მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მამათა სწავლებები სიკვდილის შესახებ

 

წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული
ქრისტიანეთა მიცვალებისათვის

 

საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

 

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

* * *

 

წმ. ტიხონ ზადონელი
სიკვდილის შესახებ

 

სიკვდილს შეუძლია ცოდვილში სინანული აღძრას. ის ჩვენთვის ნაცნობიცაა და უცნობიც. ნაცნობია, რადგან ყველა მოვკვდებით; უცნობია, რადგან არ ვიცით როდის, როგორ და სად მოვკვდებით. რაც მეტს ვცხოვრობთ, მით ილევა ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, გვიმცირდება სიცოცხლის დღენი და ვუახლოვდებით სიკვდილს. დღეს უფრო ახლო ვართ მასთან, ვიდრე გუშინ, ამ საათს უფრო მივუახლოვდით, წინასთან შედარებით; სიკვდილი ყველას უხილავად დასდევს და მაშინ მიჰყავს კაცი, როცა არ ელოდება.

 

თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ჯანმრთელი და ძლიერი, ასე ოცნებობს: კიდევ ვიცოცხლებ, ჯერ არ ჩანს ჩემი აღსასრული; დავაგროვებ და გავძღები დაგროვილი სიკეთეებით (ანუ სიმდიდრით – მთარგ. შენ). მაგრამ მოულოდნელად თავს ესხმის სიკვდილი და მისი ყველა ოცნება და ჩანაფიქრი იღუპება. ის, ვინც ხანგრძლივ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მალე კვდება; ის, ვისაც დაგროვება და გამდიდრება სურდა, ტოვებს წუთისოფელსაც და თავის სხეულსაც. ასე უცნობია ჩვენთვის აღსასრული, ქრისტიანებო! კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენზე ზრუნვით დაგვიფარა ჩვენი აღსასრულის ჟამი, რათა ყოველთვის მზად ვიყოთ მისთვის და ჭეშმარიტი სინანულით ვიცხოვროთ. ადამიანი რითაც გავა ამ სოფლიდან, იმითვე გამოცხადდება ქრისტეს სამსჯავროზე!

 

ცოდვილებო! ყურადღებით დავუფიქრდეთ ამ სიტყვას და მოვინანიოთ, რომ იმქვეყნად ცოდვებით არ წავიდეთ და ღვთის სამსჯავროზე ასე არ გამოვცხადდეთ. მოწყალე ღმერთმა აღგვითქვა თავისი მადლი და წყალობა, მაგრამ ხვალინდელ დღეს არ დაგვპირებია. გვახსოვდეს ეს და გამოვიღვიძოთ, გვახსოვდეს სიკვდილი და გამოვსწორდეთ, აღსასრულისთვის მოვემზადოთ და ნეტარებით აღვესრულოთ: "ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან" (გამოცხ. 14,13). უფლისა მიერ კვდება ის, ვინც სინანულით, რწმენითა და ჭეშმარიტი ლოცვით აღესრულება. წუთისოფლიდან განსვლის წუთები ყველასთვის საშინელია. ყველა წმინდანი იმ ჟამს უმზერდა, ტიროდა და ასე ლმობიერყოფდა კაცთმოყვარე ღმერთს, რათა იგი აღსასრულისას შესწეოდა. საკვირველია, რომ წმინდანები, როცა სიკვდილის ჟამს იხსენებენ, ტირიან, ცოდვილები კი არ ტირიან, თუმცა კი ყოველდღე ხედავენ მოძმეთა აღსასრულს.

