და ეს უბრალო, გულშიჩამწვდომი ბგერები, როგორც წმინდა ოცნება, ოდნავ განათებულ არე-მარეს მიმოეფინა...
მამა ვლასიმ გამოიღვიძა... ისეთი სიტკბოებით სუნთქავდა, გული იმგვარი სიხარულით უფეთქავდა, რაც უწინ არასოდეს განუცდია. ხელებზე დაიხედა და დაინახა ხელსახოცში გახვეული სამოთხის ნაყოფი.
ვლასი წამოვარდა თავისი უხეში ტახტიდან, მარცხენა ხელში ხელსახოცში გახვეული ვაშლები ეჭირა, მარჯვენათი კი რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი. სენაკში სიარულს მოჰყვა. გულში სიხარულს გრძნობდა, აღფრთოვანებისგან სუნთქვა ეკვროდა... ყურში სარეკელის ხმა ჩაესმოდა და სახეზე განთიადის სხივები ეფინებოდა... იგი შეჩერდა და დიდხანს ათვალიერებდა ზეციურ ნაყოფს... ისინი კი ცისფერი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ.
– ეს ვაშლებია და, იმავ დროს, არც არის, – ფიქრობდა ნაყოფს მიშტერებული ვლასი.
იგი ვაშლებს ხელში იღებდა, თითქოს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ცხადი იყო და არა სიზმარი... მაგრამ ნათელი და შეუდარებელი რეალობის წინაშე იდგა მამა ვლასი და აიძულებდა მოვლენის თვალსაჩინოებაში დარწმუნებულიყო. სამოთხის ვაშლები ეწყო ხელებზე მშვენიერი, კეთილსურნელოვანი და დღის სინათლე, როგორც ღამის ბურუსი, იკარგებოდა მის სხივმფინარე გამონათების წინაშე...
უეჭველმა სინამდვილემ უბიძგა ვლასის, სამოთხის ვაშლებით ხელში, ეკლესიისთვის მიემართა.
ტაძარი ცარიელი იყო, საძმო ცისკრის ლოცვაზე ჯერაც არ შემოკრებილიყო. თუმცა კანდელები მოხუც მნათეს უკვე აენთო და მათი ნათება გარიჟრაჟის სინათლეზე ციაგებდა... მამა ვლასი შუა ტაძარში შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა. ეფროსინე უკვე მოვიდა და პრესვიტერმაც თვალი ჰკიდა მას. იგი მიეჭრა ეფროსინეს და აღელვებული ხმით დაეკითხა:
– შენ იყავი ღვთის სამოთხეში და შენ მიბოძე ეს ვაშლები?
– დიახ, მამაო, – თავმდაბლად უპასუხა ეფროსინემ, – მე მოგეცი ვაშლები ღვთიური სიუხვიდან. მაგრამ მომიტევე, მამაო, მე ცოდვილი ვარ და ვსაჭიროებ ღვთიურ წყალობას.
ეფროსინემ თაყვანი-სცა პრესვიტერს და ვიდრე იგი განძრევას მოასწრებდა მეყვსეულად გაუჩინარდა ეკლესიიდან.
ვლასი იღუმენს ეახლა სამოთხის ვაშლებით და ყოველივე მოახსენა. იღუმენმა ბერებს უხმო და უამბო, რაც ვლასისგან ესმა, თანაც დასამოწმებლად ამ საკვირველ ვაშლებს უჩვენებდა. განცვიფრებული და ლმობიერებით მოცული საძმო თვალს ვერ სწყვეტდა ამ მშვენიერებას და ყველამ ერთად იღუმენითურთ გადაწყვიტეს ეფროსინესთან მისულიყვნენ, შენდობა ეთხოვათ ყოველგვარი წყენისა და შეურაცხყოფისათვის და პატივი მიეგოთ, როგორც უდიდესი მოღვაწისთვის. მაგრამ ეფროსინე იქიდან გადაიხვეწა და ვერსად იპოვეს, ვერც მონასტერში და ვერც მთელს იმ არე-მარეში. წმინდანი უკვალოდ გაქრა და არავინ უწყის, სად გაატარა თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები და სად აღესრულა.
