- “მ ა მ ა..
- ჰო, პ ა ა ტ ა...
- როცა საქართველოში ჩახვალ,
ც ხ რ ა ჯ ე რ ეამბორე ჩვენს
მ შ ო ბ ე ლ მიწას.
- ჰო, შ ვ ი ლ ო..
- ც ხ რ ა ვაზი ჩააგდე და გაახარე ნოსტეს ვენახში.
- აღესრულება, შვილო.
- ც ხ რ ა სანთელი აანთე ჩვენს სალოცავ ერთაწმინდის ეკლესიაში.
-ჰო, პ ა ა ტ ა...
- ც ხ რ ა ქართულ სოფელში,
ც ხ რ ა გლეხის ოჯახში,
ც ხ რ ა ბიჭი აიყვანე,
მონათლე და
ცხრავეს პ ა ა ტ ა დაარქვი!
- ასე იქნება, შვილო პ ა ა ტ ა!
- ც ხ რ ა რიცხვი მიყვარს, მამაჩემო, რამეთუ ჩვენ ქართველებს დღემდე გვყოლია:
ც ხ რა დიდხელმწიფე,
ც ხ რ ა დიდი ერისმთავარი,
ც ხ რ ა დიდსარდალი,
ც ხ რ ა ბრძენთაბრძენი,
ც ხ რ ა ძლევა საკვირველი და
ც ხ რ ა თავდადებული რწმენისა და სამშობლოსათვის.
- ც ხ რ ა დიდხელმწიფედ ვის გულისხმობ, შვილო პ ა ა ტ ა?
- ფარნავაზი,
ვახტანგ გორგასალი,
დავით მესამე კურაპალატი, ბაგრატ მესამე,
დავით აღმაშენებელი, გიორგი მესამე,
თამარ მეფე,
გიორგი ლაშა და
გიორგი ბრწყინვალე.
- ც ხ რ ა დიდი ერისმთავარი?
- ქუჯი ეგრისელი,
სტეფანოზ პირველი,
გვარამ მამფალი,
იოანე მარუშისძე,
კახაბერ კახაბერისძე,
ცოტნე დადიანი,
შალვა თორელი - ახალციხელი,
გრიგოლ სურამელი და
ეგარსლან ბაკურციხელი.
- ც ხ რ ა ბრძენთაბრძენი?
- პეტრე იბერი,
გიორგი მერჩულე,
ექვთიმე მთაწმინდელი,
გიორგი მთაწმინდელი,
ეფრემ მცირე,
იოანე პეტრიწი,
არსენ იყალთოელი,
ისევ დავით აღმაშენებელი
და
შოთა რუსთაველი.
- ც ხ რ ა დიდსარდალი?
- ფარსმან ქველი,
თორნიკე ერისთავი,
გრიგოლ ბაკურიანისძე,
ისევ დავით აღმაშენებელი,
დემეტრე პირველი,
დავით სოსლანი,
ლუარსაბ პირველი,
სვიმონ პირველი და ...
გიორგი სააკაძე.
- გიორგი სააკაძე?
- ჰო, მამაჩემო.
- გმადლობ, შ ვ ი ლ ო…….
ახლა მითხარი ც ხ რ ა ძლევა საკვირველი.
- ჰალისი თორნიკე ერისთავისა,
ფარცხისი გიორგი მეორისა,
ერწუხი და დიდგორი დავით აღმაშენებლისა,
შამქორი და ბასიანი დავით სოსლანისა,
გარისი ლუარსაბ პირველისა და სვიმონ პირველისა და ...
ტაშისკარი გიორგი სააკაძისა.
- მაშ, ტაშისკარი გიორგი სააკაძისა?
- ჰო, მამა, ტაშისკარი.
- მაგრამ შენ მხოლოდ რვა გამარჯვება მოიხსენიე, ერთი გამოგრჩა, ჩემო პ ა ა ტ ა.
- არა, მამა, მეცხრე ძლევა საკვირველი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ, ვიცი, მალე მოხდება.
- ვინ იქნება შემოქმედი მ ე ც ხ რ ე ძლევისა?
- ისევ შენ, მამა.
- მე?!
-ჰო, შენ - გიორგი სააკაძე!
- მაგრამ ვინ იცის - ბრძოლა რომ მოხდეს, რით გათავდება?
- მხოლოდ ქართველთა გამარჯვებით და შენი ძლევამოსილებით, მამაჩემო.
- ღმერთმა ინებოს!
- ღმერთმა უკვე ინება!
- ბარემ სამშობლოსთვის
ც ხ რ ა თავდადებული მამულიშვილიც დაასახელე, შვილო პ ა ა ტ ა!
- გუბაზ მეფე,
ძმანი დავით და კონსტანტინე, კონსტანტი კახი,
გობრონი,
მეფე დემეტრე თავდადებული, მღვდელი თევდორე,
ქეთევან დედოფალი -
დედა საქართველოსი.
- შენ მხოლოდ რვა სთქვი, ვინღა არის მეცხრე ქართველი წამებული და შეწირული საქართველოსთვის?
- მ ე ც ხ რ ე მე ვარ,
პ ა ა ტ ა სააკაძე,
შენი შ ვ ი ლ ი!
- შ ვ ი ლ ო!..