 

საწყალო ცოდვილებო! რატომ გვძინავს? ეს ეშმაკი გვპარავს ქურდივით ჩვენს ცხოვრებას. ჩავიბეჭდოთ მეხსიერებაში ის ჟამი და მზად ვიყოთ: მას შემდგომ კაცი ან საუკუნოდ ინეტარებს, ან საუკუნოდ დაიტანჯება. აქ ყველასთვის იხსნება მარადისობის კარი და წავა კაცი ან სამუდამო ნეტარებაში, ან სამუდამო სატანჯველში. აქედან იწყებს ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს ან მარადიულ სიკვდილს. სად არიან დღეს ისინი, ვინც ჩვენზე უწინ ცხოვრობდა ფუფუნებით, სიტკბოებით და სინანულის გარეშე? წავიდნენ ამქვეყნიდან და დატოვეს თავიანთი სიამეები, იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებზე და უკანასკნელ სამსჯავროს ელოდებიან, სადაც ყველას მიეგება საკუთარ საქმეთა მიხედვით. ამიტომაც, სანამ აღსასრულის ჟამი არ დაგვდგომია, წმინდა გულით მივიქცეთ ჩვენი ღმერთისკენ, სინანულითა და რწმენით შევურიგდეთ და ამით საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ. ამას მოგვიწოდებენ და შეგვთხოვენ წმიდა მოციქულები თავიანთ ნაწერებში: "ქრისტესთვის უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთვის: დაეგენით (შეურიგდით – მთარგმ. შენ.) ღმერთსა. რამეთუ რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთვის ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა" (2 კორ. 5,20-21).  

 

 

* * *

 

 [ქრისტიანებს] ყოველდღიურად თვალწინ უნდა ჰქონდეთ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ დატოვებენ სხეულს და როგორ გაივლიან წყვდიადის მთავრობათა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან.

წმიდა ისაია განდეგილი (სიტყვა 5,22)

 

* * *

 

ვინც ფიქრობს, რომ სიკვდილი ახლოსაა, ის ადვილად მოთოკავს ვნებებს; ხოლო ვისაც ხანგრძლივი სიცოხლის იმედი აქვს, ის მრავალ ცოდვაში ეფლობა.   

 

ღირსი აბბა ისაია

 

 

* * *

 

ადამიანებს სურთ დიდხანს სიცოცხლე; შენ, ქრისტიანო, ნეტარი სიკვდილი ისურვე!

 

წმ. ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

 

მუდმივად იქონიე სიკვდილის ხსოვნა, რადგან ის სიმდაბლის მიზეზია.

 

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

* * *

 

როდესაც სული სხეულს დატოვებს, ამბობდა იგი [წმ. სვიმეონ მესვეტე], და დაიწყებს ზეცისკენ აღსვლას, მას ეშმაკთა გუნდები შემოხვდებიან და მრავალ დაბრკოლებას შეუქმნიან, განსჯას დაუწყებენ... როდესაც სული მიწიდან ზეცისკენ მიემართება, თვით წმიდა ანგელოზებსაც არ ძალუძთ მისი დახმარება; მას ეხმარება მხოლოდ მისი სინანული და კეთილი საქმეები, ყველაზე მეტად კი – მოწყალება (იგულისხმება სიცოცხლეში აღსრულებული სინანული და კეთილი საქმეები – მთარგმნ. შენ.).

 

წმიდა იოანე მოწყალე, ალექსანდრიის პატრიარქი

 

 

* * *

 

გამოუთქმელია იმ სულის ნეტარება, რომელიც შორდება თავის სხეულს მას შემდეგ, რაც წინასწარ ეუწყა თავისი ცხონების შესახებ. ის განიძარცვავს სხეულს, როგორც სამოსელს, მტკიცე რწმენით, რომ მიიღებს იმას, რაც უკვე მიიღო წინდობით. მწუხარების გარეშე ტოვებს სხეულს, მშვიდად გამოდის მისგან და მიემართება ზეციდან მასთან წარმოგზავნილი ნათელი და მშვიდი ანგელოზისკენ. ამ ანგელოზის თანხლებით ის წინააღმდეგობის გარეშე გაივლის საჰაერო სივრცეს, ისე რომ მზაკვარი სულები ოდნავაც ვერ შეაშფოთებენ; სიხარულითა და სილაღით ამაღლდება, ღმერთს მადლობით უღაღადებს, და ბოლოს თავის შემოქმედს თაყვანის საცემად მიეახლება. იქ წარმოითქმის მის შესახებ განჩინება, რომელიც ბრძანებს – მიიყვანონ იგი იმათთან, ვინც მისი თანასწორია სათნოებით, რათა მათთან ერთად იმყოფებოდეს საყოველთაო აღდგომამდე.