საძმო მწარედ ტიროდა, რომ ღვთის სათნო ადამიანს ესოდენი წყენა და შეურაცხყოფა მიაყენეს და მისგან შენდობის ღირსიც კი ვერ გახდნენ. მათდა ნუგეშად მამა ვლასიმ უთხრა:
– ევედრეთ უფალს თქვენთა ცოდვათა მოსატევებლად და იგი, კაცთმოყვარე, სათნომყოფელი ეფროსინესთვის, შეგინდობთ და თავად წმინდანიც მოგიტევებთ.
– ისწავეთ მისგან, – იგი სიყვარულის ღმერთის მიმბაძველია. თქვენ განიცადეთ საკუთარ თავზე მისი სიყვარული, როდესაც იგი თქვენს შეურაცხყოფასა და აბუჩად აგდებას უბოროტობითა და სიკეთით პასუხობდა და ყველაფერი მშვიდი დუმილით გადაჰქონდა! ახლა გამხნევდით მისი ღვაწლით, მისი თავმდაბლობით, რის გამოც გაუჩინარდა იგი, რათა კაცობრივ დიდებას განრიდებოდა! მის სათნოებებს მიჰბაძეთ, დაუტევეთ მტრობა, კამათი, წყენა, დაცინვა, იყვარებოდეთ ურთიერთას და თქვენც ღირსი გახდებით ზეციურ სიკეთეთა, რომელიც უფალმა უხვად დააფრქვია ეფროსინეს!
ბერები ტიროდნენ და აღთქმას იძლეოდნენ. შემდეგ მათ სამოთხის ვაშლები წვრილად დაჭრეს და როგორც ევლოგია თავადაც მიიღეს და მონასტერში მისულ მორწმუნეებსაც დაურიგეს და ვინც რა სნეულებით იყო შეპყრობილი, ერთბაშად განიკურნა.
ამ ნაყოფს წმინდა ძალა ჰქონდა: ავადმყოფები იკურნებოდნენ, ჯანმრთელნი სინათლით ივსებოდნენ, ყველა კი ერთად – ხარობდა.
ეფროსინე კი გაექცა ადამიანურ პატივსა და დიდებას.
რვა წლის ასაკში თეოდოსიას, მომავალში სქიმონაზონ მაკარიას, ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რამაც გავლენა იქონია მთელ მის მომავალ სვე-ბედზე. ერთხელ, ჩვეულებისაებრ, მან დაიძინა, მაგრამ მეორე დილით ვერაფრით შეძლეს მისი გაღვიძება და ჩათვალეს, რომ ბოლოსდაბოლოს უფალმა ისმინა მათი ლოცვა-ვედრება და თავისთან გაუხმო ყრმას (გოგონას ძლიერ აწუხებდა ფეხები, რის გამოც დამოუკიდებლად არ შეეძლო სიარული და ამით დიდ საზრუნავს უჩენდა ახლობლებს). მამამ გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც უთხრეს, რომ თუ თეოდოსია 14 დღის შემდეგ არ გაიღვიძებდა, მაშასადამე, მას კი არ დაუძინია, არამედ მომკვდარა. ამგვარად, ღვთის განსაკუთრებული განგებულებით, გოგონა არ დაუკრძალავთ და არც გაუკვეთიათ, მისი სხეული პროზექტურაში მიცვალებულთა გვერდით დატოვეს.
იმ დღეებში, როდესაც მისი გათოშილი და უსიცოცხლო სხეული გვამებს შორის ესვენა, სული ზესთასოფელში იმყოფებოდა. მფარველი ანგელოსი მას სამოთხის სავანებს ათვალიერებინებდა.
„სამოთხეში ყოველთვის თბილა, სულმუდამ მზეა, – ყვებოდა სქიმოსანი იმაზე, რაც თითქმის 60 წლის წინათ იხილა და რაც ჯერ კიდევ ცოცხლად შემორჩენოდა მის მეხსიერებას. იქ მზეც ისეთი არაა, არამედ დიდი – უშველებელი. იქ ყოველგვარი ყვავილია, ზეციურიც და ისეთიც, როგორიც დედამიწაზე ხარობს. ბალახი იქ მწვანეა, ლამაზი და ყველა ბილიკი თანაბარი და სუფთაა. ბაღები მშვენიერია და ვაშლი უტკბესი. ისინი ერთობ წითელია და თითქოს თაფლით ავსილი. ხეებზე ყველანაირი ჩიტები სხედან – პატარაცა და დიდიც. იფიქრებ, ადამიანები გალობენ, ამ დროს ხედავ, რომ ჩიტები არიან“.
