მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ჯოჯოხეთური სატანჯველი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით

რას წარმოადგენს მომავალი სატანჯველი?
(წმინდა იოანე ოქროპირი)

 

შეუძლებელია გონებამ წარმოიდგინოს მომავალი სიკეთენი, მეტადრე გადმოსცეს სიტყვამ; რამეთუ ამათი საპირისპირო, თუმცა ჩვენთვის გასაგები ჩვეულებრივი სიტყვებით გადმოიცემა, რომ იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება.

 

 

გეენიასა შინა ტანჯვათა დაუსრულებლობაზე
(წმინდა იოანე ოქროპირი)

 

ყოველი ადამიანი კითხულობს: ექნება თუ არა დასასრული გეენიის ცეცხლს? ქრისტემ გაგვიმჟღავნა, რომ ამ ცეცხლს არა აქვს სასრული: სადა მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების (მარკოზი 9,46). ვხედავ, თქვენ შეკრთით, მაგრამ რა? ღმერთი გვიბრძანებს, დღემუდამ გამცნობდეთ ამაზე. თუმცა, თუ ისურვებთ, ეს თქვენთვის არ იქნება უსიამოვნო. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე (რომაელთა მიმართ 13,3).

 

ასე რომ, თქვენ არა მარტო უშიშრად მოგვისმინეთ, არამედ – სიამოვნებითაც. ქრისტე მათ შესახებ, ვინც მას არ აპურებდა, ამბობს: და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა (მათე 25,46). ნუ მეტყვი, რომ უსამართლობაა, თუკი ტანჯვა მარადიულია. როცა ღმერთი რაიმეს იქმს, დაემორჩილე მის განსაზღვრებას და ნუ ბრძნობ ადამიანურად. ამასთან, განა უსამართლობაა, თუკი კაცი თავიდან ათას სიკეთეს მიიღებს, ხოლო შემდეგ ღირსს სასჯელისას ჩაიდენს ისე, რომ გონს არ მოვა არც შერისხვისა და არც კეთილისმყოფელობისგან, ბოლოს დაისაჯოს? თუ შენ სამართლიანობას ითხოვ, მაშინ სიმართლის კანონით უკვე სათავეშივე უნდა დავღუპულიყავით, მაგრამ ღმერთი მაშინაც არა მარტო სიმართლის კანონით მოქმედებდა, არამედ მისი კაცთმოყვარება იყო ის, რასაც ჩვენ დავექვემდებარეთ. ღმერთმა შენ სამოთხეზე მეტი სიკეთე აღგითქვა; ჯერეც არ მოუნიჭებია, რათა შენ ღვაწლში არ გაზარმაცებულიყავ და ამასთან, შრომათა შინა არ დაუძლურებულიყავ. სცოდა რა ადამმა ერთი ცოდვით, სიკვდილი მოიმკო, ჩვენ კი – ყოველდღე ათასობით ცოდვას ჩავდივართ. თუკი მან ერთადერთი ცოდვით ამდენი ბოროტება იწვნია და ამსოფლად სიკვდილი შემოიყვანა, მაშინ ჩვენ რაღა დაგვემართება, ვინც მიწყივ ცოდვაში გავხევებულვართ, თუმცა კი სამოთხის ნაცვლად ზეცას ველოდებით? თუკი ნაკლების მიმღებელი დასჯილია და ვერაფერმა გაამართლა, მეტადრე ჩვენ მადლისაკენ მოწოდებულნი და უფრო მეტად ცოდვილნი, მივეცემით აუტანელ საუკუნო სატანჯველს.

 

 

ტანჯვათა სხვადასხვაგვარობაზე
(წმინდა ეფრემ ასური)

 

როგორც სახარებიდან გსმენიათ, სხვადასხვაგვარია ტანჯვა. ამიტომაც ბნელი გარესკნელი (მათე 8,12) განსაკუთრებულ მხარეშია; გეჰენია ცეცხლისა (მათე 5,22) – სხვა მხარეა; ღრჭენაჲ კბილთა (მათე 13,42) – სხვაა; მატლი დაუძინებელი (მარკოზი 9,48) – ასევე სხვა; ერთი ადგილია ტბა ცეცხლისა (გამოცხადებაჲ 19,20), ხოლო მეორე – გეჰენია, ცეცხლი უშრეტი (მარკოზი 9,48) სრულიად სხვა კი – ქუესკნელი (ფილიპ. 2,10). სწორედ ამ სატანჯველებში განაწილდებიან უბედურნი, თითოეული თავისი შეცოდებისდა მიხედვით. როგორც განსხვავდებიან ცოდვები, ასევე განსხვავდება სატანჯველი სატანჯველისაგან.

 

სხვაგვარად იტანჯება მრუში, სხვაგვარად – მეძავი, განსხვავებულად – მკვლელი, სხვაგვარად – ქურდი და სხვაგავრად – მემთვრალე, მწვალებლობებით შებღალულებს კი ეთქმით: მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ (ისაია 26,10).

 

ვისაც სხვის მიმართ ჰქონდა მტრობა, განიკითხება როგორც მძულვარე და წარიგზავნება უკუნ წყვდიადში, რამეთუ მოიძულა ქრისტე, მთქმელი ამისა: იყვარებოდეთ ურთიერთარს და შეუნდობდეთ ერთმანეთს.