 

* * *

 

მუდმივად ემზადე აღსასრულისთვის, განაგდებდე ყოველგვარ შიშს; ემზადე, რომ შეძლო საჰაერო სივრცის გავლა, რომ გაექცე ბოროტ სულებს, შეხვიდე თამამად და უშიშრად ზეციურ სფეროებში, შეერთო ანგელოზთა დასებს, შეემატო ყველა რჩეულისა და მართლისგან შემდგარ გუნდს, იხილო ღმერთი, რამდენადაც მისაწვდომია ეს ხილვა.

 

ღირსი თეოგნოსტი

 

 

* * *

 

ვოლოგდის მიმდებარედ არის დიდი სოფელი, კუბენსკოე, სადაც რამოდენიმე სამრევლო ტაძარია. ერთ-ერთი ტაძრის მღვდელი დასნეულდა და აღსასრულს რომ მიუახლოვდა, თავისი სარეცელის გარშემო დემონები დაინახა, რომლებიც მისი სულის წასაყვანად და ჯოჯოხეთში ჩასაგდებად ემზადებოდნენ. ამ დროს სამი ანგელოზი გამოჩნდა. ერთი მათგანი სარეცელთან დადგა და დაიწყო დავა მღვდლის სულის გამო საშინელ დემონთან, რომელსაც გახსნილი წიგნი ეჭირა; ამ წიგნში მღვდლის ყველა ცოდვა იყო ჩაწერილი. ამ დროს მოვიდა სხვა მღვდელი, რომ ძმა იმქვეყნად გაეცილებინა. დაიწყო აღსარება; სნეულს შეშინებული მზერა წიგნზე ჰქონდა მიპყრობილი და თავგანწირვით წარმოთქვამდა თავის ცოდვებს, თითქოს განაგდებდა საკუთარი თავიდან, – და რას ხედავს? ხედავს ცხადად, რომ როგორც კი წარმოთქვამს რომელიმე ცოდვას, ეს ცოდვა იმ წიგნში ქრება და ჩანაწერის ნაცვლად ცარიელი ადგილი რჩება. ამგვარად, აღსარებით მან ყველა ცოდვა აღხოცა საეშმაკო წიგნიდან და განიკურნა კიდეც. ცხოვრების დარჩენილი დღეები მღვდელმა სინანულში გაატარა და ახლობლებს, მათი სარგებლობისთვის, უყვებოდა ხილვის შესახებ, რომელიც სასწაულებრივი განკურნებით აღიბეჭდა.

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ. 3,
"Слово о смерти", გვ. 143-156

 

 

* * *

 

ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელის; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდება; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე ამაზე, იფხიზლე და არ მოგინდება არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები, მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა მომაკვდავს! შესთავაზე მეფობა, ოქროს მთები – არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს ამ შეთავაზებას. ერთი აზრი აქვს, ერთი ზრუნვა: როგორმე ცხონებისა და ნეტარების იმედით წავიდეს ამ ქვეყნიდან. ამიერიდან შენც ამგვარი განწყობა მოიხვეჭე: შენი სიცოცხლის ყოველი დღე უკანასკნელად მიიჩნიე, ელოდე, რომ მოგიწოდებს უფალი შენი. ამგვარი განწყობით წუთისოფელში აღარაფერი მოგეჩვენება მიმზიდველად, და თუკი მუდმივად ამ სადარაჯოზე იდგები და იფხიზლებ, მშვიდობიანად შეხვდები სიკვდილს.