როდესაც მის თანმხლებ ანგელოსს სურდა რაიმე ახალი ეჩვენებინა სამოთხეში, თეოდოსიას მხრებზე ისვამდა, უხსნიდა, საით უნდა გაფრენილიყვნენ. გოგონას პალატი უჩვენა, სადაც თავად ქრისტე ჰგიეს და სადაც სამოთხის ყველაზე დიდი სინათლეა. პალატს გარშემო მაღალი ზღუდე აკრავს. როდესაც მისი კარიბჭე იღებოდა, თითქოს ზარების რეკვა ისმოდა. ქრისტესთან ერთად ამ ზღუდის მიღმა მხოლოდ ყველაზე უფრო ახლობელი წმინდანები იყვნენ: ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი...
ანგელოსმა თეოდოსიას უზარმაზარი და თითქოს გამჭვირვალე ტაძარიც უჩვენა. „იქ ისეთი უშველებელი პალატი დგას, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამხელა სივრცეა, – ყვებოდა იგი, – რათა ყველა მართალმა შეძლოს ტაძარში მსახურებაზე შესვლა. ტაძრის საკურთხეველში კი ტრაპეზი დგას, მასზე ჯვარი და სახარებაა. ტრაპეზიდან წყალი მოედინება, მოვერცხლისფერო წყალი. ჩვენი, მიწიერი დროით, შუაღამის 11 საათზე ყველა სამღვდელო იკრიბება ტაძარში ქრისტეს თაოსნობით და ზეცაში უდიდესი საიდუმლოება აღესრულება. მღვდლები ისეთსავე შესამოსელში მსახურობენ, როგორშიაც დედამიწაზე. იმ ტაძარში ანგელოსი ბევრია და ყველა მსახურობს, ხელში სასაკმევლეებით. იმდენად ლამაზად და ხმამაღლა გალობენ, ამის გადმოცემაც კი შეუძლებელია“.
გოგონამ იკითხა:
– ამ ეკლესიაში რად არაა ხატები?
– ჩვენ რად გვინდა ხატები? – მოესმა პასუხად. – აქ ხომ ჩვენ ყველა ცოცხლები ვართ.
– ჩვენ როდისღა წავალთ ტაძარში მსახურებაზე? – მიუბრუნდა იგი მფარველ ანგელოსს.
– შენთვის ჯერ ადრეა. აი, მოხვალ მეორედ და სწორედ მაშინ წავალთ.
თავის ირგვლივ იგი უამრავ ანგელოსს ხედავდა თეთრ, ვარდისფერ, ყვითელ სამოსელში. ისინი როდესაც მოფრინდებოდნენ, ფრთებს კეცდნენ და სამოსელქვეშ მალავდნენ და ამის შემდეგ ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. „ხოლო მთავარანგელოსი მიქაელი ყველაზე მთავარია. საქმე აქვს მრისხანე, იერით კი არაა მრისხანე და უმეტესწილად წითელ სამოსელში დაიარება, – აგრძელებდა თავის მოთხრობას დედა მაკარია, – ის ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი, უყურებ და ცქერით ვერ ძღები. ისინი ყოველთვის სამნი არიან: მთავარანგელოსები მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი. სიმაღლით განსაკუთრებულად დიდები არ არიან. გრძელი, თითქოს აბრეშუმის სამოსელი მოსიათ, ნიავზე მოფრიალე. ყველა ისინი ხუჭუჭთმიანები არიან, თავებზე ზონრები არტყიათ, უკან გაკვანძული. ისინი მთავარ ეზოში მიმოდიან“.
მან მათზეც მოგვითხრო, ვინც თავიანთი მართალი ცხოვრების გამო ღირსი შეიქმნენ სამოთხეში ყოფნისა. „იქ ყველა ახალგაზრდაა, მხიარული, ლამაზი, მოხუცები არ არიან. დედა ღვთისა ერთხელ იტყვის, ვინ და რა სამოსელი უნდა შეკეროს. სამოსელზე მათ წარწერები აქვთ დიდი ასოებით: მარცხნივ – ზეციური წოდება, მარჯვნივ კი – სახელი“.
ჩვენ აქ მოუთმენელნი ვართ, იქ – ზეცაში კი – ერთი მხოლოდ სიხარული მოედინება. იმ მშვენიერებას ვერ შეადრი ჩვენს ცხოვრებას. ზეციურ სასუფეველში სავანეებია, როგორც ჩვენთან მონასტრები, ერთმანეთის მიყოლებითაა აგებული და იმდენია, ვერ დათვლი. ზარების რეკვა იქ არასოდეს წყდება. პატარა სახლებში ცხოვრობენ, რომელთაც თითქოს მინის ფანჯრები აქვთ, ოღონდ უჩარჩოოდ. ხალხი არ ვიცი რამდენია იქ, იმდენი შენობაა, გაივლი გაგიკვირდება. როგორი სინათლეა იქ, როგორი მშვენიერება.
ყველაზე მშვენიერი მათ შორის ღვთის დედაა. იგი ხან ცისფერ, ხან მუქ წითელ სამოსელშია შემოსილი. თეოდოსიასთან მოვიდა იგი და მასთან ერთად იყვნენ იოანე ნათლისმცემელი, ილია წინასწარმეტყველი, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი და წმინდა ეკატერინე. რამდენჯერმე მის შორიახლოს ტიხონ კალუგელიც ვნახე. „მაშინ მან უწყოდა, – განგვიმარტა მაკარიამ, – რომ მე ტიხონას (სქიმონაზონ მაკარიას სახელი, ვიდრე დიდ სქემას მიიღებდა ტიხონა იყო) მიწოდებდნენ და მაკვირდებოდა მე“. მაგრამ ცათა სასუფეველში დედა ღვთისა ნაკლებად იყო, უფრო ხშირად იგი იმათ ეხმარებოდა დედამიწაზე, ვინც მას შველას ევედრებოდა.
გარდაცვლილი ადამინის სულს იყვანენ და ზეცაში მიყავთ. ყველა, ვინც იქ დედამიწიდან შედის, მხედველობის არეშია და მფარველი ანგელოსები იცავენ მათ. ახლადშესვენებულს ისინი მეორმოცე დღემდე მეთვალყურეობენ, რათა სადმე სხვაგან არ შევიდეს. და აი, დგება მეორმოცე დღეც, როცა წყდება, სად წავა სული. „საინტერესოა უყურო, – ღიმილით ყვებოდა დედა მაკარია, – როგორ მიმდინარეობს სამსჯავრო, როგორ იკრიბებიან სულის მფარველი ანგელოსის გარშემო სხვა ანგელოსებიც და როგორ ცდილობენ დაეხმარონ სამსჯავროზე გარდაცვლილის სულს...“
თეოდოსიამ ზოგიერთი საზვერეც ნახა. „ის, ვინც ვერ გადარჩება, – განმარტა მან, – იქ წარიგზავნება, სადაც „შავები“ ბინადრობენ“.
– მეშინია, – ეუბნებოდა გოგონა მფარველ ანგელოსს.
მაგრამ ის ამშვიდებდა მას:
– ნურაფრის შეგეშინდება, მე ყოველთვის შენთან ვარ.
ცოდვილთა ერთ-ერთი სატანჯველი დამამახსოვრდა. ის თითქოს რაღაც გრძელი და პირქუში დერეფანია, არა აქვს ბოლო და დასასრული, სადაც ნიშისმაგვარ ოთახებში ინთქმებოდნენ და მოსთქვამდნენ უბედურნი. იხილა ასევე „სიკვდილის ველიც“ ტანჯული ცოდვილებით და „ყინულოვანი ჩრდილოეთის ველი“ – დაბლობი, რომელსაც თვალი ვერ შესწვდება და სადაც მერძევეები სხედან, რძეში წყალს რომ ურევენ და იქ რძესა და წყალს დაუსრულებლად აცალკევებენ.
– იქ მე ნახევარი დღე ვიყავი, – ყვებოდა დედა მაკარია, – დედა ღვთისა კი უკვე დამეძებს: „სადაა ჩემი წამებული?“
როდესაც თეოდოსია სამოთხეში იყო, იგი ძლიერ ტიროდა და ზეციურ დედუფალს სთხოვდა მისთვის ან ფეხები განეკურნა, ან სამოთხეში დაეტოვებინა. ღვთის დედამ უთხრა, რომ აქ იგი არ დარჩებოდა, არამედ დედამიწაზე იქნებოდა გამოსადეგი.
– „ხოლო მე კი არ მიგატოვებ შენ“, – დააიმედა მან თეოდოსია.
ვიდრე გამოიღვიძებდა, გოგონამ იხილა, თუ როგორ მიუახლოვდა მის სხეულს ორი ანგელოსი, თითოეულს ხელში პატარა კოკა ეჭირა, და ერთმა მეორეს ჰკითხა:
– როგორი წყალი მივცეთ მას – ცოცხალი თუ მკვდარი?
– ცოცხალი, – მიუგო მფარველმა ანგელოსმა.
– როგორ მისცემ ცოცხალ წყალს?
– მე თავად ჩავასხამ მას.
ამის შემდეგ გოგონას სხეული თანდათან გათბა და მანაც გამოიღვიძა. შიშველი კარებამდე მიხოხდა და დიდის გაჭირვებით გამოვიდა გარეთ. მისი შემხედვარე ადამიანები შიშმა მოიცვა – მკვდარი გაცოცხლდა!
„მკვთრეთით აღმდგარი გოგონა“ მშობლებმა ეკლესიაში მამა ვასილთან მიიყვანეს საზიარებლად, იმ მოძღვართან, რომელმაც ნათლობის დროს მისი მომავალი იწინასწარმეტყველა. იმ დღეს მამა ვასილმა აღსარებაზე დააყენა თეოდოსია და მთელი საათნახევარი ელაპარაკებოდა, ის კი მორჩილად იდგა მუხლებზე და ტიროდა. აღმსარებელთა რიგში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „პატარაა და უკვე როგორი ცოდვილია, რაკი მოძღვარი ასე დიდხანს მოუნდა მის აღსარებას“. სინამდვილეში კი მამა ვასილი ღვთის ნორჩ რჩეულს დარიგებებს აძლევდა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა, როგორ ელოცა, როგორ მიეგო პატივი დედისა და მამისთვის.
ერთ ღვთისმოსავ მეუდაბნოეს დაეკითხნენ: ყველაზე უკეთ და უსწრაფესად როგორ მოვემზადოთ მშვიდი და ქრისტიანული აღსასრულისათვის? მეუდაბნოემ უპასუხა: „ყოველ დილით იფიქრე, რომ დამდეგი დღე უკანასკნელია შენს ცხოვრებაში და ყოველ საღამოს, რომ ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი ღამეა“.
ერთი ქრისტიანი სულს აბარებდა უფალს. უკანასკნელი ნუგეშის-ცემისათვის სამი მეგობარი ეწვია. ხედავდა რა მეგობრის აგონიას, ერთი სამთაგანი მომაკვდავის სარეცელთან დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა: „შენ რომ დატოვებ ამ სოფელს, მე სანთელს დაგინთებ“. ამ სიტყვებს მომაკვდავისთვის ნუგეში არ მოუტანია.
შემდეგ მეორე დაიხარა მომაკვდავთან და მანაც უჩურჩულა: „შენი გარდაცვალების შემდეგ, მე საფლავამდე მიგაცილებ“. მაგრამ არც ამგვარმა დაპირებამ მოჰგვარა შვება.
ბოლოს მესამე მეგობარი ცდილობს გამხნევებას, ეტყვის რა მას: „მე ამქვეყნადაც შენთან ვიყავი განუყრელად და სადაც არ უნდა წახვიდე, არსად დაგტოვებ“. მეგობრის ამ აღთქმაზე მომაკვდავმა ქრისტიანმა უდიდესი ნუგეში იგრძნო და სავსებით დამშვიდებულმა სული შეჰვედრა უფალს.
გარდაცვალების შემდეგ, მართლაც, ფულმა სანთელი დაუნთო, ცოლმა სამარემდე მიაცილა, ხოლო სიკეთე და სათნოება, რაც მიწიერი ცხოვრებისას ჰქონდა ამ ქრისტიანს, იმ სოფლადაც გაჰყვა და სამართლიანი მსაჯულის წინაშე გამართლება მოუტანა.