 

ვაი, მაშინ მეძავთა. ვაი, მემრუშეთა. ვაი, მემთვრალეთა. ვაი, გრძნეულთა და მარჩიელთა. ვაი, განცხრომასა და ცეკვა-თამაშში ღვინისმსმელთა. ვაი, ერეტიკული გმობით შებღალულთა. ვაი, სინანულისთვის ბოძებული დროის სიცილსა და გართობაში გამფლანგველთა. ვაი, უკეთურთა ქრთამით გამამართლებელთა. ვაი, სხვისი საკუთრების გამფლანგველთა. ვაი, მუშაკისთვის გასამრჯელოს წამრთმევთა, რამეთუ ასეთები იგივე არიან, რაც სისხლის დამქცევნი.

 

ვინც დედამიწაზე ძარცვა-გლეჯვით შეურაცხყოფდა ღმერთს და ფარავდა თავის საქმეებს, ჩაგდებულ იქნება უკუნ წყვდიადში, სადაც სხივიც კი არაა სინანულისა. ვინც გულით მზაკვრობას ატარებდა, ხოლო გონებით – შურს, საშინელი უფსკრული დაჰფარავს, აღსავსე ცეცხლითა. ვინც მრისხანებას ეძლეოდა და გულს სიყვარულს არ აკარებდა ისე, რომ მოყვასიც კი სძულდა, ანგელოსებს გადაეცემა სასტიკი ტანჯვისთვის. ვინც პურს არ უტეხდა მშიერს, არ შეეწეოდა გაჭირვებულს, ხმამაღლა მოუხმობს თავის ტანჯვებში, მაგრამ არავინ გამოეხმაურება და არავინ განუსვენებს. ვინც მდიდარი იყო და გემოთმოყვარებითა და ფუფუნებით ცხოვრობდა, მაგრამ გაჭირვებულს კი კარს არ უღებდა, ცეცხლის ალში გახვეული წვეთ წყალს ინატრებს, მაგრამ ბაგეს არავინ დაუსველებს... ვინც ბაგეს ავსიტყვაობით იბილწავდა და ენას – ღვთისმგმობობით, მყრალ წუმპეში შთაეფლობა და საშუალება აღარ ექნება პირი გახსნას. ვინც ძარცვავდა და სხვებს ავიწროებდა და უმართლებულო შენაძენით თავის სახლს ქონებას მატებდა, შეუბრალებელი დემონები თავისთან წაათრევენ. კბილთა ღრჭენა იქნება მისი მონაპოვარი. ვინც სამარცხვინო ავხორცობის ჟინით განხურდებოდა, სატანასთან ერთად მიეცემა საუკუნო წვას გეენიაში. ვინც სამღვდელოების აკრძალვას არღვევდა და თვით ღმერთისაგან ბრძანებულს ფეხით თელავდა, ყველაზე უფრო მძიმესა და ყველაზე უფრო საზარელ ტანჯვას მიეცემიან...

 

მაშინ ცოდვილნი და მართალნი განცალკევებულ იქნებიან ერთმანეთისგან და გაჰყვებიან გზას, საიდანაც არ ბრუნდებიან.

 

განცალკევებულ იქნებიან ისინიც, ვინც ერთ დროს მეფობდნენ: ბავშვებივით ატირდებიან და მონებივით გააძევებენ. განცალკევებულ იქნებიან უდებად მცხოვრებნი მონაზონნი, ამა სოფლის შემყვარებელნი და მიწიერად განმსჯელნი. განშორებულ იქნებიან მშობელნი შვილთაგან, მეგობრები მეგობართაგან. განცალკევებულ იქნებიან მეუღლენი, რომელთაც არ დაიცვეს სარეცელი შეუბღალავად. თუმცა აღარას ვიტყვი, რამეთუ თავად მეც შიში მომიცავს...

 

გაიქცევიან მაშინ ცოდვილნი, განდევნილნი, იძულებულნი და მძვინვარე ანგელოსთაგან გამათრახებულნი; გაიქცევიან ისინი კბილების ღრჭენით და სულ უფრო და უფრო ხშირად მიჰხედავენ უკან მართალთ, რომელთანაც განაცალკევეს. იმ სიხარულსა და სინათლეს დაინახავენ, რომელშიც წილი უძევთ და უკანასკნელ მწარედ ატირდებიან, თვალს მიეფარებიან. და მიაღწევენ ისინი ყველაზე უფრო საზარელ ადგილს, სადაც კიდევ ერთხელ იქნებიან განცალკევებულნი და განაწილებულნი სატანჯველისდა მიხედვით.

 

 

(წმინდა ბასილი დიდი)

 

თუკი ღმერთი სამართლიანი მსაჯულია, არამარტო კეთილთათვის, არამედ მანკიერთათვისცა, მიმგებელი თითოეულისთვის საქმეთაებრ მათთა, მაშინ ერთი შეიძლება ჩაუქრობელი ცეცხლის ღირსი იყოს, მეორე უფრო სუსტისა, ან უფრო მწველისა, სხვა კი – და???ანელი ტკივილის მომყენებელისა, თითოეულის შესატყვისად, ხოლო სრულიად სხვანი – გეენიისა, რომელშიც, უეჭველია, სხვადასხვაგვარი სატანჯველია, სხვები – უკუნი წყვდიადისა, სადაც ერთი ტირილამდეა მისული, მეორე კი – გადამეტებული ტანჯვისგან, კბილთა ღრჭენამდე. თავად უკუნი წყვდიადი გვაფიქრებინებს, რომ მასში არის რაღაც შინაგანი. და იგავში ნათქვამი სიღრმესა შინა ქვესკნელისასა (იგავი 9,18) გულისხმას გვაძლევს, რომ ზოგიერთები, თუმცაღა ჯოჯოხეთში არიან, მაგრამ არა ქვესკნელის სიღრმეში, განიცდიან რა შედარებით მსუბუქ ტანჯვას.