 

 წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, "Отечник", გვ. 364

 

 

* * *

 

მცირე და შეურაცხია ჭეშმარიტ ქრისტიანთა სიტყვიერი სამწყსო; ამასოფლის ამპარტავან ძეთაგან ის უგულებელყოფილი და დევნილია, მაგრამ უფალი ამცნებს მას, არ მოუძლურდეს მწუხარებებში და არ შეუშინდეს მათ; ამცნებს, არ მიაქციოს ყურადღება ამ მწუხარებებს, მთელი გულისყური ცათა სასუფეველს მიაპყროს, რომელიც მამა ღმერთის სათნო-ჩენითაა აღთქმული. ის გვამცნებს, მიწიერი ქონება მოწყალების საშუალებით ზეციურ ქონებად ვაქციოთ, რომ თვით კაცის ქონება, რომელიც ზეცაში ინახება, იზიდავდეს მას ზეცისკენ. უფალი ბრძანებს, ისე მოვაწყოთ ჩვენი გარემოებები და ისე ვიცხოვროთ, რომ მუდმივად მზად ვიყოთ სიკვდილისათვის. ის მიწიერ ცხოვრებას ღამედ მოიხსენიებს და გვაუწყებს, რომ უცნობია, ამ ღამის რომელ ჟამზე მოვა სიკვდილი: ბავშვობაში თუ ყრმობაში, ზრდასრულობის ჟამს თუ მოხუცებულობაში. უფალი ემუქრება მოულოდნელი სიკვდილით იმას, ვინც სიკვდილს შორეულად მიიჩნევს და თავს უფლებას აძლევს, მიწიერი ცხოვრება და ღვთის ნიჭები ბოროტად გამოიყენოს.

 

... მიწიერი საზრუნავები გონებას განუწყვეტლივ მიწისკენ ეწევიან, წარმავალსა და ხრწნადს აყვარებენ, მარადიულის ხსოვნას სტაცებენ. ამან ქრისტიანი ურვაში არ უნდა ჩააგდოს. თუკი მას მუდმივად მარადიულზე და სულიერზე ფიქრი არ ძალუძს, ის მაინც შეუძლია, რომ ხშირად მიაპყროს მას გონება, დროულად ემზადოს სიკვდილისათვის. უნდა ვემზადოთ მისთვის იმით, რომ თავი დავიცვათ ყოველი საქმის, სიტყვისა და აზრისგან, რომლებიც ქრისტეს მცნებებით აკრძალულია. უნდა ვემზადოთ საკუთარი ცოდვების ყოველდღიური ან, შეძლებისდაგვარად, ხშირი აღსარებით, როგორც სულიერი მამის წინაშე, ასევე სულის სიღრმეში ერთადერთი გულთმეცნიერის – ღმერთის წინაშე. სიკვდილისათვის უნდა ვემზადოთ საჭმელ-სასმელისგან თავშეკავებით, თავშეკავებით უქმისმეტყველებისგან, ხუმრობისგან, სიცილისგან, გაფანტულობისგან, გართობებისა და თამაშებისგან, თავშეკავებით ფუფუნებისგან, რომელსაც ამასოფლის ცუდმედიდობა ითხოვს, და ყველა ზედმეტობისგან, რომლებიც სიკვდილზე ფიქრს გონებისგან განაშორებენ და მომხიბლავად წარმოადგენენ მიწიერ ცხოვრებას დაუსრულებლად. უნდა ვემზადოთ შემუსვრილი და დამდაბლებული გულით აღვლენილი ლოცვებით, ცრემლით, სულთქმით, ტირილით; უნდა ვემზადოთ მოწყალების უხვად გაცემით, წყენის მიტევებით, მტრების სიყვარულითა და კეთილისყოფით, ყველა მიწიერი მწუხარებისა და განსაცდელის მოთმენით...

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ. 3, გვ. 172-173

 

 

* * *

 

ჩვენი სიკვდილის ჟამიც მოიწევა, მოვა იგი და ვერსად გავექცევით. ოჰ, ნეტავ ამასოფლისა და ჰაერის მთავარმა, რომელიც მაშინ უნდა შეგვხვდეს, ჩვენში მხოლოდ უმნიშვნელო ცოდვები ჰპოვოს და ვერ შეძლოს ჩვენი სამართლიანი მხილება.