- დიდი ფასი აქვს ჩემთვის მაგ მძიმე ცრემლებს,
მაგრამ იგივე ფასი უნდა ექნეს ყოველი ქართველისთვის.
- ვეცდები, შვილო.
- შენ დიდი იყავ საქართველოში, მამაჩემო, მერე შეიქმენ მჭედელი შენი ქვეყნის ბედ - იღბლის,
ახლა ისევ უბრუნდები შენს სამშობლოს წიაღს...
და მჯერა ისევ დიდი იქნები, სათაყვანო გმირი ქართველთა.
- შვილო პ ა ა ტ ა, რაც უნდა მოხდეს, თუნდ აღმაშენებლის გმირობანი გავაასკეცო, მე, ნათათრალი, შენი გმირობის ფეხთა მტვრადაც არ ვეღირები.
- ისევ ენდე ჩვენი ხალხის დიდსულოვნებას, ოღონდ არგუნე გამარჯვება, შენებური - სააკაძური.
- უკეთუ ღმერთმა ინება, შვილო!
- ჩვენთან არს ღმერთი!
- ამინ!
- ესეც იცოდე, მამაჩემო, -
ჩემი ანდერძი მხოლოდ მას შემდეგ აღესრულება, როცა
მ ე ც ხ რ ე ძლევა საკვირველი განესრულება.
-?!
- ჯერ გაიმარჯვე, საქართველოს სისხლის დამაქცევარს სისხლითვე აზღვევინე და მერე დარგე ც ხ რ ა ვაზი ნოსტეს მიწაში, მერე აანთე ც ხ რ ა სანთელი ერთაწმინდაში, მერე განათლე ც ხ რ ა ქართველი ყრმა
ც ხ რ ა ქართულ სოფელში.
- მესმის, შვილო, შენი სიტყვა, ღვთაებისგან ჩაგონებული... სანამ ქართველ ხალხს მე, გიორგი სააკაძე გამარჯვებას არ დავუბრუნებ, მანამ ქართულ მიწაზე არც ჩემი ხელით დარგული ვაზი გაიხარებს, არც ჩემი ხელით დანთებული სანთელი აინთება, არც ჩემი ხელით განათლული ქართველი ყრმა გაინათლება.
- მაპატიე, მამა!
- შენ მაპატიე, ჩ ე მ ო შვილო…..შვილო…
ცრემლით აღვსილი დუმილის შემდგომ:
- გახსოვს, მამა, რა წამოსცდა ერთხელ შაჰ - აბასს დარბაზობაზე?
- რა, შ ვ ი ლ ო?
- ქართველები მხოლოდ
ცალ - ცალკე, ერთეულებად არიან დიდი გმირები და ვაჟკაცები, თორემ ერთიმეორის თანადგომა ისე უჭირთ, როგორც დიდ ხეებს ტყე - მაღნარშიო.
- მართალი კი თქვა…
მაგრამ ეგ “სიმართლე” გაუცუდდება შაჰ აბასსაც
და ყველას, ყველას - საქართველოს ყოველ მოსისხლეს, ახლაც და მომავალშიც!
- გმადლობ, ჩემო მამა!
მცირე გარინდების შემდგომ:
-არავის ისე არ ემარჯვება ქართველი კაცის დამარცხება, როგორც ქართველ კაცსო, ამასაც ამბობს შაჰ აბასი, ამას იმოწმებენ ჩვენი მტრებიც და ჩვენი მოყვრებიც. ეს ბოროტი ნაძახურიც უნდა გააქარწყლო, მამაჩემო.
- აღესრულება, შვილო ჩემო!
- გმადლობ, მამა!
პაატამ ხმალი შემოხსნა მამას, ორივე ხელით მზისკენ აღმართა და შესძახა:
- მაღალო ღმერთო, შენ აკურთხე ხმალი ესე ქართული, ხმალი ქართველი სარდლისა და მხედრისა, აკურთხე და უწინამძღვრე, რამეთუ მას შენი მოთაყვანე ქართველი კაცის სისხლი არასოდეს დაუქცევია!
ც ხ რ ა ჯ ე რ აკოცა ხმალს მხურვალედ ჭაბუკმა და ისევ შეარტყა წელზე გაქვავებულ და გაშეშებულ პატრონს...
სადღაც ჩიტი წიოდა გახელებით.
წყალი სწყუროდა ისე სასტიკად, როგორც პ ა ა ტ ა სააკაძეს სწყუროდა ქართულ მიწაზე დაწაფება...
ქართული მიწით სავსე პარკუჭანა ჩამოხსნა კისრიდან მამას პ ა ა ტ ა მ, თვითონ ჩამოიკიდა მკერდზე, ,,თავისი მიწის“ გვერდით, და უთხრა:
- სიხარბე მაპატიე, მამა...
შენ მაინც აღარ დაგჭირდება... ხოლო ეს ერთი მუჭა ქართული მიწა...
აღარ (თუ ვეღარ) დაასრულა, მამას მოეხვია და ც ხ რ ა გ ზ ი ს აკოცა.
იგრძნო გიორგიმ: ნაღვერდალივით ც ხ ე ლ ი ჰქონდა ტუჩები შ ვ ი ლ ს.
იგრძნო პ ა ა ტ ა მ:
ყინვასავით ცივი ჰქონდა ლოყები მ ა მ ა ს“ !...