 

წმიდა ისიხი იერუსალიმელი (სიტყვა 17)

 

 

* * *

 

საჭიროა კარგად დავფიქრდეთ ხოლმე იმაზე, თუ რა საშინელი იქნება ჩვენთვის სიკვდილის ჟამი, როგორ შეძრწუნდება სული, როგორ გაიხსენებს თავის ყველა უკეთურებას, როგორ დაავიწყდება განვლილი ბედნიერება, როგორი შიში დაეცემა მსაჯულისა. მაშინ ბოროტი სულები მომაკვდავის საქმეებს განჩხრეკენ, წარმოადგენენ ყველა ცოდვას, რომელზეც მას უბიძგებდნენ, რომ თავიანთი თანამონაწილე სული ტანჯვისკენ მიმავალი გზით წაეყვანათ. მაგრამ მხოლოდ ცოდვილ სულზე რატომ ვსაუბრობ, როდესაც ბოროტი სულები რჩეულთაც ეცხადებიან სიკვდილის ჟამს და მათშიც ეძიებენ სათავისოს? კაცთა შორის მხოლოდ ერთი იყო, ვინც თავისი ვნების წინ უშიშრად სთქვა: "არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა ჰპოვოს არარაჲ" (იოან. 14,30).

 

წმიდა გრიგოლი დიოლოღოსი (სიტყვა სახარებაზე, 39. ლუკა 19,42-47; ეპისკოპოსი ეგნატე, ტ. 3. გვ. 278).

 

 

* * *

 

არა ჰხედავთა დღესა მას სიკუდილისასა ვითარ შეაიწრებენ და შეაშფოთებენ სულსა ცოდვანი? ხოლო მწარესა მას ჟამსა შინა მოვიდის ხსენებაჲ კეთილთა საქმეთაჲ და ნუგეშინის-სცის შეშფოთებულსა მას სულსა, ვითარცა რაჲ ღელვაგუემულსა ეწიის მყუდროებაჲ შუენიერი. უკუეთუ არა გუაქუნდენ საქმენი კეთილნი, ჰოჲ შიში იგი, რომელი მაშინ გუეწიოს ჩუენ. რამეთუ, დაღაცათუ აწ არა ვიხსენებთ შიშსა მას, მაშინ მოწევნადსა, არამედ უეჭუელად მოწევნად არს და თანაწარსლვაჲ არა ეგების. ამისთვისცა მრავალნი ჟამსა მას ხილვათა საშინელთა ხედვენ და პირთა შესაძრწუნებელთა, რომელნი არაოდეს ეხილნიან, ვიდრეღა შიშისა მისგან და ზარისა შეშფოთნიან და საშინელად მიმოიხედვიდიან, რაჟამს სული გუამსა შინა იმალვინ და განსლვად არა ჰნებავნ ხორცთაგან, და ხილვასა მას მოსრულთა ანგელოზთასა ვერ თავს-იდებს. რამეთუ ვიხილნით თუ კაცნი მრისხანენი და მახვილ-წუდილნი, შევშინდით; ვითარ არამცა შევშინდით და შევძრწუნდით, ოდეს ვიხილნეთ ანგელოზნი ძალითა სასტიკითა მოსრულნი ჩუენ ზედა, რაჟამს-იგი განიყვანებოდის სული ჩუენი იძულებით ჩუენგან და გოდებდეს ფრიად, უსარგებლოდ და ცუდად, ვითარცა-იგი მდიდარსა მას შეემთხვია? აწ უკუე, საყუარელნო, ამას ყოველსა ვიწურთიდეთ და შიში ჟამისაჲ მის მარადის ჩუენ თანა იყავნ, რაჲთა არა უცნაურად გუეწიოს და ფრიად ვინანდეთ სინანულსა მას უსარგებლოსა.

 

ხოლო მარადის თუ შიში იგი გულთა ჩუენთა იყოს, მრავალთა ბოროტთაგან გვიხსნეს ჩუენ და განმზადებულნი მივემთხვინეთ მას, რაჲთა უჭირველად განვიდეთ ამიერ და განვერნეთ საუკუნეთა მათგან სატანჯველთა და კეთილთა მათ წარუვალთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

წმ. იოანე ოქროპირი, "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ"